საპარლამენტო არჩევნების რეზიუმე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-10-2015, 19:59 | მსოფლიო | ნანახია - 2190

საპარლამენტო არჩევნების რეზიუმე

 

გუგა ჯულუხიძე

 

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვან კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: “როგორი იქნება პოლონეთის პოლიტიკური კურსი მომდევნო 4 წლის განმავლობაში?"

 

როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს საპარლამენტო არჩევნები, რადიკალურ და განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. პოლონეთი არც/ვერც პრო-რუსული გახდება, არც სტრატეგიულ პარტნიორებთან გაიფუჭებს ურთიერთობას და არც რომელიმე პოლიტიკოსის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება დღის წესრიგში (ყოველ შემთხვევაში, ამაზე არავინ საუბრობს გარდა იმპულსური კორვინ მიკკესა, რომლელიც ელექტორატის საკმაოდ შეზღუდული მხარდაჭერით სარგებლობს).

 

ლამის ტრადიციად ქცეული მშვიდი წინასაარჩევნო კამპანია რაციონალურ დაპირებათა ჭიდილს უფრო ჰგავდა, ვიდრე "სასიკვდილო რბოლას", სადაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს კომპრომატებითა და ბრალდებებით ეჯიბრებიან. გარდა ამისა, წინასაარჩევნო მარათონი არც გრანდიოზული დანახარჯებით გამოირჩეოდა. ამ და სხვა მრავალი ობიექტური მიზეზის გამო, რთულად თუ იგრძნობთ ვარშავის, კრაკოვის, ვროცუავის, პოზნანის, გდანსკისა და სხვა მრავალი ქალაქის ქუჩებში წინასაარჩევნო ატმოსფეროს.

 

ასეთი "ჰარმონიული" გარემოს მიუხედავად, პოლონეთის უმთავრეს პრობლემად ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა რჩება. უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით (IBRiS dla Onetu 21.10.2015), გამოკითხულთა მხოლოდ 49% ადასტურებს, რომ არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას; 26% დანამდვილებით აცხადებს, რომ არჩევნებზე არ მივა; 5% სავარაუდოდ - კი; 16% სავარაუდოდ - არა.

 

და მაინც, რა არის 2015 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა: რამდენად მოახერხებს მმართველი გუნდი (Platforma Obywatelska - "სამოქალაქო პლატფრომა") ხელისუფლებაში დარჩენას?

 

PO-ს დაახლოებით 10-წლიანი მმართველობა პოლონეთისათვის საკმაოდ ნაყოფიერი და კონკრეტული შედეგების მომტანი აღმოჩნდა: ეკონომიკური ზრდის კუთხით, ყველაზე დინამიურად მზარდი ეკონომიკა ევროკავშირში (მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი); აქტიური რეგიონალური მოთამაშე; რამოდენიმეჯერ გაზრდილი თავდაცვის ბიუჯეტი დ ახალი სამხედრო დოქტრინა (რომლის მიხედვითაც, 2020 წლამდე $42 მილიარდი დაიხარჯება ლეტალური იარაღის შესაძენად და შეიარაღებული ჯარების ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად); "ნაციონალური სტრატეგიული განვითარების გეგმა 2020", რომელიც ინფრასტრუქტურისა და ეფექტური მმართველობის €83-მილიარდიან ინვესტიციას ითვალისწინებ.

 

საკმაოდ მასშტაბური და წარმატებული რეფორმების მიუხედავად, უკნასკნელი 2 წლის განმავლობაში, "სამოქალაქო პლატფორმის" რეიტინგი კატასტროფულად ეცემა. პოპულარობის ინდექსის ვარდნას ვერც პარტიისა და ყოფილი პრემიერის დონალდ ტუსკის აღზევებამ შეუშალა ხელი, რომელიც გასული წლის ოქტომბერში ევროპული საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს.

 

ბევრი პოლიტიკური ანალიტიკოსის აზრით, PO-სადმი ნდობის ვარდა რამდენიმე ობიექტური მიზეზითაა განპირობებული: აუდიო ჩანაწერების სკანდალი (ივნისი 2014), პასიური პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში, ზედმეტი ლოიალურობა ბერლინისადმი და უბრალოდ, აღნიშნული პოლიტიკური პარტიით დაღლა.

დავუბრუნდები ისევ 21 ოქტომბრის სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც:

 

- მმართველ გუნდს (Platforma Obywatelska) გამოკითხულთა 23% უჭერს მხარს;

 

- მთავარ ოპოზიციურ ძალას (Prawo i Sprawiedliwość - "კანონი და სამართლიანობა") – 37%;

 

- "გაერთიანებულ მემარცხენეებს" (Zjednoczona Lewica) – 8,9%;

 

- "თანამედროვე" (Nowoczesna R. Petru) – 6,4%;

 

- როკ-მუსიკოს პავეუ კუკიზის პარტიას – 5,9%;

 

- "პოლონეთის სახალხო პარტიას" (Polskie Stronnictwo Ludowe) – 5,1%;

 

- ევროპარლამენტარ კორვინ მიკკეს (Korwin) – 4,1%

 

ამრიგად, 1989 წლის პირველი დემოკრატიული არჩევნების შემდეგ, კიდევ ერთხელ ჩნდება იმის რეალური შესაძლებლობა, რომ პოლონეთის საკანონმდებლო ორგანო ასეთი მრავალპარტიული გახდეს - ერთბაშად 7 პოლიტიკურ ძალას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის მაისში, მმართველმა გუნდმა უკვე წააგო არჩევნები, როდესაც მოქმედმა პრეზიდენტმა ბრონისუავ კომოროვსკიმ "კანონი და სამართლიანობის" კანდიდატ ანდჟეი დუდას ვერ აჯობა და მეორე ტურში 2-პროცენტიანი სხვაობით დამარცხდა. თავისმხრივ, ამ გამარჯვებამ კიდევ უფრო გააძლიერა იაროსუავ კაჩინსკის პარტია, ხოლო საპირისპორი რამ მოხდა მმართველ გუნდში, რომელიც მისმა ერთ-ერთმა სახემ, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის არქიტექტორმა, რადოსუავ შიკორსკიმ დატოვა (მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე ყოფილ წევრთან ერთად).

 

რაც შეეხება უშუალოდ წინასაარჩევნო დაპირებებს, PO ძლიერ ეკონომიკასა და ხელფასების მატებაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო PiS - გაცილებით უფრო აქტიურ საგარეო პოლიტკაზე, უკრაინასა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე (განსაკუთრებით, სამხედრო სფეროში), იმ მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც სესხი შვეიცარიულ ფრანკში გამოიტანეს, აღნიშნული ვალუტის გამყარებამდე (შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა 2015 წლის იანვარში მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფრანკი აღარ იყოს ევროზე მიბმული, რამაც კურსი მნიშვნელოვნად გააძვირა, შესაბამისად, გაძვირდა ფრანკში აღებული იპოთეკური კრედიტებიც), აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყებასა და საგარეო ვალის შემცირება.

 

ერთი სიტყვით, წინასაარჩევნო კამპანიის აქტიური ფაზა სატელევიზიო დებატებით დასრულდა და არჩევნებამდე 24 საათით ადრე ე.წ. "დუმილის დღე" გამოცხადდა ... PiS ზეიმისთვის ემზადება, ხოლო PO საპარლამენტო კოალიციაზე დებს მთელ ფსონს.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია