პოლიტიკა და პოლიტიკოსები, როგორც მაკროეკონომიკური წარმატების ფუნდამენტალური ფაქტორი. ციკლიდან - მაკროეკონომიკური მენეჯმენტი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-10-2015, 23:37 | ეკონომიკა | ნანახია - 1471

პოლიტიკა და პოლიტიკოსები,  როგორც მაკროეკონომიკური წარმატების ფუნდამენტალური ფაქტორი. ციკლიდან - მაკროეკონომიკური მენეჯმენტი

 

დავით ნებიერიძე

 

სტატიათა ამ ციკლში კვლავ და კვლა მინდა გამოვყო მთავარი პოსტულატი, რომელიც გაგიადვილებთ ეკონომიკური რეალობის ადექვატურად აღქმას: ეკონომიკა ეს არის სახელმწიფოსა და ბიზნესის ტანდემი! ეკონომიკა არის ყველა იმ სოციალური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების გვირგვინი და საბოლოო პროდუქტი, რომლებიც მიმდინარეობს ნებისმიერ ქვეყანაში. თუ ქვეყანაში მიმდინარეობს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები, მაშინ ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა. თუ ქვეყანაში ბიზნესი ჯანსაღია, მაშინ ჩვენ მივიღებთ ჯანსაღ და წარმატებულ ეკონომიკას. ამიტომ, მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ბიზნესი და სახელმწიფო არიან ეკონომიკის მთვარი შემადგენელი ნაწილები, მოთავსებულები გეოპოლიტიკურ სივრცეში.

 

მოცემულობა რომელშიც ეკონომიკა უაღრესად სავალალო მდგომარეობაშია, აიძულებს სახელმწიფოს თავის თავზე აიღოს ინიციატივა და ბიზნესს შეუქმნას წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელი გარემო. ანუ, დაამკვიდროს ქვეყანაში წარმატებული განვითარების ტრენდი, განცდა. სულ მინიმუმ იმის რწმენა, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატების მიღწევა! რომ, ჩვენ გვძალუძს ყველაფერი! ამ მიზნის მისაღწევად კი ფუნდამენტურ მნიშვნელობას იძენს ხელისუფლების პოლიტიკური მოღვაწეობა. მემგონი არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ პოლიტიკას ქმნიან პოლიტიკოსები. ამიტომ, პოლიტიკოსების სიბრძნეზე, მათ ფასეულობებზე და აქედან გამომდინარე მათ სწორ და ადექვატურ ხედვებზეა დამოკიდებული წარმატების მიღწევა.

 

სამწუხაროდ, დღევანდელი მოცემულობით ზუსტად ხელისუფლების პოლიტიკურ ხედვებში და მათ ფასეულობებში გვაქვს ფუნდამენტალური პრობლემები. რაც არ გვიტოვებს იმის შანსს, რომ გადავტეხოთ დამკვიდრებული წარუმატებლობის ტრენდი და სტიმული მივცეთ ეკონომიკის განვითარებას.

 

ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვან ზრდას მიაღწია. დღემდე საკამათოა, თუ როგორი იყო ამ ეკონომიკის ხარისხი. მაგრამ, უპრეცენდენტო ზრდის ფაქტს ვერავინ უარყოფს.

პოლიტიკა და პოლიტიკოსები,  როგორც მაკროეკონომიკური წარმატების ფუნდამენტალური ფაქტორი. ციკლიდან - მაკროეკონომიკური მენეჯმენტი

 

რათქმაუნდა, პოზიტიური განცდები ცარიელ ადგილზე არ წარმოიქმნება. მაგრამ, ცალსახად მინდა გითხრათ: ქართული ეკონომიკის კრახი და ჩამოშლა დაიწყო ზუსტად იმ დღეს, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება გადაიყვანა სამოქალაქო დაპირისპირების, „სამოქალაქო ცივი ომის“ რეჟიმში. ეკონომიკა უაღრესად სენსიტიური თემაა და თავისი ხასიათით ჭირვეულ ქალბატონს ჰგავს. თუ მას ხელისგულზე არ ატარებ და ბედნიერების განცდას არ უქმნი ის ყველაზე ლამაზ და საამაყო არსებიდან ანჩხლ და ჭირვეულ გველეშაპად გადაიქცევა!

 

ბატონმა ნიკა რურუამ თავის ერთ-ერთ გამოსვლაში უაღრესად ზუსტად გამოხატა პოსტსააკაშვილისეული საქართველოს ფუნდამენტალური პრობლემის შინაარსი: „საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის პრობლემა კოჰაბიტაციაში კი არა, არამედ მის უმწვავეს დეფიციტშიაო!“ დიახ ბატონებო, შეუძლებელია წარმატებული და ფორსირებული წინსვლა თუ საზოგადოებაში არ არის ერთობა. ზუსტად ასეთი, სამოქალაქო და პოლიტიკური დაპირისპირების რეალობის შექმნა იყო ახალი ხელისუფლების ფატალური შეცდომა, რომელმაც საფუძველი დაუდო ღრმა ეკონომიკურ კრიზისს და მისი ჩამოშლის დაწყებას.

 

მინდა გაგახსენოთ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პირველი ნაბიჯი საერთაშორისო სარბიელზე. როდესაც თავისი პირდაპირი მმართველობის საწყის ეტაპზევე გაიქცა დავოსის საერთაშორისო ფორუმზე და მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას ამცნო, რომ ახალი საქართველო „ფეიკიაო“! ყველაფერი ის რამაც ახალი საქართველო ცივილიზბული სამყაროს ყურადღების ცენტრში მოაქცია და ხელი შეუწყო ქვეყანაში უპრეცენდენტო ინვესტიციების შემოსვლას და ეკონომიკის სტიმულირებას, ბლეფი და თვალებში ნაცრის შეყრააო. თამამად მინდა გითხრათ, რომ ეს საქციელი ნამდვილი და უაპელაციო დივერსიული აქტი იყო ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე. დღეს კი ხელისუფლება ებრძვის რუსთავი2-ს, იმ მოტივით, რომ ეს უკანასკნელი თურმე წარუმატებლობის ტრენდს ნერგავს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზეო. სინამდვილეში, კი ასეთი ტრაგიკული რეალობის მთავარი შემოქმედი თავად ბიძინა ივანიშვილია. ზუსტად ამ მოცემულობიდან გამომდინარე პოლიტიკიდან მინდა გადავიდე პოლიტიკოსებზე, როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და მდგრადობის სუბიექტებზე.

 

სახელმწიფო მმართველობა ეს არის ხელისუფლება და მის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო ინსტიტუტები. ანუ, მთავრობა ხელისუფლებას განავრცობს სახელმწიფო ინსტიტუტების მეშვეობით. ამ ბანალურ ფაქტზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ დღევანდელ რეალობაში ხელისუფლება და მისი განვრცობის ინსტრუმენტები აბსოლუტურად ამოვარდნილია დემოკრატიული ქვეყნის მართვის სტანდარტებიდან. ამის მთავარი მიზზი კი არის ქვეყნის სათავეში მყოფი ხელისუფლების, პოლიტიკოსების ფასეულობათა სისტემა და მათი უნარჩვევები. რომლებიც აბსოლუტურად არაადექვატურია და არ არის ადაპტირებული ცივილიზებული, დემოკრატიული მართველობის ფორმასთან. რაც საბოლოო ჯამში წინააღმდეგობაში მოდის არსებული ეკონომიკის სააფუძვლებთან.

 

თუ ამ თემას განვავრცობთ, მაშინ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულნი და ყოველგვარი პოლიტკონიუნქტურის გარეშე შევხედოთ რეალობას. დღეს საქართველოში ხელისუფლების წყარო ხალხი კი არა, პირადად ბიძინა ივანიშვილია! ამიტომ, მთავრობა ანგარიშვალდებულია მის წინაშე და არა საკუთარ თანამოქალაქეთა წინაშე. ანუ, სახეზე გვაქვს ტიპიური „რუსული სამყაროსთვის“ შესაფერისი მმართველობის სისტემა, ოღონდ კიდევ უფრო დამძიმებული იმ გარემოებით, რომ ჩვენი „პუტინი“ გასულია პოლიტიკური პასუხისმგებლობის სივრციდან და საკუთარ ხელისუფლებას განავრცობს არა სახელმწიფო ინსტიტუტების მეშვეობით, არამედ მისი ერთგული პიროვნებების გზით. მმართველობის ამგვარ პირინციპებზე აგებული სახელმწიფო, მიუხედავად მისი ხარისხისა (ასეთი სახელმწიფო არ შეიძლება იყოს წარმატებული) არსებობს ზუსტად იმ მომენტამდე, სანამ არსებობს ეს ლიდერი - ჰეგემონი, მეფე, დიქტატორი. ამიტომ, რა წუთშიც ის აღარ იარსებებს, როგორც ძალაუფლების წყარო, მაშინვე ჩამოიშლება თვით სახელმწიფო. ამიტომ, უნდა მოვემზადოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ მოგვიწევს ქართული სახელმწიფოს შენების თავიდან დაწყება! ნუ გეგონებათ, რომ მე რამეს ვამეტებ და ტრაგიზმით ვძაბავ რეალობას. ეს ისტორიით დამტკიცვებული ფაქტია. რადგან მმართველობის ამგვარი ტიპი, თავისი მოღვაწეობის შედეგად პირველ რიგში აკნინებს და ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. და ერთპიროვნული მმართველის წასვლის შემდეგ სახელმწიფოს აღარ რჩება საყრდენი, იმისათვის, რომ არ ჩამოიშალოს. სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებისა და მოსპობის გარეშე, კი შეუძლებელია ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმის დამყარება!

 

ყველაფერი ზემოთ აღნიშნული, გამომდინარეობს თავად ჰეგემონის და იმ პოლიტიკოსების ფასეულობებიდან და უნარჩვევებიდან, რომლებიც იმყოფებიან ხელისუფლების სათავეში. ყოველივე ეს, კი გამოიხატება მათ ხედვებში, რომლებიდანაც ზოგადად იწყება ეკონომიკა. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები შეუთავსებელია ხელით მართვასთან. ზუსტად ამიტომ, მთელის ძალებით ვცდილობ პოპულარიზაცია გაუწიო და დავნერგო მაკროეკონომიკური მენეჯმენტის „გარემოთა კონცეფცია“. ანუ, ხედვები და მართვის მეთოდოლოგია, რომელიც გულისხმობს ბიზნესის წარმატებული გარემოს შექმნას და არა ბიზნესში ჩარევას და მისი, საკუთარი შეხედულებებისა და პრიორიტეტების მიხედვით წარმართვას.

 

ძალიან მინდა, რომ ჩემი სათქმელი იოლად გასაგები იყოს რიგითი მოქალაქისათვისაც. ამიტომ, შევეცდები მცირედი უტრირების გზით, მაგალითებით ავხსნა ჩემი სათქმელი:

 

მემგონი არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ ჩვენს სამყაროში ყველაფერი ექვემდებარება ბუნებრივი გადარჩევის კანონს. რომელშიც იმარჯვებს მხოლოდ უძლიერესი. ხოლო, სუსტი და არასათანადო უნარჩვევების მქონე არსება გარდაუვლად იღუპება. სახელმწიფო და ცივილიზებული საზოგადოება კი არსებობს იმისთვის, რომ შეამციროს ეს ტვირთი სუსტ თანამოქალაქეებზე და შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყოს მისი ღირსეული არსებობა. მხოლოდ ამაშია კოლექტიური საზოგადოების მთავარი ფუნქცია. ოღონდ, დაუშვებელია ამ მიზნებისთვის ინდივიდუალიზმის გაწირვა. რამე თუ წარმატებულ საზოგადოებას და წარმატებულ ქვეყანას ქმნიან წარმატებული ინდივიდები!

 

შესაბამისად, ბუნებაში ყველაფერი იდეალურად არის მოწყობილი, მანამ მასში არ ერევა ადამიანი. მაგრამ, ამგვარი ჩარევა გარდაუვალია ცივილიზაციური პროცესებიდან გამომდინარე. ამიტომ, აქტუალურია მთავარი პოსტულატი, რომელიც ვრცელდება ეკონომიკაზეც - „არ ავნო“! ამ მიზნებისთვის, კი პირველხარისხოვანია (როგორც უკვე არაერთხელ ავღნიშნე წინა სტატიებში) სახელმწიფოსა და ბიზნესის ფუნქციების მკაცრი გამიჯვნა და ჯანსაღი, პირუთვნელი კონკურენტული გარემოს შექმნა, საზოგადოებრივი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სეგმენტში, განსაკუთრებით კი ბიზნესში.

 

ნებისმიერი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიმართულია ეკონომიკის სტიმულირებაზე თავისი შინაარსით უპირატესად დატვირთულია სოციალური და პოლიტიკური შემადგენელით (იშვიათი გამონაკლისებით). ამიტომაცაა სავალდებულო ბიზნესთან მიმართებაში დავიცვათ მთავარი პრინციპი - „არ ავნო“!

 

პირველ რიგში ნებისმიერმა პოლიტიკოსმა, რომელზეც მინდობილია სახელმწიფო მენეჯმენტი უნდა შეისისხლხორცოს ის აქსიომა, რომ იგი არის დაქირავებული, მაღალი რანგის მენეჯერი და არა ქვეყნის ბატონი. ყოველმა პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს, რომ მისი მოღვაწეობის შედეგების მთავარი ნაყოფი არის წარმატებული ეკონომიკა. რადგან ზუსტად ეს წარმატებული ეკონომიკა განაპირობებს მოქალაქეთა კარგ სოციალურ მდგომარეობას და მათ დაცულობას! რა კონკრეტულ მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკოსი, საბოლოო ჯამში ყოველივე მისი ნახელავი აისახება ეკონომიკაზე. და ნუ გგონიათ, რომ ეკონომიკაზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები. ბატონო პოლიტიკოსებო, გაზომეთ თქვენი მოღვაწეობის წარმატებულობა მაკროეკონომიკური შედეგებით. იქნება ეკონომიკა წარმატებული? - შეინარჩუნებთ ძალაუფლებას. მაგრამ, თუ თქვენ ვერ უზრუნველყოფთ ეკონომიკის მდგრადობას, აუცილებლად დაკარგავთ ძალაუფლებას. ზუსტად ამიტომაა საჭირო გუნდური მუშაობის პრინციპი და ხელისუფლების მონოლითურობა (მის ყველა შტოში), გარდა პარლამენტისა და მედია სივრცისა. მაგრამ, ასევე აუცილებელია ხელისუფლების კონტროლის მექანიზმები და ამ კონტროლის როგორც სახელმწიფო ისე საზოგადოებრივი ინსტიტუტები (რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებული დღევანდელი მოვლენები პირველ რიგში არის ხელისუფლების სურვილი მოისპოს მისი კონტროლის საზოგადოებრივი ინსტიტუტები. ამით ის იჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის თავად და რომელ ფაქტორზეც არის დამოკიდებული სახელმწიფო მენეჯმენტის წარმატებული და ჯანსაღი განხორციელების მომავალი). სწორედ ამისთვისაა სასიცოცხლოდ აუცილებელი სამოქალაქო თანხმობა და პოლიტიკური სტაბილურობის უაღრესად მაღალი ხარისხი. მაგრამ, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა უნდა ჩაწვდეს კრიატიულობის, სიახლის როგორც ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი ფაქტორის მთავარ შინაარსს. მთავარი შინაარსი კი მარტო მათი მოღვაწეობის პროცესში სასარგებლო სიახლეებითა და რეფორმებით კი არ გამოიხატება, არამედ, ხელისუფლების გარდაუვალი ცვლა, ყველაზე დიდი სიახლე და სტიმულატორია მაკროეკონომიკური განვითარებისთვის. ეს კანონზომიერებაა, რომელსაც ვერ დაარღვევს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა. რაოდენ მოწადინებული და ეფექტურიც არ უნდა იყოს იგი! ამ კონტექსტში კი სტრატეგიულად აუცილებელია ქვეყანაში ჯანსაღი ალტერნატიული პოლიტიკური ძალების (ოპოზიციის) არსებობა. და არა დღევანდელი რეალობა, რომელშიც მოქმედი ხელისუფლება დაუოკებლად ცდილობს მოასუფთაოს პოლიტიკური ველი და მოახდინოს მარგინალური, ბნელი პოლიტიკური ძალების კულტივირება. რათა შეზღუდოს საზოგადოება პოლიტიკურ არჩევანში. როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოთ ამ ამოცანების გადაჭრაში თქვენ მაინც დაკარგავთ ძალაუფლებას, ბატონებო. ოღონდ ეს გაცილებით მტკივნეული და შეიძლება ტრაგიკულიც კი იყოს თავად თქვენთვის - ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის. ზუსტად ამ პრობლემაზე „წაიტეხა ცხვირი“ ყველა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში!

 

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ფუნდამენტალური აქსიომა, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის: ხელისუფლების ცვალებადობისთვის მზაობა აუცილებლად უნდა არსებობდეს ნებისმიერ, მმართველობაში მყოფ პოლიტიკურ ძალაში! ზუსტად ეს მოცემულობა პირველ რიგში განაპირობებს ხელისუფლებაში წარმატებული დაბრუნების შანსს და პროცესს.

 

პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური მენეჯმენტისათვის, წარმატებებისთვის სტრატეგიულად აუცილებელია პროფესიონალი მენეჯმენტის ინსტიტუციურ მმართველობაში მოყვანა და ზოგადად, მმართველობის „ინსტიტუციური მეხსიერება“! აღმასრულებელი ხელისუფლება, პოლიტიკური ფიგურების ქვევით უნდა კომპლექტდებოდეს უაღრესად მაღალი კვალიფიკაციის დარგობრივი სპეციალისტებით და არა პარტიული აქტივით. რადგან ამ ქვედა რგოლების წარმომადგენლები აღარ ითვლებიან პოლიტიკურ ფიგურებად და ფუნდამენტალური შეცდომაა მათი პოლიტიკური შეხედულებისამბრ დაკომპლექტება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ არაეფექტურ მენეჯმენტს, რომლის წარმომადგენლებიც ძალაუნებურად გადაიქცევიან სახელმწიფოს მტრებად. და ხალხი შეხედავს მათ როგორც მოწინააღმდეგეს და პოტენციალურ მტერს. ხალხის მტერი კი ყოველთვის ცუდად ამთავრებს საკუთარ არსებობას!

 

ზედმეტად, რომ არ დაგტვირთოთ განმარტებებით მინდა მოკლე რეზიუმე გაუკეთო ჩემს სათქმელს. პოლიტიკას ქმნიან პოლიტიკოსები. ხოლო, პოლიტიკა არის სახელმწიფო მმართველობის შემადგენელი ნაწილი, რაც ზოგადად აყალიბებს სახელმწიფოს. სახელმწიფო და ბიზნესი, კი ერთობლივად ქმნიან ეკონომიკას. შესაბამისად, ეკონომიკას აყალიბებს სახელმწიფო მმართველობის უკლებლივ ყველა შტოს ერთობლიობა: პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, მედია სივრცე და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა შტო. ის თუ რამდენად ჯანსაღი და წარმატებული იქნება ეკონომიკა, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, რამდენად გამართულად და სწორი მიმართულებით ახორციელებენ პოლიტიკოსები თითოეული სამინისტროს ფუნქციონირებას. ეკონომიკა არის განათლება; ეკონომიკა არის კულტურა; ეკონომიკა არის უშიშროება, სამართლის დაცვა, ბიუჯეტი, ეროვნული ბანკი, ტურიზმი და შემდეგ უკვე ბიზნესი.

 

და ბოლოს: თუ თქვენ დააკვირდით, ნებისმიერ ნაშრომში მე ძალიან ცოტას ვსაუბრობ ბიზნესზე. იმიტომ, რომ მაკროეკონომიკური მენეჯმენტი პირველ რიგში ეს არის გარემოს შექმნის მცდელობა, რომელშიც კომფორტულად გრძნობს თავს ბიზნესი. და არა ბიზნესის მართვა! ისევ და ისევ, ზუსტად ამიტომ, ვცდილობ მაქსიმალურად წარმოვაჩინო, ჩემი „გარემოთა კონცეფციის“ უპირატესობები მაკროეკონომიკურ მენეჯმენტში და გადმოვიტანო თქვენში ის ფასეულობები და ხედვები, რომლებსაც ემყარება ეს კონცეფცია!

 

ამჯერად შევეცადე მაქსიმალურად შემემცირებინა ამ სტატიის მოცულობა, რომ ადვილად აღქმადი გამეხადა მისი შინაარსი. ამიტომ, მომიტევეთ თუ უფრო სიღრმისეულად არ გავშალე ის თემები, რომლებიც წამოვწიე ამ სტატიაში. მითუმეტეს, რომ ეს სტატია მხოლოდ შემადგენელი ნაწილია მაკროეკონომიკურ მენეჯმენტზე მიძღვნილი სტატიების ციკლში. და შემდეგ სტატიებში შევეცდები უფრო სიღრმისეულად გადმოქცეთ ჩემი კონცეფციის შინაარსი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია