მსოფლიო ფასები ნავთობზე და მათი ზეგავლენა რუსეთის ეკონომიკაზე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
21-11-2015, 18:22 | ეკონომიკა | ნანახია - 2332

მსოფლიო ფასები ნავთობზე  და მათი ზეგავლენა რუსეთის ეკონომიკაზე

 

დავით ნებიერიძე

 

დასაწყისშივე უაპელაციოდ მინდა გითხრათ, რომ ნავთობზე მსოფლიო ფასების ზუსტი პროგნოზირება აბსოლუტურად შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ ტენდენციებზე საუბარი. რომელმა სანდო წყარომაც არ უნდა აიღოს საკუთარ თავზე ამგვარი უმადური საქმე, მის პროგნოზებში აუცილებლად იქნება ტენდენციურობის ძალიან მაღალი ხარისხი. გამომდინარე იქიდან, თუ ვინ არის ამ კვლევების დამკვეთი. მაგალითად სათანადო ევროპული კომისია პროგნოზირებს ფასის კიდევ უფრო დაწევას. მაგრამ, 2020 წლისათვის ფასები 55 დოლარამდე მაინც აღდგებაო, იმიტომ, რომ ევროპა უაღრესად დაინტერესებულია დაბალ ფასებში. საუდიტები პროგნოზირებენ ყოველწლიურად 5 დოლარით ფასის ზრდას. რუსეთს ყველაზე სტაბილური სურათი აქვთ დახატული: ფასები გაჩერდება 50 დოლარიან ნიშნულზე და წლების მანძილზე ამ ზღვარზე დარჩებაო. ყოველ შემთხვევაში, 2020 წლისთვის 80 დოლარიან ზღვარზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში არცერთ კომპეტენტურ სტრუქტურას არ დაუსახელებია. ზოგიერთი ძალიან სერიოზული სააგენტო კი ასეთი ნიშნულის მიღწევას მხოლოდ 2040 წლისთვის ვარაუდობს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ზუსტი პროგნოზების გაკეთება, მითუმეტეს გრძელვადიან პერიოდზე აბსოლუტურად შეუძლებელია. მაგრამ, ერთი კი შეიძლება ითქვას ზუსტად: რუსეთისთვის „ნავთობის ელდორადო“ დაიხურა! პუტინმა ხელიდან სამუდამოდ გაუშვა უდიდესი და განუმეორებელი შანსები... ხოლო, რაც იხეირა, დაუბრუნებლად შეჭამა და გაანიავა!

 

ახლა ორიოდე სიტყვით შევეხოთ საკითხს, თუ რამდენად არის დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკა ნავთობის ფასებზე:

 

ამ საკითხშიც ძალიან მაღალია პოლიტიკური ინტერესების გავლენის ფაქტორი. როდესაც მსოფლიო ფასები იზრდება, შესაბამისად იზრდება რუსეთის შემოსავლებიც. ამის პარალელურად იზრდება რუსეთის „მშპ“-ში ნავთობპროდუქტებიდან მიღებილი შემოსავლების ხვედრითი წილიც. ისინი აშკარად ასწრებენ იარაღის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებს და შესაბამისად რუსეთის დამოკიდებულება ამ სეგმენტზე განუზომლად იზრდება. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ რუსეთმა ეკონომიკის დივერსიფიკაციაც რომ მოახერხოს, რაც ფაქტიურად წარმოუდგენელია, ნავთობის ფასებზე დამოკიდებულების ხარისხი ფაქტიურად არ შეიცვლება. რამე თუ, ბიზნესს აქვს უნივერსალური თვისება და ძალიან მინდა კარგად დაიმახსოვროთ ეს პოსტულატი იმათ, ვისაც გაქვთ ან გაგიჩნდებათ სახელმწიფო მენეჯმენტში მონაწილეობის მიღების სურვილი. იმის მიუხედავად ეკონომიკურ გუნდში განიხილავთ საკუთარ თავს თუ არა - ბიზნესი ფულს უპირატესად შოულობს იქ, სადაც ყველაზე იოლია. მცირედად გადაუხვევ თემას და ვიტყვი: თუ, სახელმწიფო თუნდაც ყველაზე კეთილი მოტივებით ჩაერევა ბიზნესში (და არა ეკონომიკაში) მაშინ, ბიზნესი ფულს იშოვის ამ ჩარევიდან და არა მისი პირდაპირი საქმიანობიდან. უშუალოდ პირდაპირი მიმართულებიდან ფულის შოვნას ის ბიზნესი დაუბრუნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამოიწურება სახელმწიფოს ჩარევით წარმოშობილი იოლი გამდიდრების წყარო! ახლა კი დავუბრუნდეთ რუსეთის დამოკიდებულებას ნავთობის მსოფლიო ფასებზე.

 

როდესაც ნავთობის ფასები ეცემა, მცირდება რუსეთის შემოსავლებიც. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ რუსეთის ამჟამინდელი დამოკიდებულება ნავთობის ფასებზე გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე თავის დროზე საბჭოთა კავშირის შემთხვევაში. ეკონომიკური მონაცემებით რუსეთის ამჟამინდელი შემოსავლების 80 პროცენტამდე ენერგორესურსებზე მოდის. თუმცა, დინამიკა კლებისკენაა. მაგრამ, რუსეთის დღევანდელ მოცემულობაში მთავარი ისაა, რომ უაღრესად დაბალია რუსეთის ეკონომიკის ტექნოლოგიური დონე. ზუსტად ამაშია ეკონომიკის ნავთობზე დამოკიდებულების მთავარი ფაქტორი. და ზუსტად ამ სეგმენტში მიაყენა ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთს მომაკვდინებელი დარტყმა, სანქციების გზით. ამავე ასპექტშია განსახილველი ის პროცესები რომელიც უკავშირდება ნავთობ პროდუქტებიდან მიღებული შემოსავლების მთელი ქვეყნის ეკონომიკაში გავლას. ანუ ეკონომიკის ყველა სეგმენტში. თუ, რამხელაა ამ ფულის წილი თითოეული დარგისათვის და მათ განვითარებაში. ამისათვის დასათვლელია საცალო ვაჭრობის მოცულობაც. რამე თუ სამომხმარებლო ბუმი ზუსტად ამ შემოსავლებით იყო გამოწვეული. იგივე ეხება სამშენებლო სექტორს და მანქანათმშენებლობასაც. ანუ, აქამდე ყველაფერი მნიშვნელოვანწილად ჩამოკიდებული იყო ზუსტად ენერგორესურსებიდან მიღებულ კოლოსალურ შემოსავლებზე. ანუ, შეგვიძლია აქვე ვთქვათ, რომ რუსეთის ეკონომიკა, მისი ყველა სეგმენტის სახით, წარმოუდგენლად არის დამოკიდებული ნავთობის მსოფლიო ფასებზე.

 

მაგალითისათვის, წინა წელს ნავთობის ფასების 10%-ით დაცემამ გამოიწვია რუსეთის ეკონომიკის 0,8%-ით შეკუმშვა. ერთი შეხედვით ეს არ იყო კატასტროფული შედეგი და პუტინის გულშემატკივრები გვეტყვიან, რომ სულაც არ ყოფილა რუსეთის ეკონომიკა ნავთობის ფასებზე დიდად დამოკიდებულიო. მაგრამ, მინდა ცივი წყალი გადავასხა ამ ბატონებს. ეკონომიკის სხვადასხვა მდგომარეობაში ყოფნის ფაქტიდან გამომდინარე, ფასების ვარდნის ზემოქმედება ეკონომიკაზე სხვადასხვანაირია! შესაბამისად 120 დოლარიდან 100 დოლარამდე ფასის დაცემის შედეგები სხვანაირად აისახება ეკონომიკაზე. ხოლო, 45 დოლარიდან 30 დოლარამდე დაცემა - უკვე სხვანაირად! გლობალურად კი მთავარია შემდეგი გარემოება: რუსეთის ინტერესები ნავთობის ფასებთან მიმართებაში, მისი ექსპორტის დროს, ზუსტად საწინააღმდეგოა ცივილიზებული სამყაროს ინტერესებისა, როგორც ამ პროდუქტის მთავარი შემძენისა და მომხმარებლისა. და პუტინის ფასეულობებიდან და მიზნებიდან გამომდინარე უკვე აღარ მგონია, რომ მოხერხდეს ამ ინტერესების არამც თუ შეჯერება. არამედ დაახლოებაც კი! მაგალითად: მსოფლიო მონაცემებით, 2015 წლის დასაწყისში, ნავთობის ფასების 10 დოლარით შემცირება იწვევდა მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით 0,2%-ით ზრდას. და ეს მაშინ, როდესაც იგივე შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკა იკუმშება 0,8%-ით. რუსეთის ეკონომიკის ეს შეკუმშვა კი უკვე ასახულია მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ზემოთ დასახელებულ 0,2%-იან მაჩვენებელში. ანუ, ეკონომიკური ეფექტი უკუპროპორციულია რუსეთისა და მსოფლიოს ეკონომიკების ურთიერთამოკიდებულებაში. აბსოლუტურ გამოხატულებაში კი ეს ცვლილებები კოლოსალურ ეკონომიკურ უპირატესობას ანიჭებს დასავლეთურ ეკონომიკას და მის სიძლიერეს რუსეთთან მიმართებაში.

 

მოკლედ, რომ ჩამოვაყალიბოთ: გლობალურ ეკონომიკაში ნავთობის ფასების დინამიკა გამოწვეულია გლობალური სპეკულიატური კაპიტალის კონკრეტულ პოლიტიკურ პროექტებთან შეტაკებით. და აქ არაფერ შუაშია „ბოროტი კაპიტალისტი“! ყველაზე მაღალი სპეკულიატიური ინტერესები ამჟამად ზუსტად რუსეთს ამოძრავებს. შედეგად სხვადასხა ფაქტორს სხვადასხვა ფასი აქვს დროის სხვადასხვა მონაკვეთში.

 

დღეს ნავთობზე ფასბის ვარდნაზე მრავალი ფაქტორი მუშაობს. რომელიც ერწყმის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის ჩამოყალიბების პროცესებს. მაგრამ, მე მინდა მოკლედ გამოვყო, ჩემის აზრით მთავარი ფუნდამენტალური ფაქტორი:

 

ამერიკის შეერთებული შტატები იყო ნავთობის მთავარი მომხმარებელი მსოფლიოში. შესაბამისად, მისი ეკონომიკა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ამ სეგმენტში მიმდინარე პროცეზებზე. და ობამას პრეზიდენტობის პერიოდის უმთავრესი, თუ ერთად-ერთი დამასხურება არა, იყო ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ უაღრესად დიდი ინვესტიციები მიმართა ენერგიის გაიაფებაზე. ხაზი მინდა გაუსვა იმ ფაქტს, რომ არა უშუალოდ ბიზნესში, არამედ საბოლოო პროდუქტის გაიაფების საქმეში. რაც ძირითადად ტექნოლოგიურ პროცესებს უკავშირდება. და თუ შტატების მთავრობამ გარკვეული დოზით მაინც მოახდინა ფიქალური ენერგორესურსების მომპოვებელი ბიზნესის სუფსიდირება, სანაცვლოდ შტატების ეკონომიკამ მიიღო განუზომლად დიდი ეფექტი ენერგორესურსების გაიაფების შედეგად. ანუ, შტატების ხელისუფლებამ მაქსიმალურად გამოიყენა ოპტიმიზაციისა და ეფექტური კაპიტალდაბანდებების ინსტრუმენტები. სამწუხაროდ ამ სტატიაში სიღრმისეულად ვერ გავშლი ამ თემას და შევეცდები შემდეგ სტატიებში მაქსიმალურად წარმოვაჩინო სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის სტიმულირების ნამდვილი ეფექტურობის მისახწევი ხედვები და არა პუტინისეულ-ივანიშვილისეული.

 

შესაბამისად, შეერთებული შტატები, სავარაუდოდ 2016 წლისათვის დაიწყებს ფიქალური წარმოშობის ენერგორესურსების ექსპორტის ინტენსიურად გაზრდას, მიუხედავად ნავთობის მსოფლიო ფასებისა და ფიქალური ენერგორესურსების თვითღირებულებისა. ეს ფაქტიურად ენერგეტიკული რევოლუციის ტოლფასია, რომელსაც შორსმიმავალი გეოპოლიტიკური შედეგები ექნება! და ეს ის ამერიკაა, რომელიც ცოტა ხნის წინ ენერგო რესურსების მთავარი მომხმარებელი იყო მსოფლიოში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ყველაფერი ხდებოდა იმ პროცესების პარალელურად, როცა ნავთობზე მაღალი ფასების გამო რუსეთმა ისეთი „მიძინებული“ საბადოების დამუშავება დაიწყო(მაგალითად არქტიკულ შელფზე) რომლებიც რენტაბელური იყვნენ მხოლოდ მაშინ, როცა ნავთობის ფასები აღემატებოდა 100 დოლარს. თუ გახსოვთ, იყო დრო როდესაც პუტინმა ლამის ჯარები შეიყვანა არქტიკაში ასეთი საბადოების დასაცავად, თუ მისატაცებლად.

 

რუსეთისთვის და ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდის ტენდენციებისთვის საზიანოდ, მიმდინარე 2015 წელს მსოფლიო ინვესტიციები ტრადიციული ნავთობის მოპოვების სეგმენტში შემცირდა დაახლოებით 20%-ით. და ეს ტენდენცია შენარჩუნდება მომავალ წელსაც. კონკრეტულად რუსეთის შემთხვევაში კი ანალოგიურმა მაჩვენებელმა თითქმის 60%-ს მიაღწია, რაც ბევრზე მეტყველებს. ჩემის აზრით ზუსტად რუსული ენერგორესურსების რენტაბელობისა და ფასების ვარდნის ტენდენციებმა ბუნებრივად გაუღვივა პუტინს ინტერესი იმ ქვეყნების ნავთობისა და გაზის მიმართ რომელთა რენტაბელობის დონე მნიშვნელოვნად დაბალია, რუსეთისაზე. ამის ნათელი მაგალითები შეინიშნება პუტინის მცდელობაში ყველას მიასწროს მსოფლიო ბაზარზე შადრევანივით წამოსასვლელ ირანულ ნავთობთან და გაზთან. ალბათ, სწორედ ამ მიმართულებას უკავშირდება რუსეთის მცდელობები და ჩვენი მთავრობის კოლაბორაციონისტული პოლიტიკა; გაზპრომის წითელი ხალიჩით შემობრძანება საქართველოში; სომხეთზე გამავალი რკინიგზით საქართველოდან ირანზე გასვლა. და ეს რკინიგზა საბოლოო ჯამში, აფხაზეთის მონაკვეთით დაუკავშირდება რუსულ შავიზღვისპირეთის პორტებს და სხვათა შორის იმ ადგილსაც, სადაც პუტინმა სამხრეთის ნაკადის გაზსადენი ჩაუშვა შავ ზღვაში. მაგრამ ჯერ ვერ მოახერხა მისი საბოლოო მიმართულების დადგენა. ამიტომ, გაჩერებული აქვს შუაგულ შავი ზღვის ფსკერზე. თუ ჩვენი დღევანდელი მთავრობა საბოლოოდ გადაჯდება პუტინის გემში, მაშინ ამ უკანასკნელს გაცილებით გაუადვილდება ირანული გამბიტის გათამაშება და ფაქტიურად საქართველო რუსეთის მხარეს ითამაშებს გეოპოლიტიკურ ველზე. მაგრამ, დივიდენდებს ნუ ელით ბატონებო..! დასავლეთის მხარდაჭერასაც საბოლოოდ გამოვემშვიდობებით და რუსეთიც ნახმარი ცხვირსახოცივით გადაგვაგდებს..!

 

გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებისა, ნავთობზე ფასების ვარდნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შეერთებული შტატების მიერ ახლოაღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ დაფაზე მთავარი აქტიორების შეცვლამ. საუდიტებისა და ისრაელის ნაცვლად, მან აქცენტები გადაიტანა სხვა მოთამაშეებზე, რამაც მოახდინა საუდიტების პროვოცირება და მათ ბაზრების შენარჩუნების მიზნით უპრეცენდენტოდ გაზარდეს ნავთობის მიწოდება მსოფლიოს ბაზარზე. თან იმდენად, რომ მოთხოვნა ვეღარ ეწევა მიწოდებას. ეს კი, მე ვთვლი, რომ გამართლებული სტრატეგიაა ბაზრებისა და შემოსავლების შენარჩუნების საქმეში. ზუსტად ამ სტრატეგიის იგნორირება მოახდინა პუტინმა და დაუშვა ფატალური შეცდომა. კრიზისის პირობებში მთავარი შემოსავლები კი არა, ბაზრის შენარჩუნებაა. მან კი ეს სტრატეგიული ფაქტორი თავის ამბიციებში გაცვალა. იზოლაცია სიკვდილის ტოლფასია! ასევე, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ირანის ენერგორესურსების მსოფლიო ბაზარზე გამოსვლის მოლოდინმა (და არა რეალურმა გამოსვლამ) მსოფლიო ფასები თითქმის ერთი მესამედით დააგდო. თანამედროვე ბაზარი ხომ პრაქტიკულად მოლოდინების ბაზარია.

 

და ბოლოს: თუ, შეერთებულ შტატებში დემოკრატებს უნდათ ხელისუფლების შენარჩუნება, არჩევნებამდე ისინი ინტენსიურად გააგრძელებენ ენერგორესურსებზე ფასების დაწევის პოლიტიკას. რამეთუ, რესპუბლიკელები ძლიერდებიან მაშინ, როცა მდიდრდებიან და ძლიერდებიან მათი მთავარი მომხრეები და სპონსორები - ნავთობმომპოვებელი მაგნატები. ამიტომ, დაბალი ფასები რესპუბლიკელების დასუსტების ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია დემოკრატების ხელში. რად ღირს თუნდაც შტატების ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნის და გაყიდვის გადაწყვეტილება. არა მიმდინარე მარაგების, არამედ სტრატეგიული მარაგების. ამ გადაწყვეტილებით ეს მარაგები 8%-ით უნდა შემცირდეს. შეიძლება ეს ოპერაციები არ იყოს კოლოსალური მოცულობის ღირებულების, მაგრამ, განცხადებაც კი, რომ შტატები აპირებენ ამ მარაგების გაყიდვას უზარმაზერ ზეგავლენას ახდენს მსოფლიო ბაზრის მოლოდინებზე.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია