ჰეპატიტი და ჩიპებიანი მასონები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-11-2015, 22:05 | კომენტარები | ნანახია - 2134

ჰეპატიტი და ჩიპებიანი მასონები

 

ზურა ოდილავაძე

 

I. შესავალი

 

C-ჰეპატიტი – მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო-სოციალური პრობლემაა. დაავადებულთა სტატისტიკა საგანგაშოა – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში C- ჰეპატიტის ვირუსით 180 მლნ. ადამიანია დაინფიცირებული, რაც დედამიწის მოსახლეობის 3%-ს შეადგენს! აღსანიშნავია, რომ ამ დაავადებით ინფიცირებულთა რაოდენობა შიდსით დაავადებულებს 10-ჯერ აღემატება.

 

C- ჰეპატიტის გავრცელების სტატისტიკით, საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჩვენ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. C- ჰეპატიტის ვირუსით დაახლოებით 200 000 ადამიანი, ანუ საქართველოს მოსახლეობის – 6,7%-ია ინფიცირებული. ეს რიცხვი დაახლოებით 2-ჯერ აღემატება როგორც დასავლეთის, ასევე, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაჩვენებელს, თუმცა დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია ეგვიპტის მაჩვენებელზე.

 

2014 წლის ივლისიდან С- ჰეპატიტით დაავადებულთათვის ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, განაცხადების მიღება კი 1-ლი თებერვლიდან მიმდინარეობდა.

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დახმარებით ამერიკულ, ,,სოფოსბუვირის“ მწარმოებელ კომპანია ,,გილეადი“-სთან მოლაპარაკებები გამართა. ამ მედიკამენტით სრული კურსის ღირებულება 84 ათასი აშშ დოლარია, თუმცა მწარმოებელმა კომპანიამ საქართველოს პრეპარატი პრაქტიკულად უფასოდ გადასცა.

 

სანამ პაციენტი ამ მედიკამენტის მიღებას დაიწყებდა, საჭირო იყო ზუსტი დიაგნოსტიკა, მათ შორის ამერიკული ,,ფიბროსკანით“ ღვიძლის დაზიანების ხარისხის განსაზღვრა და ვირუსის გენოტიპის დადგენა, სისხლისა და სხვა ზოგადი ანალიზები. მკურანალობის მედიკამენტოზური უზრუნველყოფისგან განსხვავებით, დიაგნისტიკური გამოკვლევები ფასიანი იყო და ამაში მთელი კურსის განმავლობაში პაციენტს დაახლოებით 600-700 ლარი უნდა გადაეხადა.

 

II. რატომ უფასოდ და რატომ საქართველო?

 

მწვავე ინფექციებისგან განსხვავებით, მსოფლიოში ამ დრომდე არც ერთი ქრონიკული ინფექციის ელიმინაცია არ მომხდარა – ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. ,,გილეადი“ ამ სამედიცინო მიღწევის თანამონაწილე უნდა გახდარიყო – სწორედ ამ კომპანიას ჩაეთვლებოდა უდიდეს დამსახურებად თუნდაც ერთ ქვეყანაში ქრონიკული ინფექციის – C- ჰეპატიტის ელიმინაცია. ამასთან, ეს კომპანიის უდიდესი რეკლამაც იქნებოდა.

 

ამ გეგმისთვის საქართველო შემთხვევით არ შერჩეულა. საქართველო პატარა ქვეყანაა დაავადების დიდი გავრცელებით და, იმავდროულად, ჩვენ საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურა გვაქვს და შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმთა ჯგუფიც გვყავს.

 

დასახელებული კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოვლენილიყო დაავადების პრაქტიკულად ყველა შემთხვევა, რასაც, მაგალითად, ეგვიპტეში, ჩინეთსა და ინდოეთში ვერ გააკეთებდნენ, სადაც 10 მილიონზე მეტი C- ჰეპატიტით ავადმყოფია.

 

ეგვიპტეს უარყოფითმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ უფასო მკურნალობასთან ერთად, უნდა დაწყებულიყო პრევენციის, ნაადრევი დიაგნოსტიკის, მონიტორინგისა და ანალიზების ხელმისაწვდომობის პროგრამები. ყოველივე ეს აუცილებელ პირობას წარმოადგენდა, რათა არ გამეორებულიყო ეგვიპტეს მაგალითი. 2008 - 2011 წლებში ეგვიპტეში მკურნალობა 190 000-მა პაციენტმა გაიარა. პროგრამა განკურების 60%-იანი შედეგით დასრულდა. თუმცა, საერთო ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მზარდი იყო, ვინაიდან წელიწადში 100 000 ახალი დაინფიცირების შემთხვევა ფიქსირდებოდა, რამაც პროგრამა პრაქტიკულად ჩააგდო. სადღეისოდ, ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი C ჰეპატიტით დაავადებულთა მხოლოდ 15-16% მკურნალობს.

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული ზომების შედეგად, საქართველოში გამოკვლეულ იქნა ასეულ ათასობით პირი, რომელთა შორისაც მედიკოსებმა 120 ათასი C- ჰეპატიტით ავადმყოფი გამოავლინეს.

 

II. პირადი გამოცდილება

 

სპეციალისტების მონაცემებით, 94%-ში ,,სოფოსბუვირი“ ეფექტურია მკურნალობისთვის და არ ახასიათებს გვერდითი ჩვენებები. მედიკამენტის მიღების კურსი 12 ან 24 კვირა გრძელდება, რაც დაავადების ტიპზეა დამოკიდებული. გარკვეულ შემთხვევაში პრეპარატი ,,სოფოსბუვირი’’ კომბინირებულად, ინტერფერონთან ერთად ინიშნება. ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების დროსვე გადაწყდა, რომ პაციენტებს ინტერფერონითაც მთლიანად საქართველოს მხარე უზრუნველყოფდა. ეს გარკვეული ვალდებულება იყო, რომლის გარეშეც, შესაძლოა, პროგრამა არც დაწყებულიყო. ,,სოფოსბუვირის“ საბაზრო ღირებულება მეტად მაღალია, მაგრამ პაციენტებმა ეს პრეპარატი უფასოდ მიიღეს. ინტერფერონი კი ბიუჯეტს რამდენიმე მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა, ხოლო ავადმყოფებისთვის ის მაინც უფასო იყო.

 

მეც შესაბამისი განცხადებით მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს და ორ-სამ თვეში – 2015 წლის ივლისში კლინიკა ,,ჰეპაში“ გამოვცხადდი, სადაც ექიმ მაკა სვანიძის ხელმძღვანელობით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესს შევუდექი.

 

დასაწყისში მაინც კლინიკას უამრავი პაციენტი მოაწყდა და ამიტომ დიაგნოსტიკური პროცედურების კაბინეტებში, ასე 1 საათიან რიგში ჩადგომა გვიწევდა. მეც ვიდექი, პუბლიკას ვაკვირდებოდი და ვუსმენდი...

 

დგას დაახლოებით ათკაციანი ჯგუფი და მკურნალობის პროგრამაზე ბჭობს...

 

ერთი (,,მართალი“ რწმენის მოლოთო-მონარკომანო ძველი ბიჭის ტიპი): მაგარი პადაზრიტელნი კია, ხო იცი – ამერიკელები და თან უფასოდ... მასონების ჩიპები ხო არ იქნება, ჩემი დედას გეფიცბი?!

 

მეორე (მოდურად გამოწყობილი, საშუალო ასაკის დეიდა – ისიც ,,მართალი“): არაა, ჩიპები გამორიცხულია, ჩიპები ვენაში შეყავთ, ეს კი ტაბლეტებია... ისე, მართალი ბრძანდებით, უფასო მკურნალობა მეტად საეჭვოა...

 

,,ტოტალიტარულ დეიდას“ ყველა ერთხმად ეთანხმება – ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ძირძველი ივერიისა და მისი სულიერების წინააღმდეგ მიმართულ, მუდამ ბოროტ განზრახვებს გმობს...

 

ცივილიზებული სამყაროს, მათი ფასეულობებისა და კეთილშობილური მიზნების დასაცავად, საუბარში მე ვერთვები...

 

მე: კაი რა, რას ერჩით ამ ამერიკას?! – ასიათასობით უიმედო პაციენტს, ყველას ცალცალკე, ასი ათასი დოლარის წამლები უფასოდ ურიგდება!.. ეს ხომ მილიარდების უანგარო ხარჯვასთანაა დაკავშირებული!.. თან განკურნების სრული გარანტიაა!...

 

უხერხული დუმილი ჩამოწვა. ყველა მე მომაშტერდა – განკურნება ყველას ძლიერ სურს, წამლის მისაღებ რიგშიც მედგრად დგანან, მაგრამ ამერიკის შექება უკვე მეტისმეტია! მოკლე პაუზის შემდეგ გამოსავალი ნაპოვნია! სხარტი გონების ,,მართალი“ მამაკაცი ჩემსკენ მოტრიალდა...

 

იმერელი სოკრატე (სუფრის თამადის ღიპიანი ტიპი, მენტორული ტონით): ძამია, ამერიკელი ტყუილად რას მოგცემს, გაგიჟდი?! საკუთარ შვილს აგდებს სახლიდან, ფული, რო არ ახარჯოს და ის შენ მოგცემს რაიმეს უფასოდ?.. კაი რა!

 

პირი, როგორც მქონდა ღია, ისევე დამრჩა – ასეთი მოულოდნელი არგუმენტისთვის მზად ნამდვილად არ ვიყავი... დავდუმდი და ისევ რიგს მივუბრუნდი.

 

P.S.

 

მკურანალობის პროგრამა დღესაც წარმატებით გრძელდება, მე კი კურსი დავასრულე და გამოვჯანმრთელდი, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს, ,,ჰეპას“ კლინიკის ყველა თანამშრომელს, განსაკუთრებით კი მაკა სვანიძეს დიდ მადლობას ვუხდი!...

 

პირველ ყოვლისა, რაღა თქმა უნდა, უდიდესი სითბო და მადლიერების გრძნობა ჩემს გულში ამერიკელებისადმი ბუდობს, მაგრამ ხმამაღლა ამის გამჟღავნება მაინც მიმძიმს... მერე მამაო და მრევლი? ცვედანი მასონებისა და გარყვნილებაში ჩაფლული დასავლეთის ქება?! აჰ, ღმერთმა დამიფაროს!

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია