”ეკონომიკა იწყება პიროვნებიდან. მითებისა და სტერეოტიპების ტყვეობაში” ციკლიდან მეაკროეკონომიკური მენეჯმენტი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
15-10-2015, 00:00 | ეკონომიკა | ნანახია - 2335

”ეკონომიკა იწყება პიროვნებიდან. მითებისა და სტერეოტიპების ტყვეობაში” ციკლიდან მეაკროეკონომიკური მენეჯმენტი

 

დავით ნებიერიძე

 

საქართველოს თანამედროვე ისტორია იმდენად დაემსგავსა მოჯადოებულ წრეს, რომ მოქალაქეთა უმრავლესობაში ნიჰილიზმსა და სასოწარკვეთილებასაც კი ფართო ასპარეზი მიეცა. ჯერჯერობით არ მოვყვები ამ პრობლემის ეკონომიკური ასპექტების განხილვას და ჩვეულებრივ, ყოფით დონეზე გიპასუხებთ, აქსიომად გადაქცეული ფრაზით: ”თუ გინდა, რომ შენს ირგვლივ რაიმე შეიცვალოს დაიწყე საკუთარი თავით...” პიროვნების ცვლილება კი პირველ რიგში მისი აზროვნების და მენტალობის ცვლილებით იწყება! პირველ რიგში უნდა დავფიქრდეთ: რა გვიშლის ამაში ხელს და რა არის საჭირო ამ ცვლილებისთვის? ალბათ არ არსებობს ამისთვის მზა რეცეპტი და მითუმეტეს პანაცეა. მემგონი ყველაზე მოკლე გზა პიროვნული ცვლილებებისთვის არის გარემოცვისა და პირადი გარემო სამყაროს შეცვლა. პირველ რიგში დამნაშავეთ აღიარეთ საკუთარი თავი და კატეგორიულად მოისპეთ მხსნელის, მესიის მოლოდინი. სულ ცოტა იმას მაინც შეეცადეთ გაცილებით მეტი იურთიერთოდ იმ ადამიანთან (ადამიანებთან), რომელიც მეტ-ნაკლებად წარმატებული ადამიანია და მოახერხა საკუთარი პიროვნების თვითრეალიზაცია. ბანალურად, რომ ვთქვათ - შეცვალეთ ურთიერთობის წრე. დასაწყისისთვის თუნდაც მხოლოდ ურთიერთობის დონეზე, შეეცადეთ გადაინაცვლოთ იმ გარემოში, იმ ხალხის წრეში სადაც ჭარბობს წარმატებული გარემო. მაგრამ, ამ ახალ ურთიერთობებში შეეცადეთ უბრალოდ გააღოთ თქვენი აზროვნების კარები და უპრობლემოდ შემოუშვათ ყველაფერი განსხვავებული, განსაკუთრებით კი ფასეულობები და უნარჩვევები, რომლებიც თქვენში აქამდე არ იყო, ან სადღაც აზროვნების ბნელ კუთხეში იყო მიმალული. გადაიქეცით სუფთა ფურცლად. თუ თქვენ პირველ რიგში აზროვნებით, მენტალობითა და ფასეულობებით არ დაემსგავსებით ამ ახალი წრის წარმომადგენლებს, მაშინ ვერ შძლებთ იქ დამკვიდრებას და ადაპტირებას. შეეგუეთ იმ რეალობას, რომ თუ თქვენ არ ხართ წარმატებული პიროვნება, ესეიგი თქვენი ცოდნა, უნარჩვევები და ფასეულობები არ არის ადექვატური და ეფექტური რეალობასთან მიმართებაში. ანუ, არ ვარგიხართ თქვენ და არა გარემო! თუ გინდათ ცხოვრების შეცვლა, უაპელაციუდ შეეგუეთ ამ რეალობას. ნუ ეცდებით შეცვალოთ ახალი წრის წარმომადგენლები და დაიმსგავსოთ ისინი მინიმალურად მაინც. პირიქით, თქვენ დაემსგავსეთ მათ!

 

სამწუხაროდ, ჩვენი თაობა მაინც საბჭოთა კავშირის შვილები ვართ და ის უნარჩვევები და ფასეულობები, რომლითაც მაშინ ვცხოვრობდით ბაცილასავით არის ჩაბუდებული ჩვენს მენტალობაში და შესაფერისი გარემოს შექმნის შემთხვევაში მთლიანად შეგვჭამს. ამ ბაცილასთან, კი ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო. თქვენ ყოველ დღე უნდა ებრძოდეთ თქვენსავე თავს, იმ ძველ საბჭოთა პიროვნებას საკუთარ სხეულში, რომელსაც ”ჰომოსოვეტიკუსს” ვეძახით. ეს ”საბჭოთა” ბაცილა სამწუხაროდ შიდსის ვირუსივითაა - არ ინკურნება საბოლოოდ, მაგრამ სავსებით შესაძლებელია მასთან წარმატებით ბრძოლა და სრულფასოვანი ცხოვრება. მკაფიოდ უნდა გავიაზროთ, რომ საბჭოთა სამყარო აბსოლუტურად განსხვავებული სივრცე იყო, რომელიც აღარ არსებობს და აღარ იარსებებს. ეს წარუმატებელი ექსპერიმენტი, რომელიც თაობებს ჩაუტარეს არის ყველა ჩვენთაგანის სისუსტის წყარო. სისუტის წყარო იმ ახალ გარემოში, რომელშიც საბჭოთა კავშირის დანგრევისა და გაქრობის შემდეგ აღმოვჩნდით. რომელშიც აქამდე ცხოვრობდა და ცხოვრობს მთელი ცივილიზებული სამყარო. საბჭოთა კავშირი დაინგრა, გაქრა და ”რაც გინახავს ვეღარ ნახავო...” ნათქვამია. მადლობა ღმერთს, რომ ვეღარ ვნახავთ. არა მგონია ამ სტატიას კითხულობდეს ის ადამიანი, რომელსაც საბჭოთა კავშირი ენატრება. პირველ რიგში კი იმიტომ ენატრება, რომ მას არ სურს შეცვლა. მას სურს დარჩეს ისეთივე როგორიც იყო და ჯადოსნური ჯოხის მეშვეობით ყველა დანარჩენი დაგვაბრუნოს საბჭოთა კავშირში. მხოლოდ ჯადოსნური ჯოხის წყალობით, რადგან მასაც კი ესმის, რომ სოციალიზმისა და კომუნიზმის ცალკე აღებულ ქვეყანაში მშენებლობაც კი წარუმატელი აღმოჩნდა. ხოლო, ცალკე აღებულ ბინაში მითუმეტეს შეუძლებელია. მესმის, რომ ყველას ენატრება თავისი ახალგაზრდობა, მაგრამ საბჭოთა კავშირის მონატრება ეს მენტალური სიმახინჯეა. ამიტომ, აღარ გავაგრძელებ მასზე აუგის თქმას. ვთვლი, რომ ეს აქსიომაა, რომელიც ისტორიამ დაამტკიცა. წინააღმდეგ შემთხვევაში საბჭოტა კავშირი არ დაინგრეოდა და არ გაქრებოდა როგორც ცუდი სიზმარი.

 

ძალიან მკაფიოდ უნდა გავიაზროთ, თუ რითი შევხვდით ცივილიზებულ სამყაროში მოხვედრას და რა რეალობის წინაშე დავდექით. ფაქტიურად ჩვენ ვგავდით ახალშობილ ბავშვს, რომელიც შიშველი მოევლინა ამ ქვეყანას. შიშვლები იმიტომ, რომ აბსოლუტურად არ ვიყავით შემოსილნი იმ უნარჩვევებითა და იმ ფასეულობებით, რომლებიც ადაპტირებული და ეფექტურები არიან ამ ჩვენთვის ახალი გარემოსთვის. იმათაც კი ვისაც გარკვეული მატერიალური აქტივები ჰქონდა დაგროვილი ამ ფუნდამენტალური ცვლილებების წინ, წარმოდგენა არ ქონდათ როგორ უნდა გამოეყენებინათ ისინი და მითუმეტეს ეფექტურად. ზუსტად ამ ნეგატიურმა მოცემულობამ განაპირობა ის, რომ ერთ დროს მთასავით მძლავრად მდგარი ოჯახები აბსოლუტურად გაკოტრდნენ და მწირი შეძლების მქონენი კიდევ უფრო სავალალო ვითარებაში აღმოჩნდნენ. ანუ, უალტერნატივოდ უნდა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ ეს ახალი გარემო კი არ იყო უვარგისი, არამედ ჩვენ, საზოგადოება აღმოვჩნდით უვარგისნი რათა წარმატებით გაგვევლო ადაპტაციის პერიოდი. საბოლოო ჯამში მეტ-ნაკლებ წარმატებას მიაღწია იმან, ვინც მოკლე დროში შესძლო გარდაქმნა და ახალი რეალობისთვის აუცილებელი უნარჩვევები და ფასეულობები შეიძინა მოკლე დროში. თუმცა განმარტება - მოკლე დროში ძალიან პირობითია. რადგან იმ ეპოქის ყოველ პიროვნებას ყოველდღიური ბრძოლა მართებს დღემდე, რომ არ დამარცხდეს საბჭოთა მენტალობის ბაცილასთან ბრძოლაში. თორემ, ნებისმიერი წარმატების მიღწევის მიუხედავად უკუპროცესები მის ცხოვრებაში გარდაუვალია.

 

უზარმაზარი ქარხნები, ფაბრიკები და საწარმოო გაერთიანებები დაინგრა, გავერანდა და ჯართად გაიზიდა უცხოეთში. იმიტომ ბატონებო, რომ შეუძლებელი იყო ”წითელ” დირექტორს წარმატებით განევითარებინა წარმოება, რომლის პროდუქციაზე ფაქტიურად არ არსებობდა მოთხოვნა. ან ეს მოთხოვნა იმდენად მცირე იყო, რომ წარმოება ვერ უძლებდა კონკურენტულ გარემოს და მუშაობდა რენტაბელობის დონის ქვემოთ... ანუ, ზარალზე. გარდა ამისა გასათვალისწინებელია ამ ”წითელ” დირექტორებში პიროვნული და პროფესიული უნარჩვევებიც. რომელებიც ჩამოყალიბდა საბჭოთა ეპოქაში და ადაპტირებული იყო იმ მოთხოვნების მიმართ, რომლებიც გაქრა საბჭოთა კავშირის დანგრევისთანავე. მახინჯი გეგმური ეკონომიკა აღარ არსებობდა და გამოშვებული პროდუქციის ხარისხს გადამწყვეტი როლი მიენიჭა. ხოლო, დაბალი ტექნოლოგიური დონის გამო წარმოებული პროდუქციის რენტაბელობის მაჩვენებელი ვერ უზრუნველყოფდა კვლავწარმოების პროცესს და ზოგადად წარმოების გადარჩენას. ამიტომ, შექმნილმა ვითარებამ ”წითელ” დირექტორებს უბიძგა ერთად-ერთი ოპტიმალური გადაწყვეტილებისკენ - ლიკვიდაციისკენ. მაგრამ, ისევ და ისევ არასათანადო კვალიფიკაციისა და უნარჩვევების გამო მათ უბრალოდ ჯართად გაყიდეს უზარმაზარი წარმოებები და მიღებული მინიმალური შემოსავლებიც კი არაეფექტურად განკარგეს. უმრავლესობამ ”ღრეობა შავი ჭირის დროს” მოაწყო და ბანალურად ”დაამღერა” ის უკანასკნელი აქტივიც კი, რომელიც ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში ახალი ცხოვრების გარანტიად უნდა ქცეულიყო.

 

დროთა განმავლობაში მეწარმემ მაინც აუღო ალღო ახალ რეალობას და ძალიან დაბალი ტემპებით ეკონომიკამ მაინც დაიწყო გამოცოცხლება. ხაზი მინდა გაუსვა ძალიან დაბალ ტემპებს, რამე თუ ეკონომიკის განვითარება სათანადო ჯანსაღი გარემოს არ არსებობის პირობებში შეუძლებელია. აი აქ კი მივადექით იმ მთავარ თემას, რომელსაც ქვია სახელმწიფოს მონაწილეობა წარმატებული ეკონომიკის შექმნაში.

 

პირველ რიგში ძალიან მინდა, რომ ყოველა მკითხველმა მაქსიმალური სიცხადით გაიაზროს, თუ რას წარმოადგენს ეკონომიკა. ეკონომიკა არის ბიზნესისა და სახელმწიფოს სინთეზის პროდუქტი. თუ სახელმწიფო წარმოუდგენელია ბიზნესისა და ზოგადად წარმოების გარეშე, მინდა გითხრათ, რომ ბიზნესს შეუძლია იარსებოს სახელმწიფოს გარეშე. შეუძლია იარსებოს ცუდი და წარუმატებელი სახელმწიფოს პირობებშიც. მართალია ცალკე თემაა რამდენად წარმატებული და ეფექტური იქნება ასეთი ბიზნესი. მაგრამ, ის მაინც იარსებებს. ხოლო, სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ უზრუნველყოს ბიზნესის წარმატებული განვითარება.

 

ზუსტად აი აქ, ამ პოსტულატის გაგებაში და ბიზნესისთვის წარმატებული გარემოს შექმნის ინსტრუმენტებით ეფექტურად ოპერირებაში მდგომარეობს წარმატებული ეკონომიკის მქონე, წარმატებული ქვეყნის არსებობის საიდუმლოება. რომელიც აგერ უკვე 25 წელია ვერაფრით ვერ ამოგვიხსნია.

 

როდესაც სპეციალისტები ან დილეტანტები ვფიქრობთ წარმატებულ ეკონომიკაზე, პირველ რიგში მკაცრად უნდა გავმიჯნოთ მისი შემადგენელი ნაწილების - სახელმწიფოსი და ბიზნესის ფუნქციები - უფლებები და ვალდებულებები. აპრიორი მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ამ ფუნქციების სწორედ გამიჯვნა და მათი განუხრელი, უმკაცრესი დაცვა განაპირობებს ეკონომიკის წარმატებულობას. ანუ, სახელმწიფო არ უნდა იჭრებოდეს ბიზნესის ფუნქციებში და პირიქით. თუ თქვენში უკვე არსებობს მზაობა მიიღოთ ეს მცნება როგორც აქსიომა, მაშინ გაგრძელებას აქვს აზრი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯობია შეწყვიტოთ ამ სტატიის კითხვა.

 

ბიზნესი ვალდებულია იმუშაოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, გადაიხადოს დადგენილი გადასახადები და მკაცრად დაემორჩილოს სახელმწიფოს მიერ დადგენილ ”თამაშის წესებს”. ხოლო, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ბიზნესის განვითარებისთვის მაქსიმალურად ოპტიმალური გარემო, რომლის მთავარი პირობა იქნება შეუვალი და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა და ყოველგვარი შეფერხებების გარეშე იმ სახელმწიფო პროდუქტების მიწოდება რომელიც დადგენილია ”თამაშის წესების” მიხედვით. უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფო არ ქმნის ქარხნებს, ფაბრიკებს და სავაჭრო ობიექტებს. ეს არ შედის მის ფუნქციებში. მაგრამ, სახელმწიფოს მთავარი ფუნქციაა შექმნას გარემო, მაქსიმალურად ოპტიმალური და წარმატებული სივრცე ბიზნესის განუხრელი განვითარებისთვის. ანუ, ნებისმიერი სახელმწიფო მენეჯერი და განსაკუთრებით ის მენეჯერთა კორპუსი, რომელიც ვალდებულია განახორციელოს მაკროეკონომიკური ანალიზი და მაკროეკონომიკური მენეჯმენტი, ვალდებულია იაზროვნოს სივრცით მოცემულობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი საქმიანობა იქნება ბრძოლა შედეგებთან და არა პრობლემების წყაროებთან. მთავარია ხელისუფლება წავიდეს ”გარემოთა კონცეფციის” გზით. შევთანხმდეთ, რომ ბიზნესი ვითარდება მხოლოდ ამისთვის აუცილებელი გარემოს არსებობის პირობებში. პრობლემებიც ფუნდამენტალურად მარცხდება მხოლოდ სათანადო გარემოთა შექმნის შემთხვევაში სადაც მომსპარია ამ პრობლემების წარმოქმნის წყარო. პრობლემების მხოლოდ შედეგებთან ბრძოლა არაეფექტურია და არ გვიცავს რეციდივისგან.

 

”გარემოთა კონცეფციის” ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და მარტივი მაგალითია კორუფციასთან ბრძოლის პრაქტიკა, რომელმაც აბსოლუტურად ძირგამომპალი ქართული რეალობა გადააქცია მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ სივრცედ:

 

კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის საიდუმლო ეფექტურ სამართალდამცავ ორგანოებში კი არა, არამედ სწორი და ეფექტური ადმინისტრირებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების ეფექტური მუშაობის სიბრტყეში დევს. სამართალდამცავი ორგანოები მხოლოდ დასჯისა და გარდაუვალი პასუხისმგებლობის დადგომის ინსტრუმენტი უნდა იყოს.

 

ნებისმიერი მოქალაქე შეუფერხებლად და დადგენილ ვადებში უნდა იღებდეს ნებისმიერ სახელმწიფო მომსახურეობის პროდუქტს, მაქსიმალურად გამარტივებული წესით. აღნიშნულის ეფექტურად მიღწევა კი შესაძლებელია რეგულაციების მაქსიმალურად შემცირებისა და ოპტიმიზაციის გზით. მაგალითად:

 

შევარდნაძის ეპოქაში ნებისმიერ მოქალაქეს, რომ მიეღო ბანალური, ნებისმიერი დანიშნულების ცნობა, უნდა მიეტანა სათანადო ორგანოში (პირობითად) ცხრა ცნობა. თითოეული ამ ცნობის მისაღებად მას უნდა გადაეხადა ქრთამი. საბოლოო მეათე ცნობაში კი მას უნდა გადაეხადა ყველაზე დიდი ოდენობის ქრთამი. ასევე, დიდი მადლობა უნდა განეცხადებინა ყოველი მექრთამისათვის და დაედასტურებიმა მათი არსებობის აუცილებლობა. რამდენი ასეთი მექრთამეც არ უნდა დაგვეჭირა, პრობლემა ვერ მოგვარდებოდა. რადგან ამით არ იცვლებოდა ის გარემო რომელშიც იბადებოდა კორუფცია. სააკაშვილის მთავრობა, კახა ბენდუქიძის ფუნდამენტალური რეფორმების შედეგად წავიდა ოპტიმალური და ეფექტური გზით: მთავრობამ ფუნდამენტალურად შეცვალა გარემო. რომელიც აპრიორი გამორიცხავდა ქრთამის აუცილებლობას. სახელმწიფომ ინსტიტუციურ დონეზე მოახდინა სისტემის ოპტიმიზაცია და მოქალაქეს აღარანაირი დამატებითი ცნობის მოტანა აღარ სჭირდებოდა სახელმწიფო მომსახურეობის ნებისმიერი პროდუქტის მისაღებად. ანუ ათი ცნობის ნაცვლად, საჭირო დარჩა მხოლოდ ერთი ცნობა. იუსტიციის სახლების შექმნის ეფექტი იყო ფანტასიური. ერთი ხმლის მოქნევით, ერთი ეფექტური გადაწყვეტილებით დაიკარგა ცხრა ცნობის აუცილებლობა და შესაბამისად მოისპო კორუფციის წყაროების 9/10-ი. რაღათქმა უნდა თეორიულად არსებობს იმის შანსი, რომ იმ 1/10-შიც ჩაიბუდოს კორუფციის ბაცილამ. მაგრამ, სათანადო ორგანოებისთვის იმდენად შემცირებულია კორუფციული სივრცე, რომ მაღალი ალბათობით ეფექტურად შეიძლება მის წინააღმდეგ ძალიას გამოყენება.

 

ამიტომ, შეამჩნევთ თუ არა, რომ მთავრობა ცდილობს დამატებითი მოთხოვნების ან რეგულაციების შემოღებას, მათზე გარდაუვალი აუცილებლობის გარეშე, ე.ი. ეს მთავრობა ცალსახად ახდენს კორუფციისთვის აუცილებელი სივრცის გაზრდას და ამ სიმახინჯის კულტივირებას. თან მიზანმიმართულად. რადგან ზუსტად ამ გზით სჭირდება ძალაულების განტკიცება.

 

ერთიც მინდა დავამატო: ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმები იბადებიან და ყვავიან მხოლოდ კორუმპირებულ სივრცეში. სადაც კორუფციის გამო განუზომლად იზრდება ”საჭირო ხალხის” რიცხვი და იბადება მხსენელის, ანუ პრობლემების მომგვარებელი მესიის აუცილებლობა. მხოლოდ კორუმპირებულ გარემოში იბადება მონური მენტალიტეტი და იბადებიან დიქტატორები.

 

მემგონი ამ მაგალითით ნათელი გახდა, რომ პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელია სივრცითი აზროვნება მენეჯმენტში და ”გარემოთა კონცეფციის” გამოყენება, განსაკუთრებით მაკროეკონომიკაში! რადგან ანტიკორუფციული გარემო წარმატებული მაკროეკონომიკური გარემოს მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

როდესაც საზოგადოებაში და თუნდაც სპეციალისტების გარემოში მიდის კამათი და დისკუსია, თუ რა მექანიზმებით და მეთოდებით უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ ქვეყნის ეკონომკას განვითარებაში, ჩვენ მივდივართ ეკონომიკის სტიმულირების მცნებასთან. სწორედ ამ მცნების გაგების სისწორეზეა დამოკიდებული წარმატებული წინსვლა.

 

პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის უკვე დღევანდელ საქართველოშიც ეკონომიკის სტიმულირება გავს პროცესს, როდესაც ბუნებრივ გარემოში ხდება, მაგალითად ვეფხვის, როგორც სტიმულირების ობიექტის დამატებითი ულუფებით გამოკვება, მის გასაძლიერებლად. ანუ, მისი გაძლიერება ხელოვნური ჩარევით. აქ მნიშვნელობა არა აქვს დოზებს. მთავარია, რომ ვეფხვის განვითარებისთვის თქვენ შეცდომით ახდენთ მის დამატებით გამოკვებას. და ფიქრობთ, რომ ამ გზით აძლიერებთ მას, როგორც ინდივიდს. მაგრამ, რა ხდება ამ შემთხვევაში: ვეფხვი თანდათანობით კარგავს ნადირობის უნარჩვევებს და საბოლოო ჯამში მთლიანად დამოკიდებული ხდება თქვენზე. ასეთი ინდივიდის ველურ, კონკურენტუნარიან გარემოში გაშვება გარდაუვლად გამოიწვევს მის დაღუპვას. ხოლო, ცივილიზებულ სამყაროში სტიმულირების მცნების გაგება არის შემდეგნაირი: სადც ხდება ვეფხვის ნადირობის უნარჩვევების სტიმულირება და განვითარება. შედეგად ჩვენ ვიღებთ ინდივიდს, რომელიც დამოუკიდებლად და სხვაზე უკეთესად ახერხებს საკუთარი თავის გამოკვებას და გადაიქცევა ყველაზე მძლავ არსებათ ველურ, ბუნებრივ გარემოში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკის სწორი სტიმულირების ინსტრუმენტები და პრინციპები. სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი მთავრობა ჩინებული მაგალითია ამ პრობლემის წარმოსაჩენად.

 

ხშირად სპეციალისტები კამათობენ ეკონომიკური განვითარების რა მოდელს მისცენ უპირატესობა და იწყება სიტყვებისა და მცნებების რახა-რუხი: ლიბერალური ეკონომიკა, ლიბერტანიული ხედვები, გეგმური ეკონომკა, მტკიცე ხელი და ა.შ. ყველაფერი ეს სიბრიყვეა, თუ არ მოხდა მოცემულობის რეალური და მაქსიმალურად ღრმა შესწავლა. არ არსებობს მზა რეცეპტები და იდენტური მოცემულობები. ზემოქმედების ინსტრუმენტების შერჩევის გზა ყოველთვის ემყარება ცდებისა და მოსინჯვების მეთოდს. რომელშიც იბადება კონკრეტული მოცემულობით განპირობებული პრობლემებისა და ამოცანების გადაჭრის ეფექტური ინსტრუმენტები. ანუ ამ ინსტრუმენტების სწორი და ოპტიმალური შერჩევა. ოღონდ, აპრიორი უნდა არსებობდეს სწორი ხედვები, რომლებიც ემყარება ისტორიულ გამოცდილებას და პროფილურ ცოდნას. ასევე, უნდა შევთანხმდეთ, რომ არ არსებობს ეფექტური შუალედური ვარიანტები. როგორც მინიმუმ ეს დროის დაკარგვის იდეალური ვარიანტია. აი ამიტომ არის საჭირო, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ რომელ მოდელს ირჩევს ქვეყანა: დასავლურ მოდელს, თუ პოსტსაბჭოურს? რომლის ნათელი გამოხატულებაა რუსეთი და ”რუსული სამყარო”. ეს სახელები მხოლოდ პირობითია და გამოხატავს ურთიერთობათა მოდელს, რომელზეც ეწყობა როგორც სოციალური ისე ეკონომიკური ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ მოდელს აქვს თავსი პლიუსები და მინისები. კარგი მენეჯერის ფასი კი იმაშია, რომ სწორედ შეაფასოს პლიუსებისა და მინუსების ერთობლიობა და ბალანსი. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებულ სამყაროს ჩვენ აღვიქვავთ ევროკავშირისა და აშშ-ის სახით, მინდა გითხრათ, რომ ფრანგულ ეკონომიკას აქვს ფრანგული თავისებურებანი. ბელგიურ ეკონომიკას - ბელგიური თავისებურებები. ამიტომ, მხოლოდ დემაგოგებს შეუძლიათ თქვან, რომ ჩვენ არ გვინდა არც დასავლეთი და არც რუსეთი. ჩვენ გვინდა ქართულიო. ბატონებო, როგორი წარმატებული ან წარუმატებელი ეკონომიკაც არ უნდა შევქმნათ, მას აუცილებლად ექნება ქართული თავისებურებები. იმიტომ, რომ ეს ეკონომიკა საქართველოს მოქალაქეთა შემოქმედების შედეგი იქნება. მაგრამ, ის ფასეულობები და ის თამაშის წესები რომლებსაც ეს ეკონომიკა დაეფუძნება, უნდა იყოს ოპტიმალური, წარმატებული და უნივერსალური მთელი ცივილიზებული სამყაროსთვისაც. რუსებმა როგორც არ უნდა იწვალონ, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის, მაღალტექნოლოგიური პროდუქტის შექმნაზე, საბოლოო ჯამში მაინც გამოუვათ ავტომატი ”კალაშნიკოვი”. იმიტომ, რომ ეს საზოგადოება, მათი ფასეულობები და ურთიერთობათა წესები სხვა უკეთესს ვერაფერს შექმნის. ერთმა ”რუსეთუმემ” მაინც მითხრას რა აცვია მას რუსული წარმოების? არაფერი? რატომ? იმიტომ, რომ არ ვარგა. არ ვარგა იმიტომ, რომ იმ ურთიერთობათა და იმ ფასეულობათა სისტემას, რომელზეც დგას ”რუსული სამყარო” ვერასოდეს ვერ შექმნის ისეთ პროდუქტს, რომელსაც თქვენც კი ”რუსეთუმებო” ანაცვალებთ თქვენთვის ზიზღის აღმძვრელ დასავლურ პროდუქტს.

 

საწყისი მოცემულობა, რომელიც არსებობს ეკონომიკაში და ზოგადად ბიზნესში არის საკუთრების უფლება. ანუ, გასამიჯნია - საკუთრებაზე ვრცელდება სახელმწიფოს უფლებები, თუ კერძო. როგორც უკვე გვაჩვენა ისტორიულმა გამოცდილებამ, კერძო საკუთრებაზე ეფექტური მოცემულობა წარმატებული ეკონომიკის განვითარებისთვის არ არსებობს. თუ წარმოების საშუალება არ ეკუთვნის კონკრეტულ პირს და ის არის საზოგადო, მაშინ ასეთი საკუთრება ფაქტიურად არავისია და მისი გამოყენების, განკარგვის ეფექტურობა თითქმის ნოლის ტოლია. თუ ვთანხმდებით ამ დასკნაზე, მაშინ ნუღარავის გაუჩნდება სურვილი იყოს სახელმწიფო ქარხნები, სახელმწიფო პორტები და მრავალი სხვა. რამე, თუ მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი უაღრესად დაბალია. ამას მე არ ვამტკიცებ. ეს ისტორიამ დაამტკიცა!

 

მოდით დავუბრუნდეთ სახელმწიფოს ფუნქციებს ეკონომიკის წარმატებით განვითარების საქმეში. ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც უშვებს ნებისმიერი დონის სახელმწიფო მოხელე არის ის განცდა, როდესაც მას ჰგონია, რომ მან უკეთესად იცის რა უნდა ბიზნესმენს და ზოგადად ბიზნესს, ვიდრე ამ უკანასკნელმა. ერთადერთი რაც თქვენ, სახელმწიფო მოხელეებმა უკეთ უნდა იცოდეთ, ეს არის ის გარემო რაც უკეთესი და ოპტიმალურია ბიზნესისთვის. საუკეთესოდ უნდა იცოდეთ ამ გარემოს არსებობისთვის საჭირო წესები და მათი პირუთვნელი და უკომპრომისო დაცვა. წარმატებული ეკონომიკის შექმნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის სტიმულირებას სახელმწიფოს მხრიდან. ისევ და ისევ, ამ მოცემულობაში უმთავრესია გაიმიჯნოს სახელმწიფოსა და ბიზნესის ფუნქციები. რამე თუ დაუშვებელია მათი აღრევა.

 

მაშ როგორ უნდა მოახდინოს სახელმწიფომ ეკონომიკის სტიმულირება ბიზნესში ჩაურევლად? ანუ, ფუნქციების აღრევის გარეშე. ერთადერთი რეალური, გრძელვადიანი და ეფექტური ინსტრუმენტი, ეკონომიკის სტიმულირებისთვის არის სახელმწიფო შესყიდვები. მაგრამ, ეს იმდენად დიდი თემაა, რომ მასზე სტატიების ცალკე ციკლია მისაძღვნელი. ყველა დანარჩენი ინსტრუმენტი, რომლითაც სახელმწიფო შეიძლება ჩაერიოს ბიზნესში ეფექტურია მხოლოდ ძალიან მოკლე პერიოდში და მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციებში. მაგალითად: 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს აშშ-ის მთავრობამ გამოისყიდა ავტომობილების მწარმოებელი ფირმების აქციათა ლომის წილი. რის შედეგადაც ამ დარგში მიმართა უზარმაზარი საბიუჯეტო სახსრები და გადაარჩინა ის სრულ განადგურებას. მაგრამ, სახელმწიფოს არ აუღია თავის თავზე კომპანიების მართვა და მათ ოპეატიულ საქმიანობაში ჩარევა. სამაგიეროდ, სიტუაციის გამოსწორებისთანავე, სახელმწიფომ მის საკუთრებაში დროებით მოხვედრილი აქტივები, აქციების სახით კერძო სტრუქტურებსა და კერძო პირებს მიყიდა. ხოლო ეკომომიკური ვითარების დასტაბილურების შედეგად ამ აქტივებზე მოთხოვნისა და ფასის გაზრდის ფაქტის გამო, უზარმაზარი მოგებაც კი ნახა სახელმწიფო ბიუჯეტმა. ანუ, დროებითი და ეფექტური ფორსმაჟორული ჩარევა მომგებიანი აღმოჩნდა როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ბიზნესისთვის. ხაზს ვუსვავ - მოკლევადიანი, ეფექტური, ფორსმაჟორული პირობებით გამოწვეული ჩარევა!

 

ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ სახელმწიფოს ფუნქციებია სათანადო, წარმატებული გარემოს შექმნა ეკონომიკის განვითარებისთვის და არა ბიზნესში ჩარევა, ფორსმაჟორული სიტუაციების გარდა. ანუ, ეფექტური სახელმწიფო მენეჯერისთვის ეკონომიკის სტიმულირების მცნებას სხვა შინაარსი აქვს. ხოლო, ”რაიკომის მდივნებისთვის” - სხვა. სწორედ ”რაიკომის მდივნებად” გვევლინებიან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წევრები. რომლებიც აბსოლუტურად საბჭოთა ხედვებითა და ინსტრუმენტებით ცდილობენ მაკროეკონომიკური მენეჯმენტის განხორციელებას. ჩვენი მთავრობა ხომ ამგვარი მაგალითების უშრეტი წყაროა. ზუსტად ამიტომ, მათი მმართველობის მეოთხე წელს ჩვენ გვაქვს ფუნდამენტალური პრობლემები როგორც ეკონომიკაში, ასევე ზოგადად საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სეგმენტში. იმიტომ, რომ ისინი არაადექვატური მაკროეკონომიკური ინსტრუმენტებით ცდილობენ მართონ ის ვითარება, რომელიც აღარ ექვემდებარება მათ მცდელობებს.

 

არასწორი მაკროეკონომიკური ხედვებისა და მართვის თვალსაჩინო მაგალითია ყბადაღებული სუფსიდირების თემაც. რა დარგი და ეკონომიკის რა სეგმენტიც არ უნდა იყოს, თუნდაც დაარქვით მას ეროვნული და თვითმყოფადობის გამომხატველი, თუ ეს სეგმენტი ვერ უზრუნველყოფს საკუთარი თავის თვითმყოფადობას და ვერ აჩენს მასზე სწორ მოთხოვნას, ის აუცილებლად გაქრება, მიუხედავად სუფსიდიების მოცულობისა და სიხშირისა. ანუ, სუფსიდირება არის ფორსმაჟორული მენეჯმენტის ინსტრუმენტი. და მისი გრძელვადიანი გამოყენება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია.

 

ეხლა შევეცადოთ თვალი გაუსწოროთ იმ რეალობას, რაც მივიღეთ ყურძნის თუ მეღვინეების სისტემატიური სუფსიდირებით. რა გვერდითი და დამღუპველი შედეგები გამოიღო ამ მოქმედებამ:

 

როგორც უკვე ყველამ ვიცით, სახელმწიფომ წელს მოახდინა უშუალოდ ყურძნის სუფსიდირება. ანუ, დამატებით ფულს უხდიდნენ ყველა მევენახეს, რომელიც ჩამბარებელ ლოჯისტიკურ ცენტრში აბარებდა მის მიერ მოყვანილ მოსავალს. დავიწყოთ იქიდან, რომ ყველა ღვინის ქარხანას აქვს საკუთარი, უზარმაზარი მოცულობის ვენახის ფართობები. შესაბამისად ყველა ღვინის ქარხანამ პირველ რიგში დაიწყო საკუთარი ყურძნის დაბინავება. ღვინის ქარხნების მფლობელებმა საკუთარ წარმოებულ ყურძენშიც მიიღო სახელმწიფოსგან დადგენილი სუფსიდირების თანხა. ზუსტად ამიტომ ღვინის ქარხნებთან იყო გამწარებული გლეხების უზარმაზარი რიგები, ყურძნის ჩასაბარებლად. რომლებსაც მრავალდღიანი რიგების გამო, ჩაბარების მომენტისათვის უფუჭდებოდათ ყურძნის სასაქონლე სახე და შემსყიდველი მაქსიმალურად ცდილობდა გადაეხადა დაბალი ფასი გლეხისთვის. ამ უკანასკნელისთვის კი ალტერნატივაც არ არსებობდა. რადგან, ის არ იყო დაზღვეული, სხვა ქარხანაში წასვლისას კიდევ რამოდენიმე დღე, რომ არ მოუხდებოდა რიგში დგომა და კიდევ უფრო არ გაუფუჭდებოდა ყურძენი. ანუ, ბრძოლა მეღვინეებსა და გლეხებს შორის იყო არათანასწორი და მიდიოდა სუფსიდიის თანხის მოსაპოვებლად.

 

გაცილებით უფრო დიდი სიმახინჯე ხდებოდა სუბსიდიებისთვის ბრძოლის მეორე ეტაპზე: სანამ გლეხები ერთმანეთს ხოცავდნენ ყურძნის ჩასაბარებელ მრავალ დღიან რიგში, მეღვინეებმა ჩაიბარეს საკუთარი ყურძენი და მიიღეს სუფსიდია. მაგრამ, ახლა ეს ჩაბარებული ყურძენი წაიღეს და ჩააბარეს მეზობელ ღვინის ქარხანას. რათა ერთსა და იმავე ყურძენში განმეორებით მიეღოთ დამატებითი სუფსიდია. ამ დროს პატიოსანი გლეხი ისევ იტანჯება რიგში. შემდეგ ამ მეორე ქარხანამ იგივე ყურძენი წაიღო და ჩააბარა მესამე ქარხანას. ამ დროს გლეხი ისევ იტანჯება რიგში. მეღვინეებმა კი ერთსა და იმავე ყურძენში მესამედ აიღეს სუფსიდია. ეს ”კარუსელი” კი გრძელდებოდა და გრძელდებოდა. ხოლო, გლეხის ყურძნის ჩაბარება დაიწყო მაშინ, როდესაც სუფსიდიების ლომის წილი უკვე ”გაძიძგნილი” ჰქონდათ ღვინის ქარხნების მესაკუთრეებს. მათ შორის ალბათ იმ ქარხნებსაც, რომლებსაც სახელმწიფო ქარხნები ან სახელმწიფოს მიერ ნაქირავები ქარხნები ქვია.

 

უბედურება და სიმახინჯე ამით არ დამთავრებულა. ჩაბარებების ”კარუსელის” შედეგად ხელისუფლებამ მიიღო სტატისტიკური მონაცემები, რომ საქართველოში წელს არნახული ყურძნის მოსავალი მოვიწიეთ და არნახული ყურძენი დავაბინავეთ გადასამუშავებლად. ის დროა სოფლის მეურნეობის მინისტრს ლენინის ორდენი ვაკმაროთ. ხოლო, პრემიერ მინისტრს - სოციალისტური შრომის გმირის წოდება და ოქროს ვარსკვლავი. რამეს ხომ არ გაგონებთ ეს რეალობა?

 

არც სტატისტიკის გაყალბებით და საბიუჯეტო თანხების ”გაძიძგვნით” მთავრდება ეს ისტორია. ღვინის ქარხნები, რომლებმაც მხოლოდ ქაღალდზე ჩაიბარეს ყურძნის არნახული მოცულობა, დადგნენ სერიოზული დილემის წინაშე: რეალური, შედარებით მცირე მოცულობის ყურძნიდან უნდა მიიღონ ფურცელზე დაფიქსირებული ყურძნის არნახული მოცულობის შესაბამისი ღვინო. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაუდდგებათ ფინანსური ანგარიშგების პრობლემა. მათ შორის საგადასახადო კუთხით. მემგონი არახალია ის მეთოდი, რომლითაც მცირე მოცულობის ყურძნით მიიღება დიდი რაოდენობის ღვინო?! წყალი და მისი ჯანი! ეს კი ნიშნავს, რომ ამ ქარხნების მიერ წარმოებული საბოლოო პროდუქტი იქნება აბსოლუტურად უხარისხო და ფალსიფიცირებული. შესაბამისად დადგება რეალიზაციის პრობლემა. განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზრებზე და განსაკუთრებით ევროპულ ბაზარზე. იქნებ ზუსტად ამგვარი გარემოებების ბრალია, სახელმწიფო, რომ ბაზრების დივერსიფიკაციის მოტივით ისევ რუსეთისკენ მიგვათრევს?! რუსეთის გარდა ასეთი ფალსიფიცირებული ღვინო, ხომ არსად გაიყიდება.

 

რა სამწუხაროა, რომ ამგვარი მაქინაციების კონკრეტული ფაქტები, დოკუმენტალური საბუთებით არა გვაქვს, რომ სათანადო ორგანოებისთვის მიგვეწოდებინა. მაგრამ, ძირითადად მაინც მთავრობაა დასასჯელი, მისი უგუნური პოლიტიკის გამო.

 

ზემოთ მოყვანილი, ეკონომიკის მახინჯი, არასწორი სტიმულირების ნათელი მაგალითია რთველის სუფსიდირება. რომელმაც უკმაყოფილო დატოვა გლეხი და ფაქტიურად მთლიანად დაანგრია ღვინის წარმოების სეგმენტი და განუზომელ ზარალს მიაყენებს ჩვენს საგარეო ვაჭრობას. რომელზეც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ლარის სტაბილურობა და ეკონომიკის ჯანსაღი განვითარება. ზუსტად ამიტომაა აუცილებელი სივრცითი აზროვნება და ”გარემოთა კონცეფცია”, მაკროეკონომიკურ მენეჯმენტში. რომ, დაცული იყოს სახელმწიფოს ბიზნესთან ურთიერთობის მთავარი პრინციპი: ”არ ავნო!”

 

ახლა კი მინდა ჩავუღრმავდეთ ეკონომიკის სტიმულირების სწორ ხედვებს და ზოგადად ეკონომიკური სტიმულირების საკითხებს:

 

წარმოების ჯაჭვში, რაც უფრო მაღალ საფეხურზე ხდება სტიმულირების ინსტრუმენტების გამოყენება, მით უფრო იაფი უჯდება ეს ბიუჯეტს (სახელმწიფოს, ანუ ჩვენ, თითოეულ გადასახადის გადამხდელს). მით უფრო ნაკლებად ხდება ბიზნესში ხელოვნური ჩარევა და მით უფრო მაღალია ეფექტი. ამას ქვია ოპტიმიზაციის ამოცანების სწორად გადაჭრა. სამწუხაროდ ამ სიტყვის მნიშვნელობა საერთოდ გაუგებარია დღევანდელი მთავრობისთვის. ზუსტად ამიტომ არ შეინიშნება რეალური ოპტიმიზაციის არანაირი ნიშნები მის მოქმედებაში და ეფექტური მაკროეკონომიკური მენეჯმენტი შეცვლილია სრულიად სამარცხვინო ”ქამრების შემოჭერის” პოლიტიკით. ერთი სიტყვით ”რაიკომის მდივნები” გვყავს ხელისუფლებაში, ბატონებო!

 

პირველხარისხოვანი მაკროეკონომიკური ამოცანაა გავაჩინოთ მოთხოვნა და არა მიწოდება. მოკლედ უარყოფითი მაგალითების უშრეტი წყარია ჩვენი ხელისუფლება. რად ღირს თუნდაც სოფლის მეურნეობის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამა. რომელიც არაერთხელ მითქვამს, გადაიქცა საქართველოს სოფლის მეურნეობის ”ბოსტანიზაციის” პროგრამად. ეკონომიკის სტიმულირების ამ მეთოდშიც, ფუნდამენტალური შეცდომა იყო იმ ფაქტში, რომ მთავრობის მოქმედებები მიმართული იყო სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების პროდუქტების მოცულობის გაზრდაზე. ანუ, მიწოდების სტიმულირებაზე. რომელსაც არ დაახვედრეს ადექვატური მოთხოვნა. რის შედეგადაც ისედაც დაბალი ტექნოლოგიური დონისა და შესაბამისად უკიდურესად დაბალი რენტაბელობის მქონე სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების პროდუქტები ვეღარ საღდებოდა. და მისი, ეროვნული წარმოების წილი სამომხმარებლო ბაზარზე კიდევ უფრო შემცირდა, დაბალი კონკურენტუნარიანობისა და დაბალი რენტაბელიბის დონის გამო. ეს პროცესი, კი კიდევ უფრო დაამძიმა მოქალაქეთა საერთო გაღარიბების პროცესებმა და მოსახლეობის შემცირებულმა მსყიდველობითი უნარის დონემ.

 

ანუ, ხელისუფლებამ დაუშვა ფატალური შეცდომა ამ პროგრამის განხორციელების პროცესში. მან ფინანსებისა და ყურადღების ლომის წილი მიმართა მიწოდების სტიმულირებაზე და არა მოთხოვნის სტიმულირებაზე. გაცილებით უფრო ნაკლები ფინანსური სახსრების დახარჯვა იქნებოდა საჭირო, თუ სახელმწიფო მიმართავდა თავის მოქმედებებს გადამამუშავებელი წარმოების სტიმულირებისა და განვითარებისკენ. გადამამუშავებელი წარმოება თავად გააჩენდა და გაზრდიდა მოთხოვნას სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების პროდუქტებზე. შესაბამისად, ფერმერი და გლეხი, თვითონ ან მცირედი დახმარების ხარჯზე შეძლებდა საკუთარი წარმოების განვითარებას და სოფლის მეურნეობის წამოწევას. როცა გარანტირებულად ექნებოდა გასაღების ბაზარი.

 

თუ სტიმულირების მიზნებისათვის ჩვენ კიდევ ერთი საფეხურით ავიწევთ ზემოთ სამეურნეო ციკლში და მოვახდენთ საერთაშორისო ბაზრების მაქსიმალურ და ოპტიმალურ დივერსიფიკაციას. მაშინ, სტიმულირების ამ კომპონენტზე დაგვეხარჯება კიდევ უფრო ნაკლები საბიუჯეტო სახსრები და ეფექტი იქნება გაცილებით მაღალი. რამეთუ გარანტირებული ბაზრების პირობებში, გადამამუშავებელი წარმოებაც და ფერმერული მეურნეობებიც ავტონომიურ რეჟიმში განვითარდებიან. და ძალიან მცირე ჩარევა იქნება საჭირო სახელმწიფოს მხრიდან, რათა მიღწეულ იქნას სათანადო კონდიცია!

 

საუბარი, რომ არ გაგვიგრძელდეს, მინდა გითხრათ: სახელმწიფოს ნებისმიერი ჩარევა ბიზნესის ფუნქციებში ძირითადად არის სოციალური და პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი. ხოლო, თუ ერევი, პირველ რიგში უნდა დაიცვა ოქროს წესი - ”არ ავნო!”

 

ყველაფერი ზემოთ მოთხრობილი არის ზოგადი ნაწილი იმ სათქმელისა, რითიც მინდა დაგანახოთ მაკროეკონომიკური მენეჯმენტის სწორი მიმართულებები. რაღათქმა უნდა, ერთი სტატია ვერ დაიტევს ასეთი მოცულობის მასალებს. მაგრამ, შევეცდები ამ თემაზე დაწერილ სტატიებს მივცე ციკლების სახე და უფრო სიღრმისეულად ჩაგახედოთ მაკროეკონომიკური მენეჯმენტის საკითხებში.

 

ამ სტატიით პირველ რიგში მინდოდა წარმომედგინა თუ რაოდენ დიდია ზიანი, სახელმწიფოს მიერ ბიზნესში ხელოვნური ჩარევის მცდელობისგან. ნუ ჩაერევით ბიზნესში თუ გინდათ, რომ არ ავნოთ! გარდა ფორსმაჟორული სიტუაციებისა. სახელმწიფო ხომ მხოლოდ შემადგენელი ნაწილია ეკონომიკის. ნურავინ ეცდება სახელმწიფოს შეუთავსოს ბიზნესის ფუნქცია, მიუხედავად ჩარევის ზომისა და ხარისხისა. სახელმწიფოს მოქმედება უნდა მთავრდებოდეს მხოლოდ ბიზნესისთვის ოპტიმალურად კარგი განვითარების გარემოს შექმნაზე და ბიზნესისთვის დადგენილი ოპტიმალური და ეფექტური ”თამაშის წესების” უკომპრომისო დაცვაზე. ხოლო, ეს ”თამაშის წესები” თავის მხრივ მთლიანად უნდა ეფუძნებოდეს ჯანსაღი და პირუთვნელი კონკურენციის პრინციპების დაცვას.

 

ბიზნესის წარმატებით განვითარებისთვის აუცილებელი გარემო, როგორც ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი, თავის მხრივ უზარმაზარი თემაა. რომელიც თავის თავში მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სეგმენტს. დაწყებული განათლებიდან და დამთავრებული მიუკერძოებელი სასამართლოებით.

 

ერთი კი ახლავე მინდა გითხრათ, რომ მაკროეკონომიკა იწყება მაკროეკონომიკური ხედვებით. და ამ ხედვების სისწორეზე, მათ ადექვატურობაზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური წარმატება! ვისწავლოთ სწორი მაკროეკონომიკური ხედვების მქონე მენეჯერების შერჩევა და აღარ გვეყოლებიან ხადურები და მეჭიაურები, ნარმანიები და ბოდოკიები. იმიტომ, რომ აღარ იარსებებს მათი არსებობისთვის აუცილებელი გარემო. დინოზავრები იმიტომ კი არ გადაშენდნენ, რომ წარმოიშვნენ ძუძუმწოვრები და მათ მოსპეს კონკურენტები. არამედ იმიტომ, რომ მოისპო დინოზავრებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გარემო და შეიქმნა ძუძუმწოვრების არსებობისთვის აუცილებელი გარემო. ეს კი შემოქმედის ამოცანაა. შემოქმედებად ეკონომიკაში, კი გვევლინებიან მაკროეკონომიკის მენეჯერები, მაღალი კვალიფიკაციის და სწორი, ადექვატური ხედვების!

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია