კაფირის აზრი ე.წ. ქართველ ჯიჰადისტებზე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-11-2015, 22:29 | პოლიტიკა | ნანახია - 2519

 

ნიკა რურუა

 

დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამასწინად სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელზეც ოთხი ავტომატიანი ახალგაზრდა ქართულ ენაზე ჯიჰადისტობას უმტკიცებს მაყურებელს და იმუქრება.

 

ვიდეოს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: ნაწილმა ე.წ. ‘ისლამური სახელმწიფოს’ მხრიდან არსებულ საფრთეებზე დაიწყო ნერვიულობა, ნაწილმა თურქეთის ლანძღვას მიჰყო ხელი, ნაწილმა კი ისლამოფობიის აშკარა ნიშნები გამოავლინა.

 

ანუ, მეტ-ნაკლებად ამ ვიდეოს ჩაწერის იდეის ავტორებმა და მასში მონაწილეებმა ყველა სასურველ მიზანს ერთბაშად მიაღწიეს: დათესეს პანიკა, რომელიც გონებას ბინდავს და ლოგიკურ-რაციონალური მსჯელობისა და აზროვნების უნარს ზღუდავს; დათესეს ჩვენი მეზობლისა და სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის მიმართ უნდობლობა, რომელიც სრულიად ბუნდოვან, კონსპირაციულ ფობიებს ეყრდნობა და გააღვივეს გამაუცხოებელი შიში ჩვენი მუსლიმი თანამოქალაქეების მიმართ, რასაც მხოლოდ გაუცხოება - მათდამი და მათი მხრიდანაც - შეიძლება მოჰყვეს.

 

ტერორისტებისა და მათი მწყემსების მიზანი მიღწეულია! კრიტიკული აზროვნების მწვავე დეფიციტით შეპყრობილი ქართული საზოგადოება ისევ ისევე ყლაპავს შხამიან საკენკს, როგორც ინდაური ყლაპავს სიმინდის მარცვლებს - ხარბად, ნაჩაქრევად და დაუფიქრებლად.

 

მაგრამ, როდემდე?

 

ხომ უნდა ვისწავლოთ როდესმე მტრის მიერ დაგებული კაკანათის ცნობა/დანახვა?

 

უნდა ვისწავლოთ. სხვა გზა არაა.

 

ამიტომ, მოდით მარტივად და ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაზროთ რა ინტერესები შეიძლება ამოძრავებდეს ამ ვიდეოს ავტორებს, მონაწილეებს და ასევე მათ, ვინც ამ ჩანაწერში არ ჩანან, თუმცა მისი შექმნის იდეის ავტორები შესაძლოა იყვნენ.

 

პირველ რიგში, რა შეიძლება აინტერესებდეთ მათ, ვინც მონაწილეობენ ამ კლიპ-საფრთხობელაში? ანუ, რა შეიძლება აინტერესებდეთ ე.წ. ისლამისტებს?

 

ისლამისტების ყველაზე სავარაუდო მიზანია საქართველოში ისლამოფობიის დათესვა იმ მიზნით, რომ ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში მეტი გაუცხოებული მუსლიმი მოქალაქის გადაბირება შეძლონ და მათი საშუალებით საკუთარი შეთხელებული რიგები შეავსონ. როგორც ვიცით, ყოველდღიურად ე.წ. “ისლამური სახელმწიფო”, ან “დაეში”, როგორადაც აწი მას მოვისხსენიებ, ათობით და ხან, ასობით წევრს კარგავს დასავლური კოალიციის წერტილოვანი საჰაერო დარტყმების წყალობით. ამდენად, ისლამისტი რეკრუტერ-გადამბირებლები პერმანენტულად ადამიანური რესურსების ძიებაში არიან, რადგანაც მათ მრავალრიცხვოვან მიმდევართა ნაკადი ესაჭიროებათ, იმისთვის, რომ არსებობა არ შეწყვიტონ.

 

ასევე, საინტერესოა, რა შეიძლება აინტერესებდეს იმ მოთამაშეს, რომელიც ამ ვიდეოში საერთოდ არ ჩანს, მაგრამ ასევე ღიად გვამცნობს, არა სიტყვით, არამედ საქმით ახლო აღმოსავლეთში საკუთარი ინტერესების შესახებ - ანუ, რუსეთს?

 

პუტინის რუსეთის ინტერესი, რომელიც, შეგახსენებთ, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპანტიცაა, მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად მეტი დაძაბულობის ცენტრი შექმნას საქართველოს ტერიტორიაზე და ასეთი ცხელი წერტილების შექმნის შემდეგ პოლიტიკური მანიპულირებით დაკავდეს საკუთარი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. მან ეს საქართველოს ორ ტერიტორიაზე - სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, მოახერხა. მან ეს ვერ მოახერხა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში, თუმცა ამის მცდელობები დღემდე მიმდინარეობს. ამდენად, რუსეთის მიზანია, რომ საქართველოს მხარეები და რაიმე ნიშნით (ამ შემთხვევაში რელიგიური ნიშნით) განსხვავებული თანამოქალაქეები ერთმანეთისგან გააუცხოვოს და ერთმანეთს დაუპირისპიროს, რომ შემდგომ საკუთარი სამხედრო ან პოლიტიკური ჩარევისათვის შექმნას საბაბი. რუსეთისვე მიზანს წარმოადგენს საქართველოში არა მხოლოდ ისლამოფობიის, არამედ თურქოფობიის გაღვივებაც, რომ დაგვაპირისპიროს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, თურქეთთან, რომელიც NATO-ს სახელმწიფოსაც წარმოადგენს, და ამაზე ხელი მოითბოს საქართველოში რაიმე საკუთარი სამხედრო-სტრატეგიული საყრდენის გამოგონებით, როგორიც შეიძლება იყოს ე.წ. რუსულ-ქართული “ანტი-ტერორისტული ცენტრი”, რომელიც სინამდვილეში არაფერი სხვა არ იქნება, თუარა ძლივსგაყვანილი რუსული სამხედრო ბაზების უკან შემობრუნება და ახალი დივერსიულ-სადაზვერვო ბაზის შექმნა ოკუპანტი სახელმწიფოსათვის. ზედმეტია იმის თქმა, რომ ეს სრულიად დაუშვებელია, ისევე როგორც ზემოთჩამოთვლილი სცენარებიდან ნებისმიერი.

 

დასასრულს, ვიტყვი იმას, რომ ამგვარი სატყუარების ყლაპვას, დღევანდელ, ნახევრად კოლაპსირებულ უსაფრთხოების სამხახურებს მომღერლების, პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სხვა “არაკეთილსაიმედოების” დევნის მაგიერ მკაცრი კონტროლი დაეწესებინათ სახელმწიფო საზღვრებზე და ეკონომიურად ჩამორჩენილ იმ რეგიონებზე, სადაც ჩვენს თანამოქალაქეთა ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან გადაბირების მეტი შანსები არსებობს - გავიმეორებ ბანალურ ჭეშმარიტებას მათთვის, ვისაც ის აქამდე არ გაუგია: ტერორისტული ორგანიზაციების რიგების შესავსებად ადამიანთა ყველაზე იოლად გადაბირება სწორედ უპერსპექტივოდ მიჩნეულ, უასპარეზო, მივიწყებულ და არაკეთილმოწყობილ გარემოში ხდება ხოლმე. ამიტომაც აუცილებელია ამგვარი სივრცეების მაქსიმალურად შესამცირებლად გრძელვადიანი ეკონომიკური და სოციალური პროგრამების შემუშავება ჩვენი სახელმწიფოს ხელთ არსებული, საკმაოდ ლიმიტირებული რესურსების სწორად გადანაწილებითა და ხარჯვით. მაგალითად, დღეს შევიტყვე, რომ ჭადრაკის ოლიმპიადის ჩასატარებლად სახელმწიფოს 38.000.000 (!) ლარი გამოუყვია, რაც ბიუჯეტის უპასუხისმგებლო ფლანგვასთან ერთად, დანაშაულებრივი დაუდევრობაცაა - ამ თანხით შესაძლებელი იყო რამდენიმე ძალიან სასარგებლო, გრძელვადიანი სოციალური თუ საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და დანერგვა ეკონომიურად შეჭირვებულ რეგიონებში. მაგრამ, ეს მხოლოდ ოცნების სფეროდან.

 

სასაცილო კი ისაა, “ოცნების” მმართველობის წლებში ნებისმიერი სასარგებლო ინიციატივა სწორედ ოცნების სფეროს რომ მიეკუთვნება.

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია