პუტინი სირიაში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
14-10-2015, 23:07 | მსოფლიო | ნანახია - 4824

პუტინი სირიაში

 

გიორგი იმედაშვილი

 

30 სექტემბერს, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სირიაში საჰაერო დარტყმების განხორციელების შესახებ. ათ დღეზე მეტია პუტინის ავიაცია ბომბავს სირიულ ქალაქებს და კასპიის ზღვაზე განლაგებული სამხედრო გემებიდანაც რაკეტებს უშენს „ტერორისტებს“. მოდით, მოკლედ განვიხილოთ კონკრეტულად ვის ბომბავს რუსული ავიაცია და რა ინტერესებს ემსახურება ვლადიმერ პუტინის ახალი ავანტიურა.

 

შევხედოთ რუკას, რათა უფრო ნათლად გავერკვეთ რა ხდება სირიაში. ვარდისფრად შეღებილ ტერიტორიას აკონტროლებს ბაშარ ასადის რეჟიმი, რომელმაც გასულ წელს არაერთი რეგიონი დათმო. მიუხედავად დანაკარგებისა, დიქტატორი ჯერ კიდევ გამაგრებულია დამასკოში და აკონტროლებს ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელ გზებს და მშობლიურ პორტს ლატაკიას, ასევე ტარტუსს, სადაც ათწლეულებია რუსებს მთელს ხმელთაშუა ზღვის სივრცეში ერთადერთი საზღვაო ბაზა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტი აქვთ. ლიბანის საზღვრის გასწვრივ, ასადის რეჟიმის დასახმარებლად, სირიის ტერიტორიაზე შემოსულია შიიტური „ჰეზბოლა“, რომელიც ირანის ხელისუფლების გავლენით მოქმედებს და ალავიტ ასადს უჭერს მხარს, თანაც აგერ უკვე ოთხ წელიწადზე მეტია, ანუ სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ. გარდა ამისა, სამთავრობო ჯარები ახერხებენ უდაბნოზე გამავალი გზების ნაწილის კონტროლსა და რამდენიმე მსხვილი დასახლებული პუნქტის შენარჩუნებას, რომლებიც რუკაზე ვარდისფრად არის შეფერადებული.

 პუტინი სირიაში

ჩრდილოეთში, თურქეთის საზღვართან ქურთებით დასახლებული რეგიონები მდებარეობს და მათი თავდაცვითი რაზმების მიერ კონტროლირებადი მიწები იასამნისფრად არის შეღებილი. ქურთები გააფთრებით ებრძვიან „ისლამურ სახელმწიფოს სირიასა და ერაყში“, დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე გახმაურებულ ტერორისტულ დაჯგუფებას, რომელიც აკონტროლებს მუქ ნაცრისფრად მონიშნულ მიწებს, მათ ხელთაა შედარებით სამხრეთში მდებარე კაცობრიობის ცივილიზაციის უნიკალური ძეგლი პალმირაც (არაბულად თადმური), ხოლო ცნობილია, რომ ე.წ. „სახალიფოს“ დედაქალაქადაც სირიის ტერიტორიაზე არსებული ქალაქი რაკა გამაოცხადეს.

 

ჩრდილო-დასავლეთით ალეპოს მიდმებარე ტერიტორიაზე და იდლიბში, ასევე სირიის უკიდურეს სამხრეთ საზღვარზეც, გამაგრებულია ბაშარ ასადის ოპოზიცია, რომელიც რამდენიმე განსხვავებული სუბიექტისაგან შედგება. მათ შორის მნიშვნელოვანია ალ-კაიდას სირიული „განაყოფი“, „ჯაბჰათ ალ-ნუსრა ლი აჰლი აშ-შამ“ (ე.ი. სირიელი ხალხის დახმარების ფრონტი, გავრცელებულია სახელწოდებით „ნუსრას ფრონტი“). მეორე შედარებით დიდი ძალაა „თავისუფალი სირიის არმია“, რომელსაც ბაშარ ასადის წინააღმდეგ აჯანყებული სირიის არმიის ყოფილი ოფიცრები მეთაურობენ. მთლიანად ოპოზიციის მიერ კონტორლირებადი ტერიტორია ხორცისფრად არის შეღებილი, ხოლო მისი ოდნავ გამუქებული ნაწილი „ნუსრას ფრონტის“ ხელთაა.

 

რასაკვირველია, ბაშარ ასადი დასავლეთისათვის არასასურველი დიქტატორია, რომელიც უკვე მეხუთე წელიწადია საკუთარ ხალხთან სამოქალაქო ომშია ჩამბული და რომელმაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. 2011 წლიდან მოყოლებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუფარავად აცხადებს, რომ ბაშარ ასადმა ხელისუფლება უნდა დატოვოს. „ისლამური სახელმწიფოს“ ჩართვამ კონფლიქტი კიდევ უფრო სასტიკი და სისხლიანი გახადა. ამ ორგანიზაციის შესახებ „ივერიის“ მკითხველი ზედმიწევნით კარგად არის ინფორმირებული. ხოლო, რაც შეეხება „ნუსრას ფრონტს“, ცხადია, რომ ის „ალ-კაიდასთან“ კავშირის გამო დასავლეთის მხრიდან არასურველ ძალადაა აღიარებული. სამაგიეროდ „სეკულარული“ ოპოზიცია და ქურთული ძალები აშშ-სა და მთლიანად დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობენ და როგორც ცნობილია შტატების დაზვერვისგან იღებენ ინფორმაციასა და გარკვეულ დახმარებებს. თავისმხრივ, თურქეთი უჭერს მხარს სეკურალურ ოპოზიციას და „ნუსრას ფრონტსაც“ კი, მაგრამ არ ეხმარება სირიელ ქურთებს, ვინაიდან სირიაში მათი პოზიციების გამყარებამ და დამოუკიდებლობისაკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა, შესაძლოა, თავად თურქეთის საზღვრებს შიგნით ქურთული მოძრაობა წაახალისოს. ირანის ხელისუფლება, როგორც უკვე ვახსენეთ, მხარს უჭერს ბაშარ ასადს და ერაყში შიიტურ ოფიციალურ, ლეგიტიმურ მთავრობას. დიდწილად ეს პოლიტიკური მხარდაჭერა საერთო რელიგიურ სენტიმენტებზეც დგას. „ისლამური სახელმწიფო“ სუნიტური ტერორისტული ორგანიზაციაა, ასეთივეა „ნუსრას ფრონტი“, „ალ-კაიდაც“, ხოლო მეორეს მხრივ, ირანის მიერ მხარდაჭერილი ბაშარ ასადი ალავიტურ უმცირესობას წარმოადგენს, რომელიც თავისმხრივ, უფრო ახლოა ასევე უმცირესობაში მყოფ შიიტებთან, ხოლო სუნიტებთან რელიგიურ-პოლიტიკურ კონფრონტაციაშია.

 

რუსეთის ხელისუფლება, ტრადიციულად, მხარს უჭერს ბაშარ ასადს და მთელი ეს წლები ეხმარებოდა მას ოპოზიციასთან ბრძოლაში. გარდა ამისა, კარგად გვახსოვს, ოთხი წლის წინ, რუსეთის ფედერაციის ელჩი ვიტალი ჩურკინი გაერთიანებულ ერების ორგანზიაციაში შემუშავებულ სამშვიდობო გეგმებთან მიმართებით რუსეთის სახელით ვეტოს უფლებას იყენებდა. ნელ-ნელა ყველასათვის ცხადი გახდა, რომ რუსეთი სირიაში ასადის რეჟიმის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებდა, თუმცა უშუალო ინტერვენციას ბოლო დრომდე ცოტა ადამიანი თუ იწინასწარმეტყველებდა, მით უმეტეს, რომ რუსეთი უკვე არის ჩაფლული უკრაინის კონფლიქტსა და ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რომელსაც ბოლო ჯერ კიდევ არ უჩანს. კრემლის მიერ გაცხადებული ვერსიით, პუტინი ანტიტეტორისტულ ოპერაციას იწყებს, რომლის მიზანიც სირიაში „რეალური პოლიტიკური კომპრიმისისათვის საჭირო პირობების შექმნაა“, რაც მათივე მოსაზრებით, „ლეგიტიმური ხელისუფლების სტაბილიზირებას“ გულისხმობს. ვიცით, რომ კრემლი სირიის ლეგიტიმურ ხელისუფლებად მხოლოდ ასადს მიიჩნევს, რომელიც მისთვის ახლო აღმოსავლეთში, ფაქტობრივად, უკანასკნელ დასაყრდენს წარმოადგენს და ხმელთაშუა ზღვაზე ერთადერთ რუსუსლ სამხედრო ბაზას უთმობს ტერიტორიას.

 

ბოლო წლების მოვლენებიდან გამომდინარე, სირიაში ბაშარ ასადის სეკულარული ოპოზიცია ძალიან დასუსტდა, მაშინ როდესაც „ისლამური სახელმწიფო“ გაძლიერდა თანაც არამხოლოდ აქ, არამედ ერაყშიც. ამ დაჯგუფების მიერ დანერგილმა სისასტიკემ და ვანდალიზმმა ბევრ ადამიანს გაუჩინა იმის განცდა, რომ ბაშარ ასადი ყველასათვის და პირველ რიგში სირიელი ხალხისათვის „უკეთესი“ გამოსავალია ორი ცუდი ვარიანტიდან. აქედან გამომდინარე, საქმეში ჩაუხედავი კაცი იფიქრებს, რომ პუტინის გადაწყვეტილება სწორია, ვინაიდან ის ასადის დასაცავად, პირველ რიგში, სწორედ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ უნდა წავიდეს და დაამარცხოს ის, ამით კი კაცობრიობის წინააღმდეგ უსასტიკესი დანაშაულების ჩამდენი ნაძირლების ბანდაც განადგურდება. თუმცაღა, სამწუხაროდ, ყველაფერი ასე მარტივი არ არის.

 

რუსეთმა დაბომბვები დაიწყო ჰომსისა და ჰამას შემოგარენზე შეტევით. თუკი დავაკვირდებით რუკას, შევამჩნევთ, რომ არც ჰომსი და არც ჰამა „ისლამურ სახელმწიფოს“ არ აქვს დაკავებული, მას „თავისუფალი სირიის არმიის“ წარმომადგენლები აკონტროლებენ, რომლებსაც ამ საჰაერო შეტევებით დიდი ზიანი მიადგათ, განსაკუთრებით დიდი კი მსხვერპლი იყო მშვიდობიან მოსახლეობას შორის. შეტევები პუტინის ავიაციამ განაგრძო ლატაკიის პროვინციის საზღვრებთან, ასევე იდლიბისა და ალეპოს შემოგარენში, სადაც ასევე ოპოზიციონერები არიან გამაგრებულნი. ამას დაემატა ისიც, რომ შეტევაზე გადავიდა „ისლამური სასელმწიფოც“ და ერთ-ერთი ოპოზიციური ძალა. „სირიის შევარდნები“ ფაქტობრივად, ორმხრივი შეტევის მსხვერპლი აღმოჩნდა. ერთი მხრივ რუსული ავია-დარტყმებისა, მეორე მხრივ კი „ისლამური სახელმწიფოს“ სახმელეთო იერიშის. ფაქტობრივად, რუსები ხშირ შემთხვევაში „ისლამური სახელმწიფოს“ საჰაერო ძალებად იქცნენ- ვფიქრობ, ეს სულაც არ არის გასაკვირი.

 

ჯერ კიდევ ივნისში ბაშარ ასადის ავიაცია დაეხმარა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს ოპოზიციასთან დაპირისპირებაში ალეპოს შემოგარენში, იქამდე კი ამ ტერორისტული ორგანიზაციის გაძლიერების გზაზე არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ასადის ძალები უტევდნენ ოპოზიციონერებს და ამით ასუსტებდნენ მათ „ISIS“-თან ბრძოლაში, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელს არასდროს უტვედნენ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიის საზღვრების გახსნით და იქ ადგილობრივების რეკრუტირების საქმეში ისლამისტთა ხელშეწყობით უკვე ეხმარება ამ ორგანიზაციას, ნათელი გახდება, რომ ასადი და პუტინი ცდილობენ გააძლიერონ „ისლამური სახელმწიფო“ და მოასპობინონ მას სხვა, სეკულარული ძალები, რათა დასავლეთს აღარ ჰყავდეს ტერორისტების ალტერნატივა ასადის გარდა და იძულებული იყოს დათმობებზე წავიდეს, რითიც პუტინი საერთაშორისო თანამეგობრობისა და რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშეების თვალში გამარჯვებულად და უპირატეს ძალად წარმოჩინდება.

 

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინს აშკარად ჩაფიქრებული აქვს უკრაინიდან საერთაშორისო ყურადღების გადატანა და საკუთარი თავის, როგორც ტერორისტების სამიზნისა და მათთან მებრძოლის წარმოჩენა, ამით კი, საბოლოოდ, დასავლური სანქციებიდან თავის დაძვრენა. გარდა ამისა, კიდევ უფრო უმყარებს საკუთარ მოსახლეობას იმის განცდას, რომ რუსეთი რეალური ქმედითი ძალაა, რომელიც არ ერიდება სახიფათო ნაბიჯების გადადგმას „ტერორისტების“ წინააღმდეგ, მაშინ როდესაც დასავლეთი ამას ვერ ბედავს. მეორე რუკააზე კარგად ჩანს, რომ რუსეთის ავიაციის შეტევები ძირითადად სწორედ ოპოზიციის წინააღმდეგ არის მიმართული და ჯერჯერობით „ისლამური სახელმწიფოს“ მისამართით ჭურვების მხოლოდ 10% ნაკლები აფეთქდა, ისიც იმიტომ, რომ კასპიის ზღვიდან ნასროლი რაკეტები ზუსტი დამიზნების სისტემის გარეშე მოქმედებს.

 

რუსეთის მანიპულაციები სირიაში ახალი არ არის, ჯერ კიდევ გაზაფხულზე, 22 აპრილს ლავროვმა რუსეთის მთავარ მტრად „ისლამური სახელმწიფო“ გამოაცხადა, რაც აშკარად უცნაური განცხადებაა იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისაგან, რომელსაც ორი ქვეყნის უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, ჩართულია ღია, მიმდინარე კონფლიქტში უკრაინასთან და დაპირისპირებულია ნატო-სთან. ზაფხულის დასაწყისში, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი პროვინციების დაარსების შესახებ გამოაცხადა, მაშინ როდესაც ამ ორგანიზაციას საკმაოდ მძიმე დღეები ჰქონდა და არ ეცალა მესამე სახელმწიფოში ახალი პროვინციების დაარსებისათვის. რასაკვრიველია, ეს რუსეთის დაზვერვის მიერ ორგანიზებული ფაქტი იყო. მთელს მსოფლიოში ჟურნალისტებმა შექმნეს განწყობა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ რუსეთის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს, რამაც პუტინი ვითომდა ტერორისტების სამიზნედ და მათ მტრად, აქედან გამომდინარე ამ საკითხში დასავლეთის პარტნიორად წარმოაჩინა. რუსეთი ინარჩუნებს დიდ გავლენას „ისლამურ სახელმწიფოზე“, ის ხომ სადამ ჰუსეინის სადაზვერვო სამსახურების ყოფილი მუშაკების დაარსებულია. ანუ საბჭოთა დაზვერვის უშუალო კონტროლქვეშ მომუშავე ადამიანების. ამას დამატებული უამრავი ჩრდილოკავკასიელი, რომელთა შორისაც რუსეთს ტრადიციულად ბევრი აგენტი ჰყავს და მათი ერთ-ერთი სარდალი საქართველოს ჯარიდან რუსეთთან კავშირის გამო გაგდებული თარხან ბათირაშვილია. ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში ვწერდი, რომ პუტინი აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებდა.

 

აშკარაა, რომ რუსეთი „ისლამური სახელმწიფოს“ ხელით ანადგურებს სირიის ოპოზიციას, როგორც ერთ დროს სტალინმა გაანადგურა პოლონური არმია ნაცისტური გერმანიის ხელით, ვიდრე პოლონეთს თავად დაიკავებდა. თუმცაღა, ვფიქრობ რუსული გავლენა არ იქნება მუდმივი, თუკი სირიელი ოპოზიციონერები განადგურდებიან, რუსეთი ბაშარ ასადთან ერთად დაუპირისპირდება „ისლამურ სახელმწიფოს“, რომელიც რასაკვრიველია, ისევე მოატრიალებს იარაღს საკუთარი „გამზრდელის“ წინააღდმეგ, როგორც ეს ერთ დროს შამილ ბასაევმა და მისმა ხროვამ გააკეთა. არც ის მგონია, რომ რუსეთმა ადვილად გაანადგუროს სირიელი ოპოზიციონერები, მით უმეტეს რომ მათ ამერიკის დაზვერვა ეხმარება და სავარაუდოდ დროთა განმავლობაში ეს დახმარება გაიზრდება. ჯონ მაკკეინმა უკვე განაცხადა ტელევიზიით, რომ აშშ ვალდებულია ოპოზიციონერები მოამარაგოს თანამედროვე იარაღით, როგორც ეს ერთ დროს ავღანეთში საბჭოთა ინტერვენციის დროს კეთდებოდა. აშკარაა, რომ რუსეთი დროთა განმავლობაში უფრო დასუსტდება, ვინაიდან მისი ეკონომიკა სულს ღაფავს, ნანვთობის ფასი კი არა და არ იზრდება. შესაბამისად, მას უფრო და უფრო გაუჭირდება სირიაში ეფექტური მოქმედებები, მით უმეტეს, რომ მისმა ინტერვენციამ უკვე გაანაწყენა საუდის არაბეთი, თურქეთი და დასავლური სამყარო.

 

კიდევ ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რუსეთი ერთგვარ გლობალურ დაპირისპირებაში ჩაება. სუნიტებსა და შიიტებს შორის მან შიიტების მხარე დაიჭირა, რაც ავტომატურად დაძაბავს სუნიტურ სამყაროსთან მის ურთიერთობას. თავის დროზე თანამედროვე ჯიჰადის პირველი მძლავრი ტალღაც რუსეთის სულელური მოქმედებების გამო აგორდა. ავღანეთში ინტერვენციას ვგულისხმობ, შემდეგ კი ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებს. ცხადია, რომ ეს ინტერვენციაც ჯიჰადის ახალი ტალღის აგორებას შეუწყობს ხელს. ასევე, შეიძლება, დანამდვილებით ითქვას, რომ რუსეთის ჩარევა გაზრდის სირიის კონფლიქტის მსხვერპლთა ისედაც საზარელ ციფრს (250 000 გარდაცვლილი) და ასევე გაამძაფრებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი ლტოლვითლა კრიზისს.

 პუტინი სირიაში

ვფიქრობ აშკარაა, რომ რუსეთმა ძალიან დიდ ხათაბალაში გაჰყო თავი, თანაც საკუთარი სურვილით. პუტინს უკრაინის კონფლიქტი სირიასთან შედარებით ნამდვილ სამოთხედ მოეჩვენება, ვინაიდან აქ ვითარება საკმაოდ კომპლექსურ ანალიზს და ფრთხილ ნაბიჯებს გულისხმობს. აქ ხომ უამრავი სახელმწიფოსა და ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების ინტერესები იკვეთება. თავად კონფლიქტიც ბევრად უფრო სასტიკი და სისხლიანია, ხოლო რუსეთი ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე რამოდენიმე წლის წინ. დიდად სავარაუდოა, რომ პუტინი ავღანეთის მსგავს ხაფანგში აღმოჩნდეს, რომელიც, რასაკვირველია, უფრო ცოტა ხანს გაგრძელდება. საბჭოთა კავშირი დღევანდელ რუსეთზე წარმოუდგენლად ძლიერი იყო და თანაც ავღანეთთან სახმელეთო საზღვარი გააჩნდა. დღეს კი რუსულ გემებს კასპიის ზღვიდან უწევთ სირიის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტების ტყრცნა, რომლებიც განურჩევლად ეცემა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე და უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მათგანი ირანშიც დაეცა. მესამე რუკაზე შეგიძლიათ ნახოთ რაკეტების მარშრუტი.

 

დასავლურ სამყაროს მართებს არ შეეგუოს რუსეთის თავისუფალ მოქმედებებს, მაქსიმალურად შეაიარაღოს სირიის სეკულარული ოპოზიცია და უფრო დაუმძიმოს პუტინს ახლო აღმოსავლეთში ინტერვენციის შედეგები. ვფიქრობ, რუსეთის ხელისუფლება უკრაინასთან კონფლიქტითა და სირიაში ინტერვენციით საკმაოდ სწრაფი ტემპით ითხრის სამარეს, დასავლეთს მართებს სიფრთხილე და სანქციების მაქსიმალური გამკაცრება, ასევე უკრაინისა და სირიის ანტირუსული ძალების შეიარაღება და მაქსიმალურად იმის მიღწევა, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ჯიჰადი არ იქცეს ტოტალურად ანტიქირსტიანულ მოძრაობად. არაბებს უნდა აგრძნობინონ, რომ აშშ და დასავლეთი მათ მხარესაა და არა პუტინის ინტერვენციის მხარეს.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია