მერ დ.ნარმანია და თბილისის მოტყუებული მოსახლეობა...

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
4-11-2015, 22:39 | კომენტარები | ნანახია - 2303

მერ დ.ნარმანია და თბილისის მოტყუებული მოსახლეობა...

 

გიგი კუბლაშვილი

 

ამ ორიოდე დღის წინ სამარშრუტო ტაქსით ვმოძრაობდი, უკაცრავად ნგრევა-ბრდღვენა-ჯანჭჯყარით მოვლასლასებდი, რადგან იმას რაც თბილისის ქუჩებში, ეზოებში და ზოგადად საავტომობილო გზებზე და ფეხით მოსიარულეთა ბილიკებზე ხდება ორიოდე სიტყვით შეიძლება დახასიათდეს - ქალაქს მაჯლაჯუნები დაეპატრონენ...

 

მაპატიეთ აზრი გამიწყდა, იმას გიყვებოდით სამარშრუტო ტაქსი და დიდუბეში ჯანჯჭყარსა და კბილებში ღრჭიალზე, რომ ბედზე მომისწრო ხანშიშესული ქალბატონის ქოქოლამ მერ დ.ნარმანიას მისამართით... და დაიწყო მარჯვენა ბოლოდან ინტელიგენტური შესახედაობის შუახნის ქალბატონმა - არ შეიძლება ნარმანია აქ ამ ქუჩაზე ვაცხოვროთ? ლეჟანკაზე დაიძინოს, სანამ ქუჩას არ გააკეთებენ. სამარშრუტო ტაქსის მეორე ბოლოდან აღმოსავლეთ საქართველოს, დიდი ალბათობით შიდა ქართლის მაცხოვრებელი მამაკაცი ჩაერთო, ეგა ისეა ნაჩვევი ნაგავსა, გინდა ქუჩაში დააგდე და გინდა კანაოში მაინც არაფერი მოუვა, ეს იყო და შუა ხნის მამაკაცმა აიტაცა სიტყვა ,,არ შეიძლება ეს ნარმანია და მისი სასტავი კოკში რომ გოუშვათ მერობის სასტავლად?... მოკლედ მეტს არ გავაგრძელებ, რადგან ეს ის ნაწილია ჩემი მონათხრობისა სადაც შედარებით დარბაისლურად მოიხსენიეს მერ დ.ნარმანია და მისი (როგორც ის, მუდამ აღგზნებულ - დაბოღმილი ახალგაზრდა კაცი ა. ელისაშვილი იტყოდა) ჰამქარი...

 

თემას დავუბრუნდეთ, მოკლედ ამ მერ დ. ნარმანიამ ერთი მილიონი ხე ხომ აგვიშრიალა, უფასო მგზავრობა საქალაქო ტრანსპორტზე ხომ ჩაგვიწყო, ქალაქი ხომ დაგვილაგა აგერ 5 თვეა წყალდიდობის შედეგებს ვებრძვით და ქალაქის ცენტრში, გმირთა მოედანზე ე.წ თერთმეტ სართულიანი სახლის ეზოში შეიხედეთ რა ხდება, ან იქვე ჩახედეთ მიწის ქვეშა გადასავლელებს, ან რაღა შორს მივდივართ 5 თვეა არემონტებენ და დიდი წვალებით მოახერხეს ვაკე-საბურალოს ახალი გზის აღდგენა ორიოდე დღის წინ.

 

მოდით ისევ სამარშრუტო ტაქსს დაუბრუნდეთ იქ ფეთქავს ჩვენი ქალაქის გული, იქ გაიგებ ისეთ რამეს, რასაც ვერსად ვერ გაიგებ. მოკლედ, როგორც შევთანხმდით, უწმაწურობები, რომელიც მერ დ.ნარმანიას მიმართ გამოითქვა იმაზე არ ვსაუბრობთ, რადგან უხერხულია მაინც... მაგრამ მას მერე რაც თბილისელები და ქალაქის სტუმრები უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდნენ, აქვე არც მოქმედი მთავრობა და პირველი მოქლაქე, ხელისუფლების გურუ, ყველაფრის მცოდნე და კომპეტენტური მამა-მარჩენალი გამორჩენიათ. დიალოგმა, რომელიც შიგადაშიგ მონოლოგში გადადიოდა უფრო მშვიდი ხასიათი მიიღო - მძღოლის უკან, პირველ რიგში, შუა ხნის ქალბატონი: უგულავა იდეალური არ იყო, მაგრამ ქალაქში რაღაც კეთდებოდა ბოლოს და ბოლოს შეხედავდი და სიმპათიური კაცი მაინცაა... ეეხ, ეგ უგულავაც თავის თავზე მუშაობდა ამოხორხა მის უკან მსხდომმა ხანში შესულმა მამაკაცმა, რომლის კოტიტა ხელებმა და ძველმოდურად მოჭერილმა ჰალსტუხმა 80-იანი წლების ჩემი უბნის სახლმმართველი გამახსენა, რომელიც საქმიანი იერით, გამოხუნებული პიჯაკით და ძველი გაქონილი ტყავის ხელჩანთით დაიარებოდა და როგორც ბოროტი ხმები ამბობდნენ ყველაფერში ,,ორ კაპიკს“ ითხოვდა. ქონიანი ჩანთაც, გახუნებული პიჯაკიც კამუფლიაჟი იყო .... არიფებისთვის.

 

ესეთი ტიპაჟები ახლაც რიგიანად მომრავლდნენ და ვინძლო ჩვენი დრო მოსულაო, ხელებიც კარგად ააცმაცუნეს დევალვირებული, მაგრამ ჯერ კიდევ ჯანიანი ლარის ჩაჯიბვის მიზნით.

 

მოკლედ ბატონო მერ დ.ნარმანია კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ შუა-საუკუნეებში არ ვცხოვრობთ და ქალაქს ნორმალური ფუნქციონირებისათვის მილიონ ხესთან, უფასო მგზავრობასთან და გაიაფებულ ენერგო ტარიფებთან ერთად გზები სჭირდება, გზები...

 

გზებს ბატონ მერ დ.ნარმანია აგებენ ძირითადად ზაფხულში, გაზაფზხულზე... თქვენ კი გზები აყარეთ და ზამთარი მოგვადგა და ზღაპრებით გვკვებავთ... ამას წინ ისიც გაგიცხადებიათ გზებს მოსახლეობა აფუჭებს და... მასე ნუ შობითო...

 

როგორც თავში ვახსენე ქალაქს მაჯლაჯუნები დაეპატრონენ, უფრო სწორად ქალაქს მერ დ.ნარმანია და მისი სასტავი დაეპატრონა...

 

მოკლედ კომედიაა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ტრაგედიაში გადადის... უფრო სწორად უკვე გადავიდა...

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია