ზოგიერთი შტრიხები საქართველო - რუსეთის ბოლოდროინდელი ურთიერთობებიდან

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
26-09-2015, 22:12 | პოლიტიკა | ნანახია - 1516

ზოგიერთი შტრიხები საქართველო - რუსეთის ბოლოდროინდელი ურთიერთობებიდან

 

გიგი კუბლაშვილი

 

ენერგეტიკის მინისტრ კ.კალაძის შეხვედრა რუსული გაზპრომის ხელმძღვანელობასთან, დამაინტრიგებელია განსაკუთრებით ე.წ. რუსეთუმეებისათვის, რადგან სხვამ იცის რომ ეს ხაფანგია, რომლიდანაც ათიოდე წლის წინ მიზანდასახულად, ფილიგრანულად გამოვძვერით. ახლა რა ისევ ვეკვეტებით? ქართული მევენახეობის არ იყოს, აქაც ხურდა დიდი კატაკლიზმებით დაგვიბრუნდება, ვაი რომ არა იმას ვინც ,,ალაგებს“ - არამედ, ჩვენ... ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს.

 

ჩვენი პოლიტიკური ,,ისტებლიშმენტის“ მეორე ნაწილი ისტერიულად დარბის რუსეთში და ზღაპრებით გვკვებავს, ერთერთი მათგანი გვამუნათებს - ვიყავი, ვიბაზრეთ, შევთანხმდით... ხო კარგია? მეორე, პუტინთან ნამყოფი, აცხადებს: მე ვიცი როგორ დავალაგო და გპირდებით დავალაგებო.

 

რატომ გაქვთ ესეთი უტიფარი დამოკიდებულება თქვენი ხალხისადმი? რატომ თვლით, რომ ესეთი გონებაშეზღუდულები არიან თქვენი თანამოქალაქეები?...

 

ისევ ექსპერიმენტები და მერე ახსნა-განმარტებები, რომ ძალით არ გინდოდათ და აი ცოტაც... იმედია, ეს აღარ გაჭრის, დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ უნდა ჭაობისათვის გასწიროს თავი და შთამომავლობა.

 

რაც შეეხება ბოლო დროს რუსეთუმეების მიერ გაჟღერებულ ზოგიერთ მოთხოვნას, რომელიც სრულ თანხვედრაშია პუტინის მთავრობის მესიჯებთან, რომელსაც ხან გრიგორი კარასინი, ხან მისი ქართველი კოლეგა და მერე სიის მიხედვით ხან ვინ და ხან ვინ ახმოვანებს, გავიაროთ ცალ-ცალკე.

 

ნეიტრალიტეტი - ამას ითხოვენ პერიოდულად, ეს არის დაღუპვა, რადგან რეალურად ესეთი მდგომარეობა, ცხადია რომ რუსეთს უხსნის ხელს ღია მოქმედებებისათვის საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და მხოლოდ დროებით გადაწევს ჩვენს სრულ ოკუპაციას. ეს ფაბულა იმდენად ცხადია, რომ ამას დიდი ახსნა-განმარტება აღარ სჭირდება

 

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა - რუსეთისთვის ეს პროგრამა მინიმუმია, რომელიც სინამდვილეში რუსეთისათვის მნიშვნელოვანი თემაა, რადგან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ნაწილობრივ ოკუპირებულ, საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან, ფაქტობრივად ნიშნავს შეგუებას ანუ არსებული მდგომარეობის ლეგიტიმაციას დაპყრობილი ქვეყნის მიერ.

 

გარდა თქმულისა, რუსეთს სჭირდება თავისი სპეც-სამსახურებისათვის ე.წ. ლეგალური სახურავი, ანუ დიპლომატიური იმუნიტეტი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ლეგალური მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც სხვა მომენტებთან ერთად გულისხმობს არჩევნებში იმ რამოდენიმე ასეული ათასი საქართველოს მოქალაქის გამოყენების მცდელობას, რომელიც რუსეთში იმყოფება, მე რასაკვირველია შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსეთში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეები ჩვენზე ნაკლები პატრიოტები არიან, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამაზე ფიქრობს და მოქმედებს. ამავე მიმართულებით არანაკლებად დაინტერესებული შეიძლება იყოს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც, რომელიც მშვენივრად ხვდება, რომ მათი პოლიტიკური პერსპექტივები დღითიდღე მცირდება.

 

მივაქციოთ ყურადღება, რომ ყველა დაპირებას რუსეთიდან ახლავს ბუნდოვანი, ცხვრის ფარაზე გათვლილი დაპირებები, როგორიცაა: მზად ვართ სასაუბროდ, ვიფიქროთ, ესაუბრეთ პირდაპირ ოსებს და აფხაზებს, ჩვენ მზად ვართ ხელი შეგიწყოთ... და ათასი ამგვარი სისულელე - ეს გვინდა?

 

და ბოლოს მკითხველს ეჭვი, რომ არ შეეპაროს ერთი მაგალითი ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც, წლების განმავლობაში ჩემს კოლეგებთან ერთად მიხდებოდა მოლაპარაკებებში მონაწილეობა რუსულ მხარესთან, მათ შორის, მაღალ დონეზე.

 ზოგიერთი შტრიხები საქართველო - რუსეთის ბოლოდროინდელი ურთიერთობებიდან

მახსენდება ერთერთი შეხვედრა გრიგორი კარასინთან, რუსულ აგრესიამდე რამდენიმე წლით ადრე, სადაც მან სრული სერიოზულობით განაცხადა, რომ რუსული მხარე მზად არის აღადგინოს ჩვენთან საფოსტო ურთიერთობები, რაზეც ცხადია ვკითხეთ, რომ ის სერიოზულად თვლის, რომ ინტერნეტისა და თანამედროვე გლობალიზებული ბაზრის პირობებში საფოსტო ურთიერთობებია ის საკითხი, რომელიც არის ჩვენს შორის საჯილდაო ქვა? თქვენ წარმოიდგინეთ ბნ-მა კარასინმა ნახევარ საათიანი მონოლოგი დაარტყა საფოსტო გადაზიდვების მნიშვნელობაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობების კონტექსტში... დასკვნების გაკეთება მკითხველისათვის მომინდვია.

 

ცხადია, რუსეთთან მოლაპარაკება აუცილებელია, მეტიც სასიცოხცლოდ მნიშვნელოვანიცაა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამას ჭირდება - ქვეყნის სიყვარული, ცოდნა, კომპეტენცია, მიზანმიმართული მწყობრი გეგმა, შესაბამისი ფორმატი, ზურგს უკან ძლიერი სახელმწიფო და თავისუფალი სამყაროს კონსოლიდირებული მხარდაჭერა. რაც, ამ სტატიაში ჩამოთვლილ პირებს და დღევანდელ სახელმწიფოს არ ძალუძს.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია