ახალი ხაფანგი საქართველოს ხელისუფლებისთვის

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
23-09-2015, 22:28 | ეკონომიკა | ნანახია - 1910

ახალი ხაფანგი საქართველოს ხელისუფლებისთვის

 

დავით ნებიერიძე

 

დღევანდელი ხელისუფლების ყოფითი რეალობა ყველაზე ახლოს ტრაგიკომედიურ ჟანრთან დგას. თუმცა, კომედია მთლიანად განდევნილი ყავს სატირასა და სარკაზმს. ხოლო, რაც უფრო წინ მივიწევთ ამ წარმოდგენის ყურებაში, სიუჟეტში მით უფრო დიდ ნაწილს იკავებს ტრაგედია. აი ამჯერადაც, ფრიად ჩახლართულ და ტრაგიკულ ეპიზოდში ვართ გაჩხერილი და სცენარიც იმდენად მარტივი და ადვილად გამოსაცნობია, რომ დაუფიქრებლად და დიდი სიამოვნებით გადავახვევდი 2016 წლის შემოდგომის ბოლოს. რომ შემეძლოს, აუცილებლად გადავახვევდი ამ უნიჭო „ინდურ-თურქულ-ლათინოამერიკულ“ სერიალს, ესოდენ ძვირფასი დროის დაზოგვის მიზნით. პრინციპში, მე ამ „ხელოვნების ნიმუშს“ სერიალად კი არა, მოკლემეტრაჟიან ფილმად უფრო განვიხილავ. სადაც, რეჟისორი და პროდიუსერი ბატონი ბიძინაა. ხოლო, ყველაზე კოლორიტული პერსონაჟები მისი ოდიოზური გარემოცვის წევრები არიან. რა სამწუხაროა, რომ ეს მხატვრული ნაწარმოები კი არა ქართული რეალობაა. და ამ რეალობაში ივანიშვილის მთავრობა იმ მონადირის როლშია, რომელიც ყოველი ბუჩქის ქვეშ ხაფანგებს აგებს, მაგრამ სიბრიყვით ყოველ მათგანში თვითონვე აბიჯებს ფეხს. ამიტომ, დიალოგებისა და ბრძნული ფრაზების ნაცვლად მხოლოდ ხაფანგების ტკაცუნი და ხელისუფლების თავგანწირული ყმუილი გვესმის. მაქს ლინდერსა და ჩარლი ჩაპლინსაც კი შეშურდებოდათ ამგვარი შესრულების, ეს რომ მართლა ფილმი იყოს და არა მწარე რეალობა.

 

მრავალი უშედეგო დებატის შემდეგ, ბატონი მეჭიაური სრული სიცხადით მიხვდა, რომ საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებიდან გამოყფის გზით, მხსნელისა და მესიის ნაცვლად, კუტი მოუვლინა ქვეყანას. სამწუხაროა, რომ პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომიტეტის ხელმძღვანელი ახლოსაც არ დგას ფინანსურ მენეჯმენტთან და აბსოლუტურად ვერ ერკვევა მაკროეკონომიკური მართვის იმნსტრუმენტებში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს სტრუქტურა ხელისუფლებამ ხელში მხოლოდ იმ მიზნით ჩაიგდო, რომ ეფექტურად გააკონტროლოს საბანკო სისტემა და ბიზნეს სუბიექტების ფინანსური საქმიანობა პოლიტიკური ნიშნით. ანუ სახეზე გვაქვს ფინანსური რეპრესიების აშკარა მაგალითი. არჩევნები მოახლოვდა და პოლიტიკური ბრძოლის ფინანსური ასპექტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამიტომ, ცხადზე ცხადია, რომ „მეოცნებეებს“ ლარის ბედიღბალი კია არა, ტოტალური კონტროლი და ოპოზიციური ძალებისთვის ფინანსური უზრუნველყოფის შეზღუდვა აინტერესებთ. მაგრამ, ეს პოლიტიკური სპექტაკლი იმდენად უნიჭოდ დადგეს, რომ სრულად „შეეტენათ“ პასუხისმგებლობა ლარის კურსის დასტაბილურებაზე. პოზიტიური მოლოდინები კი მარტო ხალხში კი არა, თვით ხელისუფლებაშიც არ არის. და ეს ფაქტია! არა იმიტომ, რომ ახალი სტრუქტურის დაკომპლექტების პრეზენტაციაზე ბატონ მეჭიაურს სასოწარკვეთილება ეტყობოდა. არამედ, იმიტომ რომ ქვეყანაში არ არსებობს ფუნდამენტალური მაკროეკონომიკური საფიძვლები, რომლებიც განაპირობებენ ლარის კურსის საშუალო და გრძელვადიან დასტაბილურებას. შესაბამისად, ხელისუფლება ცდილობს მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც შეანელოს ეროვნული ვალიუტის კატასტროფული დევალვაცია და შეამსუბუქოს ის პოლიტიკური დარტყმა რაც გარდაუვალია მათთვის, მოსახლეობის ტოტალური გაღარიობების შდეგად. ზუსტად ამისთვის „ქართული ოცნება“ ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ეროვნულ ბანკთან და უპრეცენდენტო ზეწოლას ახდენდა მის ხელმძღვანელობაზე, რათა ისინიც ჩაეთრია ამ უპერსპექტივო თამაშში და დროებით მაინც შეენელებინა ლარის ვარდნის ტემპები. როგორც ჩანს, გარკვეული ტიპის შედეგი მაინც გამოიღო ამ ზეწოლამ ეროვნულ ბანკზე და აგერ უკვე მთელი თვეა მისი მესვეურები ხელისუფლებიდან მიწოდებული შპარგალკებით ახმოვანებენ „პოზიტიურ“ მესიჯებს. რამოდენიმე დღის წინ თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მზად არის აქტიურად გამოიყენოს სავალუტო ინტერვენციები, რათა შეანელოს კატასტროფული პროცესები სავალუტო ბაზარზე. აი ეს კი, უკვე ფუნდამენტალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ძალიან ცუდი შედეგების მოტანა შეუძლია ქართული რეალობისთვის. რამეთუ სავალუტო ინტერვენციების ინსტრუმენტის გამოყენება ეფექტურია მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში, სავალუტო ბაზრის კონიუნქტურის კორექტირებისთვის. რაღა თქმა უნდა, თუ მას ხელს უწყობს მაკროეკონომიკური კონიუნქტურაც. მაგრამ, თუ ქვეყნის ეკონომიკაში არ არსებობს ფუნდამენტალური პირობები, რომლებიც ბუნებრივად დაასტაბილურებს და გაამყარებს ეროვნულ ვალიუტას, მაშინ ამგვარი ღონისძიებები მხოლოდ გაფლანგავს ქვეყნის სავალუტო რეზერვებს და შედეგი მაინც მიუღწეველი დარჩება. ხოლო ვარდნა უფრო მტკივნეული.

 

სავალუტო რეზერვებთან მიმართებაში არსებობს მკაცრად დადგენილი პრინციპები: ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის ეს უმნიშვნელოვანესი პარამეტრი არ უნდა იყოს სამი თვის იმპორტის საერთო მოცულობაზე ნაკლები. ეს ოქროს წესია და კომპრომისების დაშვება კატეგორიულად იკრძალება. ამ პარამეტრების დაცვას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც და მნიშვნელოვანწილად ამ მოცემულობაზე დაყრდნობით აკეთებენ პროგნოზებს ჩვენი ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკურ პერსპექტივებზე. შესაბამისად, თუ ხელისუფლების ამ ახირების შედეგად შეირყა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ეს ქვაკუთხედი, ჩვენ პრობლემები შეგვექმნება არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მსოფლიო ფინანსურ ინსტიტუტებთან მიმართებაშიც და ქართული სახელმწიფოს მომავალი გრძელვადიან პერსპექტივაში მთლიანად გადაიხაზება. რიგითი მოქალაქისათვის მეტნაკლებად გასაგები, რომ იყოს ამ პროგნოზების შინაარსი შევეცდები მაქსიმალურად მარტივად ავხსნა:

 

პირველ რიგში, საქართველოს შეეზღუდება და გაუფუჭდება ქვეყნის სუვერენული რეიტინგი. სავსებით რეალური გახდება დეფოლტის მოლოდინები და უაღრესად გართულდება თანამშრომლობა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, ახალი ფინანსური რესურსების მოზიდვის საქმეში (ამის ნათელი მაგალითია საბერძნეთი და უკრაინა). ეს ეხება არა მარტო საერთაშორისო კრედიტებს, რომლებიც საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტის შევსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, არამედ უცხოურ ინვესტიციებსაც. რომლებსაც თავის მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. არცერთ ჭკუათმყოფელ ინვესტორს არ მოუვა თავში აზრად ჩადოს ფული იმ ქვეყანაში, რომელიც რეალურად დეფოლტის წინაშე დგას. სავალუტო რეზერვების ზღვრულ დონეზე დაბლა ჩამოსვლა კი დეფოლტის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ხოლო, თუ კი, რომელიმე ინვესტორი ან კრედიტორი გაბედავს და შემოიტანს ფულს ქართულ ეკონომიკაში, ამ ფულის ღირებულება იქნება ძალიან მაღალი. რაც შესაბამისად აუტანელ ტვირთად დააწვება როგორც ქართულ ბიზნესს, ისე საქართველოს ბიუჯეტს. რაც თავის მხრივ, კიდევ ერთ მნიშვნელოვან კატალიზატორად გადაიქცევა ქართულ ეკონომიკაში კრიზისული პროცესების ახალი და უფრო მძიმე ეტაპის დაწყებისთვის.

 

ვერაფრით დავიჯერებ, რომ ბატონი ბიძინა ან მისი გარემოცვის მეტნაკლებად კომპეტენტური პირები (ნეტა საერთოდ თუ ყავს ასეთები?) ვერ აცნობიერებდნენ ამ ხიფათს. მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიტიკური მიზნებისათვის მათ სხვა ალტერნატივა აღარ გააჩნიათ და ამაშია მთავარი ტრაგიზმი. ქვეყანას მართავს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ვაბანკზეა წასული და მთლიანად ამოწურული აქვთ მეტნაკლებად ეფექტური მოქმედებების რესურსი. კამიკაძეების ხელში ვართ ბატონებო! ყოველივე აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა ივანიშვილის ეროვნულ ბანკთან მიღწეული შეთანხმების შინაარსი და დეტალები. ხელისუფლება თუ არა, ეროვნული ბანკის ამჟამინდელი მესვეურები ხომ სრულად აცნობიერებენ იმ კატასტროფის რეალობას, რომელიც დადგება სავალუტო რეზერვების გაფლანგვის შედეგად. ამიტომაც, ძალიან საინტერესოა, რა გარანტიები მიიღეს ეროვნულ ბანკში ბიძინა ივანიშვილისგან? სავალუტო რეზერვების შევსების რეალური წყაროები ამ ეტაპზე, ხომ ფაქტიურად არ არსებობს. ვითარების დამძიმების შემდეგ, კი დიდი ალბათობით დავკარგავთ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ქმედითი დახმარების იმედსაც. იმაზე ფიქრი, რომ ივანიშვილი საკუთარი „დანაზოგებიდან“ შეავსებს ქვეყნის სავალუტო რეზერვებს უბრალოდ სასაცილოა. მათ ხომ კახელი მევენახეებიც კი მშიერი დატოვეს.

 

ყოველივე ამის ფონზე, განსაკუთრებით ტრაგიკული და გამაოგნებელი იყო პრემიერმინისტრის განცხადება ანტიკრიზისული თათბირის შემდეგ. მის განცხადებას პათოსი, რომ მოვაშოროთ შეგვრჩება სასოწარკვეთილი ადამიანის წუწუნი - „ჩვენ ყველა რესურსი ამოვწურეთ და ახლა მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ ხალხი დიდის ძალისხმევით შთაინერგავს პოზიტიურ მოლოდინებს, რაც თავის მხრივ განაპირობებს ლარზე დაწოლის შემცირებას და ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციასო!“ კატასტროფის წინაშე ვდგავართ ბატონებო. ეს ხომ სრული კაპიტულაციაა!?

 

და ისევ ხაფანგის თემას მინდა მიუბრუნდე: ქვეყნის ხელისუფლებას სავალუტო რეზერვების გახარჯვა სიტუაციის განმუხტვის პანაცეად მიაჩნია. სამწუხაროდ მათ სხვა მაკროეკონომიკური ინსტრუმენტი აღარ დარჩათ და ისეთ ხაფანგში ებმებიან, რომლიდანაც გამოსავალი უბრალოდ აღარ არსებობს! სასოწარკვეთილი და მარგინალიზირებული ხელისუფლება კი ყველაზე დიდი ხიფათია ქვეყნისთვის. ძალაუფლების ხიბლით დამტკბარი პლუტოკრატია გააფთრებით და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს ხელისუფლების შესანარჩუნებლად. იბრძოლებს მხოლოდ არალეგიტიმური მეთოდებითა და ინსტრუმენტებით. რამეთუ ყველა ლეგიტიმური და ეფექტური მეთოდი მათ უკვე ამოწურული აქვთ. ხოლო, სად მიიყვანს ამგვარი ვითარება ქვეყანას უბრალოდ მწარე წარმოსადგენია. ხელისუფლების რესურსების ამოწურვის ფაქტი ეჭვგარეშე, რომ იყოს მინდა გითხრათ, რომ როდესაც ქვეყნის მმართველი ძალა აშკარა ტყუილზე და სტატისტიკური მონაცემების გაყალბებაზე გადადის, ეს უკვე ნიშნავს, რომ მათი ძალაუფლება დასრულდა! ამის ნათელი მაგალითია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირება. მთელი თვეა ბატონი ხადური და „ძმანნი მისი“ დიდის ზარ-ზეიმით გვაცნობდნენ, რომ სავალუტო კრიზისის ფუნდამენტალური საფუძვლები ქვეყანაში არ არსებობს და ყველაფერი სპეკულიაციური მოვლენებისა და ნეგატიური მოლოდინების ბრალიაო. რის დასამტკიცებლადაც გვიფრიალებდნენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების „არნახული ზრდის“ სტატისტიკას. რომლის მიხედვითაც, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 80%-ზე მეტით იყო გაზრდილი. რიგითი მკითხველისთვის მინდა გავაკეთო მცირედი განმარტება:

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაკროეკონომიკური ეფექტი და შინაარსი მდგომარეობს ქვეყანაში უცხოური ვალუტის ახალი მასის შემოდინებაში. ანუ, ქვეყანაში ლარისა და უცხოური ვალუტის თანაფარდობის დაბალანსებაში, რაც სათანადოდ აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე. შესაბამისად, ტყუილი და სტატისტიკით მანიპულირება მთავრობის მხრიდან მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ ორი კვარტლის შედეგებით მათ ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციების მოცულობა დააფიქსირეს აშშ დოლარებში და თავსაც იწონებდნენ ამით. ანუ ფურცელზე დაგვიმტკიცეს, რომ ქვეყანაში ორი კვარტლის შედეგებით ახალი უცხოური ვალუტის უზარმაზარი მასა შემოვიდა და რატომ გვაკრიტიკებთო. სინამდვილეში კი მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის ინვესტიციების ლომის წილი მოდის კავშირგაბმულობასა და ტრანსპორტზე. უფრო ზუსტი, რომ ვიყოთ - კავშირგაბმულობაზე. ზუსტად აქ არის ძაღლის თავის დამარხული. აღმოჩნდა, რომ კავშირგაბმულობაში გაკეთებული ინვესტიცია, სინამდვილეში რეინვესტიციაა და მისი წყარო არის, კავშირგაბმულობის კომპანიების მიერ საქართველოს შიდა ბაზარზე მიღებული სოლიდური შემოსავლები. რომლებიც, ლარშია მიღებული და რეინვესტირებაც შესაბამისად ლარში მოხდა და არანაირი უცხოური ვალუტის ახალი მასის შემოდინება ქვეყანაში არ ყოფილა. ანუ, „სტატისტიკის ჯადოქარმა“, ბატონმა ხადურმა სათანადო მანიპულაციებით, ლარში გაკეთებული რეინვესტიციები გადაადოლარა ქაღალდზე, გააფორმა როგორც ქვეყანაში შემოსული უცხოური ვალუტის ახალი მასა და ცელი გამოუსვა ფეხებში ეროვნულ ვალუტას. აი ეს ეპიზოდიც კი საკმარისია იმ ტრაგიზმის აღსაქმელად, რაშიც იმყოფება ქართული სახელმწიფო და ყოველი მისი მოქალაქე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია