საქართველო და ახლო აღმოსავლეთის პროცესები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-09-2015, 19:57 | მსოფლიო | ნანახია - 3311

საქართველო და ახლო აღმოსავლეთის პროცესები 

 

ალექს ჩხიკვაძე

 

ირანთან ბირთვული ხელშეკრულების რატიფიკაციას, როგორც ჩანს, წინ უკვე ვერაფერი აღუდგება - სენატმა დაძლია რესპუბლიკელების მხრიდან მისი დაბლოკვის მცდელობა. ხელშეკრულების მხარდამჭერი და მონაწილე მხარე ევროპის ლიდერი სახელმწიფოები და უშიშროების საბჭოს ყველა წევრია, ამიტომ აღნიშნული შეთანხმება მხოლოდ ა.შ.შ.-ს არ ეკუთვნის და მნიშვნელობითაც ის უფრო გლობალური, ისტორიული და გეოპოლიტიკური ხასიათის ფაქტია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების გაფორმებამ ბიძგი მისცა მნიშვნელოვანი რეგიონალური საკითხების წამოწევას, გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ამ ხელშეკრულების შესრულება-ამუშავებას შესაძლოა მოჰყვეს გეოპოლიტიკური არქიტექტურის მნიშვნელოვანი ცვლა მინიმუმ სამ დიდი რეგიონში: პირველ რიგში ახლო აღმოსავლეთში, შემდეგ ცენტრალურ აზიაში, დაბოლოს ჩრდილოეთ აფრიკაში (მაღრიბში).

 

ახლო აღმოსავლეთში და მის უშუალო მიმდებარე ტერიტორიებზე მთავარი გადასაწყვეტი თემები ხდება სირიისა და მისი ამჟამინდელი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის, დარჩენა-არდარჩენის, სირიის სავარაუდო დეზინტეგრაციის და ISIS-ის განადგურების საკითხი. ამის შემდეგ გადაუდებლად დადგება ერაყისა და მისი დეზინტეგრაცის თემა, რასაც მოჰყვება რეგიონში ქურთებისა და სავარაუდოდ დამოუკიდებელი ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის საკითხი. გარდაუვალია ახლო აღმოსავლეთის რეგიონალური უსაფრთხოების თემების განხილვა ისრაელისა და პალესტინური კონფლიქტის გარეშე და ბოლოს სამხრეთ კავკასიის „გაყოფისა“ და სტატუსის საკითხი.

 

რიტორიკა vs. რეალური ქმედებები

 

ნიშანდობლივია, რომ ხელშეკრულების რატიფიცირება ა.შ.შ.-ს კონგრესზე ადრე ირანის მეჯლისმა მოახდინა. როგორც ჩანს, ირანის და ა.შ.შ.-ს ხელისუფლებები „ერთმანეთს ეხმარებიან“ ხელშეკრულების წარმატების გარანტირებასა და ურთიერთობების დათბობასთან დაკავშირებული შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობების დაძლევაში.

 

ირანის საგარეო უწყებამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რამდენჯერმე მიანიშნა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს სხვა რეგიონალურ საკითხებზე მოლაპარაკებებსაც, თუმცა, ამავე დროს ირანის უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ჰამენეი, აგრძელებს ანტი-ამერიკულ და ანტი-სემიტურ მწვავე და აგრესიულ რიტორიკას.

 

ანალოგიური რიტორიკით ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი, უფრო რესპუბლიკური პარტიის რადიკალური კონსერვატული ფრთიდან, ცდილობს, დაარწმუნოს პოლიტიკოსები და ამომრჩევლები, რომ ირანის ხელშეკრულება ფუნდამენტური შეცდომაა და ის დააზიანებს ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებს.

 

არსებობს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ჰამენეი არ ეწინააღმდეგება (მოლაპარაკებები პრეზიდენტ აჰმადინეჯადის დროს დაიწყო და მთავარი მომლაპარაკებელი ირანის მოქმედი პრეზიდენტი ჰასან რუჰანი იყო, პრეზიდენტ ობამას სიტყვა ირანის ბირთვულ ხელშეკრულებაზე პირდაპირ ეთერში გადასცა ირანის სახელმწიფო მაუწყებელმა და სხვ.), ხოლო ხელშეკრულებას რესპუბლიკელებიც დაუჭერენ მხარს (მაგალითისთვის საკმარისია თუნდაც დონალდ ტრამპის უკანასკნელი შეფასებები) და მხარეთა რიტორიკა მხოლოდ რიტორიკად რჩება შიდა მოხმარებისათვის და საშინაო პოლიტიკური მიზნებისათვის, ვინაიდან რეალობაში ხელშეკრულება და ურთიერთბების დათბობა სტაბილურად წინ მიიწევს.

 

ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ ასევე გამოდიან ისრაელი და ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ქვეყნებიც, ძირითადად კონსერვატული სუნიტური რეჟიმები, სადაც წამყვან როლს თამაშობს საუდის არაბეთი. საუდის არაბეთმა უკვე მიანიშნა, რომ მან შესაძლოა ხელშეკრულებას მხარი დაუჭიროს და ამის სამაგიეროდ იმედი აქვს, რომ ა.შ.შ. საგრძნობლად გააძლიერებს მის სამხედრო პოტენციალს და თავდაცვისუნარიანობას, რასაც GCC-ს ქვეყნებს პრეზიდენტი ობამა ქემპ დავიდში უკვე დაჰპირდა. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ეტაპზე ყურის თანამშრომლობის საბჭოს სახელმწიფოთა ლიდერები ერთადაც და ცალ-ცალკეც ეწვიენ ვაშინგტონს და სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის, არაერთი ვიზიტიც შედგა რეგიონში.

 

რუსეთი, რომელიც 5+1 ფორმატით ირანთან მოლაპარაკების აქტიური მონაწილე იყო, ხელშეკრულების წინააღმდეგი არ/ვერ გამოდის, თუმცა საქმით ყველანაირად ცდილობს, რომ ხელშეკრულებამ მხოლოდ ვიწრო რაკურსში ბირთული საკითხები მოიცვას და არ გამოიწვიოს რეგიონალური უსაფრთხოების სხვა თემების განხილვა. ეს იმით აიხსნება, რომ ირანის ბირთვული ხელშეკრულების ამოქმედებამ რეგიონში შესაძლოა რუსეთის ინტერესები შეასუსტოს, მოსკოვმა გავლენა დაკარგოს ახლო აღმოსავლეთში, ირანზე სანქციების მოხსნის შემდეგ ენერგორესურსებზე ფასები დაეცეს და ევროპის ენერგო ბაზარზე მას გამოუჩნდეს ძლიერი კონკურენტი. რუსეთის მიერ ასადისათვის აქტიური სამხედრო დახმარების გაწევა იმას უნდა მიანიშნებდეს, რომ რეგიონში გავლენის შენარჩუნების ერთადერთ გზად მოსკოვს ასადზე „ჩამოკიდება“ ესახება, სირიაში სიტუაციის გამწვავება ხელს უშლის ირანსა და სხვა ქვეყნებს შორის რეგიონალურ საკითხებზე მოლაპარაკებებსა და შეთანხმებას.

 

სირია ბაშარ ალ-ასადის გარეშე

 

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებიდან წასვლა-არწასვლის თემა ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხია ახლო აღმოსავლეთში.

ირანის ბირთვულმა ხელშეკრულებამ და უკრაინის მოვლენებმა რუსეთი ირანთან (ევროპის ენერგო ბაზარი, ფასები გაზზე და ნავთობზე), თურქეთთან (ბაშარ ალ-ასადი, ყირიმელი თათრები, ქურთები) და საუდის არაბეთთან (ბაშარ ალ-ასადი) პრინციპულ საკითხებზე დააპირისპირა, რაც ყოველ დღე უფრო აშკარავდება და დიდი ალბათობით შეიძლება გადაიზარდოს ღია დიპლომატიურ კონფლიქტში. ეს უკვე გამოვლინდა სირიაში, სადაც გამოიკვეთა „მოწილე“ და „მონაწილე“ ქვეყნებისა და მხარეების პოზიციები და სადაც რუსეთისთვის ჯერჯერობით ადგილი აღარ რჩება.

 

ირანის გავლენა სირიაზე ინსტიტუციური და უფრო მყარია, რადგან ის არა პიროვნებაზე, არამედ შიიტურ დაჯგუფებებზეა მიბმული (მაგ. ალავიტები და ჰეზბოლაჰ). თეირანი შეეცდება ამ დაჯგუფებების საშუალებით თავისი გავლენის შენარჩუნებას. ირანმა უკვე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბაშარ ალ-ასადი განიხილება ირანული (და რუსული) ინტერესების გამტარებლად სირიაში, ის ასადს არ განიხილავს „პრეზიდენტად სიცოცხლის ბოლომდე“ და რომ „ის ასადს დაეხმარება გზის ბოლომდე“, ანუ ირანელები ასადის გზის ბოლოსაც ხედავენ და სირიასაც ასადის გარეშე.

 

საუდის არაბეთის ინტერესები რეგიონში ირანული, შიიტური გავლენის დაბალანსებას გულისხმობს, რისი საშუალებაც მას 2011 წლამდე ძალიან შეზღუდულად ჰქონდა, ხოლო 2011 წლიდან ის ამას ახერხებს რადიკალური სუნიტური დაჯგუფებების საშუალებით, მაგ: ალ ნუსრა და ნაწილობრივ „ისლამური ხალიფატი“. ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებიდან წასვლა საუდის არაბეთის მოთხოვნაა.

 

თურქეთის მტკიცე მოთხოვნაც ასადის ხელისუფლებიდან წასვლაა, ამას გარდა თურქეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სირიელი ქურთების და მათი მომავალის საკითხი, რადგან ეს მისთვის უსაფრთხოების უფრო დიდი და კომპლექსური თემაა და ეხება ქურთებს მის ტერიტორიაზე და ერაყშიც.

 

რუსეთის გავლენა სირიაში, აგრეთვე, ხმელთაშუა ზღვაში ერთადერთი საზღვაო ბაზის ბედი ბაშარ ალ-ასადის პერსონაზეა დამოკიდებული. შესაბამისად მოსკოვი მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით შეეცდება ასადის შენარჩუნებას, თუნდაც კოალიციური მთავრობის ფარგლებში.

 

ერთი მხრივ, დასავლეთის, და მეორე მხრივ, ირანის, თურქეთის და საუდის არაბეთის ინტერესებიდან გამომდინარე ბაშარ ალ-ასადის „პენსიაზე გაშვების“ პროექტზე, სავარაუდოდ, უკვე დაიწყო მუშაობა. რუსეთის მიერ სამხედრო დახმარების და სირიაში სამხედრო ყოფნის ზრდა ამ საკითხზე მოლაპარაკებებში უპირატესობის მოპოვების სურვილად უნდა ითარგმნოს.

 

ერთი შესაძლო სცენარით, სირიაში ასადის მოწინააღმდეგე რადიკალურ სუნიტურ დაჯგუფებებს, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს, გაანადგურებენ, კონსერვატორი სუნიტური რეჟიმების გავლენა შემცირდება, ირანს შეეძლება ასადს თავშესაფარი მისცეს და „ღირსების“დაკარგვის გარეშე გაიყვანოს კომფორტულ პენსიაზე. დასაშვებია, რომ ასადმა ამ სცენარით „არჩევნები წააგოს“ ან უბრალოდ გადადგეს.

 

ამ ფორმით ასადის წასვლა რამდენიმე კრიტიკულ პრობლემას ჭრის:

 

• სუნიტური რადიკალური და ფუნდამეტალისტური დაჯგუფებების უმეტესი ნაწილი სირიაში ან განადგურდება და დაიშლება, ან ძალიან დასუსტდება;

 

• ბაშარ ალ-ასადის წასვლით თურქეთი კმაყოფილი იქნება და ირანთან უფრო ინტენსიურად და გახსნილად ითანამშრომლებს;

 

• ისრაელის დაკმაყოფილება მისდამი მტრულად განწყობილ რეგიონში რთულია, თუმცა, მას მაინც ურჩევნია უფრო სუსტი სირია ასადის გარეშე;

 

• ლიბანსა და სირიაში ჰეზბოლას პოლიტიკური ფრთა უპირატესობას მოიპოვებს რადიკალურ ფრთაზე, ისევე როგორც ჰამასი ღაზაში;

 

• სირიაში რუსული გავლენა და რუსეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შემცირდება და ტარტუს ბაზას დახურვის საფრთხე დაემუქრება;

 

• მილიონობით ლტოლვილი დაბრუნდება სირიაში და ევროპის მიგრაციის კრიზისს შეიძლება ბოლო გამოუჩნდეს.

 

ეს ვარიანტი მეტნაკლებად ხელს აძლევს თითქმის ყველას, რუსეთის გარდა. შესაბამისად მოსკოვში არსებობს ასადის „პენსიაზე გასვლის“ მეორე ვარიანტიც. ამ შემთხვევაში ძალადობა და რუსეთის აქტიური სამხედრო დაპირისპირება სირიაში თურქეთთან, სუნიტურ რეჟიმებთან, დასავლეთთან და სავარაუდოდ ირანთან გარდაუვალი ჩანს, რადგან ის ირანთან ბირთვული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დიდ გეოპოლიტიკურ და კომერციულ პროექტებს ხელ უშლის.

 

 

ერაყის დეზინტეგრაცია

 

ასადის, სირიის და ისლამური ხალიფატის საკითხის მერე, ან პარალელურად, აუცილებლად დადგება ერაყის საკითხი. გამოთქვა ვარაუდი, რომ ერაყის იურიდიული დეზინტეგრაცია გარდაუვალია და ეს შესაძლოა უფრო სტაბილური ახლო აღმოსავლეთის წინაპირობა აღმოჩნდეს. ერაყის შიიტური აღმოსავლეთი და იქ ირანული გავლენა, სუნიტური დასავლეთი და საუდის არაბეთის გავლენა და ჩრდილოეთით ქურთისტანის წარმოქმნა ყველაზე შესაძლო მოდელს წარმოადგენს, სადაც სუნიტური რეჟიმების, შიიტური ირანის და თურქეთის ინტერესების თუნდაც დროებითი მორიგება შეიძლება შედგეს. ამ მოდელის რეალურობა თავისთავად დამოკიდებულია სირიის საკითხის გადაწყვეტაზე.

 

ამ შემთხვევაში ყველაზე რთული ქურთული პრობლემა ჩანს, ვინაიდან თურქეთისთვის ეს კომპლექსური საკითხია და ქურთული საკითხი მარტო ერაყელ ქურთებს არ ეხება.

 

 

ქურთისტანის დამოუკიდებელი სახელმწიფო

 

ბარზანის მიერ მართული ქურთისტანი ჩრდილოეთ ერაყში, ქურთების მუშათა პარტია (PKK) თავისი დაპატიმრებული ლიდერით აბდულაჰ ოჯალანით, ISIS-თან მებრძოლი ქურთული მილიცია - პეშმერგა, სირიელი ქურთები, რომლებიც აგრეთვე „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან და თურქეთში პრო-ქურთული სახალხო დემოკრატიული პარტია (HDP) ერთობლიობაში წარმოადგენს ძალიან კომპლექსურ ქურთულ პრობლემას ახლო აღმოსავლეთში.

 

ქურთების დამსახურება ერაყის ომში და ISIS-თან ბრძოლაში აღიარებულია ყველა მხარის მიერ (ა.შ.შ., ევროპის კავშირი, თურქეთი, ირანი). ამერიკის და ევროპის კავშირის ფაქტორებმა, ასევე სხვა მიზეზებმა, განაპირობა თურქეთსა და PKK-ს შორის დაზავება. რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა (მოლაპარაკებები ირანთან, ისლამური სახელმწიფო, ასადთან ბრძოლა) ქურთების მიმართ პოზიტიურად შეცვალა საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულება. ამავდროულად მეტი ძალა შეიძინა ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნის იდეამაც.

 

2003 წლიდან დასავლეთი აქტიურად ეხმარებოდა ქურთისტანს ერაყში, ასევე სხვა დაჯგუფებებს PKK-ს გარდა. თურქეთის ხელისუფლებაში AKP-ს მოსვლას ქურთების მიმართ პოლიტიკის შერბილება მოჰყვა, რაც რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული - 1) ერდოღანის ადმინისტრაციის სურვილი დაახლოებოდა ევროპის კავშირს და უფრო ხელშესახები გაეხადა თურქეთის ევროპული პერსპექტივა, 2) ერაყის ომი და მისგან გამომდინარე ნეგატიური შედეგების პრევენცია, 3) თურქეთის რეგიონალური პოლიტიკა, 4) თურქეთის გადაღლა ქურთებთან კონფლიქტისგან და რესურსების გამოთავისუფლება მათი სხვა მიმართულებით მისამართად, 5) რეგიონალური ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები. სურათი იცვლება „არაბული გაზაფხულის“ და სირიის კრიზისის ფონზე, როცა ქურთების როლი რეგიონში იზრდება, ვინაიდან დასავლეთის მთავარ მოკავშირედ რეგიონში უეცრად ქურთები ჩნდებიან.

 

ამას ემთხვევა თურქეთის შიდა პოლიტიკური მოვლენები და საპარლამენტო არჩევნებში HDP-ს მიერ აღებული მაღალი პროცენტი (12%). ირანის ბირთვული შეთანხმების შემდეგ ქურთული ფაქტორის თურქეთს გარეთ გაძლიერებამ ანკარას არასაჭირო საზრუნავი და თავის ტკივილი გაუჩინა. მინიშნებები იმის თაობაზე, რომ თურქეთი შეიძლება დათანხმდეს დამოუკიდებელ ქურთისტანზე ერაყის ტერიტორიაზე უკვე იყო (რა თქმა უნდა, აშშ-ს „რეკომენდაციით“), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთი დაყაბულდება ქურთისტანის წარმოქმნას PKK-ს ნეიტრალიზაციის გარეშე. მეტიც PKK-ს ადრინდელი კავშირები რუსეთთან და სირიასთან ალაბათ თურქეთში არ დავიწყებიათ. ზემოთაღნიშნული გარემოებები (ირანის ბირთვული შეთანხმება, ასადის სავარაუდო ჩამოცილება, AKP-ს საპარლამენტო მანდატების გაზრდა ვადამდელ არჩევნებზე) ხსნის ბოლო კვირებში თურქეთის სამხედრო კამპანიას ქურთისტანის ტერიტორიაზე PKK-ს და ლევანტეს ტერიტორიაზე ISIS-ს წინააღმდეგ. საინტერესოა ისიც, რომ ამ კამპანიის დროს სხვა ქურთული დაჯგუფებები განსაკუთრებით არ „ხმაურობენ“ და მოზომილი განცხადებებით შემოიფარგლებიან.

 

 

პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო

 

ირანის ბირთვული შეთანხმება დღის წესრიგში აუცილებლად წამოწევს პალესტინის საკითხს და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაჭრის შანსს აჩენს.

 

მიუხედავად ისრაელის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა, მეტიც მათი ირიბი მცდელობისა, ჩაეშალათ კარსმომდგარი შეთანხმება P5+1 ფორმატში, უკვე ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ ისრაელის მომავალ მთავრობებს მოუწევთ პოლიტიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მორგება. ისრაელში არსებობს სხვა აზრიც, რომ საერთაშორისო თანამეგობრომის მიერ ირანთან ურთიერთობების დარეგულირებამ შესაძლოა შექმნას ისრაელის უსაფრთხოების უფრო ძლიერი გარანტიები, რაც ისრაელს საშუალებას მისცემს უფრო თამამად შეხედოს პალესტინური სახელმწიფოს შექნის პერსპექტივას.

 

ნიშანდობლივია, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე პალესტინური ფატაჰის და ჰამასის კოალიციური მთავრობა გადადგა, ხოლო ცოტა ხანში ჰამასის ლიდერმა ხალედ მაშალმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელთან გრძელვადიან შეთანხმებაზეც კი გააკეთა მინიშნება. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ეს განცხადებები და პალესტინის მთავრობაში ცვლილებები ირანთან ბირთული ხლეშეკრულებაზე ხელის მოწერის მერე გაკეთდა. ცოტა ხნის წინ კი გაეროს 119 წევრმა მხარი დაუჭირა გაეროს შტაბ-ბინის წინ პალესტინური დროშის აღმართვას. დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფო შესაძლოა არც თუ ისე შორეული პერსპექტივა გახდეს.

 

სამხრეთ კავკასია და რუსეთი

 

ირანის საერთაშორისო „კლუბში“ დაბრუნება, სავარაუდოდ, გამოაღვიძებს და გააქტიურებს მის ისტორიულ გეოპოლიტიკურ და კომერციულ ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში, სადაც, სხვებთან ერთად, თურქეთისა და რუსეთის ინტერესებიც იკვეთება.

 

ზემოაღნიშნული სცენარით ახლო აღმოსავლეთის „გადანაწილება“ რეგიონალურ ძალებს შორის დიდი ალბათობით გამოიწვევს რუსეთის „გაძევებას“ ან მისი ინტერესების მაქსიმალურად შევიწროებას ახლო აღმოსავლეთში. მოსკოვი შეეცდება ამის კომპენსირებას სამხრეთ კავკასიაში - ხმელთაშუა ზღვასა და ირანთან მისასვლელ ბოლო პლაცდარმზე.

 

თურქეთ-ირანს შორის ურთიერთობებში ყველაზე ღრმა დაპირისპირების დროსაც კი არ შეწყვეტილა სავაჭრო ურთიერთობები, ირანის ბირთული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მათი პაექრობა სავარაუდოდ უფრო კომერციულ თანამშრომლობაში გადაიზრდება, გასაკუთრებით ევროპის ენერგო ბაზარზე ირანული ენერგომატარებლების ტრანსპორტირების გათვალისწინებით. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაშიც მათი თანამშრომლობა კიდევ უფრო რეალური ჩანს.

 

სანქციების მოხსნის შედეგად ირანს დიდძალი ფინანსური რესურსი გაუჩნდება, რაც მას საშუალებას მისცეს, ინვესტირება გააკეთოს გეოპოლიტიკურ და კომერციულ ინტერესებში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში. სანქციების, იზოლაციისა და ნავთობზე დაბალი ფასების პირობებში რუსეთს გაუჭირდება სამხრეთ კავკასიაში კონკურენცია გაუწიოს ირანს. თეირანი დიდი ალბათობით შეძლებს სომხეთს მეტი ეკონომიკური კეთილდღეობა და უსაფრთხოების პირობები შესთავაზოს. სომხეთის საგარეო-პოლიტიკური არჩევანი უფრო იძულებითია და ნაწილობრივ ისტორიული წარსულის ტყვეობას ეფუძნება, რაც ცხადია, ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

 

რთული გასათვლელია, როგორ აისახება აზერბაიჯანზე სომხეთის კურსის ცვლილება. ირანის აზერბაიჯანის და შიიტიზმის გავლენის გავრცელების საფრთხე, ევროპის მხრიდან რეჟიმის მიმართ კრიტიკა, სომხეთის დასავლური შემობრუნება - შეიძლება ბიძგის მიმცემი იყოს ბაქოს მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნებისთვის. თუმცა, აზერბაიჯანის არჩევანზე გავლენა ექნება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ყარაბაღის კონფლიქტის რეგულაცია, თურქეთ-ირანს შორის მომავალი ურთიერთობები (პარტნიორობა თუ კონკურენცია). აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსი საშუალოვადიან პერსპექტივაში არავინ უნდა განიხილოს for granted. ნებისმიერი სცენარით მოვლენათა განვითარება საქართველოსთვის ახალ რეალობას და გამოწვევებს აჩენს.

 

თუ გავითვალისწინებთ სირიაში რუსეთის განწირულ მცდელობებს, გამორიცხული არაა, მოსკოვმა სამხრეთ კავკასიაში პოზიციების გამყარების ძალისმიერი გზა აირჩიოს, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის საფრთხე გარდაუვალია, რადგან რუსეთს ამ შემთხვევაში კავკასიაში არსებული სამხედრო ბაზები აღარ დააკმაყოფილებს. საკითხი ასე დგას - შეძლებს მოსკოვი ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე დასავლეთთან და აწ უკვე რეგიონალურ ძალებთან წინააღმდეგობის გაწევას არსებული ეკონომიკური რეცესიის ფონზე?

 

რუსეთის მხრიდან რაციონალური ქმედება იქნება, რომელიმე მიმართულება დათმოს ან მოილაპარაკოს სხვა აქტორებთან. რა შეიძლება გახდეს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთს, რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის კონსტრუქციული მოლაპარაკების საგანი?

 

რუსეთს შეუძლია ირანს შესთავაზოს მაღალი ტვირთგამტარიანობის მქონე კომერციული სარკინიგზო მაგისტრალი ირანიდან ევროპისკენ რუსეთის კონტროლირებადი სომხეთის, საქართველოსა (რუსეთისადმი უფრო ლოიალური მთავრობით) და ასევე რუსეთის კონტროლირებადი ოკუპირებული აფხაზეთის გავლით. რუსეთის მიერ საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც ტექნიკური შეფასებით სამხედრო მიზნების გარდა მსხვილი სატვირთო მატარებლების გატარებაზეა გათვლილი, აგრეთვე საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრის მიერ სომხეთში ვიზიტისას ადრე გახმოვანებული გზავნილები, ტოვებს ასეთი ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას.

 

საქართველოს საშინაო პოლიტიკასა და მის უსაფრთხოებაზე პირდაპირ და არაპირდაპირ გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთის ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათი ნაწილი ეგზისტენციალურ გამოწვევებს წარმოადგენს საქართველოსთვის. საფრთხეების ნეიტრალიზაციისთვის ნატო-ში გაწევრიანება საუკეთესო რეცეპტია, მაგრამ ვინაიდან ევროპის ზოგიერთი სკეპტიკოსი სახელმწიფოს მიერ ნატოში საქართველოს ინტეგრაცია ჭიანურდება, გამოსავალი ისევ თბილისმა უნდა იპოვოს. საქართველოს მოქმედი მთავრობის მცდელობებმა, რომ რუსეთის მიმართ ქვეყნის სრული „ფინლანდიზაცია“ მოახდინოს, საეჭვოა პოზიტიური ეფექტი მოიტანოს და რუსეთიდან ან ფართო რეგიონიდან მომდინარე საფრთხეები გააუვნებელჰყოს. რაციონალური პოლიტიკა თბილისს კარნახობს, რომ ნატო-ს კარების შეღებამდე რუსეთის საფრთხეების აღკვეთა მხოლოდ თურქეთის, ა.შ.შ.-ს, ევროპის კავშირის და უკვე ალბათ ირანის ინტერესების დაბალანსებაშია.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია