13 ივნისის სტიქია - მერი ბოტებში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
18-11-2015, 23:39 | კომენტარები | ნანახია - 1445

13 ივნისის სტიქია - მერი ბოტებში

 

დავით მესხიშვილი

 

ნაწილი მესამე

 

ზოოპარკის გარშემო მართლაც ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა, შესაბამისად თბილისის მერმაც არ დააყოვნა და დაიწყო განცხადებების კეთება, მათ შორის ორ ყველაზე დასამახსოვრებელს, აქვე გთავაზობთ:

 

1. "მას შემდეგ, რაც თბილისში გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით ახალი გზის გაჭრა მოხდა, იქ დაირღვა ეკოლოგიური მდგომარეობა. მდინარე ვერე მოექცა ხიდის ქვეშ, გაიჩეხა ხეები და ეკოლოგიური თვალსაზრისით, დამატებითი პრობლემები გაჩნდა. პრობლემები გაუჩნდათ ზოოპარკის მობინადრეებსაც. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მონახაზი, რომ ზოოპარკი გადავიტანოთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხოლო ზოოპარკის ძველ ტერიტორიაზე დამატებითი რეკრეაციული ზონა შევქმნათ და გავაფართოოთ", - აღნიშნა თბილისის მერმა და დასძინა, რომ მერიის სურვილია, ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიის ერთმანეთთთან დაკავშირება საფეხმავლო ესტაკადით, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია.

 

2. "დაირგვება დამატებითი ხეები, რათა ერთიანი სივრცე შეიქმნას და გარდა ამისა, გაკეთდება თანამედროვე ხმაურდამცავი მოწყობილობები, რითაც ხელს შევუწყობთ რეკრეაციული ზონების დაცვას, განვითარებასა და გაფართოებას"

 

გავიაზროთ ეს ორი განცხადება. საინტერესოა როგორ აქვს თავად გააზრებული ბატონ მერს ის რაც ბრძანა. თავიდანვე უნდა ავღნიშნოთ, რომ თბილისის მერი კარგად ვერც ხვდება ახალი გზის მნიშვნელობას, არადა რომ არა ეს გზა სატრანსპორტო კოლაფსი გარდაუვალი იქნებოდა. თუ რამეს უნდა უმადლოდეს დავით ნარმანია, ნამდვილად ეს გზაა, რომ აქამდე მერიასთან არ მიიღო მძღოლთა მრავალათასიანი მიტინგი. მერი აცხადებს, რომ მდინარე ხიდის ქვეშ მოექცა, სინამდვილეში კი ის მილში მოექცა და არა ხიდის ქვეშ. თუმცა მილი გაკეთდა გზის შუა ნაწილში. თავში და ბოლოში კი, კომუნისტების მიერ გაკეთებულ მილებში უწევს მდინარეს გავლა. „უგულავას მილი“ დიამეტრით გაცილებით აღემატება მის წინამორბედებს (თავში და ბოლოში), შესაბამისად ის ვერ გახდებოდა სტიქიის გამწვავების მიზეზი, როგორც ეს ნარმანიას ჰგონია.

 

ზოოპარკის მობინადრეებს, პრობლემა მართლაც დიდი ხანია აქვთ. ვერცერთმა ხელისუფლებამ 50-იანი წლებიდან დაწყებული ვერ შეძლო თბილისის ზღვაზე ზოოლოგიური პარკის გაშენება და ყოველთვის განცხადება რჩებოდა განცხადებად. ბუნებრივია არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი. თუმცა ყველაფერს აქვს თავის ადგილი და დრო. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ყველა ადამიანის ცხედარი, მერი ცხოველებზე და მათ მომავალზე წუხს. ასევე გაუგებარია, თუ ზოოპარკი გადაგაქვს თბილისის ზღვაზე მაშინ მზიურთან საფეხმავლო ხიდს როგორღა აკეთებ?! შესაძლოა, ხიდი თბილისის ზღვიდან გამოყავს მზიურამდე. ეს მართლაც არნახული მასშტაბის პროექტი იქნებოდა, მაგრამ გააკეთებს კი?! უფრო სწორად, დასცალდება კი ფრთები შეასხას მის ოცნებას?! მემგონი, რომ ამ უტოპიურ მოსაზრებას რეალიზება არ უწერია, მაშინ როდესაც ორმოს შეკეთებას ვერ ვახერხებთ თბილისში.

 

მეორე განცხადებაში დედაქალაქის მერი აღტაცებით საუბრობს რეკრეაციული ზონების გაფართოებაზე და ხეების დარგვაზე. ეს ალბათ იმ ფანტასტიკური ჟანრის ფილმიდან არის, რომელსაც „მილიონი ხე“ ქვია. შეგახსენებთ, მერის საარჩევნო პროგრამის წამყვანი თემა ზუსტადაც მილიონი ხის დარგვა იყო. ისე რომელიმე მხატვრულ ფილმს ან ნაწარმოებს მართლაც ძალიან დაამშვენებდა სათაური „მილიონი ხე.“ ისე სულ მინდოდა სადმე დამესაბუთებინა ან უბრალოდ მესაუბრა ამ პროექტის აბსურდულობის შესახებ და ამაზე კარგ ადგილს სად ვიპოვი?! ესეიგი, უნდა დავრგოთ მილიონი ხის ნერგი. მერს არ დაუკონკრეტებია რომელი სახეობის. მოდით ვივარაუდოთ: ალბათ აარჩევდა ყველაზე იაფიანს, მაგალითად კვიპაროსს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 3 ლარს შეადგენს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ დღევანდელი მერიის შესყიდვების სტილს შეიძლება ამ კვიპაროსის ფასი მინიმუმ 30 ლარიც კი ყოფილიყო. მოკლედ, თუ კვიპაროსს აარჩევდნენ იმ ფასად რამდენიც ის ღირს მინიმუმ 3 მილიონი უნდა გადაეხადათ. მაგრამ შეიძლება მერს ფანტაზია გაღვიძებოდა და მოეთხოვა ვერცხლისფერი ნაძვი (ფასი 100 ლარამდე), ან ბარაქის ხე (10 ლარი). ისე იქნებ ამ უკანასკნელმა მაინც გვიშველოს და დოვლათი-ბარაქა დაგვახვავოს თავზე.

 

კიდევ ერთი ფაქტორი, თუ 100 ნერგს მოსავლელად ერთ თანამშრომელს მაინც მივუჩენთ, გამოდის რომ „მილიონი ხის“ პროექტის განხორციელებისთვის გვესაჭიროება 10 000 გამწვანების მუშაკი. მათაც ხომ უნდათ ხელფასი? ვიანგარიშოთ საშუალოდ 500 ლარი და ჯამში პროექტის განხორციელებისთვის მხოლოდ ერთ თვეში მივიღებთ 5 მილიონ ლარს, ხოლო წლის განმავლობაში 60 მილიონ ლარს. როგორია?! მოკლედ ზოოპარკის და გამწვანების თემას ჩვენ ვრცლად კიდევ დავუბრუნდებით.

 

ახლა გადავერთოთ მთავარზე და გავიხსენოთ მოვლენები თანმიმდევრულად. 13 ივნისამდე 9 დღით ადრე, 4 ივნისს დაიტბორა გ. სვანიძის ქუჩა, წყალი პირდაპირ სახლებში შეიჭრა და მოქალაქეებმა მიმართეს 112-ს. იმას რაც ზარებს მოჰყვა, ძნელია რეაგირება ეწოდოს. არც მერიას, არც გარემოს დაცვის სამინისტროს არანაირი პრაქტიკული ნაბიჯი არ გადაუდგამთ პრობლემის გადასაჭრელად. შემდეგ მზე ამოვიდა და ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა მოჩვენებითად და დროებით. ერთი რამ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ: 4 ივნისს მდინარე ვერეს მიერ დატბორილი სვანიძის ქუჩა იყო წინასწარი ნიშანი, გნებავთ სიგნალი, მოსალოდნელი სტიქიური უბედურების შესახებ. სამწუხაროდ ეს ფაქტი არცერთ სახელმწიფო სამსახურს არ შეუფასებია, არ შეუსწავლია და არც რაიმე სახის რეაგირება მოუხდენია. შეიძლება ითქვას, რომ ბუნებამ ჯერ კიდევ 9 დღით ადრე გაგვაფრთხილა მოსალოდნელი უბედურების შესახებ.

 

4 ივნისიდან, ანუ პირველი გაფრთხილებიდან 9 დღის შემდეგ, 13 ივნისს მართალია ღვარცოფი, რომელიც დაეშვა ბეთანია-ახალდაბის ტერიტორიიდან უცაბედად დაესხა დედაქალაქს თავს, მაგრამ სიგნალი მოსალოდნელი სტიქიური უბედურების დაწყების შესახებ აქაც წინასწარ, ჯერ კიდევ 2 საათით ადრე მივიღეთ. ვინაიდან სურათი მსგავსი იყო 4 ივნისის მოვლენისა. ღვარცოფის მოვარდნამდე 2 საათის განმავლობაში ეტაპობრივად დაიწყო ახალი გზისა და გ. სვანიძის ქუჩის დატბორვა. რასაც ადასტურებს ქალაქის მერი, რომლის განცხადებითაც ის მუხლამდე წყალში დააბიჯებდა 2 საათის განმავლობაში ახალ გზაზე. პირველივე კითხვაც აქ ისმის, ვის რაში სჭირდებოდა ბოტებით მუხლამდე წყალში მდგომი უუნარო და უმწეო ქალაქის მერი? ის, რომ არანორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არანორმალური ხელისუფლების პირობებში გასაგებია, მაგრამ წარმოიდგინეთ: სტიქიური უბედურების დაწყებამდე 2 საათით ადრე თბილისის მერი ბოტებში დასეირნობს გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელ გზაზე რომელიც მდინარედ გადაიქცა და საერთოდ არ მოსდის თავში აზრი მოითხოვოს „ახალი გზის“ გადაკეტვა. დავით ნარმანია ადგილზე მშვიდად ადევნებს თვალყურს როგორ დაცურავენ ავტომობილები გზაზე.

 

ახლა ნახეთ სტიქიის დაწყებამდე რა თანმიმდევრობით მოვიდნენ სამსახურები. პირველები ადგილზე გაჩნდნენ ჟურნალისტები, ჟურნალისტებში კი ყველაზე სწრაფები რუსთავი 2-ელები აღმოჩნდნენ. თბილისის მერმა უყურა რა ტელევიზიით, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე გ.სვანიძის ქუჩაზე კარგი არაფერი ხდებოდა ისიც ადგილზე გამოცხადდა, ოღონდ სრულიად უმწეო მდგომარეობაში დამკვირვებლის სტატუსით. შესაბამისად გამოვიდა, რომ მერს ჟურნალისტებმა მიასწრეს და კიდევ უფრო გასაკვირია, რომ ჟურნალისტებმა და მერმა ერთობლივად სამაშველო სამსახურს, ან სამივემ ერთად კი - საპატრულო პოლიციას მიასწრო (?!).

 

საპატრულო პოლიცია, რომელსაც დაუყოვნებლივ უნდა გადაეკეტა გზა და არ შეეშვა ავტომობილები მდინარეში, სტიქიურ ზონაში პრაქტიკულად ბოლო გამოცხადდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ არა რუსთავი 2-ის მიერ აწეული ტემპერატურა, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მისვლას კიდევ უფრო დააგვიანებდნენ.

ერთი შეხედვითაც ნათლად ჩანდა, რომ აბსოლუტურად ყველა სამსახურის წარმომადგენელი დაბნეული იყო, სრულ ქაოსს მოეცვა იქაურობა.

 

III ნაწილის დასასრული

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია