ცხვრის ტყავში გახვეული მგელი ანუ რუსეთის ახალი მისია საერთაშორისო ასპარეზზე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
18-11-2015, 23:51 | პოლიტიკა | ნანახია - 2136

ცხვრის ტყავში გახვეული მგელი ანუ რუსეთის ახალი მისია საერთაშორისო ასპარეზზე

 

დავით ბრეკი

 

პარიზში განხორციელებული 2015 წლის 13 ნოემბრის ტერორისტული აქტები თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ საშინელ გამოწვევად თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში. ტერორისტულმა აქტებმა კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს თუ რა დიდია ნაპრალი 21-ე საუკუნის განვითარებულ საზოგადოებასა და რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილ განვითარებად სამყაროს შორის.

 

თუმცა მოვლენათა განვითარებას თუ უფრო ჩავუღრმავდებით შესაძლოა ზედაპირზე სხვა ზრახვები ამოტივტივდეს. მკითხველო, მე არაფერს არ ვამტკიცებ, უბრალოდ ფაქტების ლოგიკურ მიმდინარეობას მივყავარ შემდეგ დასკვნამდე, რომელიც მართლაც რომ შემაშფოთებლად მეჩვენება:

 

ცხადია, რომ ისლამურმა სახელმწიფომ თავის თავზე აიღო აღნიშნული ტერაქტების განხორციელება. თუმცა საკითხავია ხომ არ დგას ისლამური სახელმწიფოს უკან ვიღაც მესამე ძალა, რომელიც ამ უბედურ ხალხს მსგავსი რადიკალური, არაადამიანური ქმედებების ჩადენისკენ უბიძგებს?

 

არავისთვის დასამალი არაა, რომ ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა ქვეყნების ინტერესებია გადახლართული და შესაბამისად ამ რეგიონში უამრავი სპეცსამსახურის თანამშრომელია გადასროლილი. ბევრი მათგანი სავარაუდოდ ისლამური სახელმწიფოს სულიერი ლიდერების ახლო გარემოცვაშიც ტრიალებს, მათ შორის დიდი ალბათობით რუსული სპეცსამსახურების მიერ შეგზავნილნიც, რომელნიც რა თქმა უნდა შეეცდებიან გავლენა იქონიონ მათ ქმედებებზე, რათა მოვლენები რუსული მხარისათვის სასურველი სცენარით განვითარდეს.

 

ნიშანდობლივია, რომ რუსეთი, ბოლო დროს განხორციელებული აგრესიული ქმედებების გამო იმყოფებოდა დიპლომატიურ ვაკუუმში. ყირიმის ოკუპაციისა და აღმოსავლეთ უკრაინაში წარმოებული აშკარა საომარი კამპანიის ფონზე იგი დაგმეს ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან (გაერო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო, ნატო, ეუთო). ამას დაემატა ნავთობის ფასების კატასტროფული ვარდნა, შესაბამისად რუსეთი აღმოჩნდა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის სერიოზული ნიშნების წინაშე.

 

გაუცხოებული რუსეთი დაჟინებით ცდილობს ცივილიზებული სამყაროს ე. წ. პარალელური სამყაროს შექმნას: ევრაზიულ კავშირს - ევროკავშირის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (კუხო) - ნატო-ს, და „ბრიკს“-ის განვითარების ბანკს - მსოფლიო სავალუტო ფონდის საპირწონედ. თუმცა თავად პუტინიც ხვდება, რომ ისინი მაინც არაეფექტური მექანიზმები არიან საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო ინსტიტუტებთან დასაპირისპირებლად. შესაბამისად, რუსული პოლიტელიტა აცნობიერებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მათზე დაყრდნობა რუსეთისათვის სასურველ შედეგს ვერ მოიტანს.

 

პარალელურად პუტინი თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროსთან კვლავ შეხების წერტილებს ეძებს. უნდა მონახულიყო რაღაც ისეთი, რომლის ირგვლივაც გაერთიანებული საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის ფაქტორს უბრალოდ იგნორირებას ვერ გაუწევდა. „ისლამური სახელმწიფო“ და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ ის გამოწვევები აღმოჩნდნენ, სადაც როგორც ევროპა, ისე ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფაქტორს ანგარიშს უწევენ და სურთ თუ არა იძულებულნი არიან ითანამშრომლონ მასთან.

 

რუსეთისადმი ნდობა რომ გაძლიერდეს თავად რუსეთიც უნდა აღიქმებოდეს მსხვერპლად, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა თანაგრძნობისა და სიბრალულით განიმსჭვალოს მის მიმართაც. აკი წარმოჩინდა კიდეც მსხვერპლად ოქტომბერში ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავის გამო. დიდი ალბათობით ისლამური სახელმწიფო კიდევ „დაარტყავს“ რუსეთს და რუსეთიც ტერორიზმის მორიგ მსხვერპლად წარმოჩინდება, საერთაშორისო თანამეგობრობა დაგმობს ტერორიზმს და რუსეთის გვერდით დადგება, რუსეთიც დადებს პირობას, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამხარ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად და კვლავ განახორციელებს საჰაერო დაბომბვებს თუ სხვა სახის სამხედრო ჩარევებს ახლო აღმოსავლეთში, რითაც დასავლეთის კეთილგანწყობას დაიმსახურებს, რომელიც ახლა ჰაერივით სჭირდება მას.

 

ერთიანობა დასავლეთთან შეკრულია! ვიღას ახსოვს ყირიმის ოკუპაცია და აღმოსავლეთ უკრაინა, საქართველო საერთოდ დავიწყებასაა მიცემული.

 

მიზანი მიღწეულია - ახალი ტერიტორიები დაპყრობილია, ნატოს გაფართოება - დღის წესრიგიდან მოხსნილი, დასავლეთიდან წამოსული კრიტიკის ქარცეცხლი და შესაბამისად პოლიტიკური და ეკონომიკური კოლაფსი - შეჩერებული. ევროპისა და აშშ-სათვის რუსეთი აღარ მოიაზრება მტრად და პირიქით თანამშრომლობის ახალ ეტაპებზე გადადის. პუტინი კიდევ უფრო პოპულარული ხდება როგორც რუსეთში ისე დასავლეთში.

 

P.S. გავა ხანი და რუსეთი ტერიტორიების გასაფართოებლად ახალ კამპანიას წამოიწყებს. დასავლეთის კრიტიკა? - ეგ არაფერი, რა გამოლევს „ურთიერთთანხვედრის“ გამონახვის მიზეზებს, დასავლეთი და რუსეთი ხომ მსგავსი თანამშრომლობისთვის არიან სამუდამოდ განწირულნი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია