ობამასა და პუტინის წარუმატებელი შეხვედრის ამბავი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
1-10-2015, 13:48 | მსოფლიო | ნანახია - 2670

 

ობამასა და პუტინის წარუმატებელი შეხვედრის ამბავი

 

ნიკა რურუა

 

1. შეხვედრა და მისი სხვადასხვა ინტერპრეტაციები

 

როგორც ვიცით, ყირიმის უკანონო ოკუპაციისა და ანექსირების მცდელობის შემდეგ, ისევე როგორც აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების წარმოებისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო კეთროვანად იქცა: მას აღარ პატიჟებდნენ არც ერთ დიდ საერთაშორისო ღონისძიებაზე, მას არ იღებდა თავისუფალი სამყაროს არც ერთი ლიდერი, მას არ ხვდებოდა დიდი შვიდიანის არც ერთი სახემწიფოს მეთაური და ა.შ. ამასობაში, მოგეხსენებათ, რომ რუსეთის ეკონომიკა, დასავლური სანქციების გამო საკმაოდ მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, რაც როგორც რუსეთს, ისე მის ლიდერს დღითიდღე უფრო უხერხულ და არაკომფორტულ პოზიციაში აყენებდა, როგორც რუსეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ. და აი, პუტინმა დააანონსა საკუთარი სურვილი გაეროს მორიგი ასამბლეის ფარგლებში პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრისა, რასაც ამერიკელთა მხრიდან პირველად ინდიფერენტული რეაქცია და პრეზიდენტ ობამას უარიც კი მოჰყვა. პუტინმა სულ მალე ასევე ღიად დააანონსა საკუთარი სურვილი სირიის კონფლიქტში მონაწილეობის მიღებისა. ამან, როგორც ჩანს, შეცვალა ამერიკელთა გულგრილი რეაქცია, და ნიუ-ორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტთა შეხვედრა დაიგეგმა. მართალი გითხრათ, პრეზიდენტ ობამას პირველადი გადაწყვეტილების ასეთი მყისიერი ცვლილება არც მე და არც ბევრ სხვა დამკვირვებელს არ მოეწონა. მიზეზი ერთი იყო - ეს შეხვედრა პუტინს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანასა და ისევ მსოფლიო დონის მოთამაშეთ და ლიდერად აქცევდა. საბედნიეროდ, თურმე ვცდებოდით.

 

 

2. პრეზიდენტების შეხვედრა და განხილული საკითხები

 

ობამასა და პუტინის შეხვედრა საათსა და ოც წუთს გაგრძელდა. შეხვედრაზე ორი საკითხი განიხილებოდა. პირველი, უკრაინის ყირიმის დეოკუპაცია, მინსკის შეთანხმების პირობების შესრულებითურთ და სირიაში რუსეთის მონაწილეობის როლი. ამ დრომ, როგორც შეხვედრის დამთავრების მომლოდინე ჟურნალისტები ამბობენ, საოცრად სწრაფად გაირა.

 

3. არშემდგარი საპრეზიდენტო პრესკონფერენცია

 

შეხვედრა დამთავრდა, მაგრამ მისი მონაწილენი, ანუ პრეზიდენტები პრესის წინაშე ერთად არ წარმდგარან, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე: ობამამ შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა, რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - ვერანაირი მოლაპარაკება ვერ შედგა. ვლადიმერ პუტინი პრესას ეულად გაესაუბრა და დასძინა, რომ არის საკითხები, რაზეც შეთანხმება იოლად არ ხდება ხოლმე; ანუ, მანაც იგივე გვამცნო - რომ ვერანაირი მოლაპარაკება ა.შ.შ.-ს პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის ვერ შედგა. ბევრმა დამკვირვებელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ობამამ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს პრეზიდენტმა და თავისუფალი სამყაროს ლიდერმა, პუტინთან მოლაპარაკების ბოლო შანსი არ გაუშვა ხელიდან იმ მიზეზით, რომ შემდეგ მის პოლიტიკურ ოპონენტებს არ ეთქვად, რომ პუტინთან არშეხვედრა უფრო უპასუხისმგებლო საქციელი იყო, ვიდრე პრინციპული, როცა საქმე მსოფლიო მშვიდობასა და ახლო აღმოსავლეთის აფეთქებული მდგომარეობის განმუხტვას შეიძლებოდა გამოდგომოდა. პუტინმა კი, იგივე კომენტატორების აზრით, ამ შეხვედრით მხოლოდ მოიგო - გამოვიდა რა პერსონალური იზოლაციიდან და დაიბრუნა რა ისევ მსოფლიო დონის მოთამაშისა და ლიდერის სტატუსი. როგორც ცნობილია, მას მთელი ეს ცერემონიული დიდების ატრიბუტიკა სახლში, ანუ რუსეთში ძალაუფლების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად ესაჭიროება.

 

4. პუტინის სირ(ი)ული გამბიტი

 

და ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ორ დღეში რუსეთის ავიაციამ სირიის დაბობმვა(!) დაიწყო. ეს სრულიად გაუთვლელი, უნილატერალური, ანუ ცალმხრივი, და ყველასთან შეუთანხმებელი სამხედრო ავანტიურა რუსეთმა სწორედ იმ პრინციპების საწინააღმდეგოდ წამოიწყო, რის დარღვევაშიც მისი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სულ რაღაც ორი დღის უკან ამერიკის შეერთებულ შტატებს სდებდა ბრალს - საერთაშორისო თვითნებობებსა და სხვა სახელმწიფოების საქმეებში ჩარევაში!

ობამასა და პუტინის წარუმატებელი შეხვედრის ამბავი

 

დღეს პუტინის ავიაციამ დაბომბა არა ISIS-ის, ანუ ისლამური სახელმწიფოს ძალების პოზიციები, არამედ ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე, სირიის თავისუფალი არმიის პოზიციები და ისიც სამოქალაქო სხვერპლის თანხლებით - პირველივე რუსულმა დაბომბვამ 30-ზე მეტი სამოქალაქო პირი შეიწირა.

 

5. დასკვნა

 

სულ რამდენიმე საათის უკან პენტაგონის ხელმძღვანელმა, თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა პუტინის რუსეთის ამ სახიფათო გამოხტომას პრესკონფერენცია მიუძღვნა და დასძინა, რომ თუ რუსეთი სამოცი ქვეყნისგან შემდგარ ანტი-ასადურ კოალიციას შეურთდება და მათთან ერთად დაამარცხებს როგორც ბაშარ ასადს, ისე ისლამურ სახელმწიფოს, მაშინ მისი როლი შესაძლებელი იქნება განხილულ იქნას პოზიტიურადაც კი. თუმცა, კარტერმა აქვე დაამატა, რომ ეს არანაირად არ ცვლის დასავლეთის პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში, რომ რუსეთმა სასწრაფოდ უნდა დატოვოს ყირიმის ნახევარკუნძული და ბოლომდე შეასრულოს მინსკის მოლაპარაკების პირობები. პუტინი კი ამ დროს აანონსებს მის მხარდაჭერას ასადის “ლეგიტიმური” (!) ხელისუფლების დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ ასადი ყველა სიკეთესთან ერთად არასდროს არჩეულა დემოკრატიული პროცესის მიხედვით, არაფერი რომ არ ვთქვად საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. ამდენად, რუსეთისა და ა.შ.შ.-ს თავდაცვის დეპარტამენტი, რომლის ბიუჯეტიც სამნახევარჯერ აღემატება რუსეთის მთელ ბიუჯეტს, რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებს ინარჩუნებენ. თუ რა მოჰყვება პუტინის ამ ავანტიურას, ამას, ეჭვი მაქვს, მალე შევიტყობთ. ერთადერთი, რაზეც ძალიან მწყდება გული, ეს ისაა, რომ არც ობამას და არც სხვას არავის უკრაინის პრობლემის ხსენებისას საქართველო და მისი ზედმიწევნით ანალოგიური პრობლემა არ უხსენებია. ამისათვის, რა თქმა უნდა, “დიდი მადლობა” ეკუთვნით ბატონ ივანიშვილს და მის თოჯინების თეატრს - დღევანდელ მთავრობას, ვინც “მოახერხა” და საქართველო აღარ ამყოფა დასავლეთისა და რუსეთს შორის “განხეთქილების ვაშლად”. ეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე დიდი “მიღწევაა” საკუთარი არსებობის მეოთხე წლის დასაწყისისთვის.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია