მოსალოდნელი საშიშროებები, სტიქიური უბედურებები და თავდაცვა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
18-11-2015, 22:17 | კომენტარები | ნანახია - 1538

მოსალოდნელი საშიშროებები, სტიქიური უბედურებები და  თავდაცვა

 

ნინო წერეთელი

 

წინა კვირაში კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი სტიქიურმა უბედურებებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კვლავ ვიხილეთ დანგრეული ინფრასტრუქტურა, ეკონომიკურად დაზარალებული მოსახლეობა. ისევ გაისმა ჩვეული კითხვა ვინ აანაზღაურებს ზარალს?

 

ამ სტატიაში შევეცდები პასუხი გავცე დასმულ კითხვას და მკითხველს დავანახო თუ რაში მდგომარეობს რეალური გამოსავალი.

 

საქართველო კატასტროფებისადმი მიდრეკილი ქვეყანაა. აქ ძირითადად ვლინდება თორმეტი ბუნებრივი საშიშროება (გეოსაშიშროებები: მიწისძვრა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი. მეტეოსაშიშროებები: სეტყვა, გრიგალური ქარი, გვალვა, ელჭექი, ნისლი, წაყინვა, ლიპყინული. ჰიდროსაშიშროებები: წყალდიდობა, წყალმოვარდანა). კატასტროფის რისკის ინდექსის მიხედვით, საქართველო მიეკუთვნება საშუალო და მაღალი რისკის მქონე ქვეყნებს. ბუნებრივი კატასტროფების დამანგრეველი შედეგებით, ანუ სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ზარალი, რომელიც ისაზღვრება დაღუპულთა რაოდენობითა და მატერიალური დანაკარგებით (ფულად ერთეულებში), ეროვნული შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს შთანთქავს.

 

კლიმატის გლობალური ცვლილებების გამო მომავალში უნდა ველოდოთ ბუნებრივი კატასტროფების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდას. ურბანიზაციისა და ქალაქების მოსახლეობის მატების სწრაფი ტემპების გამო კი მზარდი იქნება მათ მიერ გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური ზარალი. ცხადია ასეთ პირობებში სახელმწიფოს მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის მხოლოდ სუბსიდიების შეთავაზება მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

 

ბუნებრივად მივდივართ დასკვნამდე - გამოინახოს გზები, რომელიც ქვეყანას აარიდებს ამ მუდმივმოქმედ ნეგატიურ ფაქტორს.

 

ცხადია ბუნებრივი კატასტროფის წარმოშობის დროის პროგნოზი ყველაზე ეფექტური ღონისძიებაა, მაგრამ ჯერჯერობით ძნელად განსახორციელებელია. მას განსაკუთრებით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია. პროგნოზი განუწყვეტელი პროცესია, რომელიც დიდ ტერიტორიებზე ხორციელდება და მნიშველოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომლის გაღების საშუალება საქართველოს არ აქვს. წარმატების შემთხვევაში პროგნოზის სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი, სტიქიური უბედურებით გამოწვეული ზარალის შემცირების თვალსაზრისით, შთამბეჭდავია. თუმცა, თუ ზოგიერთი მეტეოროლოგიური მოვლენისთვის წარმატებული პროგნოზი დღეს რეალობაა, ამას ვერ ვიტყვით მაგალითად, მიწისძვრაზე. მისი კერის ამოქმედების მომენტის განსაზღვრა იმდენად გაძნელებულია, რომ ნულზე დაჰყავს სარწმუნო პროგნოზის შესაძლებლობა.

 

ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სტიქიური უბედურებისაგან დაცვის ღონისძიებები. რომლის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი არის დაზღვევა და არა სუბსიდიები. ამ უკანასკნელზე დიდხანია უარი თქვა ყველა განვითარებულმა ქვეყნამ და მათ მოსახლეობას ალტერნატივად დაზღვევა შესთავაზეს.

 

სწორედ დაზღვევა არის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს რეალურად თავი დაიცვას სტიქიური უბედურებისაგან. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს მისი სატარიფო განაკვეთი, რომელიც მისაღები იქნება, როგორც სადაზღვეო კომპანიებისთვის, ასევე მოახლეობისთვის. აღსანიშავია, რომ ხშირად, გარკვეულ ვითარებაში, სწორ ტარიფზეა დამოკიდებული სადაზღევო კომპანიების ყოფნა-არყოფნის საკითხი.

 

რა ბაზა არსებობს სადაზღვეო ტარიფის რეალური შეფასებისთვის საქართველოში? და როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს როლი ამ კუთხით?

 

როგორც უკვე ავღნიშნეთ, დღეისათვის ბუნებრივი კატასტროფები არ არის საკმარისად შესწავლილი, რათა მოხდეს მათი რეგულარული წინასწარმეტყველება, მაგრამ ცნობილია ბევრი კანონზომირება, რომლითაც კონკრეტულ რაიონში შეიძლება შეფასდეს კატასტროფების საშუალო განმეორებადობა და სიძლიერის მიხედვით გავრცელება, ანუ მოხდეს მოსალოდნელი საშიშროების დარაიონება. არის შესაძლებლობა შეფასდეს ბუნებრივი კატასტროფების შედეგად მოსალოდნელი ზარალი - რისკი. მრავლობითი რისკის გამოთვლის შემუშავებული მეთოდიკის გამოყენებით მიღებული შედეგები საშუალებას მოგვცემს რისკის დონის მიხედვით შევადაროთ საქართველოს ადმინისტრაციული რაიონები, შევაფასოთ თუ რომელი სახის რისკებს შეაქვთ ძირითადი წვლილი ზარალში. სწორედ ამ შედეგებმა უნდა განსაზღვროს ერთის მხრივ სახელმწიფოს ძალისხმევის მიმართულება სტიქიური უბედურებებით გამოწვეული მსხვერპლისა და მატერიალური ზარალის შემცირებისათვის და მეორეს მხრივ დაზღვევის რეალური ტარიფი. ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული მაქსიმალური სავარაუდო ზარალი დაზღვევის ტერმინებში არის დაზღვევის ნეტო-პრემია, რომლის საფუძველზეც ხდება დაზღვევის სატარიფო განაკვეთის, ანუ ბრუტო-პრემიის ფორმირება. შესაბამისად საშიშროებებისა და სავარაუდო ზარალის ზუსტი შეფასება უმნიშვნელოვანესია სწორი ტარიფის დადგენისათვის და დიდ ინტერესს წარმოადგენს სადაზღვევო და გადამზღვევი კომპანიებისთვის.

 

რა ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში? სამწუხაროდ უნდა აღინიშის, რომ საქართველოს ტერიტორიისათვის პრაქტიკულად არ არსებობს გეო-, ჰიდრო- და მეტეოსაშიშროებების მსხვილმასშტაბიანი რუკები, ხოლო არსებული წვრილმაშტაბიანი რუკები არ არის საკმარისი, რათა მოხდეს ზუსტი ტარიფების განსაზღვრა. მაგალითისთვის განვიხილოთ მიწისძვრის საშიშროების რუკა, რომელიც ნიადაგის მოაძრაობის პიკური აჩქარებების მიხედვით უჩვენებს მოსალოდნელზე დაბალ საშიშროებას, რის გამოც სადაზღვეო კომპანიებისთვის მისი გამოყენება სახიფათოა. ზოგმა სადაზღვეო კომპანიამ კი საფუძვლად ისეთი რუკები აირჩია, სადაც კავკასიის სეისმური საშიშროება თურქეთისას უტოლდება, რაც რა თქმა უნდა მაღალ სადაზღვევო ტარიფს წარმოშობს და არ იქნება მისაღები მოსახლეობისთვის.

 

ახლა მივუბრუნდეთ მეორე კითხვას: როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს როლი ამ კუთხით?

 

ზოგადად რეალური ტარიფის დადგენა ოთხი ფაქტორისგან შედგება, ესენია საშიშროება, მოწყვლადობა, დაზღვეული მატერიალური ფასეულობის განაწილება, დაზღვევის პირობების დადგენა. უკანასკნელი ორი ფაქტორის განსაზღვრა წმინდა დაზღვევის ამოცანაა, ხოლო პირველი ორი ფაქტორის დადგენა სამეცნიერო ხასიათის ამოცანებს განეკუთვნება და ამიტომ სათანადო მეცნიერული მონაცემებისა და მეთოდების გამოყენებას თხოულობს.

 

თავისთავად მივდივართ ლოგიკურ დასკვნამდე. სახელმწიფოს როლი მდგომარეობს ზოგადად მეცნიერებისა და კონკრეტულად გეომეცნიერებების მიმართულებების განვითარებაში, სახელმწიფო სტრუქტურების სამეცნიერო ინსტიტუტებთან მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფაში, პრევენციული ზომების შემუშავების დროს მეცნიერული მონაცემების გამოყენებაში. რაც მთვარია, წინასაარჩევნო პერიოდში, არა დაპირებების მიცემა სუბსიდიების შესახებ, რომელიც წამგებიანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის, არამედ სახელმწიფოს მხრიდან დეკლარირება, რომ ბუნებრივი კატასტროფებისაგან საყოველთაო დაზღვევა ერთადერთი რეალური გარანტიაა მოსახლეობისა და მატერიალური ფასეულობების დაცვის.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია