კუშის საახალწლო კონკურსი – გახდი სანტა - 2016!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-12-2015, 10:32 | კომენტარები | ნანახია - 1335

კუშის საახალწლო კონკურსი – გახდი სანტა - 2016!

 

ზურა ოდილავაძე

 

სანამ წერას შევუდგებოდი, კურთხევის მისაღებად, ჯერ დედამთილთან მივაჭერი. რა თქმა უნდა, დამლოცა: ,,კუში, ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეს. დიდება უფალს“.

 

წლის შედეგები მოვახსენე. ეკაჩოსა და მანჩაჩოზე ოდნავ დაბრკოლდა: ეს კუდრაჭწები, თითქოს სახელში გეცილებიანო, ჩემო კუშების დედოფალოო, – მითხრა და შუბლზე მაკოცა. მე მადლიერების გრძნობით აღვივსე და გულიდან უნებურად აღმომხდა: ,,გმადლობთ დედამთილო, ამიერიდან დედა არ მომენატრება, თქვენ ერთი იქნებით ჩემთვის ყველაზე მოსიყვარულე დედამთილი. მიხარია, რომ თქვენს გულში კუთვნილი ადგილი დავიბრუნე, გმადლობთ დედამთილო!“. ,,მერა-ჯუპა ე-ჯაპანი...“

 

ახლა კი, უშუალოდ, ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის საახალწლო კონკურსის შედეგებზე გადავალ. მაშ ასე:

 

გრან-პრი და წლის ,,ბამბუჩა” – ორი პირველი პრიზი – ეკაჩო და მანჩაჩო;

 

პოლიტიკა

 

წლის სასიძო – ,,ცელქი პელე“;

 

წლის მზადყოფნა და შეყენებული ჩახმახი – ,,ზიგფრიდ მოჭიმული“;

 

წლის უტიფარი – ,,ქურდეეები, სიმონ“;

 

წლის სიძულვილი – ,,ლედი ლობოტომია“ იგივე ,,მიმინო აცრემლებული მზერით“;

 

წლის ნანული – ,,ბერტა რიმერა“

 

წლის მიჩურინი – ,,ნარმანკა“;

 

წლის უკანალად გადაქცევის ტემპი – ,,გედეონ რიხტერი“;

 

წლის პუტინისტი – აქ ლიდერი უცვლელია – ,,პირცხელკარტოფილიანი“;

 

წლის სამართალი – ,,ურთმელა“.

 

ეკონომიკა და ფინასები

 

წლის... ისა ნუ, აი, ის, რაც, ხომ მიხვდით... ჰო, აი, ეგ – ,,მე - ჭია“;

 

წლის გამყარება – ,,ხადუნა“;

 

ხელოვნება

 

წლის სერიალი – სიბრძბისა და ფასეულობების წყარო და ვაბსჩე ყველაფრის, რისიც გინდა – ბეტი კოელიო ღვთისსაჩუქაროვა;

 

წლის ლიტერატურის სავანე – ,,მწერლის ბუდკა“ და გოგჩონი მისნი;

 

წლის ბულბული – გუგული

 

სპორტი

 

წლის შუამავალი – ,,ოლიმპოცეცხლუარმყოფელი“;

 

 

წლის თემები – უცვლელია:

 

1. სააკაშვილი VS ივანიშვილი ენდ ამალს;

 

2. აუუ, იცი, ის ,,პიდარასტია“!;

 

3. აუუ, იცი, იმას ბებია ჰყავდა სომეხი!

 

წლის ნაციონალური ხასიათის ძირითადი მახასიათებლები:

 

1. შური და ბოღმა;

 

2. ვერბალური ძალადობა პრვენციული ბღვერით;

 

3. ზედაპირულობა და ყოველისმცოდნეობა, უქნარობასთან შერწყმით.

 

მეგობრებო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

 

მიუხედავად ათასი წყენისა და თქვენ მიერ ჩადენილი უამრავი გოთვერნობისა, მაინც, ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, მოგმართავთ მე – არაფრით გამორჩეული, რიგითი მოქალაქე სურრეალისტი გენადი, რომელსაც ხშირად ერევა რამსები და ტვინში დაუდგენელი დეფექტის გამო, ავიწყდება თქვენი სახელები, რომელიც ვერ გახდა მართალი, სამაგიეროდ, ცდილობს იყოს ღმერთის მეგობარი: ,,ტოტალიტარულო დეიდებო, ბიძიებო და მოხუცებულო ახალგაზრდებო; ქართველო დაშებო და გაპრანჭულო კლაშებო; სიაბანდი ეროვნული ფასეულობებისთვის მებრძოლო რაინდებო და კდემამოსილო მანდილოსნებო;

 

სნეულებო და პატიმრებო; მწეველებო, მორფინისტებო და ალკაშებო; მხოლოდ ღირსეულო პოლიციელებო და გმირო ჯარიკაცებო; ექიმებო და, განსაკუთრებით, მომხიბვლელო მედდებო; ოჯახის წევრებო, შვილებო, შვილიშვილებო და შვილ- (ქმარ-, ძმა-) მკვდარო დედებო; ძმაკაცებო, დაქალებო და ,,ფეისბუქელო ფრენდებო“,– სრულიად საქართველოვ – საბჭოურო და, იმავდროულად, დემოკრატიულო, გაიღიმეთ მეგობრებო და მუდამ გახსოვდეთ გერმანელი ფილოსოფოსის, იმანუილ კანტის, საფლავის ქვაზე წარწერა: ,,მე, მუდამ მაოცებდა ორი რამ – ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონი ჩემში“. თუნდაც ეცადეთ, იყოთ ამ მაგალითის ღირსნი – გამოიმუშავეთ უნარი, აღფრთოვანებული დუმილით უცქიროთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცასა და ყველა ღონე იხმარეთ, რომ თქვენში არსებული მორალური კანონი თავისი სიკეთით, სამართლიანობითა და კეთილშობილებით ხანდახან, ოდნავ მაინც აკვირვებდეს სხვებს“.

 

P.S.

 

მეგობარმა ,,პეტერსონის“ ფირმის, დუბლინელი ჯოისის ჩიბუხი მაჩუქა. გაბრაზებული კი ვარ, ჩიბუხი კი მაქვს, თემებიც ოხრადაა – ასე რომ, ყველა პირობაა საუკეთესო შემოქმედებისთვის. ხომ ამბობენ – გაბრაზებული ხელოვანი ყოველთვის საუკეთესოს ქმნისო... მეც ჯოისის ჩიბუხს ვაბოლებ და ვწერ ვითარცა ოდილავაძე.

 

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია