რა ბედი ეწევა ნორლანდის ჩუსტებს?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-09-2013, 18:07 | პოლიტიკა | ნანახია - 3506

რა ბედი ეწევა ნორლანდის ჩუსტებს?ვაჟა ნიკოლაიშვილი

 

            ნორლანდის ჩუსტების შესახებ ანეგდოტმა ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის საწყისს ეტაპზევე დიდი წარმატებით მოიარა საქართველო. ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ: აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დილით საკუთარ სახლში იღვიძებს და უშედეგო ძებნის შემდეგ ეკითხება ცოლს, ჩემი ჩუსტები სად ჯანდაბაშიაო? მეუღლე კი პასუხობს - ალბათ, ბიძინასთან დაგრჩაო.

 

            ანეგდოტი იმიტომ გამოდგა ასეთი წარმატებული, რომ კარგად შეესაბამებოდა რეალობას. ყველასათვის კარგად იყო ცნობილი, თუ რა მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ელჩს ოლიგარქთან. დიახ, ვამბობ სწორედ ოლიგარქთან და არა პრემიერთან, რადგან ეს მჭიდრო ურთიერთობა - ივანიშვილის რეზიდენციაში ელჩის ხშირი და მრავალსაათიანი ვიზიტები მის ხელისუფლებაში მოსვლამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო.

 

            იმასაც კი ამბობენ, რომ ეს ანეგდოტი საქართველოში კი არა, ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის დერეფნებში დაიბადაო  და ესეც ძალზე ჰგავს სიმართლეს, რადგან, სად თუ არა იქ, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყებაში ყველაზე ზუსტად და დეტალურად იცოდნენ თავიანთი ელჩის საქმიანობა საქართველოში.

 

            მოკლედ, ეს ჩუსტები უბრალო ამბავი არ არის და, რა თქმა უნდა, ისინი ქართულ თანამედროვე ზეპირსიტყვიერ ფოლკლორს დიდი პოლიტიკიდან ეწვიენ. კარგად ვიცით, რომ ობამას არჩევის შემდეგ ვაშინგტონიდან ჩვენსკენ დაბერილ ნიავს საგრძნობი სიგრილე შეეტყო. განსაკუთრებით გრილი კი ის, პირველ რიგში, სააკაშვილისთვის და მისი ხელისუფლებისთვის გამოდგა. წარსულს ჩაბარდა რესპუბლიკელების ადმინისტრაციის დროინდელი ძმაკაცურ-დაქალური ან, თუ გნებავთ, მამაშვილური ურთიერთობა ვაშინგოტონის და თბილისის ხელისუფლების მაღალ სართულებს შორის. მაღალი დონის ვიზიტები და კონტაქტები მნიშვნელოვნად შეიზღუდა. გამოიცვალა მათი ტონიც. ის საგრძნობლად უფრო მშრალი და ოფიციალური გახდა. ერთადერთ სასიამოვნო გამონაკლისს წარმოადგენდა სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელსაც თავის ქართველ კოლეგასთან სანდო და თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, მაგრამ კარგად იყო ცნობილი, რომ ჰილარი კლინტონი სინამდვილეში არ გახლდათ ობამას პოლიტიკური გუნდის რეალური წევრი, მისი ამ პოსტზე დანიშვნა ობამას შიდაპარტიული კომპრომისის შედეგი იყო და, თანაც, მას ობამას ადმინისტრაციის პირველი ვადის ამოწურვის შემდეგ თავისი პოსტი უნდა დაეტოვებინა. რაც შეეხება სხვა სტრუქტურებს და, განსაკუთრებით, თავად თეთრ სახლს, აქედან საქართველოს ხელისუფლებამ ერთგვარი გაუცხოება და ტონის „გაოფიციალურება“ იგრძნო. მაგალითისთვის ისიც გამოდგება, რომ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვერა და ვერ მოხერხდა სააკაშვილის ობამასთან შეხვედრის ორგანიზება და როცა ეს შეხვედრა, როგორც იქნა, შედგა, თვითმხილველთა თქმით, პრეზიდენტი ობამა ქართულ მხარეს მხოლოდ ოფიციალური შტამპებისგან აწყობილი აკადემიური ფრაზებით გაუმასპინძლდა.

 

            იმდროინდელი თანამდებობის პირები იხსენებენ, თუ როგორ აუნთო თავის დროზე „წითელი შუქი“ აშშ- ს ადმინისტრაციამ თავის ძველ და ტრადიციულ პარტნიორ ედუარდ შევარდნაძეს. მაშინ, 2003 წლის სექტემბერში,  შევარდნაძემ მიიღო წერილი პრეზიდენტ ბუშისგან, სადაც ის დიდად აფასებდა შევარდნაძის მიერ, ღმერთმა უწყის, რაში  შეტანილ წვლილს და გამოთქვამდა მტკიცე იმედს, რომ ის თავის ფინალურ ამოცანას - ხელისუფლების დემოკრატიულად გადაბარებასაც ღირსეულად გაართმევდა თავს. წერილმა, ბუნებრივია, შევარდნაძე და მისი გარემოცვა ღრმა პროსტრაციაში ჩააგდო. შემდეგ რაც მოხდა, კარგად ვიცით.

 

            ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ანალოგიური მინიშნებების მიღება სააკაშვილის ხელისუფლებამაც დაიწყო. პირველი მერცხალი თავად უმცროსმა ბუშმა აფრინა, როცა მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობა მაღალფარდოვანი სიტყვებით შეაჯამა და მას ლექციების წაკითხვა შესთავაზა. შემდეგ კი ამერიკელებმა, ევროპელებთან ერთად, ისეთი ჰიპერტროფირებული პედალირება დაიწყეს არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარების აუცილებლობაზე, რომ ამის უკან აშკარად რაღაც უფრო მეტი იკითხებოდა, ვიდრე უბრალოდ საქართველოში დემოკრატიის განვითარების სურვილი.

 

            მინიშნებები „ჩუსტებიანი ბიჭის“ საქციელიდანაც გამოსჭვიოდა. მან, საერთოდ, დიპლომატიისთვის უპრეცედენტო რამ გააკეთა. მისი ელჩად დანიშვნის პროცედურები ჯერ დასრულებული არ იყო და საქართველოს მიწაზე  ფეხიც კი არ ჰქონდა დადგმული, რომ უკვე აშშ-დან გააკეთა სააკაშვილის ხელისუფლების მაკრიტიკებელი განხცადებები. დიპლომატიის კლასიკის მიხედვით, რა თქმა უნდა, მას მაშინვე უარი უნდა თქმოდა ელჩობაზე, მაგრამ, ცხადია, საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა. ბუნებრივია, ნორლანდის საქციელი შემთხვევითი არ იყო - მან ვაშინგტონის განწყობა კარგად იცოდა და, არ არის გამორიცხული, რომ ეს განცხადებები ან შეათანხმა ან, საერთოდ, დავალებით გააკეთა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე კი ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფ ბიძინასთან რიჩარდ ნორლანდმა, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ჩუსტებში მიაჭრა. ნორლანდი ოფიციალურ ხელისუფლებასთან მინიმალური კონტაქტებით შემოიფარგლა, ხოლო იმაზე კი, რომ ის და ბიძინა  ერთმანეთს თითქმის არ შორდებოდნენ, მალე მთელი თბილისი ალაპარაკდა.

 

            ეს ყველაფერი სააკაშვილის ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, ძალზედ არასასიამოვნო გამოდგა, მაგრამ გასაკვირი არ იყო, რადგან პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა წინა ადმინისტრაციის პოლიტიკისგან. ვაშიგტონს აშკარად ეტყობოდა სერიოზული გადაღლა ბუშის და რესპუბლიკელების „მიმწოლი“ აქტიური პოლიტიკისგან და მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, პოსტსაბჭოთა სივრცეში, „დემოკრატიის გამარჯვების“ საზეიმო იდეოლოგიისაგან. რა თქმა უნდა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომით გადატანილი სტრესიც იჩენდა თავს. ობამას საგარეო-პოლიტიკურ განაცხადში ერთ-ერთი მთავარი თემა უკვე რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკა გახლდათ, ხოლო პრიორიტეტების გრძელ ჩამონათვალში საქართველო საერთოდ აღარ ფიგურირებდა. ობამას პოლიტიკის ძირითადი აქცენტი ახლო აღმოსავლეთზე იყო გადატანილი და, ამ თვალსაზრისით, მას რუსეთის ნეიტრალიტეტი და, საუკეთესო შემთხვევაში, ერთგვარი მოკავშირეობაც სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ ობამას ადმინისტრაციამ საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტებიდან, თეთრი სახლის რესპუბლიკელი მესვეურისგან განსხვავებით, პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ მაღალი ინტერესი პრაქტიკულად დემონსტრატიულად ამოაგდო. ობამას ადმინისტრაციის რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის ფორმულირებები განმსჭვალული იყო კეთილგანწყობით და ოპტიმიზმით, ამავე დროს ნახსენები იყო ის, რომ  ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში არსებობს პრინციპული განსხვავებები. ამ კონტექსტში იყო საუბარი საქართველოსა და მის ტერიტორიულ მთლიანობაზე. დიპლომატიურიდან გასაგებ ენაზე რომ გადავთარგმნოთ, ეს ასე ჟღერს : „მოდით დავალაგოთ ჩვენი ურთიერთობა და ვითანამშრომლოთ, საქართველოზე ბოლომდე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ აქედან ჩვენ თქვენ დიდ პრობლემას არ შეგიქმნით“.

 

            ბუნებრივია, აშშ-ს ამ ახალ პოლიტიკაში უკვე აღარ ჯდებოდა სააკაშვილი თავისი პოლიტიკური მემკვიდრეობით და ყველასთვის მობეზრებული არაპროგნოზირებადობით. პუტინის ოცნებაც ხომ მიშას ტესტიკულებით დაკიდება იყო. ყოველ შემთხვევაში, ტესტიკულებით დაკიდებას თუ არა, მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებასაც სიამოვნებით მიიღებდა. ასე რომ, ინტერესები დაემთხვა და, თუ გავითვალისწინებთ იმას, რამხელა დაძაბულობა და გაღიზიანება იყო დაგროვილი საქართველოს მოსახლეობაში ოქტომბრის არჩევნებისთვის ხელისუფლების მიმართ, სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო.

 

            საკითხავი მხოლოდ ის გახლდათ, თუ ვინ შეძლებდა საქართველოში რეალური პოლიტიკური ალტერნატივის როლის შესრულებას. ეს არც თუ იოლი ამოცანა იყო: ნაციონალებმა გულმოდგინედ მოატიტვლეს პოლიტიკური ველი საქართველოში და მიუხედავად მოსახლეობის დიდი ნაწილის აშკარა უკმაყოფილებისა, თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ. ოპოზიცია ან სრულიად მარგინალიზებული იყო ან წარმოადგენილი იყო ფსევდოოპოზიციური პარტიებით, რომლებსაც ფასადის შელამაზების მიზნით თავად ნაციონალები ინახავდენ.

 

            მოგეხსენებათ, ბუნება სიცარიელეს ვერ იტანს და ალტერნატივაც მოიძებნა. ბიძინა ივანიშვილი გამოდგა ის ერთადერთი ფიგურა, რომელსაც თავისი ფინანსური საშუალებებით და საზოგადოებაში მის სახელთან დაკავშირებული იდუმალი შარავანდედით გააჩნდა რეალური შესაძლებლობა, სათავეში ჩადგომოდა ისეთ ოპოზიციურ მოძრაობას, რომელიც ხელისუფლების შეცვლას შეძლებდა. როგორ განვითარდა მოვლენები, კარგად ვიცით. მიმომხილველები ტყუალად არ აღნიშნავდენ, რომ ივანიშვილის ფიგურის ირგვლივ აშკარად იგრძნობოდა კონსენსუსი აშშ-სა (და გარკვეულწილად ევროპას) და რუსეთს შორის. ცხადია, პრაქტიკულად რუსი ოლოგარქის კანდიდატურა, რომელზეც ძლიერი ბერკეტები გააჩნდა პუტინს, ამერიკელებისთვის მთლად სასიამოვნო  ვერ იქნებოდა, მაგრამ სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობდა. ასე რომ, როგორც ჩანს, ბატონ ბიძინას  ვაშინგტონიდანაც და მოსკოვიდანაც მიანიშნეს, რომ პოლიტიკური ჩრდილიდან გამოსვლისა და ძალაუფლების ხელში აღების დროა. თავად ბიძინაც უკვე მომწიფებული იყო ამისთვის. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ წლების მანძილზე მის მიერვე მოსყიდულმა ე.წ. „ინტილიგენციამ“, ანალოგიური თხოვნებით და ხოტბით, რომ იტყვიან, ტვინი გამოულაყა. და, რაც მთავარია, როგორც ამბობენ, სააკაშვილმა და ნაციონალებმა, რომლებმაც არაფერში ზომა-წონა არ იციან, თავიანთი ხარკის მოთხოვნით და შესაბამისი მზარდი ზეწოლით ისე შეაწუხეს ოლიგარქი, რომ დააკარგინეს ესოდენ ნალოლიავები და ძნელად მოპოვებული მშვიდი ცხოვრების სიამოვნება მშობლიურ ჭორვილაში. ბიძინაც ამ მრავალი ფაქტორის ზეწოლის შედეგად, ბოლოს დათანხმდა ამ მისთვის ესოდენ უჩვეულო და არასასიამოვნო ნაბიჯს. თუმცა, სავარაუდოდ, და ამას ბოლოდროინდელი მოვლენები კიდევ უფრო მეტად გვაფიქრებინებს, ერთი მნიშვნელოვანი პირობით: კარგი, რადგან თქვენსას არ იშლით, მე ამას გავაკეთებ, ოღონდ პოლიტიკა ჩემი საქმე არაა, მოდით, მე სააკაშვილს მოგაცილებთ და მერე თავი დამანებეთ, უნდა წავიდეო. ასეთ დროს, ოღონდ მთავარში დაითანხმონ და ყველა პირობას იოლად იღებენ. შეიძლება  ბიძინას ამ დათქმას მაშინ სერიოზულად არც მიაქციეს ყურადღება, მაგრამ მან მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი პირობა საკმაოდ ჭკვიანურად დაისაკუთრა.

 

            აშშ-ს გეგმებში, მიუხედავად პოლიტიკის საკმაოდ მკვეთრი ცვლილებისა, საქართველოს დაკარგვა და რუსებისთვის ჩაბარება სულაც არ შედიოდა და ამიტომ მათ, ახალი პოტენციური ლიდერის პოლიტიკური გამოუცდელობისა და მასზე პუტინის მეტად სახიფათო გავლენის გამო, გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილი მჭიდროდ მოემწყემსათ. შემდგომ მოვლენებში ნათლად იკითხება, რომ სწორედ ამ მთავარი დავალებით მოავლინეს მათ საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. ნორლანდიც გულმოდგინედ შეუდგა ამ დავალების შესრულებას და, როგორც ჩანს, ზედმეტად გულმოდგინედ, რამაც საბოლოო ჯამში ვაშინგტონი მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.

 

            საქმე ის გახლავთ, რომ, თუ რიჩარდ ნორლანდი ივანიშვილის რეზიდენციაში ჩუსტებით შევიდა, თავად ბიძინამ და მისმა თანაგუნდელებმა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პოლიტიკაში  ქალამნებით შეაბიჯეს და თავიანთი დაუფიქრებელი და ოდიოზური ნაბიჯებით უკვე ივანიშვილის საუკეთესო მეგობრის და მრჩევლის რეპუტაციის მქონე ამერიკის ელჩი სულელურ მდგომარეობაში ჩააყენეს.

 

            თავად ბიძინაც ხომ თავისი ჩვეული და გამაოგნებელი პირდაპირობით მაქსიმალურად ხელს უწყობდა ამ სულელური მდგომარეობის კიდევ უფრო გაღრმავებას, როცა ლამის ყოველ საჯარო გამოსვლაში ხაზს უსვამდა მისი და ნორლანდის თბილ და ახლო მეგობრულ ურთიერთობას და იმასაც არ მალავდა, რომ მუდმივად რჩევებს იღებდა ელჩისგან. გამოდიოდა ისე, რომ შეესაბამებოდა ეს სიმართლეს თუ არა, ახალი ხელისუფლების ყოველი მეტნაკლებად ხმაურიანი და, მათ შორის, ოდიოზური ნაბიჯიც, გინდა თუ არა, ძალაუნებურად ივანიშვილთან ერთად აშშ-ს ელჩის სახელსაც უკავშირდებოდა. აქ უკვე ნორლანდსაც გაუჭირდა მანევრირება. აკრეფილი ინერციის და ბიძინაზე კონტროლის დაკარგვის შიშის გამო ის აგრძელებდა პრემიერის მხარდაჭერას და აკადემიური კომენტარებით მისი საეჭვო პოლიტიკური ნაბიჯების ანტურაჟის შელამაზებას, რის შედეგადაც ის კიდევ უფრო მეტად გაებლანდა თავის საკმაოდ უხეიროდ დაწყებულ თამაშში.

 

            დიპლომატია ძალზედ ფაქიზი ხელოვნებაა. ცენტრიდან მიღებული ინსტრუქციების პირდაპირ და მოუქნელმა შესრულებამ ხშირად შეიძლება სავალალო შედეგები მოიტანოს. ნორლანდიც ბიძინასთან დამეგობრების დავალების ზედმეტად გულმოდგინედ შესრულების მძევალი და მსხვერპლი შეიქნა. მართლაც, როგორ გინდა, მაგალითად, მორიგ აშკარად პოლიტიკური სუნის მქონე დაპატიმრებაზე  შენს დედაქალაქს პასუხისმგებლობა აარიდო, როცა, ხატოვნად რომ ვთქვათ, წინა დღეს მთელი თბილისი შენს ჩუსტებში გამოწყობილ ფეხებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის ტერასაზე ხედავს?

 

            სამწუხაროდ, მოგვიანებით სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა და მალევე სერიოზულმა დილემამ იჩინა თავი. აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი და ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტი აბსოლუტურად უუნარო და გაუგებარ წარმონაქმნებს წარმოადგენენ და მათ არც ქვეყნის ნორმალური მართვა შეუძლიათ და არც მის სტრატეგიულ განვითარებაზე გააჩნიათ რაიმე წარმოდგენა. დაგროვილი პრობლემების პიკზე და მოახლოვრებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ქაოტური პრობლემებით გადატვირთულმა ბატონმა ბიძინამ სასწრაფოდ მოახდინა მიღებული პირობის რეალიზაცია და საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ ის არჩევნების მერე, ახალ წლამდე პოლიტიკას დატოვებს. ანუ, 2013 წლის შემოდგომისთვის  გაირკვა, რომ აშშ-ს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ თამაშში პრაქტიკულად სიცარიელეზე აქვს დადებული ფსონი  და უნდა ვივარაუდოთ, რომ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა გეგმით უნდა იმოქმედოს აშშ-მ, ვაშინგტონში ახლა სრული დაბნეულობა სუფევს.

 

            სამაგიეროდ, პუტინმა საქართველოში ვაშინგტონის გაუაზრებელ ნორლანდის „ჩუსტების პოლიტიკას“ ჩვეული ცინიზმით და ოპერატიულობით თავისი თამაში დაუპირისპირა. მოსკოვმა ივანიშვილზე თავისი წილი გავლენის გაცილებით უფრო ეფექტურად გამოყენება შეძლო და  ძალზე მოკლე პერიოდში მოახდენინა მას საქართველოს საგარეო პოლიტიკის თვითკასტრაცია, მნიშვნელოვანწილად დააკარგინა საქართველოს მისი სახე საერთაშორისო არენაზე, ჩაითრია ის გაუგებარ და წამგებიან ორმხრივ დიალოგში და საქართველოს მთავრობის ხელითვე მძიმე დარტყმა მიაყენა თბილისის საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის ფუნდამენტურ ბოძებს - აზერბაიჯანთან და თურქეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და ქვეყნის რუსეთის ორბიტიდან გამომყვან ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ორიენტაციას. გაიხსენეთ ჰესების მშენებლობის შეჩერება, ბუნებრივი აირის შესყიდვის თემის აზერბაიჯანიდან ისევ რუსეთზე გადათამაშება და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტისთვის ძირის გამოთხრა აფხაზეთზე გამავალი რუსეთ-სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელი რკინიგზის გახსნისადმი უპირატესობის მინიჭების ფონზე. სააკაშვილისა და ნაციონალების დისკრედიტების და ე.წ. „სამართლიანობის აღდგენის“ პოლიტიკამ კი მთავარ შედეგად პროდასავლური, ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელოვანი დისკრედიტაცია მოიტანა. პარალელურად, პუტინმა უპრეცედენტოდ გაააქტიურა თავისი ხილული და უხილავი აგენტურა საქართველოში და რეკორდულად მოკლე დროში, მოახდინა რა თავისი მეხუთე კოლონის მობილიზება, ჩამოაყალიბა სწრაფად მზარდი და უხვად დაფინანსებული პრორუსული პოლიტიკური ძალა, რომელიც უკვე მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე სერიოზული ბრძოლის გამართვას აპირებს.

 

            ბარაქ ობამა 2013 წლის შუისთვის პრაქტიკულად რუსეთთან „გადატვირთვის პოლიტიკის“ კრახის წინაშე აღმოჩნდა. ისარგებლა რა ნაჩუქარი პაუზით, ვლადიმერ პუტინმა გააძლიერა თავისი შემტევი პოლიტიკა საერთაშორისო არენაზე და ბოლო დროს მის მიერ მართულმა რუსეთმა მსოფლიოში თავისი პოზიციონირება ცივი ომის დროინდელი საბჭოთა კავშირის სტილში დაიწყო - სნოუდენის ყბადაღებული საქმე ამის ძალზე თვალსაჩინო და სიმპტომატური მაგალითია. ბოლოს კი რუსეთის პრეზიდენტმა თავის ამერიკელ კოლეგას სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ირგვლივ ატეხილ აურზაურში იმისთანა შამათი ჩაუსვა, რომ დღეს ვაშინგტონი ცალსახად დადგა საკუთარი პრესტიჟის აღდგენისა და რუსეთისთვის ადგილის მიჩენის არასასიამოვნო აუცილებლობის წინაშე. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ვაშინგტონის ერთ-ერთი ლოგიკური პასუხი საქართველოს მიმართ აქტიური პოლიტიკის გატარება უნდა გახდეს, მაგრამ, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მოვლენათა არასახარბიელო განვითარებისა და არასწორად შერჩეული პოლიტიკური თამაშის გამო ,ვაშინგტონს საქართველოში წარმოებულ თამაშში პრაქტიკულად ღირებული ბანქო ხელთ აღარ შერჩა.

 

            რას მოიმოქმედებს შექმნილ ვითარებაში „ჩუსტებიანი ბიჭი“? თუ, ღმერთმა დაგვიფაროს, არჩევნებში ბურჯანაძემ გაიმარჯვა, ეს სრული კრახის ტოლფასი იქნება და დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება იმას, თუ რას მოიმოქმედებს. თუნდაც სათევზაოდ უვლია საქართველოს ტბებზე და მდინარეებზე. მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში ის, ალბათ, ერთ წყვილ ჩუსტს მისი რეზიდენციის თაროზე შემოაწყობს. შეეცდება, ასევე, ახლო ურთიერთობა დაამყაროს ჯერ კიდევ იდუმალებით მოცულ მომავალ პრემიერ მინისტრთან - ჩუსტებში თუ ტუფლებში - ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ, ვშიშობ, არჩევნების მერე შექმნილ მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაში მას ეფექტური თამაშის აწყობა ძალზედგაუჭირდება.

 

            რას იზამს პუტინი? თუ ბურჯანაძე გააძვრინა, საქმე ხომ გაკეთებულია. ამ შემთხვევაში ის საქართველოს და მთელს სამხრეთ კავკასიას პოლიტიკურად სულ რამდენიმე თვეში მოუღებს ბოლოს. თუ არა, ის განაგრძობს საქართველოში ქაოსისა და არეულობის პროვოცირებას და პარალელურად საიმედოდ გაუმზადებს ბურჯანაძეს ან სხვა ახალ პრორუსულ ლიდერს ნიადაგს მომავალი საიმედო გამარჯვებისთვის, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის საბოლოოდ გათელვის მიზნით.

 

            რა უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენ? „ჩვენში“ ვგულისხმობ ნორმალურ, საღად მოაზროვნე და პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალულ ადამიანებს. დღეს საქართველოში პატრიოტული და ევროატლანტიკური პოლიტიკური ვექტორი უპრეცედენტოდ დაკნინებულია. მმართველი გუნდი მხოლოდ ფორმალურად მისდევს მას, სინამდვილეში კი პრაქტიკულად საპირისპირო მიმართულებისთვის გვწირავს. ნაციონალური მოძრაობა უიმედოდ დისკრედიტებულია. სიტუაციის ტრაგიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ეს „ჩვენი“ ადამიანები ძალზე მრავალრიცხოვანნი, მაგრამ დაქსაქსულნი და დაბნეულნი არიან და მომავალს გასაგები შიშით შეჰყურებენ. არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ კონსოლიდაციას შეძლებდა, თორემ სიტუაცია უკვე მწიფდება იმისთვის, რომ ამ ხალხმა მიზანმიმართული და გონიერი ქმედებით მიხედოს თავის ქვეყანას. აქ ისევ იმას ვიტყვი, რომ ბუნება სიცარიელეს ვერ იტანს და ახლო მომავალში აუცილებლად აღმოცენდება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს ამ „ჩვენი“ ხალხის კონსოლიდაციას და სამშობლოს ჩიხიდან გამოყვანას. მთავარია, ახლა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მანამდე ქვეყანა ხელიდან არ გამოგვეცალოს. ამისათვის კი აუცილებელია დავირაზმოთ, მივიდეთ არჩევნებზე და არ მივცეთ საშუალება ბურჯანაძეს და მის თანაგუნდელ სამშობლოს მოღალატეებს აწ უკვე სამშვიდობოს პირას მისული საქართველოს დაღუპვის საშუალება! შემდეგ კი სულს მოვითქვამთ და ჩვენს საქმეს მარჯვედ მივხედავთ.

 

            და ბოლოს, ისევ „ჩუსტებიან ბიჭზე“. რა ვურჩიოთ მას? რა და, ბოლობოლო, გაიხადოს ეს ყბადაღებული ჩუსტები, ჩაიცვას ნორმალური ფეხსაცმელი, თასმები მაგრად შეიკრას და, სისულელეების ნაცვლად, საქმეს მიხედოს. საქართველოში არსებული ჯანსაღი ძალები მალე კონსოლიდირდებიან და ნორმალური, მომგებიანი თამაშის კონტურებიც გამოჩნდება.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია