ჰესების მშენებლობის უსაფრთხოების პრობლემა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
18-09-2015, 23:39 | კომენტარები | ნანახია - 2747

ჰესების მშენებლობის უსაფრთხოების პრობლემა

 

ნინო წერეთელი

 

სვანეთში „ნენსკრაჰესის“ პროექტის დაწყების ღონისძიება გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას მიულოცა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დაწყება, ხოლო ენერგეტიკის მინისტრმა კი ამ მოვლენას „ეკონომიკური აღმავლობის კიბეზე ავლილი კიდევ ერთი საფეხური“ უწოდა.

 

ამ სტატიაში არ შევეხები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებას, რომ „საქართველოში ჰესები აღარ აშენდება“. ეს განცხადება თავიდანვე არაგულწრფელი და პოლიტიკური ხასიათის იყო. როგორც მოქალაქეს ყოველთვის მესმოდა, რომ სახელმწიფო ვერ იარსებებს მცირე ენერგომოხმარების პირობებში, ვინაიდან ეს მოსახლეობას უამრავ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას შეუქმნის. წარსულის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე მესმოდა ისიც, რომ შეუძლებელია ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის მიღწევა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარეშე.

 

ამ სტატიაში არ შევეხები დიდი ჰიდროელექტროსგურების მშენებლობის საკითხს, თუ რამდენად არის ეს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ერთადერთი ალტერნატივა. გასაგებია, რომ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზა საქართველოს ყველა ენერგეტიკული რესურსის რაციონალური გამოყენება არის. ენერგეტიკული უზრუნველყოფის საკითხი მრავალპარამეტრული ამოცანაა და მისი გადაწყვეტა მოითხოვს შესაბამის სრულფასოვან მონაცემთა ბაზის არსებობას, რომლის გადამუშავება და განზოგადება უნდა მოხდეს მეცნიერული ანალიზის საფუძველზე, რაც ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს.

 

მე შევეხები ისეთ პრობლემას, როგორიც არის მშენებარე ჰესების უსაფრთხობა. კერძოდ, რამდენად სწორად ხდება სეისმური საშიშროების შეფასება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საპროექტო ტერიტორიებზე და შესაბამისად რამდენად უზრუნველყოფილია ჰესების სეისმური მდგრადობა? სამწუხაროდ წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ამ კითხვებზე პასუხი უარყოფითია.

 

ბოლო სამი წლის მანძილზე წარმოდგენილმა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების ანალიზმა, რომლებიც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ იქნა გასაჯაროებული, გვიჩვენა, რომ სეისმური საშიშროებების შეფასებები ჰესების მშენებლობის მოედნებისთვის არასწორია.

 

პირველად ეს მოსაზრება დასაბუთდა 2012 წლის გაზაფხულზე, როდესაც დასრულდა მსოფლიო საერთაშორისო ინციატივის - გლობალური მიწისძვრის მოდელი (GEM) - ერთ-ერთი ქვეპროექტი „ახლო აღმოსავლეთ რეგიონის მიწისძვრის მოდელი“ (EMME). საქართველოდან ამ პროექტში იყო ჩართული თსუ-ის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი. გარდა ამისა მასში ჩართული იყვნენ სეისმურად აქტიური რეგიონის თითქმის ყველა ქვეყნის ექსპერტები. პროექტი მიზნად ისახავდა სეისმური საშიშროების შეფასების უახლესი მეთოდოლოგიის განვითარებას, უნიფიცირებას და გავრცელებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებში. ამ კვლევების შედეგებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში მოქმედი სეისმური საშიშროების ნორმატული რუკა, რომელიც მიღებული იქნა 2009 წელს, არასწორია და შესაბამისად ხელმეორედ არის გასათვლელი სამშენებლო კოდები.

 

დღეისათვის, არსებული პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ყველა სათანადო უწყება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრო, თბილისის მერია.

 

აღნიშნულმა უწყებებმა ამ საკითხისადმი დაინტერესება თითქოს გამომაჟღავნეს, მაგრამ დღემდე ერთადერთი რაც შევძელით შევასწორეთ სეისმური საშიშროება ხუდონჰესის მშენებლობის მოედნისთვის, რაც ძირითადად განპირობებული იყო ხუდონჰესის ინვესტორი კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯია“-ს დაინტერესებით. ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესაბამის ანგარიშში მოსალოდნელი სეისმური დატვირთვები, გამოსახული მაქსიმალური აჩქარებებით, შეფასებული ოყო თითქმის ორჯერ ნაკლები სიდიდით ვიდრე ეს რეალობაშია.

 

ანალოგიური ვითარებაა ნენსკრაჰესის გზშ-ის ანგარიშში, რომლის შესწორება ოფიციალურად დღემდე ვერ მოვახდინეთ. ასევე დღემდე ვერ შევძელით მოგვეხდინა ინიცირება ოფიციალურად არსებული სეისმური საშიროების რუკის ხელმეორედ გადათვლისა, რაც უმნიშვბელოვანესია რეალური სამშენებლო კოდების მისაღებად.

 

დრო გადის, მშენებლობები კი არასწორი სამშენებლო კოდებითა და შეფასებებით გრძელდება. რა არის ყველაფერი ამის მიზეზი? თავმოუბმელობა თუ გააზრებული ქმედება? თანამედროვე გათვლების მიხედვით სეისმური საშიშროების შეფასება უფრო მაღალი სიდიდის ნომინალებით ხდება, ვიდრე ეს იყო ადრე, რაც გარკვეულად მშენებლობის გაძვირებას იწვევს.

 

შეიძლება ეს იყოს მიზეზი?

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია