ნიკა რურუა: "ჩვენი ოკუპანტი ბევრად ვერაგი მტერია, ვიდრე ნებისმიერი ტერორისტული დაჯგუფება"

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-11-2015, 18:50 | პოლიტიკა | ნანახია - 1303

 ნიკა რურუა: "ჩვენი ოკუპანტი ბევრად ვერაგი მტერია, ვიდრე ნებისმიერი ტერორისტული დაჯგუფება"

 

ტერორიზმში გადასული რელიგიური ფანატიზმის აპოგეა. ცივილიზებული სამყაროზე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ და რუსეთის როლი მსოფლიო კონფლიქტებში. თემები, რომელზეც მსოფლიოს ნებიმიერ წერტილში ყველაზე მეტს საუბრობენ და ყველაზე უფრო ანერვიულებთ.

 

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე უმართავ პროცესებს კი ბოლო დღეებში რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების გამწვავება დაემატა. რამაც რუსეთის ანტიტერორორისტულ კოალიციაში ყოფნის კეთილშობილური მიზნები კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა.

 

პუტინის კეთილშობილური მიზნების არასოდეს სჯეროდა ჩვენს რესპოდენტსაც, რომელიც „ჯორჯიან პრესთან“ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების ფონზე საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა რურუა მიიჩნევს რომ, ამ ვითარებაშიც კი, საქართველოსთვის რეალური მტერი ოკუპანტი რუსეთი უფროა, ვიდრე ნებისმიერი დაჯგუფების ტერორისტი.

 

ნიკა რურუა: პირველ რიგში უნდა ვთქვათ რომ, ისლამისტური ტერორიზმი არსებობს რეალურად მაგრამ ასევე არსებობს მისი გამოყენების მცდელობები რუსეთის მხრიდან, ეს ორი რაღაცა ერთმანეთს არ გამორიცხავს. ტერორიზმი, როგორც ფენომენი არსებობს, გამომდინარე ბევრი მიზეზიდან, მათი ჩამოთვლა ახლა შორს წაგვიყვანს. ძირითადი მიზეზებიდან კი გამოსაყოფია, რა თქმა უნდა ეკონომიკური სიდუხჭირე, ასევე ფუნდამენტალისტური გაგება ყურანის და ინტერპრეტაცია ისლამის ფუნდამენტალისტურად, შუასაუკუნეობრივად. ყველაფერი ეს ერთად და რელიგიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება წარმოშობს ტერორიზმს. ამ ყველაფერზე კი ხელს ითბობს რუსეთი, როგორც ღიად ავტოკრატიული სახელმწიფო, რომელიც საფრთხედ აღიქვამს თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს გავრცობას თავის გარშემო. ამიტომ მას უნდა არეულობა იყოს მსოფლიოში ბევრ ადგილას, რათა თავისუფალი სამყარო იქ შეიბოჭოს და მისი რესურსები აღარ დარჩეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დასახმარებლად, როგორიცაა უკრაინა, საქართვველო და ა.შ

 

-თუმცა პუტინს პარიზის ტერაქტის შემდეგ თავად დასავლეთიდან სთხოვეს დახმარება და ანტიტერორისტულ კოალიციაში გაერთიანება ....

 

- მისთვის დახმარება არავის უთხოვია, ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია, სარკოზის და ოლანდის შეხვედრაზე უბრალოდ გამოითქვა მოსაზრება რომ, რაც შეიძლება გაძლიერებულიყო ანტიტერორისტული კოალიციის რიგები.

 

რუსეთი სირიაში კი სხვა მიზნებს ემსახურება, ჩემი აზრით ეს არაა ტერორიზმთან ბრძოლის ინტერესი, ის ცდილობს ასადის რეჟიმი გადაარჩინოს, ის ბომბავს ასადის ოპოზიციას და არა ე.წ. დაეშს, ანუ ისლამურ სახელმწიფოს. ბომბავს ჰუმანიტარულ ტვირთს და ა.შ. შესაბამისად, ამ კოალიციაში რუსეთის ყოფნა კარგი იდეა, არ არის, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა იმით რომ რუსეთმა უკვე მერამდენედ დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია.

 

თურქეთმა დაიცვა თავისი საჰაერო სივრცე და გაუნადგურა მფრინავი საბრძოლო საშუალება რუსეთს. ეს იყო მკაცრი გაფრთხილება ნატოს წევრი ქვეყნის მხრიდან, იმისთვის, რომ ასეთი პროვოკაციული ქმედებები (და ამას აქვს უკვე ტენდენციის სახე რუსეთის მხრიდან) აღკკვეთოს.

 

იგივეს აკეთებს რუსეთი რამდენიმე წლის განმავლობაში ბალტიისპირეთში, ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეებში, ამას აკეთებს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცეებში და ასევე დაუსჯელად აკეთებდა აქამდეც თურქეთში, მაგრამ ამჯერად თურქეთმა პრინციპული პოზიცია დაიკავა და მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა რუსეთს.

 

-მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ამ ეტაპზე არ აპირებს თურქეთთან საომარი კონფლიქტის წამოწყებას, არ მგონია ასე ადვილად აპატიოს მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდება..

 

-პუტინმა პესკოვის პირით უკვე განაცხადა, რომ ის არ აპირებს არანაირ სამხედრო დაპირისპირებას თურქეთთან, ვინაიდან პუტინს კარგად ესმის, რომ ეს ნიშნავს ნატოსთან შეჯახებას, ამ ბრძოლაში კი აუცილებლად დამარცხდება, განადგურდება.

 

ამიტომ ძალიანაც რომ ექავებოდეს ხელები თურქეთზე, ამაზე ვერ წავა. ეს კიდევ ერთი მაგალითია, თუ რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ და უკრაინა ნატოში.

 

პუტინი მხოლოდ ძალის ენას აღიარებს და რუსეთისგან თავდაცვა მხოლოდ შესაძლებელია ძლიერი ძალის მქონე სამხედრო გაერთიანების დახმარებით, როგორიც არის ნატო.

 

-რაც შეეხება საქართველოს უსაფრთხოებას, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში უსაფრთხოების სისტემები გაცილებით მობილიზებულია, იქ ახერხებენ ტერორისტები თავისუფლად გადაადგილებას და აქ ერთიანი უშიშროების კონცეფციასაც კი ვერ ვხედავთ...

 

-„ქართული ოცნების“ წყალობით საქართველო დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით ძალიან სუსტია, არის პარალელური სისტემები შექმნილი, უშიშროების საბჭო, უსაფრთხოების საბჭო, ერთი პრეზიდენტთან, ერთი პრემიერთან არსებული.

 

ერთი-მეორესთან ურთიერთობა არ აქვთ, გაბუტულები არიან. პრეზიდენტი იბარებს მთავრობის წევრებს, ისინი იქ არ მიდიან. მოკლედ, შაპიტოს თეატრთან გვაქვს საქმე, საცირკო სანახაობასთან, ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულია და პირდაპირი პასუხისმგებლობაა დღევანდელი მთავრობისა და მისი არაფორმალური ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის.

 

- ტერორიზმის საფრთხე რამდენად დიდია საქრთველოში? მით უფრო რომ ISIS- ის რიგებში საქართველოდან წასული ახალგაზრდებიც არიან და მუქარას უკვე ქართულ ენაზეც ავრცელებენ...

 

-ჩვენ დიდი ხანია ვართ ანტიტერორისტული კოალიციების მონაწილეები, ამიტომ ყველა ის რისკი რაც არსებობს დასავლეთისთვის, ჩვენთვისაც ბუნებრივია არსებობს და ეს ახალი არაა. კლიპი არ უნდა გახდეს ხალხში პანიკისა და განსაკუთრებით ისლამოფობიის მიზეზი.

 

მიზანი ამ ვიდეოს ავტორებისა, სწორედ ისაა, რომ ხალხში გააჩინონ ირაციონალური შიში ჩვენი მუსულმანი თანამოქალაქეების მიმართ, რასაც მათი გათვლით უნდა მოყვეს ამ ხალხის გაუცხოვება და შემდეგ, ამ გაუცხოებული მოქალაქეებით შეავსონ „ისლამური სახელმწიფოს“ ძალიან შეთხელებული რიგები.

 

ეს მარტივი სქემაა, ამის დანახვა წესით უნდა შეგვეძლოს, ყოველშემთხვევაში „ივერიაში“ ამას ვხვდებით. ამიტომ ამ ერთ ვიდეოზე არ უნდა მოხდეს არანაირი გადამეტებული რეაქცია, არც სხვა მსგავს ვიდეოებზე.

 

ტერორიზმის საფრთხე მსოფლიოში არსებობს, მათ შორის საქართველოშიც მათი მხრიდან, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან მეეჭვება „ისლამურ სახელმწიფოს“ შეეძლოს საქართველოში ტერორისტული აქტების მოწყობა, ჩვენ მეტ საფრთხეს უნდა ველოდეთ რუსეთის ფედერაციიდან, რომელიც რეალურად ხელს ითბობს ახლო აღმოსავლეთის დაძაბულობით.

 

არ მინდა პანიკის თესვა და ამას არ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენი ოკუპანტი ბევრად ვერაგი მტერია, ვიდრე ნებისმირი ტერორისტული დაჯგუფება. თავდაცვა პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება რუსეთისგან და ეს უნდა გავაკეთოთ თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერით, ამას სამწუხაროდ სათანადო დონეზე, მიახლოებითაც კი ვერ ახერხებს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება. ეს არის სუპერპასიური, სუპერდამთმობი და სუპერუპრინციპო მმართველობა. პრობლემის სათავე არის ის, რომ ხელისუფლება ძალიან არაკონპეტენტურია ქვეყნის უსაფრთხოების გადაჭრაში.

 

-გაზრდილი საფრთხეების მიუხედავად ხელისუფლება უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსების გაზრდას არ აპირებს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ახლანდელი დაფინანსება საკმარისი არ არის. რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

 

-მკვეთრად უარყოფითი, მაგრამ კიდევ უარესი მდგომარეობაა საგარეო უწყებაში, რომელიც სასაცილოდ პატარა ბიუჯეტით ფინანსდდება, მაშინ როცა 30 მილიონი ჭადრაკის ოლიმპიადისთვის გამოყო მთავრობამ. ეს არის სასაცილო და დანაშაულებრივი მფლანგველობა ხელისუფლების მხრიდან.

 

საგარეო უწყება ამ წუთას ამ ბრძოლაში ერთ-ერთ მოწინავე ხაზზეა, დიპლომატია ჩვენი არანაკლებად მნიშვნელოვანი იარაღია, ვიდრე შეიარაღებული ძალები. იმიტომ რომ საერთაშორისო მხარდაჭერა ხორციელდება სწორედ დიპლომატიის აქტიური მუშაობის შედეგად. ეს უწყება დღეს არასათანადოდაა დაფინანსებული, არასათანადოდ დარაზმული და არასათანადოდ ინსტრუქტირებული. საელჩოები ძალიან პასიურები არიან, ეს დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ყურადღების შესუსტებაში აისახება.

 

- პარიზის ტერაქტებმა, დასავლეთში გაზრდილმა ტერორიზმის საფრთხემ, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების გზაზე?

 

- არამგონია რომ ასე მარტივად მოხდეს, ეს პროცესია და თავისით წინ არ წავა. არავინ ძალით არსად არ შეგვათრევს, თუ ჩვენ ძალიან სერიოზულად არ ვიმუშავებთ ამაზე, პირველ რიგში ყველა საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრობს. ჩვენც უნდა ვიფიქროთ ჩვენს უსაფრთხოებაზე, რაც კონკრეტულად ძლიერი იქნება მაშინ თუ გავხდებით თავისუფალი სამყაროს წევრი. პირველ რიგში ნატოსი და შემდეგ უკვე სასურველია ევროკავშირის.

 

ავტორი: მაკა დეკანოსიძე, "ჯორჯიან პრესი"

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია