დიადი გარღვევა!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
3-10-2015, 12:58 | პოლიტიკა | ნანახია - 1956

დიადი გარღვევა!

 

ზურა ოდილავაძე

 

,,ორმაგი უნდა ღირდეს ჩემი ნახმარი ზმანიც და ქალიც“

 

– სეზონის შლაგერი (ავტ. ,,ნიუ-გალა“)

 

ივერიელთათვის ჩვევადქცეულ, სამწლიან ნეტარება-ნებივრობის ზეიმს, მეოთხე – გარდამტეხი წამოეწია, რომელმაც მართლაც ღირსეულად გააგრძელა ტრადიცია – მსოფლიოს პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა საქართველოს წარმატებებს საერთაშორისო ასპარეზზე – ,,დიადი გარღვევა“ უწოდა!

 

გილოცავთ მეგობრებო!

 

რაღა თქმა უნდა, აღნიშნული გამარჯვება დიდწილად განაპირობა ,,ეკუბესტიას“ მართლაც ცეცხლოვანმა გამოსვლამ! ინგლისური ლინგვისტიკის ,,ჯადოქარი“ ისე საყვარლად ჩაკირკიტებდა, ,,ნაცების” მიერ შემოცურებულ, ჩინური იეროგლიფებით აჭრელებულ ტექტს, რომ შეუძლებელი იყო გული არ აგჩუყებოდა. იშვიათად, ,,ბრიტი ბესტია“ მაინც ახერხებდა და მომნუსხველ ნიშნებს თვალს წყვეტდა – სიმწრისგან ცრემლმომდგარი, ის აუდიტორიას თითქოს შეჰღაღადებდა,– არ გეგონოთ, რას ვკითხულობ, არ მესმოდესო... გამოსვლის ბოლოსკენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატები, ,,ბესტიას“ საცოდაობით ისე დაძაბუნებულან, რომ ფეხზე ამდგარნი, განუწყვეტელი ტაშისკვრით ,,ქართლის სინდისს“ გულშემატკივრობდნენ – დარბაზში თურმე ისმოდა შეძახილები: მიდი, ეკა, მიდი, ცოტაც დაგრჩა და ბარემ მოახრჩეო!

 

ახლა არ იფიქროთ, ევროპა მხოლოდ გამოსვლის ფორმამ გადარია, მეტად ღრმა გახლდათ სიტყვის ფილოსოფიური შინაარსიც! ქართული პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, შუბლზე ფოლადის ჯავშნით, უგნურ ევროპელებს თავანკარა ინგლისურ ენაზე აუხსნა, თუ რა ხრიკებით შეიძლება გყავდეს ადამიანი წინასწარ პატიმრობაში, თან... სულ რაღაც 2 წლით.

 

დიადი გარღვევის მეორე შემადგენელი გახდა, სტრასბურგში ზვიადისა და მანანას მიერ წარმოდგენილი არამ ხაჩატურიანის საბალეტო კომპოზიცია – ,,ხმლებით ცეკვა“. ქართველი ხალხის რჩეულთა სინანულით აღსავსე ,,პა- დე-დეებმა“ ევროპელების გაქვავებულ-გაყინული გულები სრულიად შეძრა! პედრო არგამუნტის უდროო დაბერებამ და მარაზმში ჩავარდნამ, ისე დაუფუფქა დელეგატებს გულები, რომ ტირილი მთელ სტრასბურგს მოედო და, როგორც ყვებიან, ცრემლის ღვარცოფს ლამის ქალაქის ქუჩები წაულეკავს. აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი პედროს უკმაყოფილება, რომელიც მას ზვიადთან პირად საუბარში გამოუთქვამს: ზვიღო, ბრატ, შენ ახლა იმასთან თავის გამოჩენა გინდოდეს, მე რატომ მწვავო? ხომ იცი, ასაკზე მოწოლა ევროპულად არაკორექტულია, ხოლო შენებურად არაქურდულიო!

 

...მაგრამ ეს არ ყოფილა ქართული ,,დიადი გარღვევის“ უკანასკნელი აკორდი! თქვენ წარმოიდგინეთ, ევროსაბჭოს გაოცებული დელეგატები, როდესაც სტრასბურგის მთავარ მოედანზე, ტანკით ,,T-72“ თვით ივერიის იუსტიციის მინისტრი შემოგრიალდა! კალაშნიკოვის ავტომატითა და ,,ლიმონკების“ თაიგულით ხელდამშვენებული ,,ზოია კოსმოდემიანსკაია“, ევროდელეგატებს გააფთრებით ეკვეთა და უმალ სული ამოხადა... მერე რა რომ სტრასბურგში ისევ ,,დაგვახურეს“ – ,,ზოიაც“ მაგრად დაიკიდეს და რუსული დელეგაციის სტილში ჩატარებულმა სადესანტო ოპერაციამაც უკუშედეგი გამოიღო?.. სამაგიეროდ, ,,არაფორმალური განძიც“ დაამებულია და შიდამოხმარების სულიერებაც კვლავ არნახულად მატულობს!

 

ჰო, ასანთის ქარხანაც აგუგუნების სტადიაშია!.. სტალინის მოხეტიალე ძეგლიც სადაცაა კარზე მოგვიკაკუნებს!

 

ჰე, ბიჭო, საით მიეჭენები, ავოიეეე, დაგველოდე, დრო იხელთე?! ეს რიტორიკული შეძახილი კი იმას მიანიშნებს, რომ სანამ ჩვენ ევროსაბჭოს ასამბლეის პერიპეტიებით გავერთეთ, ,,მოჭიმულმა“, ამჯერად უკვე ,,გაეროს“ ასამბლეაზე, ,,იბერიის ათასწლოვანი ბედნიერების სამეფო“ ააშენა და იქაც გვასახელა! იმაში რომ დღეს საქართველო ბევრად ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ იყო, არც ბატონ ბარაქს ეპარებოდა ეჭვი; აშშ-ს პრეზიდენტს არც ის გაკვირვებია, რომ ქარხნებით დაფარულ ამ ქვეყანაში, სულ რაღაც 90 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა და ასანთის წარმოების წამოწყებას აპირებენ... პატ. ბარაქიც პედრო არგამუნტიზე დარდს წაუღია – ეს რა სვოდკა გახეთქა ამ ,,ზვიგენმაო“ – რა ვაჟკაცი დავკარგეთ, რა მსმელი და თამადაო! ნუთუ, ვეღარ მოვილხენ პედროსთან და ყანწებს ვერ დავატრიალებთო?!

 

P.S.

 

ჰო, არ გამომრჩეს! თბილისიდან სტრასბურგში ,,უშრეტი სიხარულის წყაროს“ დაურეკავს – ეგ ვიღაც პედრო არგამუნტია თუ ალმადოვარი, დაიჭირეთ, თავი გადაპარსეთ, გამურეთ, წითელ გალიაში ჩასვით, კაშკაშა მწვანე ბალახონი ჩამოაცვით და აქ ჩამომითრიეთო... ძლივს დაუშოშმინებიათ – ძლიერმოქმედი პრეპარატებით ჩაძინებულს, ფსიქოთერაპევტი თურმე მთელი ღამე ყურში ჩასჩურჩულებდა,– იმ დასაწვავ სტრასბურგზე თქვენი იურისდიქცია არ ვრცელდება, ცალკე პონტიაო... და მაინც, თურმე უცებ გიჟივით წამოვარდებოდა და ცივი ხმით გაჰკიოდა: ,,გულდაწყვეტილი მიმინოს მზერით ზოია, სტრასბურგში მაგისთვის ვაფრინეო?! ჰაო?!“

 

რას იზამ, კაცი მძიმედ განიცდის იურისდიქციის შეზღუდვებს...

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია