ტერორიზმი: პარიზი, ბეირუთი, ბაღდადი...

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
17-11-2015, 19:52 | პოლიტიკა | ნანახია - 2131

 

გიორგი იმედაშვილი

 

დღეს ისევ ტერორიზმზე მომიწევს საუბარი - ამ კვირაში მომხდარმა ტერაქტების სერიამ გულგრილი ძალიან ცოტა ადამიანი დატოვა. ჯერ თანმიმდევრობით მივყვეთ მათ ჩამონათვალს, განვიხილოთ მომხდარი ფაქტები, გავაანალიზოთ ისინი, მათი გამომწვევი მიზეზები და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქროთ არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე.

 

ყველაზე მასშტაბური, რა თქმა უნდა, პარიზის ტერაქტი იყო, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა შეტევისგან შედგებოდა და რომელმაც, საერთო ჯამში ამჟამინდელი მონაცემებით, 129 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა მძიმედ დაშავებულთა რიცხვი გაცილებით დიდია და აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რიცხვიც შესაძლოა გაიზარდოს. ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვა ბეირუთში მომხდარ აფეთქებასაც, 43 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 239 მძიმედ დაშავდა. ისიც ფაქტია, რომ არა ბეირუთის მკვიდრის, ადელ თერმოსის გმირობა მსხვერპლი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა. ქალიშვილთან ერთად საყიდლებზე გამოსულმა თერმოსმა პირველი ტერაქტის ადგილის გარშემო შეკრებილი ხალხისაკენ მიმავალი მეორე თვითმკვლელი ტერორისტი დაინახა, გაეკიდა მას, ძირს დააგდო და ამით დეტონატორის ამოქმედება გამოიწვია, თავად დაიღუპა, თუმცა ტერორისტს შეჯგუფებულ ხალხთან მიახლოების საშუალება არ მისცა, რითიც ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. მესამე ტერაქტი მოხდა ბაღდადში, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა შიიტი პოლიტიკოსის გასვენაბაში აიფეთქა თავი, ამით 18 ადამიანის სიცოცხლე იმსვხვერპლა და 40-ზე მეტი მრავლობითი ჭრილობებით დააზიანა.

 

ამათგან ქრონოლოგიურად პირველი ბეირუთში მომხდარი ტერაქტი იყო, რომელიც პარიზისა და ბაღდადის ამბებამდე ერთი დღით ადრე, ხუთშაბათს მოხდა. ქართულ მედიას ქვეყენაში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისის ფონზე დიდად თავი არ გამოუდია ბეირუთის ამბების გაშუქებით და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჯერჯერობით „Facebook“-ზე არ არსებობს პროფილის ფოტოს ლიბანის დროშით გაფორმების ტექნიკაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბეირუთის ტერაქტმა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის სრულიად შეუმჩნევლად ჩაიარა. პარიზის ტერაქტი ყველაზე უფრო მასშტაბური იყო და თანაც ევროპის ცენტრში, დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ დედაქალაქში განხორციელდა, აქიდან გამომდინარე ის, რომ მას ყველაზე დიდი გამოუხმაურება მოჰყვა სავსებით გასაგები და ცხადია, უბრალოდ დასანანია, რომ იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, ვინც პარიზის ამბებზე გულწრფელად ღელავს, დიდად არ აინტერესებს ბეირუთში, სირიაში, ერაყში, ისრაელში, ნიგერიასა და სხვა არაევროპულ ქვეყნებში ფუნდამენტალისტების მიერ ჩადენილი საზარელი ტერორისტული აქტების ამბები, არადა პარიზში დატრიალებული ტრაგედია სწორედ რომ ამ ქვეყნებში მომხდარი ფაქტებისა და წლების მანძილზე მიმდინარე პროცესების დასავლეთის მხრიდან მაქსიმალური იგნორირების შედეგია.

 

იგნორირება დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი დანაშაულია. წლების მანძილზე რადიკალური, ფუდნამენტალისტური ისლამური მოძრაობები ტერორისტული ორგანიზაციებისათვის იდოლოგიურ პლატფორმებს ამზადებდნენ, რისი მეშვეობითაც დღეს მათი მხარდამჭერთა რიცხვი საგრძნობლად არის გაზრდილი. 2001 წლიდან მოყოლებული ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესმა პირებმა დაამკვიდრეს მოსაზრება, რომ რადიკალი ფუნდამენტალისტები მუსლიმური თემის მხოლოდ ძალიან მცირერიცხოვან და თანაც სრულიად გარიყულ ჯგუფს წარმოადგენდნენ, რაც სავსებით არ ასახავს რეალობას. იმ ფაქტის იგნორირება, რომ რადიკალური ისლამი სულ უფრო და უფრო იკრებდა ძალებს მუსლიმურ სოციუმში, დასავლურ სამყაროს ძალიან ძვირი დაუჯდა. ერაყიდან ამერიკული ჯარების ნაადრევი გაყვანა, მით უმეტეს სირიაში არსებული მდგომარეობის ფონზე კიდევ ერთი მძიმე შეცდომაა, რამაც დღევანდელი სურათის შექმნას უნებურად, მაგრამ მაინც დიდად შეუწყო ხელი. იგივე შეგვიძლია ვთქვა სირიაში სამოქალაქო ომის პირველ წელს მიღებულ რამდენიმე გადაწყვეტილებაზე. პირველ რიგში, შეცდომა იყო ასადის წინააღმეგ რადიკალური ნაბიჯების განუხორციელებლობა ომის პირველსავე წელს, როდესაც მას ჯერ კიდევ გააჩნდა სეკულარული პროდასავლური ოპოზიცია, რომელთაც იმ პირობებში ხელისუფლებაში მოსვლა მართლაც შეეძლოთ. მაშინ დასავლეთმა ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან. 2011-2012 წლების ზამთრიდან მოყოლებული ასადის მოწინააღმდეგეებს შორის ძლიერდებოდნენ ისლამისტური ძალები, სეკულარული ოპოზიცია კი ნელ-ნელა სუსტდებოდა. საბოლოოდ მივიღეთ რეალობა, როცა სირიაში ასადის რეჟიმის ალტერნატივად „ისლამურ სახელმწიფოს“ გვისახავენ და მისი სეკულარული ოპოზიცია საგრძნობლად დასუსტებულია, თანაც რუსული საჰაერო იერიშების მსხვერპლიც სწორედ ის ხდება და არა ტერორისტული „ისლამური სახელმწიფო“.

 

"ერთი დიდი იდეოლოგიური ომი კომუნისტების ბოროტების იმპერიასთან უკვე მოგებულია, ზღურბლზე ორი ახალი ბრძოლაა - ისლამისტებთან და პუტინის რუსეთთან. ორივე ამ შემთხვევაში, დასავლეთმა პირველ რიგში იდოლოგიურ ბრძოლის ველზე უნდა გაიმარჯვოს და მოეშვას შორიდან ცქერას.“- ამ სიტყვებით დავამთავრე პირველ სექტემბერს „ივერიაში“ გამოქვეყნებული რადიკალური ისლამისტების შესახებ დაწერილი წერილი, სამწუხაროდ, ბევრისთვის მხოლოდ ბოლოდროინდელი მოვლენები გახდა საჭირო იმის დასანახად, რომ პრობლემა პირველ რიგში ფუნდამენტალისტური, რადიკალური ისლამის იდოლოგიაში უნდა ვეძიოთ. ამგვარი იდეები არ კვდება ზოგიერთი ტერორისტის (თუ ტერორისტული ორგანიზაციების) განადგურებასთან ერთად, სწორედ ამიტომ ისლამისტური ტერორიზმი ვერ დაამარცხა ვერც უსამა ბინ ლადენის მკვლელობამ, ვერც ავღანეთიდან თალიბანის გაძევებამ და სამწუხაროდ ვერც „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება ვერ დაამარცხებს ერთბაშად. უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია ისლამისტურმა იდოლოგიამ შეაღწია არაბულ საგანმანათლებლო სისტემაში. ჯერ ეგვიპტესა და საუდის არაბეთში, იქიდან კი მთელს ჩრდილოეთ აფრიკასა და მუსლიმურ სამყაროში გავრცელდა საბავშვო ლიტერატურა, რომელიც „მუსლიმი ძმებისა“ და საუდის არაბული ვაჰაბიტური იდეოლოგიით არის დატვირთული. ასეთი წიგნები, ტელეგადაცემები, უკვე ინტერნეტ პორტალებიც, ქადაგებები და იდოლოგიზირებული მედრესეები მუსლიმური სამყაროს ახალაგაზრდობას იდოლოგიურად დაახლოებით ერთნაირ პლატფორმაზე აყენებს და საერთოდ მთელს მუსლიმურ სამყაროს სამ არათანაბარ ნაწილად ჰყოფს, ისლამისტებად (რომელთა რაოდენობაც ბოლო ათწლეულების მანძილზე საგრძნობლად გაიზარდა), მათთან დაპირისპირებულ მცირერიცხოვან და ფაქტობრივად დევნილ სეკულარისტ-რეფორმისტებად და ზომიერ მუსლიმებად, რომლებიც ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე ისლამისტების მხარეს სასულიერო პირების გავლენით გამოწვეულ საზოგადოებრივი ზეწოლის გამო.

 

იანვარში, პარიზშივე, „შარლი ებდოს“ ჟურნალის რედაქციაში მომხდარი ტერაქტის შემდგომ ჩვენშიც და ვეროპაშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ჟურნალისტების მკვლელობას ვითომ არ ამართლებდნენ, მაგრამ ამბობდნენ, აბა რა ეგონათ ხალხს რომ დასცინოდნენო. ბოლოდროინდელმა ფაქტებმა დაამტკიცა, რომ რადიკალ ისლამისტებს არ სჭირდებათ საბაბი ტერაქტების განსახორციელებლად და უდანაშაულო ადამიანების დასახოცად. ტერორიზმის მთავარი მიზანი ხომ ადამიანების დაშინება და ამ გზით მათი იძულებაა, რომ შეასრულონ დამნაშავეთა მდაბიო წარმომავლობის სურვილები. სწორედ ასე ხდებოდა ისლამისტების მიერ მართულ ყველა სოციუმში- თალიბანის ავღანეთი და დღევანდელი სირიისა და ერაყის „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული ტერიტორია ამის კარგი მაგალითია, ისივე როგორც „ბოკო ჰარამის“ მიერ აკლებული ნიგერიის ჩრდილოეთი. ისლამისტებს უნდათ, რომ „შარლი ებდოს“ ავტორებს ეშინოდეთ ახალი სტატიების დაბეჭდვის, მათ მკითხველებს კი ჟურნალის შეძენის, მიშელ უელბეკს, სალმან რუშდისა და სხვა ავტორებს საკუთარი აზრების ღიად დაფიქსირების, მსმენელებს კი მათი გაზიარების. აპრილში, კენიაში მოხდა ჩვენში საკმაოდ მივიწყებული ტერაქტ.- გარისას უნივერსიტეტის კოლეჯში თავდასხმას 147 ადამიანი შეეწირა, ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ ბოევიკები აწიოკებენ ქალთა სკოლებს, ხოცავენ მასწავლებლებს და მონებად ჰყიდიან მოსწავლე გოგონებს. ამ გადაგვარებულ ადამიანებს სურთ რომ კენიელ და ნიგერიელ მშობლებს ეშინოდეთ ბავშვების სკოლაში და უნივერსიტეტებში გაშვების და აქედან გამომდინარე, ცდილობენ მაქსიმალურად შეაფერხონ მოსახლეობის განათლების პროცესი, რაც ფუნდამენტალისტურ, რადიკალური ისლამის იდეოლოგიისათვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. დაშინების გზით ტერორისტები ცდილობენ, ადამიანებს უარი ათქმევინონ თავისუფლებაზე. თავისუფლების შესანარჩუნებლად დასავლეთი პირველ რიგში იდეოლოგიურ ბრძოლაში უნდა ჩაერთოს და არ მისცეს საშუალება „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავს ტერორისტულ ორგანიზაციებს გააგრძელონ მთელს მსოფლიოში მუსლიმების მაქსიმალური რადიკალიზაცია.

 

კვირას საღამოს საფრანგეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ ბაზებს შეუტია სირიაში, რაკას მისადგომებთან. როგორც პრეზიდენტი ოლანდი აცხადებს ქვეყენა გააორმაგებს უსაფრთხოების სტანდარტებს და ყველაფერს გააკეთებს „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად. მიუხედავად ამ განცხადებისა, ოლანდს ჯერჯერობით არ მოუწოდებია ნატოს წევრი ქვეყნებისათვის ემოქმედათ კოლექტიური თავდაცვის პრინციპით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის შესაბამისად. ცნობილია, რომ პრეზიდენტმა ობამამ საფრანგეთს ყველა საჭირო დამხარების აღმოჩენა აღუთქვა და უკვე ეხმარება კიდეც დაბომბვების წარმოებაში, რასაკვირველია, სადაზვერვო მონაცემებით. ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქცია ექნება ობამას, თუკი საფრანგეთი კოლექტიური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე მოქმედებების დაწყებას მოითხოვს, თუმცა ვიცით, რომ რესპუბლიკელების დიდმა ნაწილმა უკვე მოსთხოვა პრეზიდენტს რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და ნატოს წესდების მეხუთე მუხლის დაუყოვნებლივი ამოქმედება. აშკარაა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ უდიდესი დასაყრდენი ძალაა ის ტერიტორია, რომელზე საცხოვრებლადაც მთელს მსოფლიოში გაბნეულ ისლამისტებს ეპატიჟება, თუკი ამ ტერიტორიას დასავლეთი დაათმობინებს, წაართმევს დიდ კოზირს, თუმცა არც ამით უნდა მივიჩნიოთ საქმე დასრულებულად, ვინაიდან ამ ორგანზიაციას ერაყისა და სირიის გარეთ უამრავი მხარდამჭერი ჰყავს და ბოლო რამდენიმე თვეა მათ აქტიურად მოუწოდებს თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში ტერაქტების მოწყობისაკენ.

 

„ბრიტანეთისათვის ომისას“ ჩერჩილმა მოსახლეობას მიმართა, ხელში სამზარეულოს დანა რომ მოგხვდებათ ისიც მტრის მოსაგერიებლად უნდა გამოიყენოთო. დაახლოებით იგივენაირ მოწოდებას აკეთებენ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები. იმ მხარდამჭერებს, ვინც სირიასა და ერაყში საბრძოლველად ვერ ჩადის ისინი ავალებენ „ქაფირების“ (ურწმონოების) დახოცვას თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში, ყველა შესაძლო იარაღით და უკვე რამდენიმე თვეა ბევრი მკვლევარი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური გამკაცრებისაკენ მოუწოდებდა შესამჩნევი მუსლიმური უმცირესობით დასახლებულ ევროპულ ქვეყნებს. რისკი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ევროპას დევნილების ტალღა მოაწყდა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვამბობდით, არავინ იცის ამ დევნილებში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი რამდენი პოტენციურად საშიში ტერორისტი იყო შეფარებული. ბრიტანეთის ფრთხილი პოზიცია, ამ შემთხვევაში, უფრო მართებული აღმოჩნდა, ვიდრე გერმანიის მიერ წარმოებული „ღია კარის“ პოლიტიკა, რომელიც, იმედი მაქვს, გერმანიაში რაიმე სერიოზულ უარყოფით შედეგს არ მოიტანს, რისკი კი იზრდებ. პარიზის ტერაქტების ჩამდენი პირებიდან ერთი, უკვე დანამდვილებით, დევნილების ნაკადთან ერთად იყო შემოსული.

 

ამ ყველაფრის ფონზე და მით უმეტეს იანვარში მომხდარი „შარლი ებდოსა“ და ებრაული მაღაზიის ტერაქტების გათვალისწინებით გასაოცარია ის მოუმზადებლობა, რომლითაც საფრანგეთის უსაფრთხოების სისტემა შეხვდა რეალობას. ერთი წუთით თავი დავანებოთ ისლამისტებს. იქნებ, ადამიანი საერთოდ არ არის რომელიმე რადიკალური რელიგიური მიმდინარეობის წევრი და უბრალოდ ასოციალური ფსიქოფატია, რატომ უნდა ჰქონდეს მას საშუალება ასე ადვილად დაესხას თავს ხალხს ქვეყნის მთავარ საფეხბურთო სტადიონთან, თანაც ეროვნული ნაკრების თამაშის დღეს, თანაც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებთან შეხვედრისას? ან კიდევ, როგორ შეიტანეს იარაღი ასე უკონტროლოდ თეატრში? მოკლედ, სერიოზული შეცდომები იყო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რამაც ამ სამწუხარო რეალობის დადგომაზე დიდი ზეგავლენა იქონია. საფრანგეთს ვერ ექნება თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა, თუ არ ექნება უსაფრთხოება (პრინციპში, არა მარტო საფრანგეთს- ვერც ვერავის).

 

ქვეყნის შიგნით თავდასხმისათვის მოუმზადებლობამ ხელისუფლების კრიტიკოსების რიცხვი გაზარდა. მთავარი ოპოზიციონერები ნიკოლა სარკოზი და მარი ლე პენი ძალიან მძიმე და არასასურველ განცხადებებს აკეთებენ, რამაც შესაძლოა არამხოლოდ საფრანგეთის მოსახლეობის ნაწილი, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერებიც შეიყვანოს შეცდომაში. სარკოზიმ აღნიშნა, რომ შეცდომები დაშვებული იყო საგარეო პოლიტიკაში და რომ რუსეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ტერორიზმთან ბრძოლაში. ამ განცხადებიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის მხარდაჭერამდე ერთი ნაბიჯია, რაც გამოუსწორებელი შეცდომა იქნება დასავლეთის მხრიდან. რაც შეეხება მარი ლე პენს, ის უკვე აღარ მალავს პრორუსულ დამოკიდებულებას და სარკოზის მსგავსად მხარს უჭერს პუტინთან თანამშრომლობას, როგორც ანტიტერორისტულ ძალასთან.

 

უნდა აღინიშნოს, რომ პარიზის ტერაქტებით ყველაზე მეტად პუტინმა იხეირა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებისას რუსეთმა თავი ამერიკაზე ადრე გამოაცხადა ანტიტერორისტულ ძალად და ამის დასტურად ჩეჩნეთში წარმოებული ომი მოიყვანა, როგორც ტერორისტებთან არსებული დაპირისპირება. ბევრს გამორჩა, რომ მაშინ რუსეთი საკუთარ სპეცსამსახურებში გამოზრდილ და აფხაზეთის ომში ქართველების ხოცვაში გაწაფულ ბოევიკებს ებრძოდა. შამილ ბასაევსა და მის მხარდამჭერებს, ხოლო ჩეჩნეთის მეორე ომის დასაწყებად პუტინმა საკუთარ უშიშროებას ააფეთქებინა საცხოვრებელი კორპუსები და ეს ყველაფერი ტერაქტებად გაასაღა. გერმანულმა შპიგელმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაამტკიცა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ აღზრდილმა სადამ ჰუსეინის სადაზვერვო სისტემის ყოფილმა თანამშრომლებმა შექმნეს, რუსეთის მიერ მართული ასადი კი მათ არასდროს ბომბავდა, მაგრამ ბომბავდა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოქმედ სხვა ოპოზიციურ ძალებს და ერთხელ ეს ორგანიზაცია ფაქტობრივ განადგურებასაც გადაარჩინა. დღესაც, რუსეთის სირიული ინტერვენცია მხოლოდ სეკულარული ოპოზიციის განადგურებისაკენ არის მიმართული და „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებულ ტერიტორიას ძალიან ცოტა ჭურვი მოხვდა, ისიც, ვგონებ, მხოლოდ საჩვენებლად. დაახლოებით ერთი თვის წინ, სინას ნახევარკუნძულზე რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნამ რუსეთის როგორც ტერორისტების სამიზნის იმიჯი გაამყარა, რაც რუსული მხარის საინფორმაციო საშუალებების არნახული გააქტიურებითაც იყო განპირობებული. ჯერ ბოლომდე დაუდგენელია ამ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები, თუმცა, ვიცით, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ ამის განსახორციელებელი იარაღი არ აქვს, თუკი, რასაკვრიველია, თავად რუსულმა მხარემ არ უზრუნველყო საკუთარი თავის წინააღმდეგ „ტერაქტი“. საკუთარი მოსახლეობის პოლიტიკური მიზნებით გაწირვა ხომ მათთვის ჩვეული ხერხია. დღეს რუსეთთან თანამშრომლობისაკან უკვე უამრავი მეცნიერი მოგვიწოდებს. წავიკითხე ძალიან კარგად შედეგენილი სტატიების მთელი სერია სხვადახვა გავლენიან გამოცემებში, სადაც პუტინისათვის დაწესებული სანქციების მოხსნასა და მასთან დაუყოვნებლივ თანამშრომლობას მოითხოვენ. ამ ამბებმა რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზეც დააბრუნა. დიდი ოცეულის შეხვედრაზე, ანკარაში, პუტინი და ობამა შეხვდნენ და 35 წუთი ილაპარაკეს პირისპირ. რუსეთისათვის უკრაინის გამო დაწესებული სანქციების მოხსნა იქნება გამოუსწორებელი დანაშაული ჩადენილი უკრაინელი ხალხის წინაშე, რომელიც სულაც არის ვალდებული აგოს პასუხი პარიზში, ან სადმე სხვაგან მომხდარ საზარელ დანაშაულებზე.

 

ესეც რომ არა, რუსეთთან თანამშრომლობა დაღუპავს დასავლეთის ახლო აღმოსავლურ სტრატეგიას, ვინაიდან ის ბაშარ ასადთან თანამშრომლობას და მისთვის ხელისუფლების შენარჩუნება ნიშნავს, რაც თავისმხრივ დასავლურ პრინციპებზე უარის თქმას ნიშნავს. ასადმა ხომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. თანაც, ბოლოდროინდელმა დაპირისპირებებმა სირიაში ისეთი მდგომარეობა შექმნა, რომ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა ალავიტებისა და შიიტებისათვის მხარდაჭერას გულისხმობს. ეს უმცირესობები იძულებულები არიან ასადის მხარეს დადგნენ, ვინაიდან არსებობს სერიოზული საშიშროება, რომ სუნიტური ძალების გამარჯვების შემდეგ მათ უბრალოდ დახოცავენ. გარდა ამისა, ამ ძალების მხარდაჭერა ავტომატურად გულისხმობს ირანის მხარეზე დადგომას. რეგიონი ორ შიიტურ და სუნიტურ მხარეთა საბრძოლო მოედნადაც ჩამოყალიბდა, სადაც ალავიტები (ანუ ბაშარ ასადის მხარდამჭერები) შიიტების მხარეს არიან. შიიტების „ფლაგმანია“ ირანი, ხოლო სუნიტების ლიდერობისათვის რამდენიმე ძალა იბრძვის. პირველ რიგში ეს არის საუდის არაბეთი, რომელიც აშშ-ს პარტნიორ ძალად იწოდება, თუმცა რეგიონს შიიტებსა და სუნიტებს შორის გამართულ ნულოვან თამაშად აღიქვამს. ანუ თვლის, რომ რასაც ირანი მოიგებს, იმას სუნიტები აგებენ. აქედან გამომდინარე საუდის არაბეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ირანის გაძლიერებას და ბაშარ ასადის ხელსიუფლებაში დარჩენას. რუსეთი კი ცდილობს დასავლეთს არ დაუტოვოს პოლტიკური ალტერნატივა და მოსპოს ასადის სეკულარული ოპოზიცია, ვინაიდან სირიაში მშვიდობის ერთადერთი გზა სეკულარული ხელისუფლების დამყარებაა, რომელიც არც სუნიტებს, არც შიიტებს, არც ქრისტიანებსა და ალავიტებს არ დაჩაგრავს. ასეთი ხელისუფლების დამყარება, ჯერჯერობით, დასავლური ინტერვენციის გარეშე არ გამოვა, ასე რომ, ჯერჯერობით სისხლისღვრა გაგრძელდება. იგივე ხდება ერაყში, სადაც სადამის დროს სუნიტები შიიტებსა და ქურთებს ჩაგრავდნენ, ბოლო ათი წლის მანძილზე კი, შიიტები ჩაგრავდნენ სუნიტებს და დღეს ორივე ძალა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების განმტკიცების შემთხვევაში მეორე ძალა მათ უბრალოდ გაჟლიტავს. საბოლოო ჯამში, დასავლეთს მაინც მოუწევს ახლო აღმოსავლეთში დაბრუნება, ბოლოს და ბოლოს იმიტომ, რომ ამ რეგიონში დაბადებული პრობლემები შემდეგ ევროპაში გადმოდის და ევროპულ პრობლემებად იქცევა, რომ აღარაფერი ვთქვათ ბოლო ხუთ წელიწადში დატრიალებულ უზარმაზარ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, რაზეც თვალის დახუჭვაც უბრალოდ სირცხვილია.

 

ლიბანში განორციელებულმა ტერაქტებმა გაზარდა „ჰეზბოლას“ პოპულარობა, ვინაიდან ეს ირანის გავლენის ქვეშ მყოფი შიიტური დაჯგუფება ასადის მხარდამხარ იბრძვის სირიაში და გარდა ამისა, უკვე წლებია აკონტროლებს ლიბანის დიდ ტერიტორიას. ეს ყველაფერი განამტკიცა იმან, რომ ამ ორგანზიაციის კარგად ცნობილმა ლიდერმა ჰასან ნასრალამ (რომელიც თავისი უკიდეგანო განათლებითა და 2001 წლის ტერორისტული აქტების გაკრიტიკებით არის ცნობილი) ღიად დაგმო როგორც ბეირუთში, ისე პარიზში განხორციელებული ტერაქტი. „ჰეზბოლა“ წლების მანძილზე ცდილობს რომ თავი არა ტერორისტულ ორგანიზაციად, არამედ ლიბანის თავისუფლებისათვის მებრძოლ ძალად იყოს აღქმული. მათი იდოლოგიით მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა დანაშაულია, არადა თავად აქტიურად მიმართავენ ტერორს ლიბანში პოზიციების გასაძლიერებლად.

 

დასავლეთი უნდა გაუსწორდეს მის წინ არსებულ პრობლემებს და დაუფარავად უნდა დაარქვას ყველაფერს თავის სახელი. ისლამისტური იდოლოგია პრობლემაა და პრობლემაა იმის გამოც, რომ მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. პარიზი ტერაქტებიდან რამდენიმე საათში ბედფორდში ბრიტანელი მუსლიმების შეკრება მოეწყო, სადაც ისლამისტური იდეები გაჟღერდა. შეკრებილებმა ბრიტანულ ღირებულებებს „ნარკოტიკი“, ხოლო საკუთარ თავს ბრიტანეთთან დაპირისპირებული ძალა უწოდეს. ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ ევროპულ ქვეყნებს საკუთარ ტერიტორიაზეც მოუწევთ ისლამისტურ რადიკალიზმთან ბრძოლა. როგორც ჩვენი საუბრიდან გამოჩნდა, უდიდესი პრობლემაა სირიასა და ერაყში არსებული ვითარებაც, რომლის დარეგულირების გარეშეც მსოფლიოში მშვიდობა არ დამყარდება. განათლება არის ისლამისტურ ფუნდამენტალიზმთან საბრძოლველი მთავარი იარაღი, რომელმაც იდოლოგიურ ბრძოლის ველზე უნდა დაამარცხოს მეტოქე, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუკი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური უსაფრთხოება მოსახლეობისათვის და შედგება ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობის დარეგულირების მკაფიო გეგმა, რომლის თანამონაწილეც რუსეთი არ უნდა იყოს. ეს ხომ თავად ტერორისტი სახელმწიფოა, რომელიც მოწინააღმდეგეთა და საკუთარი მოსახლეობის მუდმივი დაშინებით ცდილობს პოლიტიკური მიზნების მიღწევას.

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია