ვის ინტერესებს ემსახურება ორგანიზაცია „ბორჩალო“ და რას გეგმავს რუსეთი დმანისის რაიონში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
18-09-2015, 23:52 | პოლიტიკა | ნანახია - 2266

ვის ინტერესებს ემსახურება ორგანიზაცია „ბორჩალო“ და რას გეგმავს რუსეთი დმანისის რაიონში

 

გიორგი იმედაშვილი

 

როგორც ვიცით, დმანისის რაიონი 55 სოფელს მოიცავს, მოსახლეობის 67% ეთნიკურად აზერბაიჯანელია, თუმცაღა, ისინი საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები არიან და ამ სოფლების ფაქტობრივად არც ერთი მოსახლე არასდროს ყოფილა ჩართული რაიმე სახის სეპარატისტულ მოძრაობაში. უკვე რამდენიმე წელიწადია, დმანისში, პანტეანის ტბასთან ყოველ 26 ივლისს იმართება „ელათის“ (მწყემსის დღის) დღესასწაული, რომელსაც აზერბაიჯანში დარეგისტრირებული ორგანიზაცია „ბორჩალო“ საკუთარი ხარჯებით მართავს. ამ დღის აღსანიშნავად, როგორც ადგილობრივები მოგვითხრობენ, აზერბაიჯანიდან ჩამოდიან მრავალრიცხოვანი სტუმრები, რომლებიც დღესასწაულისას (როგორც წესი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების წასვლის შემდგომ) მოსახლეობას არწმუნებენ იმაში, რომ მათი საცხოვრებელი ტერიტორია არის არაქართული მიწა და შესაბამისად არ უნდა იყოს საქართველოს შემადგენლობაში. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამ პიროვნებებს მოუთხოვიათ ზოგიერთი სოფლისათვის ქართული სახელების გადარქმევა და მათთვის ოსმალეთის იმპერიის მიერ მინიჭებული სახელწოდებების დაბრუნება. ბევრი ადგილობრივი მოითხოვს ამ ორგანიზაციას აეკრძალოს დმანისში დღესასწაულის ჩატარება და იქ ანტისახელმწიფოებრივი მოთხოვნბის გაჟღერება. წელს ჩატარებული ზეიმის შემდგომ „სტუმრებმა“ კედლებზე ანტიქართული წარწერებიც დატოვეს და მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნეს, რომ საქართველოს სეპარატისტებთან პრობლემები აქვს აფხაზეთში, სამაჩაბლოში, სამცხესა და დმანისის რაიონში, რომელსაც ისინი „ბორჩალოს“ უწოდებენ.

 

მოსახლეობა ამ ორგანზიაციის შესახებ აცხადებს, რომ როგორც ჩანს ის პანთურქისტულ იდეებს ემსახურება. პანთურქიზმი, ფაქტობრივად, ყველა თიურქულეონავანი ერის ერთ სახელწმიფოდ გაერთიანებას გულისხმობს და ის დაახლოებით ორი საუკუნის წინ წარმოიშვა, თუმცა თურქეთში ბევრი მიმდევარი არასდროს ყოლია და ამიტომაც მისი იდეები არასდროს განხორციელებულა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ბორჩალოს“ წარმომადგენლებმა მოითხოვეს ოსმალებისდროინდელი სახელწოდებების აღდგენა და ა.შ. შეგვიძლია მართლაც ვიფიქროთ, რომ ის პანტურქისტულ იდეებს ემსახურება, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ.

 

თუ გადავხედავთ ისტორიას, პანთურქიზმის იდეა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობაში პოპულარული არასდროს ყოფილა. თუმცაღა, გასახსენებელია, რომ 1989 წლის 26 ივლისს დმანისის რაიონის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილმა სხვა უმცირესობების წაბაძვითა და რუსული სპეცსამსახურების უშუალო ორგანიზებით უმთავრესად ეთნიკური აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებული მიწების დამოუკიდებლობის იდეა გააჟღერა. მაშინ ეს ყველაფერი რუსულ ინტრიგებთან იყო კავშირში. როგორც ვიცით, ეთნიკურად არაქართული მოსახლეობით მანიპულირება და ასეთ რეგიონებში სეპარატისტული კერების გაჩენა საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დასუსტების მიზნით ეს რუსეთის ჩვეული ხერხია, რომელიც წარმატებით განხორციელდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში და რომელზეც რუსული სპეცსამსახურები ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობენ სამცხე ჯავახეთში.

 

ე.წ. "მწყემსის დღის" აღნიშვნა ზუსტად 26 ივლისს, ანუ პირველი ანტისახელმწიფოებრივი „მიტინგის“ თარიღს ემთხვევა, რაც მაშინვე მიანიშნებს, ვითომდა, სეპარატისტული მოძრაობის გაჩენაზე, თუმცაღა ადგილობრივ მოსახლეობას შორის ასეთი ტენდენციები არ შეინიშნება. აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოდ, რომ მთელი ეს "დღესასწაული" და მასთან დაკავშირებული სეპარატასიტული ნარატივიც ქვეყნის გარეთ არის ჩაფიქრებული აქ კიდევ ერთი დაპირისპირების მოწყობისა და საქართველოს სახელწმიფოებრიობის დასუსტების, ჩამოშლის იმედით. ეს ყველაფერი აბსოლუტურად რუსულ სცენარში ჯდება. იმ სცენარში, რომლის მიხედვითაც რუსეთი მოქმედებდა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებსა და სამცხე ჯავახეთში. თუ გავახისენებთ იმასაც, რომ თავის დროზე, პანთურქიზმის იდეაც რუსი მზვერავების მიერ ოსმალეთის იმპერიის ჩამოშლის მიზნით იქნა ჩაფიქრებული, მით უმეტეს ნათელი გახდება რუსული ხელწერა. მაშინ ვოლგისპირას და ყირიმში მცხოვრებმა თათრებმა რუსი მზვერავების მიერ ინსპირირებული პანთურქიზმის იდეა ააგორეს, რის საპირისპიროდაც თურქეთში თურქიზმის იდეამ იმძლავრა და ამან ხელი შეუწყო მრავალეროვანი ოსმალეთის იმპერიის ნგრევასა და ნაციონალისტური, თურქული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. პანთურქიზმი თურქეთის გარეთ (მაგალითად რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრებ თიურქულენოვან მოსახლეობაში) ყოველთვის უფრო პოპულარული იყო, ვიდრე თავად თურქეთში.

 

საქართვეელოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობაში ეს იდეა არასდროს ყოფილა პოპულარული, როგორც ჩანს, არც ახლა შეცვლილა ამ მხრივ რამე. მოსახლეობა მთავრობისგან მოითხოვს, რომ დღესასწაული აღარ ჩატარდეს, ან ორი ხალხის მეგობრობის იდეას ეძღვნებოდეს. ვფიქრობ, რუსული სცენარით მოქმედი აზერბაიჯანში დარეგისტრირებული ორგანზიაცია "ბორჩალო" უფრო მეტად რუსეთის ინტერესებს, საქართელოში ახალი სეპრატისტული კონფლიქტის გაჩენასა და გაღვივებას და ამ გზით საქართველოს სახელმწიფო საბოლოოდ დაშლას ემსახურება და არა პანთურქიზმის იდეას. მით უმეტეს, რომ ბოლო მოვლენები დაემთხვა ქართული და აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბების შეხვედრას, რომელიც ჯერ თბილისში შემდეგ კი საპასუხო მატჩის დროს ბაქოში რუსული სპეცსამსახურების მიერ ჩაფიქრებული ინციდენტებით გამოირჩა.

 

ეს ყველაფერი, ასევე ქართულ და აზერბაიჯანელ ერებს შორის შუღლის ჩამოგდებას ისახავს მიზნად. როგორც ჩანს, რუსეთის მხრიდან ამ რეგიონში ფართომასშტაბიანი ანტიქართული კამპანია იგეგმება, რომელიც პანთურქისტული იდეით შეინიღბება.

 

ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას დიდი სიფრთხილის გამოჩენა მართებს, ისევე როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ წამოეგება რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ ახალ პროვოკაციაზე. აზერბაიჯანის ხელსისუფლებამ დაადასტურა მისი ერთგულება ორი ქვეყნის მეგობრობისადმი. მაშინვე პოლიციის ძალით აღკვეთა ანტიქართული ინციდენტი, რომელიც გაბალაში გამართულ საფეხბურთო მატჩზე მოხდა. სამწუხაროდ, საქართველოში, სტადიონზე ანტიაზერბაიჯანული გამოსვლა არ აღკვეთეს. ვფიქრობ, რუსეთის როლი აღნიშნულ მოქმედებებში აშკარაა. ხალხებს შორის შუღლის გაღვივება და ეთნიკური კონფლიქტით ორი სტრატეგიული მდებარეობის სახელმწიფოს დასუსტება პირდაპირ მის ინტერესებში შედის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძლიერი, პოლიტიკურად დამოუკიდებელი აზერბაიჯანი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნშვნელოვანი პარტნიორია, ისივე როგორც, აზერბაიჯანისათვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკურად დამოუკიებელი და ეკონომიკურად ფეხზე დამდგარი საქართველო და ამ ორი ქვეყნის ერთმანეთისათვის მტრად მოკიდება კავკასიაში კვლავ რუსეთს გაუხსნის გზას.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია