საქართველო, რუსეთი, პოზიციები - ინტერესები... ნატაშა...

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-11-2015, 01:10 | პოლიტიკა | ნანახია - 2371

საქართველო, რუსეთი, პოზიციები - ინტერესები... ნატაშა...

 

გიგი კუბლაშვილი

 

და ისევ საერთაშორისო ურთიერთობები, ეს არის ქვაკუთხედი და გაგრძელება ჩვენი ქვეყნის, უკიდურესად წარუმატებელი საშინაო პოლიტიკისა, რომელიც იმთავითვე, დღევანდელმა დე-ფაქტო ხელისუფალმა, ეფექტურად და მომავალზე გათვლილ მოქმედებებად მოგვყიდა და დღემდე ამას გვიმეორებს.

 

მოლაპარაკებები კომპრომისებს ეფუძნება, კომპრომისები ინტერესებს, მარტივად რომ ვთქვათ მომლაპარაკებელ მხარეებს ესაჭიროებათ ურთიერთგაგება, რომელიც დაეფუძნება ინტერესების სიღრმისეულ აღქმას და შესაბამისად ურთიერთდათმობას.

 

შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები, მრავალსვლიანი, გათვლილი კომბინაცია ან კომბინაციების ერთობლიობაა, რომელშიც ჩართული უნდა იყოს, თუ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი მთელი სახელმწიფო. თუმცა, მანამ სანამ ჩაერთვები ამ თამაშში, წინასწარ უნდა გესმოდეს, გრძნობდე და ხედავდე რისკენ მიდიხარ და რა არის შენი მინიმუმი ან მაქსიმუმი ამ ლაბირინთებში.

 

ზოგიერთები, წინა ხელისუფლებას ბევრ ცოდვაში სდებენ ბრალს, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ ერთერთი პირველი ვიზიტი პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის ფედერაციაში განახორციელა, მაშინ ამას ბევრი მინუსადაც კი უთვლიდა, თუმცა წინა ხელისუფლებამ მართლაც ცდა არ დააკლო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას. წინა ხელისუფლებას გაცნობიერებული ჰქონდა რუსეთის გადაჭარბებული ამბიციები მსოფლიოში მისი ძალისა და გავლენის თაობაზე და ამის გათვალისწინებით მაინც განხორციელდა მცდელობა შეთანხმებისა, რაც პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი გახლდათ. არ გამოვიდა, ვერც გამოვიდოდა, რადგან პრობლემა არ არის საქართველოში, პრობლემა არის რუსეთში, რომლისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ძლიერი ქართული სახელმწიფო, უფრო სწორად ზოგადად ქართუული სახელმწიფო, ეს დევს მის კარმულ კოდში, რომელიც ყველა მონაცემებით მალე შეიცვლება ან დაინგრევა, რადგან არაფერი არ არის მუდმივი და ცხადია არც დიდი რუსული-საბჭოთა იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებული დღევანდელი კვაზი იმპერია, ჰოლანდიის ბიუჯეტით.

 

ეს შესავალი მეგობრებო უფრო მეტად დღევანდელი ხელისუფლებისთვის და მათ უნაკლობაში დარწმუნებული მიმდევრებისთვის დამჭირდა.

 

ამჟამად, საქართვლო - რუსეთის ურთიერთობებში შემდეგი სურათი და შედეგები გვაქვს;

 

ეკონომიკური ურთიერთობები: ასეულ მილიონობით ვალი, რუსეთში წაღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა, რომელიც დღემდე გაუსტუმრებელია რუსული კომპანიების მხრიდან. პერსპექტივები - ბუნდოვანი და გაუგებარი განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მართვადი - პოლიტიკური ეკონომიკა, სანქციებში და გაიაფებული ენერგომატარებლების ფონზე ვალებში იხრჩობა.

 

პოლიტიკური დათბობა: ოკუპაციის ზონის გადმოწევა, მოქალაქეების გატაცება და ფულის გამოძალვა, არანაირი კომპრომისი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით, სამაგიეროდ საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს პრობლემატიკაზე საუბარი - თავიდან შემცირდა, საბოლოოდ კი თითქმის გაქრა.

 

შედეგები? კარასინ-აბაშიძის ფორმატი, რომელსაც ხალხში ,,კარასინ -კარასინის“ მოლაპარაკებებს უწოდებენ, თავისი შინაარსით უფრო საფოსტო ურთიერთობების იმიტაციას ქმნის, ოღონდ ქართული მხარე პერიოდულად გვამცნობს, როგორც ამჯერად, რომ საკითხი გადაწყდება რუსეთის ფედერაციაში ქართველი მსჯავრდებულების გათავისუფლების თვალსაზრისით და რუსული მხარე მუშაობს სავიზო ურთიერთობების გამარტივებაზე, ამას ქვია თავის მოტყუება და თავს ლაფის დასხმა. შედეგი ნული.

 

თუმცა შედეგი არის, როგორ არა - აი მგალითად დღეს როდესაც ევროპა, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაც მაქსიმალურად თავისუფლდება გაზ-პრომის მარწუხებისგან, ჩვენ პირიქით ვცდილობთ მათ ჩავეხუტოთ.

 

აქვე რიტორიკული შეკითხვა - ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი ახორციელებს ჩეჩნეთისა და ხევსურეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას, რის შედეგადაც ე.წ. ყვარლის გზის არ იყოს კიდევ ერთი სამანქანო გზა გვექნება სამხრეთ რუსეთთან?

 

რეალური წარმატებები ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ნამდვილად გვაქვს, თუმცა ეს წარმატებებიც არ არის საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებში, რას ვგულისხმობ? ახლავე მოგახსენებთ: რუსული სახელმწიფოსა და რუსეთის რეკლამირება მათ შორის საქართველოს მედია სივრცეში, რაც უკვე ყველანაირ ზღვარს გასცდა. გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ზოგი ნებსით ზოგი კი უნებლიედ ამ უკადრებელ თამაშში ჩაერთვნენ და ახლა გაჩერება უჭირთ.

 

ამჯერად არ ვისაუბრებ იმ ადამიანებზე და იმ ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციებზე, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს შეგნებულად ანგრევენ და ამაში ანაზღაურებას იღებენ, ახლა ვისაუბროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც აყვნენ ამ პროპაგანდას და გაუაზრებლად მტრის წისქვილს დროებით წყალი დაასხეს.

 

მათი ლოგიკა ასეთია: რუსეთი მაინც მოგვერევა, მაინც ერთმორწუნეა, განათლებას იქ მივიღებთ, რუსული ენა ვიცით, რუსეთში ყველა ქალი ჩვენი იყო... აი ეს ბოლო არგუმენტი მუშაობს, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებში, რომლებმაც ვერ შეძლეს თავის პოვნა ახალ რეალობაში.

 

თუ ნებას მომცემთ, ამჯერად ბოლოდან დავიწყებ, რაც შეეხება არგუმენტს ,,ეეხ რუსეთში ყველა ქალი ჩვენი იყო“ - ჩემო ძვირფასო ,,კაზანოვებო“ - ქართველი მანდილოსნები არ მოგწონთ? დავუშვათ გავიგე, თუ მაინცადამაინც სლავ მანდილოსნებზე გაქვთ გართულება, აგერ არ არის 50 მილიონიანი უკრაინა? ან იქვე 15 მილიონიანი ბელორუსი? - შევთანხმდით?

 

რაც შეეხება ,,რუსული ენა ვიცით“ - აღარ იცით ჩემო კარგებო, ან თუ იცით ცუდად, ხომ არ შეგახსენოთ რას ეძახიან რუსები ეგეთებს? შავ -უკანალიანებს... ასე, რომ ჯობია, დამერწმუნეთ, ინგლისურს და ევროპულ ენებს მივაწვეთ და დამიჯერეთ თუ მაინცადამაინც, არც ევროპელი ქალბატონები არიან რუსებზე ნაკლები.

 

განათლების მიღება ევროპაში და ამერიკაში ჯობია, იმედია ამაზე არავინ შემეკამათება, ერთმორწმუნეებმა რაც დღე დაგვაწიეს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში... ვგონებ, არც ეს უნდა საჭიროებდეს დიდ ახსნა-განმარტებას.

 

რაც შეეხება არგუმენტს ,,აზრი არა აქვს მაინც მოგვერევა“ - აი ეს კი ნაღდად სათქმელია, გავიხსენოთ სად იდგნენ საბჭოთა რუსეთის ტანკები სულ რაღაც 25 წლის წინ? შეგახსენებთ, ბერლინში. ახლა სად დგანან? პეტერბურგთან. მილიონი დაღუპული რუსი ჯარისკაცი ფინეთის ომში, 1918-21 წლებში ქართული არმიის კრასნოდარში ლაშქრობა, ამითი მე იმას არ ვამტკიცებ, რომ რუსეთი ადვილი დასამარცხებელია და არც ომისკენ მოვუწოდებ ვინმეს, მაგრამ ესე სიცოცხლესაც აზრი არა აქვს, მაინც გარდავიცვლებით და მაშინ რაზე ვწვალობთ? ეს არგუმენტი ჩემთვის და მილიონობით ჩემი თანამოქალაქისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ იმიტომ არ მოვსულვართ ამ ქვეყანაზე, რომ თავდახრილებმა ვუყუროთ იმას, რაც ჩვენს სამშობლოში და მის გარშემო ხდება.

 

ამიტომ ჩემო მეგობრებო, დებო და ძმებო! დამიჯერეთ, ეს უმძიმესი პერიოდი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ნგრევისა მალე დასრულდება, სხვანაირად შეუძლებელია, მჯერა წინ დიდი გამარჯვებები გველის, მაგრამ ამისთვის საჭიროა კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ გულით, გონებით და ღირსებით ვიმოქმედოთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია