მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მოსალოდნელი ახალი ეტაპი და გლობალური ფინანსური სისტემის გადაფორმატების აუცილებლობა, მოლოდინები და შანსები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-11-2015, 14:38 | ეკონომიკა | ნანახია - 2167

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მოსალოდნელი ახალი ეტაპი და გლობალური ფინანსური სისტემის გადაფორმატების აუცილებლობა, მოლოდინები და შანსები

 

დავით ნებიერიძე

 

ერთი შეხედვით, 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, თითქმის ყველასთვის მოულოდნელი მოვლენა იყო. მოულოდნელობის ეფექტის მიუხედავად, ამ პერიოდში დაწყებული ეკონომიკური რყევები, სიღრმისეული მიზეზებით იყო გამოწვეული. კრიზისი, დიდი ხნის მანძილზე მწიფდებოდა და ბომბივით აფეთქდა, როდესაც უდიდესმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა ჩამოშლა დაიწყეს. სწორედ აქ გამოჩნდა გლობალიზაციის არსებული ხარისხი. პლანეტის ერთ ნახევარსფეროში დაწყებული ძვრები, მყისიერად აისახა მთელს ფინანსურ სისტემაზე. „პეპლის ეფექტი“ არა მხოლოდ დროში, არამედ სივრცეშიც არის აქტუალური.

 

აღნიშნული მოვლენის გათვალისწინებით, ნებისმიერი მარგინალური ძალისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ გლობალიზაცია კი არ მოდის ჩვენთან, არამედ, გლობალური სამყარო, უკვე შემდგარი ფაქტია! ამის მიუხედავად, მარგინალები მოგვიწოდენებ, რომ საკუთარი იდენტობის გადასარჩენად უნდა შევებრძოლოთ გლობალიზაციის პროცესს.

 

ჩვენი ამოცანა არის რეალობის ადექვატური შეფასება და იმის გათვითცნობიერება, რომ საქართველო დიდი ხანია გლობალური სამყაროს განუყოფელი ნაწილია. ჩვენი საზოგადოების, როგორც მენტალური ისე მატერიალური პრობლემები ძირითადად გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ჩვენი მოქალაქეების პიროვნული უნარჩვევები და ფასეულობები ჯერ კიდევ ვერ მოდიან სრულ თანხვედრაში გლობალურ და ცივილიზებულ სამყაროში საყოველთაოდ აღიარებულ ფუნდამენტურ ფასეულობებთან, რასაც მრავალი მიზეზი განაპირობებს. სხვა დანარჩენთნ ერთად, აღნიშნულ პრობლემას ისტორიული ასპექტიც გააჩნია, რაც გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის, რუსეთთან 200 წლიანი თანაცხოვრების პერიოდში დაგროვილი ნეგატიური გამოცდილებიდან, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს.

 

მიმდინარე გლობალურ პროცესებში, დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, როგორც მინიმუმ არარაციონალურია. მითუმეტეს ისეთი პატარა ნავისთვის, რომლის შესაძლებლობები არაადექვატურია დინების საწინააღმდეგოდ ცურვისთვის. ისმის მთავარი კითხვა მარგინალური ძალების მისამართით: რატომ უნდა ვიცუროთ დინების საწინააღმდეგოდ? გეშინიათ, რომ გავქრებით? ამ შემთხვევაში ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ვერ ვივარგეთ და ვერ შევძლებთ თანამედროვე სამყაროში ადაპტირებას, მართლაც გავქრებით. თუ ჩავიკეტებით და იზოლაციის გზას ავირჩევთ, აუცილებლად გავქრებით. თუ რუსეთის ნავში ჩავსხდებით, უფრო მალე გავქრებით! მხოლოდ მაშინ გადავრჩებით, თუ კონკურენტუნარიანები გავხდებით და გლობალურ ფერხულში წარმატებით ჩავერთვებით. თუ ასპარეზობაში გავძლიერდებით და დავხვეწავთ, როგორც ჩვენს უნარჩვევებს, ასევე შევისისხლხორცებთ ცივილიზებული სამყაროს ფასეულობებს. თუ ძალიან მოვინდომებთ მწვერვალების დაპყრობას, ამას მხოლოდ დაუღალავი შრომით შევძლებთ! მეცნიერული რევოლუცია გამიგია, კულტურული რევოლუციაც გამიგია, მაგრამ რევოლუციური ეკონომიკა არც გამიგია და ნურც ნურავის გექნებათ ჯადოსნური ჯოხის ან მხსნელის გამოჩენის იმედი. მხოლოდ ყოველდღიური შეუპოვარი შრომა და პიროვნული ზრდა ახდენს სასწაულებს.

 

ყოველივე ზემოთ თქმულის თვალსაჩინო მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები. რეიგანმა ერთხელ თქვა: „ამერიკელებს გვინდოდა შევცვლილიყავით და შედეგად შევცვალეთ სამყარო“! გარდა ამისა, ყველასთვის ცნობილი ისტორიული მაგალითიც მინდა მოვაყოლო ამ ფრაზას: როდესაც ამერიკის დემოკრატიის მამებმა შეერთებულ შტატებს ჩაუყარეს საფუძველი და გადაწყვიტეს პიროვნების თავისუფლებაზე და თანასწორობაზე აეწყოთ ქვეყანა, მაშინ შეერთებული შტატების მოსახლეობა სამ მილიონსაც კი არ შეადგენდა. ეკონომიკური პოტენციალით კი საერთოდ არ ჩანდნენ მსოფლიო რუკაზე. ალბათ ძნელი არ არის იმ დასკვნამდე მისვლა, რომ შეერთებული შტატები ზესახელმწიფოდ და მსოფლიოს ლიდერად სწორედ ამ ფასეულობებმა გადააქცია. ნურავინ იფიქრებს, რომ განსაკუთრებული თვისებები გამოარჩევდა ამერიკელებს სხვებისაგან. ნურავინ იფიქრებს, რომ რიგით ამერიკელს ორის ნაცვლად, სამი ხელი ჰქონდა და იმიტომ შექმნა ყველაზე დიდი დოვლათი. ყეველაფერი განაპირობა თანასწორმა, თავისუფალმა და კონკურენტულმა გარემომ. მძლავრ ინსტიტუციებზე დამყარებულმა მმართველობამ და ძალაუფლების სწორედ განაწილებამ. სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში აფსოლუტურად საპირისპირო პროცესები მიმდინარეობს და „ოცნების“ მმართველობა ტიპიურ ჯამაჰირიად იქცა. ეს კი უმოკლესი გზაა ჩიხისაკენ.

 

როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ამოცანის ამოხსნაში წარმატების მისაღწევად, პირველ რიგში საჭიროა ზუსტი და ადექვატური ანალიზი. ამის ხარჯზე ყალიბდება სათანადო მოლოდინი. ჩვენ გვმართებს შევქმანათ ისეთი სისტემა, რომელიც მოგვცემს მოვლენების განვითარების ადექვატური პროგნოზირების საშუალებას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს იმედგაცრუებას. ასეთი მიდგომით, ნიჰილიზმი ვეღარ ჩაანაცვლებს მიზანდასახულობას და უკეთესობისკენ სწრაფვის სულისკვეთებას. სწორედ ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია გლობალური ეკონომიკური პროცესების სწორი ანალიზი, შეფასება და ჩვენი ეკონომიკური პრიორიტეტებისა და მიმართულებების მათზე მორგება, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი შრომის ოპტიმალურობის ხარისხი.

 

მსოფლიო ეკონომიკას დღეს ჰყავს ორი მთავარი მამოძრავებელი ძალა და აქტორი - ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. ეს განპირობებულია არა მხოლოდ იმით, რომ ეს ქვეყანები საკუთარი ეკონომიკის სიდიდით ლიდერები არიან, არამედ მათი ეკონომიკების შინაარსით, რომლებიც გლობალურ ეკონომიკაში ავსებენ და აბალანსებენ ერთმანეთს. ამ თემას ცოტა ქვემოთ გავშლი და შეძლებისდაგვარად გასაგებს გავხდი მკითხველისთვის, თუ რას ვგულისხმობ, როდესაც აშშ-ს და ჩინეთის ეკონომიკების ურთიერთ შევსებაზე ვსაუბრობ.

 

თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის მთავარ აგრეგატს, უკვე ასი წელია წარმოადგენს გლობალური მსოფლიოს ფინანსური სისტემა, რომელიც მოქმედებს მკაცრად განსაზღვრული კანონებით და პრინციპებით. ამიტომ, ძირითადი ყურადღება ზუსტად ამ სეგმენტს მინდა დავუთმო.

 

მსოფლიოში ფინანსური ვითარების დღევანდელ ეტაპს თამამად შეიძლება ვუწოდოთ გლობალური გადაფორმატების ეპოქა. შესაბამისად, ისმის კითხვა: რითია გამოწვეული ეს პროცესები და რამდენად აქტუალურია ის დღევანდელ რეალობაში?

 

დღემდე მოქმედ ფინანსურ სისტემას და მისი ფუნქციონირების პრინციპებს, სათავე ჩაეყარა მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა. შემდეგი ნაბიჯი იყო ბრიტენვუდის კონფერენციაზე მიღწეული შეთანხმებები, რომელთა ხარჯზეც მსოფლიო ეკონომიკის სტიმულირების მთავარი ინსტრუმენტი გახდა სავალუტო ემისიები. სწორედ აღნიშნული შეთანხმების შედეგად დაიწყო სავალიუტო ემისიების მიზანმიმართულად განხორციელება საბანკო სისტემის გასაძლიერებლად. კონფერენციამ, ასევე საფუძველი ჩაუყარა იმ მთავარ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა ძირითადი ფუნქიაც იყო და დღემდე არის სავალუტო ემისიების რეგლამენტირება - სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია! ასეთი გლობალური ფინანსური და ეკონომიკური პროცესები, კიდევ უფრო გააქტიურდა წინა საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, როცა ისტორიაში პირველად დაიწყო მოთხოვნის საკრედიტო სტიმულირება. ანუ, კრედიტების მაქსიმალურად და მიზანმიმართულად გაცემა, რაც პირდაპირ ახდენდა ბაზარზე მოთხოვნის ზრდას და შესაბამისად ეკონომიკის სტიმულირებას. ამ სისტემის საბაზისო პირობა არის გარემოება, რომელიც სისტემის შეუფერხებლად მუშაობის პერიოდში ახდენს კრედიტების ღირებულების განუხრელ და თანმიმდევრულ შემცირებას. ძალიან მინდა, რომ ამ გარემოებას მიაქციოთ ყურადღება და მუდამ გახსოვდეთ! მაგალითისათვის გეტყვით, რომ 80-იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთაბული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის რეფინანსირების განაკვეთი შეადგენდა 19%-ს, ხოლო 2008 წლის ბოლოსკენ, იგივე მაჩვენებელი 0%-ს გაუტოლდა. აი ზუსტად აქ გაუჩნდა ბზარი მოცემული სისტემის ფუნქციონირების ეფექტურობას. ანუ, სისტემამ ამოწურა საკუთარი რესურსი. მსოფლიო საფინანსო სისტემა დადგა ახალი რეალობის წინაშე, რომლის შეცვლას სჭირდება საფუძვლიანი გადაფორმატება!

 

2008-2014 წლებში შექმნილ ახალ მოცემულობას, სტაბილურობის ფარგლებში ინარჩუნებდნენ მხოლოდ ეფექტური აქტივების შექმნის ხარჯზე. ამ პერიოდში, სავალუტო ემისია ხორციელდებოდა ინფლაციის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე. უბრალოდ, შეიცვალა ფულადი მასის სტრუქტურა. ანუ, ფულადი მასა, რომელიც ემსახურება ფინანსურ ბრუნვებს არ შეცვლილა, თუმცა, საკრედიტო მულტიპლიკატორი დაეცა ოთხჯერ - 17-დან 4-მდე! შესაბამისად, ნაღდი ფულის მასა გაიზარდა 0,8 ტრილიონიდან 3,3 ტრილიონამდე. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ამ მექანიზმმაც ამოწურა თავისი ეფექტურობის რესურსი. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემი აზრია, რომელიც ბევრი ფინანსისტისთვის შესაძლოა საკამათოც იყოს.

 

ისევ მივუბრუნდეთ ანალიზის ჯაჭვს და გადავიდეთ სავარაუდო შედეგებზე. ამგვარი რეალობა, პირველ რიგში ნიშნავს, რომ ინფლაციის გარეშე შეუძლებელი გახდა მოთხოვნის სტიმულირება. მოცემული დროის მონაკვეთში, ეკონომიკის ზრდა ძირითადად კრედიტების ზრდისა და მოსახლეობაში დაგროვილი ფულადი რესურსების შემცირების ფონზე მიმდინარეობდა! ზუსტად ამ მოცემულობიდან არის გამოწვეული რუსეთის ხელისუფლების კონვუსიული მცდელობა, რაც ინფლაციის მაქსიმალურ ზრდაში გამოიხატება, რათა ოდნავი შვება მაინც მისცენ საკუთარ ეკონომიკას. ნურავინ იფიქრებს, რომ მაღალი ინფლაციური მაჩვენებლები მხოლოდ შედეგია. პირიქით, ეს რუსეთის ხელისუფლების მიზანია! იგივე მცდელობა აქვს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასაც, მაგრამ, მათ იმდენად გააღარიბეს მოსახლეობა და ისეთი ეკონომიკური რეალობა შექმნეს, რომ ეკონომიკის სტიმულირების ამ მოკლევადიან ინსტრუმენტსაც კი ვერ იყენებენ. ზუსტად ამ მცდელობებს უკავშირდება ლარის დასუსტება და არა ეროვნული ბანკის საბოტაჟს. პირიქით, ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი გააკეთა, რომ მმართველ გუნდს ვერ მიეღო პოლიტიკური დივიდენდები მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბების ხარჯზე, რაც პირდაპირ არის დამოკიდებული ლარის კურსზე და ინფლაციის დონეზე. ეროვნულ ბანკს, ქვეყნის ეკონომიკისთვის ფუნდამენტური პრობლემების შექმნა რომ სდომოდა, მნიშვნელოვნად განსხვავებულ და გაცილებით ქმედით ღონისძიებებს გაატარებდა, რასაც საერთოდ ვერ შეამჩნევდა ჩვენი გაუნათლებელი მთავრობა. ამ საკითხს მე ცალკე სტატიას მივუძღვნი. ეს არის მეთოდი, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნებოდა ეროვნული ბანკის მიმართ დღევანდელი მთავრობის მოთხოვნებთან და შედეგები იქნებოდა მომელტალური და დამანგრეველი. მთავრობის მოთხოვნებთან თანხვედრაში იმიტომ არის, რომ მათი ცოდნა და კვალიფიკაცია განაპირობებს აბსოლუტურად მცდარ წარმოდგენებს და მეთოდებს მაკროეკონომიკურ მენეჯმენტში. ანუ, გამოწვეულია ხელისუფლების სიბეცით. მომიტევეთ, მაგრამ ამ ინტრიგას შემდეგი სტატიისთვის შევინახავ!

 

ასეთ მოცემულობაში, მე მაინც ვთვლი, რომ მსოფლიო ეკონომიკას გარდაუვლად ელოდება, მიმდინარე ეკონომიკური ზრდის სერიოზული ვარდნა და ზოგადად მსოფლიო ეკონომიკის შემცირება, რადგან აღარ მუშაობს მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტიმულატორი - მოთხოვნის ზრდა დაკრედიტების ხარჯზე. მაგალითად, დღევანდელი ვითარებით ევროკავშირში მოსახლეობის მოხმარება დაახლოებით 20%-ით მეტია მოსახლეობის შემოსავლებზე. ამასთანავე, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ის გარემოება, რომ მსოფლიოს მაშტაბით პრაქტიკულად გაჩერდა ინვესტიციები.

 

აქ კი მინდა დავაზუსტო, რათა არ მოხდეს ჩემი სიტყვებით სპეკულირება. მსოფლიოში თავისუფალი ფულადი რესურსები კი არ გამოილია, არამედ პირიქით! ფული ძალიან ბევრია, მაგრამ, ის აღარ გარდაისახება ინვესტიციებში. ყოველ შემთხვევაში იმ მოცულობებით, რომ აღნიშნულმა გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს რეალობაზე. ინვესტიციის არსი ხომ ინვესტირებული ფულადი რესურსების მოგებით დაბრუნებაშია. თუ ინვესტიციების დაბრუნება არ ხდება, და არ ხდება ძირითადად იმიტომ, რომ ვეღარ ხდება მოთხოვნის სტიმულირება, არ იზრდება მოთხოვნა, მაშინ ინვესტირება არაეფექტური ხდება და სისტემა ჩერდება!

 

ამ მოცემულობაში, სრულიად ადექვატურად, შეერთებული შტატების ფინანსურმა წრეებმა დაიწყეს განვითარებადი ეკონომიკებიდან და ბაზრებიდან საინვესტიციო ფულადი მასების, უკან სამშობლოში გადაქაჩვა. ეს კი განსაკუთრებით დამაზიანებელია განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნებისთვის, რომელთა რიცხვს პოსტსაბჭოთა ქვეყნები და მათ შორის საქართველოც მიეკუთვნება. ეს გარემოება, კიდევ იმით ამძიმებს პოსტსაბჭოთა სივრცის ეკონომიუკურ ვითარებას, რომ ამ ქვეყნებში, არ არსებობს ინვესტიციების შიდა სისტემა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ ვალუტებს. მაგალითად არ არსებობს გრძელვადიანი დაკრედიტება ლარში, რუბლში ან ტენგეში. არ არსებობს ამგვარი ინვესტიციების განხორციელების მექანიზმებიც კი, არამცთუ სურვილი და მზაობა! ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ამ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებისთვის. არსებული პერსპექტივებიც კი უაღრესად პესიმისტურად მეჩვენება ისეთი არაეფექტური ხელისუფლების ხელში, როგორიც გვყავს „ქართული ოცნების“ სახით. მათთვის ხომ მთავარი და ერთადერთი ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია, ხოლო, ინვესტიციების მიმღები და მომხმარებელი, მხოლოდ ხელისულების წევრები! ამიტომ, ამ ხელისუფლების მაკროეკონომიკა სოლოლაკის მიდამოებითაა შემოფარგლული. გაცილებით უარეს ვითარებაშია რუსეთი, რომელიც საერთაშორისო სანქციების გარდა, თავად დაადგა თვითიზოლაციის გზას. ეს კი პირველ რიგში ნიშნავს ინვესტიციებზე და ეკონომიკის მთავარ სტიმულატორებზე უარის თქმას. ანუ, საკუთარი ხელით მოიჭრეს ტოტი რომელზეც ისხდნენ! ამიტომ, მსოფლიო კრიზისის გადავლამდე და გლობალური ფინანსური სისტემის გადაფორმატებამდე, ნუ გვექნება იმედები საინვესტიციო ბუმთან მიმართებაში. რესურსები ქვეყნის შიგნით უნდა ვეძებოთ და ეკონომიკური მენეჯმენტი მთლიანად ავაგოთ ოპტიმიზაციის ამოცანებზე. ამისთვის კი პირველ რიგში საჭიროა სწორი საბიუჯეტო პოლიტიკის წარმოება, რაც უკვე წარმოუდგენელია დღევანდელი ხელისუფლების პირობებში და მითუმეტეს წინა საარჩევნო პერიოდში.

 

აი ახლა კი მინდა მივუბრუნდე ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთდაბალანსების თემას, როგორც მსოფლიო ეკონომიკის მთავარ ლოკომოტივებს. ფაქტია, რომ კრიზისი დაიწყო ჩინეთშიც და ეს ლოგიკურია. ჩინეთის ეკონომიკა და მისი მოქმედების პრინციპები, დღევანდელი მოცემულობით, შტატების ეკონომიკის საპირისპიროა. თუ შტატებში მოსახლეობის ხარჯები წელიწადში 3 ტრილიონი დოლარით აღემატება მათ შემოსავლებს, ჩინეთში პირიქით - ჩინეთის მოსახლეობას წელიწადში 2 ტრილიონი დოლარით ნაკლები შემოსავლები აქვს ვიდრე საჭიროა ჩინეთში წარმოებული საქონლის შესასყიდად. ანუ, ჩინელები უშვებენ 2 ტრილიონით მეტს, ვიდრე შეუძლიათ იყიდონ. ხოლო, ამერიკელები ყიდულობენ 3 ტრილიონით მეტს, ვიდრე ქმნის ქვეყანა. ლოგიკურად, უმჯობესია იყო შტატების მოქალაქე, ვიდრე - ჩინეთის (მომკალით და არ მესმის, რატომ უნდა ზოგ ქართველს იყოს რუსეთის მოქალაქე!?). მაგრამ, მსოფლიო ეკონომიკაში ეს ორი მოცემულობა აკომპენსირებს ერთმანეთს. მსოფლიო, რომ არ იყოს გლობალური, ორივე ქვეყანა ჩამოიშლებოდა! ამიტომ, მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ამ ორ ქვეყანას ისე სჭირდება დღეს ერთმანეთი, რომ ერთმანეთის დაზიანებას იგივე ეფექტი ექნება, რაც სიამის ტყუპების ერთმანეთში ჩხუბს! ეს რეალობა შენარჩუნდება მანამდე, ვიდრე შეერთებული შტატები არ გადაჭრის ახალი ფინანსური სისტემის შექმნის პარადიგმას, არსებულის საფუძვლიანი გადაფორმატების გზით! ჩინეთს სპეციალურად არ ვანიჭებ ამ როლს, რამეთუ, მისი პოლიტიკური და ზოგად საკაცობრიო ფასეულობების პრობლემების გამო, რაიმე ახალის, თან გლობალური შედეგების მომტანის შექმნა არ შეუძლია და ის, ყოველთვის შეეცდება ოპტიმალურად მოერგოს ნებისმიერ ახალ რეალობას, რომელსაც ქმნის ცივილიზებული სამყარო. მოერგოს და არა მოირგოს! ამაშია მთავარი სხვაობა ჩინეთსა და რუსეთს შორის. გაკვრით რუსეთსაც შევეხები და ვიტყვი, რომ ის პრაქტიკულად ამოვარდა გლობალური ეკონომიკის ჯაჭვიდან. მისი ზეგავლენა პოზიტიური კუთხით ფაქტიურად ნულის ტოლია. ბოლო ერთ წელიწადში, მისი ეკონომიკა ფაქტიურად განახევრდა. ასეთი რამ მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ დაემართა საბჭოთა კავშირს. ზუსტად ამ მოცემულობის ჭრილში, უაღესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ბაზარზე ენერგო რესურსების ღირებულების რადიკალურ შემცირებას და ტექნოლოგიების მკვეთრ განვითარებას. ზუსტად ამ ორი ფაქტორის მოქმედება გაზრდის წარმოების პროცესში დამატებული ღირებულების ზრდას, რაც თავის მხრივ შეეშველება მსოფლიო ეკონომიკას მოთხოვნის სტიმულირებაში. ძირითადად, ამ მიზნებით არის გამოწვეული ნავთობზე ფასების მკვეთრი და განუხრელი ვარდნა. დანარჩენი კი გეოპოლიტიკის ფაქტორებია. ანუ, პირველხარისხოვანი ამოცანაა დამატებული ღირებულების შეძლებისდაგვარად გაზრდა თვითღირებულების მკვეთრი შემცირების ხარჯზე! იგივე სქემით უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენც, როცა ვიმსჯელებთ საქართველოს ეკონომიკის მომავალზე.

 

ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო დოლარის მნიშვნელობასაც მსოფლიო ეკონომიკაში და მის მომავალს. სამწუხაროდ გაიზარდა იმ სუბიექტების რიცხვი, რომლებიც რუსული ინტერესების დაცვისა და გატარების მიზნებისათვის აანონსებენ დოლარის როლის დაკნინებას მსოფლიო ეკონომიკაში. შეფასებისთვის, სულ მცირე, მათ უბრალოდ არასათანადო განათლება აქვთ, ან უბრალოდ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ, რომელიც მოდის მოსკოვიდან.

 

ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური სიძლიერის მთავარი ფაქტორი არის დოლარის, როგორც მსოფლიო ვალუტის სტატუსი. თუ ვინმე მოინდომებს ამერიკის დანგრევას, მან უნდა შეარყიოს დოლარის აღნიშნული სტატუსი და დაანგრიოს შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა. ანუ, დოლარის, როგორც ანგარიშსწორების მთავარი ვალუტის სტატუსი მსოფლიოში. მაგრამ, აქ „მოჯადოებულ წრესთან“ გვაქვს საქმე. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ დოლარისთვის ამ სტატუსის წართმევა კატასტროფაა აბსოლუტურად ყველა გეოპოლიტიკური აქტორისთვის. რამეთუ თითეული მათგანი ამ სისტემის შემადგენელი ნაწილია და კატასტროფა არცერთს არ აუვლის გვერდს. ამგვარი სცენარი რამოდენიმე საუკუნით უკან დასწევს მთელ ცივილიზაციას და უაღრესად დააქვეითებს ნებისმიერი ადამიანის მატერიალურ კეთილდღეობას. სხვათა შორის, იმათ კეთილდღეობასაც კი, ვისაც თითქოს დასაკარგიც არაფერი აქვს. ამიტომ, შეერთებული შტატების ნებისმიერი მტერიც კი იძულებულია ხელი შეუწყოს ამ სისტემის შენარჩუნებას.

 

მოდით მოკლე რეზიუმე გავუკეთოთ დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკის მთავარ ამოცანას: შრომის დაყოფის პირობებში, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს მწარმოებლური რისკები და მოხდეს ემისიური შემოსავლების ეფექტური გადანაწილება, რომელიც იქმნებოდა მსოფლიო ეკონომიკაში 2015 წლამდე. გარდა ამისა, ხაზი მინდა გავუსვა კიდევ ერთ გლობალურ ფაქტორს: გამომდინარე იქედან, რომ უაღრესად გართულდა საინვესტიციო ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოგების მიღება მათი პირდაპირი ფუნქციების განხორციელებიდან და ისინი ვეღარ ახერხებენ ემისიური შემოსავლების ეფექტურ გადანაწილებას, ეს ინსტიტუტები უახლოეს მომავალში ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. რამეთუ, სავსებით რეალურია მათი ზარალზე გასვლის საშიშროება. ახლა წარმოიდგინეთ რამხელა დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი, თუ საჭირო გახდება ამ ინსტიტუტებში ფულის შემომტანი სუბიექტებისთვის ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება! 2008 წლის კრიზისის დროს, ამგვარმა ვალდებულებებმა კინაღამ დაასამარა მთელი გლობალური ეკონომიკა და მეორე, ასეთ დარტყმას შეიძლება ვეღარ გაუძლონ ამ ფინანსურმა ინსტიტუტებმა, ხელისუფლებების აქტიური ჩარევის მიუხედავადაც!

 

ზუსტად ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ერთმა საკმაოდ კვალიფიციურმა ფინანსისტმა საკმაოდ შემაშფოთებელი ჰიპოთეზა წამოაყენა:

 

„თუ დადგება მსოფლიო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან საკუთარი ფინანსური ვალდებულებების გასტუმრების აუცილებლობა და დიდი ალბათობით, მათ ამის არანაირი საშუალება აღარ ექნებათ, მაშინ აქტუალური გახდება ფორსმაჟორის თემა. ყველაზე უნივერსალური ფორსმაჟორი კი არის დიდი ომი. თუ კიდევ უფრო გამწვავდა ეკონომიკური კრიზისი და ვერ მოხერხდა მსოფლიო ფინანსური სისტემის გაჯანსაღება, ან ახალ ფორმატში გადაყვანა, მაშინ მათთვის ერთადერთი გადარჩენის გზა იქნება დიდი ომი!“.

 

არ მგონია, ასე აპოკალიფტური სცენარით განვითარდეს მოვლენები, მაგრამ, კრიტიკული მასის დაგროვების შემთხვევაში ენერგია აუცილებლად პოულობს გამოსვლის წერტილს. ამიტომ, ნებისმიერ თბოაგრეგატს აქვს სარქველები, საიდანაც აუცილებელია დაგროვილი წნევის დრო და დრო გამოშვება, რომ არ მოხდეს აგრეგატის აფეთქება.

 

ყველაზე კარგ პოლიტიკურ ფაქტორად, რაც ალბათ თანმიმდევრულად განმუხტავს შექმნილ ვითარებას, მიმაჩნია ობამას მმართველობის დასრულება შეერთებულ შტატებში და ახლო მომავალში პუტინის რუსეთის კრახი.

 

საქართველოსთვის კი მთავარია მოვძებნოთ ჩვენთვის იდეალური ადგილი გლობალურ მსოფლიოში, ნუ შეგვეშინდება ასპარეზობის. ასპარეზობა აძლიერებს მონაწილეს და ზრდის საბოლოო წარმატების შანსებს. ნუ დავრჩებით სათადარიგო სკამზე. იქ წარუმატებლები და ტრამვირებულები სხედან!

 

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკური წარმატებისთვის ერთ-ერთ მთავარ, თუ არა უმთავრეს ამოცანას, წარმოადგენს შიდა რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და სწორი მიმართულებით გამოყენება. ამისათვის კი სავალდებულოა რაცონალიზმი და არა პოპულიზმი, პროფესიონალიზმი და არა „ქოციზმი“, პატრიოტიზმი შრომაში და არა სუფრაზე, მსოფლიო პროცესებში ეფექტური ინტეგრაცია და არა იზოლაციონიზმი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია