კვოტები - პოზიტიური თუ ნეგატიური დისკრიმინაცია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-11-2015, 19:05 | კომენტარები | ნანახია - 1632

 

ნინო წერეთელი

 

ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის საკითხი დღევანდელ საზოგადოებრივ-პოლტიკურ ცხოვრებაში აქტიური განხილვის საგანია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ქალთა უფლებები სრულად არის დაცული, ამ მიმართულებით დებატები მაინც არ წყდება. საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობის პრინციპი დარღვეულია. საკითხი დგას გენდერული კვოტირების სისტემის შემოღებზე, რადგან ითვლება, რომ ვიდრე სახელმწიფო პოლიტიკაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე გავლენა არ ექნებათ ქალბატონებს, თანასწორუფლებიანობის პრობლემა ვერ აღმოიფხვრება, უფრო მეტიც, ქვეყანაში მიმდინარე წარუმატებელი პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესებიც პარლამენტში „სუსტი სქესის“ მცირე წარმოდგენით აიხსნება.

 

მსგავსი თავბრუდამხვევი განცხადებების მოსმენის შემდეგ, ბუნებრივად იბადება კითხვები, კერძოდ: - რა არის ქვეყნის წარმატების ძირითადი საფუძველი? არის თუ არა კვოტა, ანუ წარმომადგენლობითობის ხელოვნური გაზრდა დემოკრატიის პრინციპების განმსაზღვრელი? და საერთოდ რა არის გენდერული თანასწორობა? - წარმომადგენლობითობის ხელოვნურ გაზრდა თუ მათი თანასწორ მდგომარეობაში ჩაყენება და თანაბარი შესაძლებლობების შექმნა?

 

ჩემი მოკრძალებული აზრით, ქვეყანას წარმატებისთვის პროფესიონალი კადრები სჭირდება და არა ხელოვნურად დაბალანსებული, სქესის ერთობლიობა, მათი უნარების განხილვის გარეშე. ქართული სახელმწიფოს განვითარებას პრობლემებს უქმნის არა რომელიმე სქესისათვის მინიჭებული პრივილეგიები, არამედ პროფესიონალიზმს, შესაბამის განათლებასა და ცოდნას მოკლებული საჯარო მოხელეები, რაც თანაბრად ეხებათ ორივე სქესის წარმომადგენლებს. ამის ნათელ მაგალითს დღევანდელობა წარმოადგენს. მიუხედავდ იმისა, რომ ქალთა რაოდენობა პარლამენტში 2012 წლის 1 ოწტომბრის არჩევნების შემდეგ თითქმის გაორმაგდა, არანაირი უკეთესობა ქვეყანაში საზოგადოებრივი ცხოვრების არცერთ ასპექტში არ შეინიშნება. პირიქით, სახეზე გვაქვს ჩავარდნილი საგარეო ურთიერთობები, დასუსტებული თავდაცვა, შეჩერებული ეკონომიკური ზრდის ტემპი, გაზრდილი კრიმინალი და უმუშევრობა.

 

სახელმწიფოს განვითარებისთვის და წინსვლისთვის - ჯანსაღი, მიუკერძოებელი და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა სჭირდება, რომელიც უზრუნველყოფს ორივე სქესის წარმომადგენლების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექნას. ამ უკანასკნელის არ არსებობა, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც ხელს უშლის ქალბატონებს დამსახურებულად მოიპოვონ სასურველი პოზიციები.

 

გენდერული ბალანსის აღდგენა, ხელოვნური ჩარევის გზით ობიექტური კრიტერიუმების განხილვის გარეშე და ამ გზით მცოდნე, პროფესიული კადრების შევიწროება არანაირად არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც პოზიტიური დისკრიმინაცია და დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილი. ეს ნეგატიური დისკრიმინაციაა. მსგავსი ნაბიჯები არა მარტო შეაფერხებს ქვეყნის განვითარების მშენებლობას, არამედ პირდაპირ ლახავს ადამიანის/პროფესიული კადრების უფლებებს, რაც თავისი შინაარსით გროტესკულიც არის.

 

არსებობს მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც ხელს უშლის ქალბატონებს თავი დაიმკვიდრონ სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა ასპექტში.

 

ძალიან საინტერესო სტატისტიკა იყო მოკვლეული სტატიაში „საქართველოში გენდერული თანასწორობა მხოლოდ ქალთა პრობლემა როდია“ (თამარ მანჯავიძე ინტერნეტ გაზეთი „ივერია“). ამ მონაცემების მიხედვით, ქალები რაოდენობრივად ჭარბობენ უმაღლეს სასწავლებლებში, თუმცა მათი წარმომადგენლობითი დამკვიდრება ვერ ხერხდება პოლიტიკურ ცხოვრებაში. პოლიტიკური ცხოვრება, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე ადამიანისაგან უზარმაზარი დროის რესურსს მოითხოვს. ამ შემთხვევაში ქალისთვის გარდა არაჯანსაღი კონკურენციისა, ხელისშემლელი არის მისი ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, დედობა. ფეხმძიმობა, მშობიარობა, ჩვილპერიოდიანობა (ბუნებრივი კვების პერიოდი) - ქალის ენერგიის უზარმაზარ რესურსებს შთანთქავს. ეს პროცესი, რომელიც ქალის მონაწილეობის გარეშე ვერანაირად ვერ განხორციელდება, ქალს ხდის მოწყვლადს, რის გამოც ის გარკვეული დროის განმავლობაში ხდება პასიური ან საერთოდ ეთიშება საზოგადოებრივ ცხოვრებას. რებილიტაციას კი დრო სჭირდება. ამას თუ დავამატებთ ქვეყანაში არსებულ მოუწყობელ გარემოს, ეს დრო კიდევ უფრო ხანგრძლივი ხდება. რეაბილიტაციის დროის შესამცირებლად კი აუცილებელია ქვეყანაში მთელი რიგი სტრუქტურების შექმნა, განვითარება და დამატებით დეკრეტულ შვებულებაში მყოფი მშობლის დამცველი და წამახალისებელი კანონების შემოღება - კერძოდ, განვითარებული უსაფრთხო ბაგა-ბაღები, ძლიერი სკოლები, მათი ყველასათვის ხელმსაწვდომობა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. მნიშვნელოვანია დეკრეტული შვებულების დაკანონება ჩვილპერიოდიანების დროს სამსახურის ადგილისა და ხელფასის შენარჩუნებით. აგრეთვე ჯანსაღი კონკურენციის პირობებში უპირატესობის მინიჭება შვილინი ქალისთვის მხოლოდ და მხოლოდ თანაბარი უნარების დროს.

 

რაც შეეხება იმ სოციალურ თუ კულტურულ ბარიერებს, რომელიც ხელს უშლის ქალებს სზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დასამკვიდრებლად, როგორიცაა ძალადობა ოჯახის მხრიდან, ადრეული ქორწინება და სხვა, ამისათვის აუცილებელია ქვეყანის მასშტაბით განათლების რეფორმის ჩატარება და სამოქალაქო განათლების ამაღლება.

 

სწორედ ეს ღონისძიებები - განათლების რეფორმა, გარანტირებული ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემო, პირობების არსებობა ქალის მოწყვლადობის ჟამს, განაპიროებს ქალის რეალურ დამკვიდრებას და რეალიზებას საზოგადებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში. მხოლოდ ასეთი მიდგომაა გულწრფელი, დემოკრატიული და ჯანსაღი. სწორედ ეს მოთხოვნები უნდა იყოს აქტიური დებატების საკითხი, რომელზეც რატომღაც ყველა დუმს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია