აგრესია დათმობების სანაცვლოდ

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-09-2013, 16:51 | კომენტარები | ნანახია - 2049

აგრესია დათმობების სანაცვლოდსოფელ დიცსა და დვანთან რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლართების გაბმასა და ამ ქმედებაზე საქართველოს ხელისუფლების რეაქციას “iveria.biz”-ის რედკოლეგიის წევრები ეხმაურებიან.

 

გრიგოლ ვაშაძე: ფიქრი დიცზე, დვანზე და ჩვენს ოკუპირებულ ტერიროტიებზე საჭირო იყო მაშინ, როდესაც ”ქართული ოცნება” არჩევნების წინ  რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე დაპირებებს იძლეოდა.  დღეს,  საოკუპაციო ხაზზე  მიმდინარე მოვლენები, კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან ცივილიზებული საუბარი არის შეუძლებელი.

 

მათთვის, ღვინისა და ბორჯომის ექსპორტზე ლაპარაკი, მხოლოდ ჩვენს საზოგადოებაზე ბერკეტების მოპოვების ”საშუალებაა”და სხვანაირად ისინი ამ საკითხს არ განიხილავენ.

 

როდესაც შენ ამბობ, რომ რუსეთთან შუამავლების  გარეშე გახსნილ დიალოგში  არ ეხები მტკივნეულ საკითხებს, რუსებისთვის ეს ნიშნავს, რომ შენ მტკივნეული საკითხები არ გაინტერესებს.  საქართველოს ხელისუფლებამ  თავისი “რიტორიკის  დაწევით”, საერთაშორისო ორგანიზაციებში  აქტივობის დაკლებით, ჩვენი მოკავშირეების და მეგობრების მობილიზაციაზე უარის თქმით, ”მოახერხა”, რომ რუსეთს ფაქტიურად სხვა საშუალებებით აგრესიის გაგრძელებაზე ხელი გაუხსნა.  თუ 2008 წელს რუსეთი თავის მიზნებს სამხედრო აგრესიით აღწევდა, დღეს კრემლი თავის მიზნებს იმ დათმობების ხარჯზე აღწევს, რაც მან ყოვლად გაუმართლებლად საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო.

 

ნიკა რურუა: ჩემთვის ძალიან რთულია ამ მოვლენებს გულგრილად და ცივად ვუყურო, რადგან საქმე გვაქვს საქართველოს ოკუპაციის  ხელახალ და აწმყოში განხორციელებულ ნაბიჯებთან. ეს არის მცოცავი ოკუპაცია, რომელიც, მიუხედავად ახალი პოლიტიკური ტონალობისა და საერთოდ დღევანდელი ხელისუფლების ახალი ტაქტიკისა, გრძელდება რუსეთის მხრიდან და გრძელდება უაპელაციოდ. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, უფლებების შელახვის გარდა, ილახება კონკრეტული ადამიანების ფუნდამენტური უფლებები. ისინი კარგავენ სარჩო-საბადებელს,  კარ-მიდამოს ნაწილს და, ბუნებრივია, ამაზე ბევრად უფრო ხმამაღალი რეაგირებაა საჭირო, ვიდრე ამას  დღევანდელი საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს. მე არანაირად არ ვეთანხმები იმ განცხადებას, რომ ჩვენ, რუსული ბაზრის სანაცვლოდ არაფერი დაგვითმია. ჯერ ერთი, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ისინი ჩვენ რევერანსს და საჩუქარს კი არ გვიკეთებენ, არამედ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანების შედეგად, სხვა წევრი ქვეყნებისათვის ბაზრის გახსნა რუსეთის ვალდებულებაა. ასე რომ  ბაზრის გახსნა, დღევანდელი საგარეო პოლიტიკის განსაკუთრებული, ექსტრაორდინალური მიღწევა არ არის.  

 

დღევანდელი საგარეო პოლიტიკის ძალიან დიდი ჩავარდნა არის ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ინიციატივით, დეოკუპაციის შესახებ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არც ერთი სერიოზული დოკუმენტი  არ დაძრულა - იქნებოდა ეს რეზოლუცია თუ რამე სხვა. არადა, აქამდე,  ასეთ დოკუმენტებს, როგორც ვიცით, ევროპის საბჭოც, ნატოს  საპარლამენტო ასამბლეაც და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც, საქართველოს მოთხოვნით რეგულარულად იზიარებდნენ და იღებდნენ.

 

ეს დათმობა და პასიურობა რუსეთს მეტი თავხედობის საშუალებას აძლევს, მეტიც – უბიძგებს კიდეც ამისკენ. რუსეთი საქართველოს არ უყურებს, როგორც დამოუკიდებელ მეზობელს. პუტინის რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს დააკნინოს საქართველო არა მხოლოდ მსოფლიოს, არამედ ქართველი ხალხის თვალშიც. შექმნას უსუსურობის განცდა, რათა ჩვენ მათ წნეხს დავექვემდებაროთ. რეალურად ამას ემსახურება  ე.წ. საზღვრების, სინამდვილეში რაღაც ღობეების აგება ქართულ მიწებზე. მაგრამ ეს ღობეები დროებითია.  მიუხედავად დღევანდელი უნიათო საგარეო პოლიტიკისა, ქართველი ხალხი მხნეობას არ დაკარგავს და ჩვენ რუსეთის მუქარას არ დავნებდებით.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელობა ვერა, მაგრამ ხალხი ხვდება, რომ რუსეთთან  ასეთი ენის მოჩლექით ურთიერთობა და დათმობებეზე წასვლა, მათი მხრიდან უფრო მეტ სისასტიკეს და უფრო მეტ ულმობლობას გამოიწვევს. 

 

 ადამიანებისთვის სარჩო-საბადებლის, სახლების და  საკუთარი წინაპრების საფლავებზე სიარულის უფლების წართმევა სისასტიკე და ულმობლობაა. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა სრულიად  საქართველოს მოსახლეობაზე, რათა  ხელი ჩავიქნიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, როგორც რაღაც არარეალურზე. მაგრამ ეს  არ უნდა მოხდეს, ჩვენ მხნეობა არ უნდა დავკარგოთ.

 

მთავრობას კი ვურჩევდი,  იმ ადამიანებს, რომელთა მიწებიც საზღვრის გადმოწევას შეეწირა, საკომპენსაციოდ  მისცეს ზუსტად იმდენი, თუ მეტი არა, მიწა, რაც ოკუპანტმა წაართვა, მაგრამ დროებით. კარგი იქნებოდა,  მთავრობას მათდამი განსაკუთრებული ყურადღება გამოეჩინა და მათთვის რაღაცა ტიპის სარჩო-საბადებელი აენაზღაურებინა.

 

ნიკა ვაშაკიძე:  ბევრს უკვირს, რატომ აკეთებს ამას რუსეთი მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის მიმართ რიტორიკა მაქსიმალურად შეარბილოს და უფრო მეტიც, საქართველოში გაჩნდა პოლიტიკური ძალები, რომლებიც აგრესიის და ოკუპაციის შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა დავუხაროთ თავი რუსეთს, ვუცეკვოთ და ვუმღეროთ მას და გავწევრიანდეთ ევრაზიულ კავშირში. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ეს უხამსი ქმედებები სწორედ აქედან მომდინარეობს. მათ გაკვირვებით დაინახეს, რომ საქართველოს მიმართ ძალადობრივი და შეურაცხყოფელი ქმედება ჩვენს ქვეყანაში რუსეთის მიმართ მაამებლურ განწყობებს უკეთებს პროვოცირებას და ამიტომ მათთვის ჩვეულ სტილში გადაწყვიტეს ამ ხაზის კიდევ უფრო გაძლიერება. მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ საბოლოოდ მორალურად გათელონ და გააარაკაცონ ქართველები, რათა საბოლოო ჯამში თავისთვის სასურველი შედეგი მიიღონ. ანუ, დღეს ისინი თვლიან, რომ, რაც უფრო უხეშად დაგვამცირებენ, ჩვენ მით უფრო მეტად დავუახლოვდებით და შევიყვარებთ მათ. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ეს ასე არ არის და ქართველი ხალხი თავის მტკიცე სიტყვას იტყვის, მაგრამ ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ეს ასეა და რუსეთს ასეთი უხამსი საქციელის საფუძველი სწორედ ჩვენში არსებულმა უთავმოყვარეო, ღირსებააყრილმა და არაპატრიოტმა ქართველებმა მისცეს.

 

მამუკა კუდავა: გასაგებია, რომ სირიის ომის, ირანის ბირთვული პროგრამის და სხვა გლობალური პრობლემატიკის გამო ძნელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 18%-ის (და არა 20%-ის, როგორც მცდარად აღნიშნავენ) ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგის პრიორიტეტებში შენარჩუნება. ერთი მიზეზი ბოლო ხანს მოსკოვის მიერ განხორციელებული ე.წ. „ბორდერიზაციისა“ სწორედ ეს არის - რუსეთი სარგებლობს საერთაშორისო კონტექსტით. მეორე მიზეზი კი ცალსახად საქართველოს ახალი მთავრობისა და საერთაშორისო მოთამაშეების (ევროკავშირი, ნატო, ევროსაბჭო, ეუთო და დასავლეთის წამყვანი დედაქალაქები) ტესტირებაა, თუ რამდენად მწვავე რეაქცია შეიძლება მოყვეს საოკუპაციო ხაზის გადმოწევასა და გამაგრებას.

საქართველოს ხელისუფლებამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რომ მისმა დასავლელმა პარტნიორებმა ამ საკითხზე: ა) გააკეთონ ოფიციალური განცხადებები; ბ) წამოჭრან  ეს თემა  მოსკოვთან ორმხრივ მოლაპარაკებებში; გ) დააყენონ აღნიშნული საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების შეხვედრებზე.

 

გარდა ამისა, აუცილებელია საერთაშორისო ასპარეზზე, კერძოდ, მედიაში, სერიოზული პიარკამპანია, მათ შორის ჩვენი ლობისტური კომპანიების მეშვეობით.

 

თუმცა, გასათვალისწინებელია ის, რომ დასავლელ პარტნიორებთან „ბორდერიზაციის“ საკითხის ლობირება ხელისუფლებას მით უფრო გაუჭირდება იმ პირობებში, როდესაც პრემიერისა და სხვა მაღალი ოფიციალური პირების მხრიდან ისმის არათანმიმდევრული განცხადებები ევრაზიის კავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ.

 

მამუკა გამყრელიძე; დავიწყოთ იქიდან, რომ  2008 წელს რუსეთმა აგრესიის  შედეგად მიისაკუთრა ჩვენი ტერიოტირები და ახლა, რაღაც პერიოდის შემდეგ, ახორციელებს ტიპურ მცოცავ ექსპანსიას, რომლის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს პროვოცირებაა. თან, ეს ყველაფერი ხდება იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება თითქოს დათმობის პოლიტიკას ახორციელებს.

 

მმართველობის პირველ ხანებში რუსეთთან დათმობის პოლიტიკის გატარებას  აპირებდა ზვიად გამსახურდია, შემდეგ ედუარდ შევარდნაძე და შემდეგ მიხეილ სააკაშვილიც. სამწუხაროდ, არანაირი შედეგი ამას არ გამოუღია, აქედან გამომდინარე ასეთი პოლიტიკა არც ახლა გამოიღებს შედეგს.

ამ შემთხვევაში აუცილებლია  საერთაშორისო არხების მაქსიმალურად გამოყენება და ამ საკითხის ყველგან წამოწევა, სადაც  შესაძლებელია. უნდა მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების და იმ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მაქსიმალურად ჩართვა, რომლებიც ჩვენს მეგობრებად რჩებიან და თუ არათანმიმდევრული პოლიტიკით  არ გავაოცებთ, მეგობრებად დარჩებიან. საჭიროა ძალიან მკაცრი თანმიმდევრული პოლიტიკა, არააღიარების პოლიტიკა და გააზრება იმისა, რომ რუსეთისთვის ”კუდის ქიცინი” არათუ რამის მომტანი, არამედ ძალიან საზიანოა.  

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია