ახლო აღმოსავლეთის უკეთ გასაგებად საჭირო რუკები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-12-2015, 16:33 | --- | ნანახია - 2600

ახლო აღმოსავლეთის უკეთ გასაგებად საჭირო რუკები

 

გიორგი იმედაშვილი

 

რუკები ხშირად გვიმხელენ სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის არსებული დაპირისპირებების გეოპოლიტიკურ მიზეზებს, სწორედ ამიტომ რთული, კომპლექსური კონფლიქტების ანალიზისას, პირველ რიგში ყოველთვის რუკებს ვაკვირდები ხოლმე. დღეისათვის, უკვე არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ თუნდაც კონფესიური რუკების პოვნა, რაც ხშირად კიდევ უფრო აადვილებს წარმოქმნილი დაპირისპირებების ახნას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ისეთ რთულ რეგიონთან გვაქვს, როგორიც ახლო აღმოსავლეთია.

 

რამდენიმე ისეთი რუკა მოვიძიე, რომელიც, ვფიქრობ, დაგვეხმარება იმ რთული პოლიტიკური რეალობის უკეთ ასახსნელად, რომელიც დღეს ამ რეგიონში შეიქმნა. მგონი, საინტერესო უნდა იყოს მათი რიგ-რიგობით განხილვა. როგორც ხედავთ, პირველი რუკა რეგიონში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის რუკაა, რომელიც კარგად გვიჩვენებს სხვადასხვა ქვეყნებში ისლამის სხვადასხვა მიმდინერეობის მიხედვით მოსახლეობის განაწილებას. მუქი ნაცრისფერი ისლამის დომინანტი სუნიტური მიმდინარეობის აღმსარებლებს ასახავს. როგორც ხედავთ, შედარებით ღია ნაცრისფერი გვიჩვენებს დაუსახლებელ რაიონებს, რომელიც რეგიონის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ძალიან ბევრია. საუდის არაბეთისა და ეგვიპტის თითქმის მთელი ტერიტორია უდაბნოს უკავია და დასახლებები ეგვიპტეში ძირითადად ნილოსის გასწვრივ, ხოლო საუდის არაბეთში ჰიჯაზის რეგიონში და არ-რიადის გარშემო არეალში გხვდება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საუდის არაბეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე არც ერთი მუდმივი მდინარე არ არის, ეს ფაქტი გასაკვირად აღარ მოგვეჩვენება. თითქმის დაუსახლებელია იემენისა და ომანის ტერიორიის დიდი ნაწილიც, ისევე როგორც ერაყის სამხრეთი და იორდანიის დასავლეთი, ასევე მთელი რიგი რეგიონები სხვა ქვეყნებშიც. ამ რუკაზე ღია ნაცრისფერით არის შეფერელი საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ისრაელის ტერიტორიაც, ვინაიდან იქ ძირითადად არა მუსლიმი, არამედ იუდეველი მოსახლეობა ცხოვრობს. დანარჩენი ტერიტორიები კი, საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული.

 

რაც შეეხება აღმსარებლობას, როგორც ვიცით, მუსლიმები ძირითადად შიიტებად და სუნიტებად იყოფიან, ხოლო მათი პოლიტიკური დაპირისპირება აგერ უკვე თითქმის თხუთმეტი საუკუნის მანძილზე მიმდინარეობს (ამ დაპირისპირებაზე შემდეგ სტატიაში გიამბობთ). რუკაზე კარგად ჩანს, რომ ირანი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შიიტები დიდ უმრავლესობაში არიან, სწორედ ამიტომ მთელს რეგიონში შიიტი მოსახლეობის ინტერესების მთავარ დამცველად ტრადიციულად ირანი გვევლინება. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ისტორიის მანძილზე ირანი რეგიონში ყოველთვის წარმოადგენდა ანგარიშგასაწევ ძალას და საკუთარი გავლენის გავრცელების სურვილი და შესაძლებლობა ჰქონდა. ერაყის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებშიც (სადაც ისტორიულად ირანის გავლენა დიდი იყო) შიიტი მუსლიმები ცხოვრობენ, რომლებიც მთელი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს ცალსახად შეადგენენ, თუმაღა, მონაცემები განსხვავდება. ამ რუკაზე მათი პროცენტული წილი ერაყის მოსახლეობაში 63%-ს შეადგენს, თუმცაღა სხვადასხვა მონაცემებით შიიტების რაოდენობა ერაყში მთელი მოსახლეობის 50%-65%-ებს შორის მერყეობს. შიიტური მოსახლეობა უმრავლეობაშია ბაჰრეინშიც, სპარსეთის ყურეში მდებარე პატარა კუნძულოვან სახელმწიფოში, რომელიც სამწუხაროდ ძალიან პატარაა ამ რუკაზეც. იქ შიიტურ უმრავლესობას სუნიტური უმცირესობა მართავს აბსოლიტური მონარქიის ძალით. თურქეთში სუნიტი მუსლიმები მთელი მოსახლეობის 4/5-ზე მეტს შეადგენენ, მაგრამ მნიშვნელოვანი შიიტური უმცირესობა მაინც გვხვდება.

 

ასევე აღსანიშნავია, შიიტების რაოდენობა ლიბანში, სადაც ისინი არაოფიციალურად მოსახლეობის 40%-ზე მეტს შეადგენენ, მაგრამ მოსახლეობის აღწერა ამ ქვეყანაში დიდი ხანია აღარ ტარდება. იქ უნიკალური პოლიტიკური რეჟიმი მოქმედებს, რომელიც ხელს უწყობს საკანონმდებლო ორგანოში ძალთა გადანაწილებას რელიგიური კონფესიების მიხედვით. ძველი აღწერის მონაცემებით, პარლამენტში მანოროტი ქრისტიანების წარმომადგენლობა ყველაზე ძლიერია, ხოლო შიიტი და სუნიტი უმცირესობები სხვადახვა გარანტირებულ თანამდებობებს იღებენ. რამდენიმე ათწელეულის მანძილზე მიმდინარე სამოქალაქო ომმა ქვეყანა გააჩანაგა, რასაც ისრაელის ინტერვენციები და პალესტინელი დევნილების პოლიტიკური აქტივობები მოჰყვა. ამიტომ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა და თავშესაფრის ძიებაში ევროპას მიაშურა. მათი უმრავლესობა ქრისტიანი იყო. თუკი სირიელი დევნილების ნაკადსაც გავითვალისწინებთ, ცხადია, რომ დღეს ქრისტიანები ლიბანის მოსახლეობის უმრავლესობას აღარ შეადგენენ, მაგრამ მეტ-ნაკლები სტაბილურობის შესანარჩუნებლად პოლიტიკური რეჟიმი მაინც უცვლელი რჩება. ამიტომ აღარც მოსახლეობის კონფესიურ აღწერებს ატარებენ. ისიც სათქმელია, რომ შიიტი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებს დიდი ხანია ირანის გავლქნის ქვეშ მყოფი შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აკონტროლებს. თავის დროზე სწორედ ამ ორგანიზაციამ ითავა ებრაული ინტერვენციის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც წარმატებით გაართვა თავი და მაშინ დაკავებულ რაიონებს დღესაც აკონტროლებს, ისევე როგორც ბეირუთის ზოგიერთ უბანს. „ჰეზბოლას“ წარმომადგენლობა ლიბანის საკანონმდებლო ორგანოშიც ჰყავს, დღეს კი სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმს უწევს დახმრებას, რაზეც კიდევ ვისაუბრებთ, როდესაც სირიაში და ერაყში არსებულ ვითარებას დეტალურად შევეხები.

 

საუდის არაბეთში შიიტი მუსლიმები ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს შეადგნენ, მაგრამ სახელმწიფოს მოწყობა მათ არანაირი პოლიტიკური აქტივობის უფლებას არ აძლევს. მოგეხსენებათ იქ აბსოლუტური მონარქიაა და სახელმწიფოს ყველა მნიშვნელოვან თაბამდებობაზე მხოლოდ საუდის სამეფო ოჯახის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები ინიშნებიან. საუდის ოჯახი ტრადიციულად ისლამის სპციფიკურ ვარიანტს, ვაჰაბიზმს მისდევს, რაც მეთვრამეტე საუკუნის რელიგიური მოღვაწის - მუჰამად იბნ ალ-ვაჰაბის სახელს ატარებს. ეს სუნიტური ისლამის წიაღში დაბადებული რელიგიური მოძრაობაა, რომლის მიმდევრებსაც მიაჩნიათ, რომ ჭეშმარიტ ისლამს მხოლოდ მუჰამადისა და მისი შემგდომი სამი თაობის მუსლიმები მისდევდნენ და სწორედ ამიტომ მათთან მიახლოვება, „ძველი, ჭეშმარიტი“ მუსლიმების მსგავსად ცხოვრებაა საჭირო, რაც ყოველგვარი სიახლის უარყოფას, ჯიჰადის აგრესიულ განმარტებასა და შარიათის კანონებით წარმოებულ სამართის სისტემას გულისხმობს. მუჰამად იბნ ალ-ვაჰაბი დაუახლოვდა პატარა ქალაქ ად-დირ’იას მაშინდელ მმართველს მუჰამად იბნ საუდს, რომელიც დღევანდელი საუდების ოჯახის წინაპარი და დინასტიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი იყო. ამ ადამიანმა მიიღო ვაჰაბის იდეოლოგია და დროთა განმავლობაში ის დინასტიის ოფიციალურ რელიგიურ მიმდინარეობად იქცა. შემდგომი ორი საუკუნის მანძილზე საუდების ოჯახმა მოახერხა და არაბეთის ნახევარკუნძულზე ომებითა და გარიგებებით რამდენჯერმე შეაკოწიწა სახელმწიფო, ეს საქმე 1932 წელს აბდ ალ-აზიზ იბნ საუდმა დაამთავრა დღევანდელი საუდის არაბეთის შექმნით, ხოლო იქ ნავთობის უდიდესი საბადოების აღმოჩენით, ძირითადად მომთაბარე ბედუინებით დასახლებული სახელმწიფო უმნიშვნელოვანეს და უმდიდრეს საერთაშორისო აქტორად იქცა და უკვე არაერთი ათწლეულია აშშ-ს პარტნიორადაც იწოდება. მაგრამ ქვეყანაში სასტიკი შარიათის კანონები მოქმედებს, ყოველ წელიწადს არაერთ ადამიანს სიკვდილით სჯიან და მმართველი ოჯახის არაერთი წევრი რადიკალური, ვაჰაბიტური იდოლოგიის გავრცელებას დიდ ძალისხმევას ახმარს, რაც ხშირად ისლამისტებისა და ტერორისტების ხელშეწყობაშიც კი ვლინდება.

 

მაშ ასე, საუდის არაბეთის მოსახლეობის ერთი მეოთხედი შიიტია, ხოლო დანარჩენების აბსოლუტური უმრავლესობა სუნიტი, მაგრამ მოსახლეობის სხვა მეოთხედი საუდის ოჯახის გავლენით კონკრეტულად ვაჰაბისტურ იდოლოგიას მისდევს. დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საუდის არაბეთი, როგორც უდიდესი არაბული სახელმწიფო, ისლამის სამშობლო და უმდიდრესი ქვეყანა ცდილობს საკუთარი პოლიტიკური გავლენის გაზრდას, რასაც ძირითადად სხვა ქვეყნების სუნიტი მოსახლეობის დახმარების ხარჯზე აკეთებს და ავრცელებს ვაჰაბიტურ იდეოლოგიასაც. პოლიტიკურად გაძლიერებული ირანიც, თავის მხრივ, იმავეს ცდილობს, მაგრამ დასაყრდენად შიიტურ მოსახლეობას იყენებს. ირანის გარდა სპარსელები არც ერთ ქვაყანაში არ ცხოვრობენ და ამიტომ მას არა ეთნიკური, არამედ რელიგიური ნიშნით უადვილდება მოკავშირეების პოვნა. ეთნიკურ მოტივებზე არც საუდის არაბეთს ახასიათებს აქცენტის გაკეთება, ვინაიდან ეთნიკურად არაბი, მაგრამ შიიტი მოსახლეობა ირანს უჭერს მხარს და საუდის არაბეთიც ძირითადად სუნიტებზე აკეთებს გათვლას. ეს იმან განაპირობა, რომ წლების მანძილზე სუნიტი მოსახლეობა შიიტურს თითქმის ყველგან ჩაგრავდა, განსაკუთრებით ერაყში, სადაც სადამის დროს ქურთებიც და შიიტებიც ფაქტობრივად უუფლებოები იყვნენ. სწორედ ამიტომ, ეთნიკურად არაბი ერაყელი შიიტები ირანს უჭერენ მხარს. იგივე ხდება სირიაში, სადაც როგორც შიიტური ისე ალავიტური მოსახლეობის უკან ირანი დგას.

 

საუდის არაბეთი და ირანი რეგიონს ერთგვარ „ნულოვან თამაშად“ აღიქვამენ, რომელშიც თუკი ირანი იკრებს ძალებს, საუდის არაბეთი თმობს, ან პირიქით. სწორედ ამიტომ ისინი არ ეპუებიან ერთმანეთს და დიდი პოლიტიკური და ფინანსური ძალისხმევის ფასად მხარს უჭერენ შესაბამისად შიიტ და სუნიტ მოსახლეობას. ასე ხდება იემენში, სადაც ამ ორი მიმდინარეობის აღმსარებელთა შორის სამოქალაქო ომია გამართული.

 

გეოგრაფიულად და პოლიტიკურად ავღანეთი ახლო აღმოსავლეთს მაინც არ ეკუთვნის, მაგრამ რელიგიური ნიშნით და იქ ისტორიული სპარსული გავლენის გამო, ავღანეთს ახლო აღმოსავლეთთან ბევრი რამ აკავშირებს და მკითხველისთვის მაინც საინტერესოა. რუკაზე კარგად ჩანს, რომ ავღანეთის ცენტრალურ რაიონებში შიიტი მოსახლეობა საკმაოდ მრავალრიცხოვანია, რაც ძირითადად ეთნიკურად ჰაზირა შიიტური მოსახლეობის ხარჯზე ხდება. როგორც წესი, სწორედ ისინი ხდებიან ხოლმე პროპუშტუნური და ისლამისტური მოძრაობა „თალიბანის“ მთავარი სამიზნე.

 

ახლო აღმოსავლეთის უკეთ გასაგებად საჭირო რუკები

 

აღმსარებლობებს შორის განსხვავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სირიასა და ერაყში მიმდინარე კონფლიქტის ანალიზისას, რომელსაც დეტალურად კიდევ შევეხები. იქამდე შევხედოთ არაბული გაზაფხულის პოლიტიკურ რუკას, ვინაიდან დღევანდელი ვითარების გასაანალიზებლად „არაბული გაზაფხული“ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი თუნისიდან დაიწყო, სადაც კორუფციისგან გამწარებულმა გარემოვაჭრემ თავი სახალხოდ დაიწვა. თუნისი რუკაზე შავი ფერით არის შეღებილი, ანუ იქ მთავრობა დაამხეს, შემდეგ ისლამისტები მოვიდნენ ცოტა ხნით და დღეს ისევ სეკულარისტი პრეზიდენტი ჰყავთ, 89 წლის მუჰამად ალ-ბაჯი კა’იდ ეს-სებსი. იემენი და ეგვიპტე მუქი ლურჯით არის გამოკვეთილი, ანუ იქ მთავრობა არაერთხელ დაამხეს- ეგვიპტეში ორჯერ. ჯერ მუბარაქი დაამხეს და „მუსლიმი ძმები“ მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათ რეპრესიები დაიწყეს და რელიგიური უმცირესობების შევიწროება, რის შემდეგაც უკვე „მუსლიმი ძმები“ დაამხეს და გენერალი სისი გახდა პრეზიდენტი, ხოლო „მუსლიმი ძმების“ ლიდერი ყოფილი პრეზიდენტი მუჰამად მურსი სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას ელოდება ამ წუთებში. იემენში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამოქალაქო ომია, რომელშიც ერთმანეთს შიიტები და სუნიტები დაუპირისპირდნენ.

 

სამოქალაქო ომია ლიბიაშიც, სადაც უკვე რამდენიმე წელია დაპირისპირება არ წყდება, ჯერ მუამარ კადაფი დაამხეს შემდეგ კი დროებით მთავრობასა და ახალ არჩეულს შორის მოხდა კონფლიქტი, რის შემდეგაც საქმეში სამხედროებიც ჩაერთნენ და დღეს იქ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებიც იბრძვიან. პროტესტებმა მთავრობები შეცვალეს მაროკოში, ომანში, იორდანიასა და ქუვეითში, მაგრამ მშვიდობიანად. ერაყში, ლიბანში, ალჟირსა და სუდანში დიდი საპროტესტო ტალღა ავარდა, რასაც ალჟირში პოლიტიკური რეპრესიები მოჰყვა, სუდანში ქვეყნის საბოლოო გაყოფა, ხოლო ლიბანსა და ქუვეითში მაინც საკმაოდ მშვიდად ჩაიარა. რაც შეეხება ერაყს, იქ სამოქალაქო ომი არ დაწყებულა 2011-ში, არამედ მოგვიანებით, უკვე სირიაში არსებული კონფლიქტი გადაედო ერაყს. სწორედ ამიტომ, ამ რუკაზე ისიც სტაფილოსფრად არის შეღებილი, როგორც ის ქვეყნები, სადაც უბრალოდ დიდი საპროტესტო ტალღა იყო. შედარებით მცირე გამოსვლები იყო საუდის არაბეთში, სადაც მმართველმა დინასტიამ მოსახლეობისთვის „ზღვასაცა შესდის და გაედინების“ პრინციპით დიდი საჩუქარი გაიღო. პირდაპირ გარკვეული რაოდენობის ფული გადაუხადა ყველა მოქალაქეს. ამან კი, რასაკვირველია, შედეგი გამოიღო. მოგეხსენებათ, რევოლუციებს მდიდრები არ აწყობენ.

 

ახლო აღმოსავლეთის უკეთ გასაგებად საჭირო რუკები

 

ეხლა უშუალოდ ერაყსა და სირიას მივაქციოთ ყურადღება, ჯერ ერაყს. ერაყის რუკაზე მწვანედ შიიტი არაბების მიერ დასახლებული ტერიტორიებია შეღებილი. ამ წყაროს მიხედვით ისინი მთელი ერაყის მოსახლეობის 55%-ს შეადგენენ, მაგრამ ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ მათი რაოდენობა სხვადასხვა წყაროებით 50%-65%-ებს შორის მერყეობს. ყვითლად სუნიტი არაბები არიან აღნიშნული, დაახლოებით 20%-მდე. სწორედ ისინი იყვნენ უპირატეს მდგომარეობაში სადამის მმართველობის დროს და ამერიკის ინტერვენციის შემდეგ, კი ხელისუფლებაში შიიტები არიან, რომლებმაც აქედან მოყოლებული უკვე თვითონ დაიწყეს სუნიტების ჩაგვრა. ლურჯად ქურთული მოსახლეობაა გამოყოფილი, ისინი ქვეყნის ჩრდილოეთს მართავენ ავტონომიურად და მათ ცენტრი ქალაქი ერბილია. დღეისათვის ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული და სუნიტი მოსახლეობით დასახლებული ტერიტორია თითქმის მთლიანად დაიკავა ტეორისტულმა ორგანიზაციამ სახელად „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და სირიაში“, რომელიც სუნიტური ისლამის რადიკალურ ფრთას წარმოადგენს. ამ ორგანიზაციის შესახებ „ივერიის“ მკითხველმა ზედმიწევნით კარგად იცის. შიიტური მთავრობა პრემიერ ალ-აბადის ხელმძღვანელობით აკონტროლებს ბაღდადსა და მის შემოგარენს, ასევე ბასრასა და სამხრეთ შიიტურ რაიონებს. ხოლო ქურთული ავტონომია ინარჩუნებს კონტროლს სამ ქურთულ პროვიცნიაზე ჩრდილოეთში და ის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ძალას წარმოადგენს. ერაყის შიიტურ ხელსიუფლებას ზურგს უმაგრებს ირანი, რომლის მიერ ორგანიზებული „შიიტური მილიციაც“ „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის. ალ-აბადი ცდილობს შიიტი და სუნიტი მოსახლეობის შერიგებას ახალი ტერორისტული საფრთხის წინაშე, თუმცა ეს მრავალწლიანი ჩაგვრის შემდეგ საკმაოდ რთული საქმეა.

 

დიდი წითელი რგოლები დიდ ქალაქებს აღნიშნავს, წითლად შეღებილი ადგილები კი იმ მცირერიცხოვან ტერიტორიებს, სადაც ერაყში ასირიელები (თბილისურად „აისორები“) ცხოვრობენ, როგორც ვიცით, მათ „ისლამური სახელმწიფო“ განსაკუთრებით ერჩის, ისევე როგორც იეზიდებს, მაგრამ იეზიდები აღწერისას ქურთებად მოიხსენიებიან ხოლმდე და პირველ რიგში, საკუთარი რელიგიური მრწამსით განსხვავდებიან ძირითადად სუნიტი ქურთებისაგან. იეზიდებიც ძირითადად ავტონომიური ქურთისტანის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მოსახლეობის 0.1%-ს შეადგნენ უძველესი რელიგიის, მანდეისტური საბიზმის მიმდევრები. ეს ეთნო-რელიგიური ჯგუფი „ყურანში“ ქრისტიანებისა და იუდეველების მსგავსად „წიგნის ხალხად“ მოიხსენიება. მათი საცხოვრებელი არეალები კი, ჩვენს რუკაზე, სამხრეთ ერაყში დაწინწკლული პატარა წითელი წერტილებით შეგიძლიათ იპოვნოთ. ყავისფრად კი ერაყელი თურქმენები არიან აღნიშნულნი და მოსახლეობის სულ რაღაც ორ პროცენტს შეადგენენ.

 

ახლო აღმოსავლეთის უკეთ გასაგებად საჭირო რუკები

 

როგორც ვხედავთ, ერაყში რელიგიური და ეთნიკური განსხვავებები ძალიან დიდია, მაგრამ სირიაში ისინი კიდევ უფრო იზრდება. სირიის რუკაზე კარგად ჩანს, რომ ქვეყნის დასახლებული ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ, ვიდრე სირიის სამოქალაქო ომი მშვიდობიან თანაცხოვრებას ბოლოს მოუღებდა. ყვითელი ფერით აღნიშნულია დომინანტი სუნიტი არაბებით დასახლებული არეალი, სუნიტები მოსახლეობის თითქმის 60%-ს შეადგენენ, ყავისფრად, ჩრდილოეთში ქურთული მოსახლეობაა გამოყოფილი - თითქმის 9%-ით. დაახლოებით 12%-ს შეადგენენ ალავიტები, ანუ სპეციფიკური რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ერთი მხრივ თითქოს შიიზმიდან უნდა იღებდეს სათავეს (მასთან საზიარო ხალიფა ალის კულტი აქვს), მეორე მხრივ კი ძალიან დაშორებულია ისლამს, იმდენად, რომ ბევრი მუსლიმი თეოლოგი ალავიტებს მუსლიმებად აღარ აღიქვამს. ერთი რამ ფაქტია, რომ ალავიტები სირიაში, ტრადიციულად, საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ, ჩვენს რუკაზე მათი საცხოვრებელი რეგიონები მუქი მწვანე ფერით არის აღნიშნული და ძირითადად ხმელთაშუა ზღვის სირიულ სანაპიროს ფარავს. იქ ორი მნიშვნელოვანი საზღვაო ქალაქია განთავსებული, რეგიონის ცენტრი - ლატაკია და ტარტუსი, სადაც რუსეთს მთელს ხმელთაშუა ზღვაზე ერთადერთი საზღვაო ბაზა გააჩნიათ. როგორც ვიცით, სწორედ ალავიტების უმცირესობას წარმოადგენს ბაშარ ასადიც, რომელიც სირიის სამოქალაქო ომში უკვე მეხუთე წელია იბრძვის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის. კონფლიქტის დაწყებამდე არაბი ქრისტიანები სირიის მოსახლეობის თითქმის ათ პროცენტს შეადგენდნენ და მთელი ქვეყნის მასშტაბით იყვნენ გაბნეულები, ასევე მნიშვნელოვანი იყო სომხური უმცირესობა, მოსახლეობის თითქმის ერთი პროცენტი, რომლებიც ძირითადად დიდ ქალაქებში ცხოვრობდნენ, განსაკუთრებით ალეპოსა და დარ ალ-ზურში. სამოქალაქო ომმა და „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩადენილმა სისასტიკეებმა დემოგრაფიული ვითარება საგრძნობლად შეცვალა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი დევნილთა კრიზისი გამოიწვია. ჯერ კიდევ 2014 წლის შემოდგომაზე ვრცელდებოდა ტერორისტების მიერ დახოცილი სომხური ოჯახების ამსახველი ფოტომასალა, მათ შორის არნახული სისასტიკით ნაწამები, პირში ჯვრებჩათხრილი სომეხი გოგონების ფოტოებიც იყო. ქრისტიანი მოსახლეობაც, ფაქტობრივად, ტოვებს ქვეყანას. დიდი საფრთხე ემუქრება სირიაში მცხოვრებ ძალიან მცირერიცხოვან, მაგრამ უძველეს ეთნოსებს - ქალდეველებს, ასირიელებსა და ძალიან მცირერიცხოვან არამეელებს, რომლებიც დღესაც ქრისტეს ენაზე საუბრობენ. ეს ხალხები ერთად ქვეყნის მოსახლეობის 2%-ს შეადგენდნენ. სირიაში ცხოვრობენ მცირერიცხოვანი შიიტებიც. იმამიტი და ისმაილიტი შიიტები ორივენი ერთად სამ პროცენტს აღწევენ. ასევე არიან დრუზები, ყველასგან განცალკევებით, სამხრეთით იორდანიისა და ლიბანის საზღვართან მცხოვრები ეთნო-რელიგიური ჯგუფი, რომელთა რაოდენობაც მოსახლეობის 3%-ს აღწევს. ცნობილია ისიც, რომ სირია რუსეთთან მებრძოლი მუსლიმი და არამუსლიმი ჩრდილო კავკასიელებისათვის საუკეთესო თავშესაფარი იყო. ამიტომ მოსახლეობის მცირე ნაწილს ჩერქეზები, ყაბარდოელები და ჩეჩნებიც შეადგენენ, რომელთაც, როგორც წესი, არაბები საერთო სიტყვით - „ჩარაქიზ“ მოიხსენიებენ ხოლმე. ისევე როგორც ერაყში გვხდება თურქმენთა უმცირესობაც, რომელთა წილიც ერთ პროცენტს არ აღწევს. ზედაპირულად სწორედ ასე გამოიყურება ის ეთნო-რელიგიური სიჭრელე, რომელიც ამგვარ უნიკლურობას, ეგზოტიკასა და გამორჩეულობას სძენდა სირიას.

 

სირიის, ერაყისა და ლიბანის ტერიტორია მსოფლიოში ადამიანის მიერ მუდმივად დასახლებული უძველესი ადგილებია, ამ თვალსაზრისით ეს ქვეყნები უნიკალურ ეთნო-რელიგიურ მოზაიკას ქმნიდნენ, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, დარღვეული და ფაქტობრივად აღუდგენელია. ჩემს მიერ აღწერილი მთელი ეს ჩახლართული ეთნო- რელიგიური რულეტი დღეს, შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ სახით აღარ არსებობს და სირიის სამოქალაქო ომის ყოველი დღე კიდევ უფრო დამანგრეველი შედეგების მომტანია.

 

ახლო აღმოსავლეთის უკეთ გასაგებად საჭირო რუკები

 

ამ სამოქალაქო ომის შესახებ „ივერიის“ მკითხველი ზედმიწევნით კარგად არის ინფორმირებული. თუმცა ორი სიტყვით კიდევ ერთხელ მიმოვიხილოთ. შემდეგ რუკაზე ისევ სირიაა, მაგრამ ამჯერად უკვე სამოქალაქო ომის ალში გახვეული. ბაშარ ასადის ძალები მუქი ფერით არის აღნიშნული, ლიბანის საზღვართან შემოსულია „ჰეზბოლას“ საბრძოლო ნაწილები, რომლებიც ასადის რეჟიმს ირანის მითითებით ეხმარებიან. ალავიტები შიიტები არ არიან, მაგრამ შიიტებთან უფრო უადვილდებათ სართო ენის გამონახვა, ვიდრე უმრავლესობაში მყოფ სუნიტებთან. სწორედ ამიტომ ირანს დიდი გავლენა აქვს მათზე. ხორცისფრად „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებადი ტერიტორიაა აღნიშნული, იასამნისფრად - ქურთების. ქურთები დიდი მსხვერპლის და აღუწერელი სიმამაცის წყალობით იგერიებენ ტერორისტებს. მწვანედ სეკულარისტი აჯანყებულები არიან წარმოდგენილნი, მუქ მწვანედ „ნუსრას ფრონტი“ - „ალ-კაიდას“ სირიული განყოფილება, რომელსაც საუდის არაბეთიდან აფინანსებენ. ამ რუკაზე კარგად ჩანს, რომ კონფლიქტში უკვე ღიად ჩართული რუსეთი ძირითადად აჯანყებული ოპოზიციონერების პოზიციებს ბომბავს და არა „ისლამურ სახელმწიფოს“, როგორც ამას რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს. ტერორისტების წინააღმდეგ ჭურვების მხოლოდ 10% ეცემა, ძირითადი შეტევა კი ოპოზიციაზეა. რუსული ჩანაფიქრი ცხადია, მათ უნდათ გაანადგურონ სეკულარული ოპოზიცია და დასავლეთს „ისლამურ სახელმწიფოსა“ და ბაშარ ასადს შორის გააკეთებინონ არჩევანი, რასაკვრიველია, ასადის სასარგებლოდ. ეს საერთაშორისო დონეზე რუსეთს დასავლეთის წინააღმდეგ კიდევ ერთ „გამარჯვებას“ მოუტანს. გარდა ამისა, რუსეთი მანიპულირებს ტერორიზმის საფრთხით და თავად ამ საფრთხესთან უპირველეს მებრძოლად უნდა თავის წარმოჩინება. პუტინს სურს უკრაინის კრიზისიდან ყურადღების გადატანა და საერთაშორისო არენაზე დაბრუნება, რაც ნაწილობრივ მოახერხა პარიზის ტერაქტების შემდეგ.

 

„ივერიის“ მითხველმა კარგად იცის, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რუსეთი არის ტერორისტი სახელმწიფო, რომელიც თავის და სხვა ქვეყნების მოსახლეობის დაშინებით ცდილობს პოლიტიკური მიზნების მიღწევას. ის წლების მანძილზე ზრდიდა და ამზადებდა ტეორისტ ბოევიკებს, რომელთაც შემდეგ თავად ებრძოდა და ამის ხარჯზე ირგებდა ტერორიზმთან მებრძოლის სახელს, როგორც ეს შამილ ბასაევის შემთხვევაში მოხდა. მასთან ყოველგვარი თანამშრომლობა გამოიწვევს ახლო აღმოსავლეთში ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას და იქ არსებული პრობლემების მოგვარებას კიდევ რამდნიმე ათწლეულით გადასწევს.

 

ბოლო, ძალიან საინტერესო რუკაზე ის ქვეყნებია ნაჩვენები, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე დიდი ეკონომიკურ დახმარებას უწევს. პირველ ადგილებზე სწორედ ახლო აღმოსავლური სახელმწიფოებია. აშშ-დან ყველაზე დიდი დახმარებას, წელიწადში 3.1 მილიარდს იღებს ისრაელი, 1.5-ს ეგვიპტე და 1-ს იორდანია. ეს სამი ქვეყანა ჯერჯერობით სტაბილურობის ერთგვარი საყრდენია რეგიონში. ისრაელი აშშ-ს დიდი ხნის პარნტიორია, მაშინ როდესაც ეგვიპტემ და იორდანიამ აშშ-სგან დახმარებების მიღება ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოახერხეს. აშკარაა, რომ ამ სამი სახელმწიფოს როლი რეგიონში მშვიდობის აღდგენის და განმტკიცების საქმეში მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ასევეა თურქეთის შემთხვევაშიც, დავითოღლუს მიერ სირიაში განურჩევლად ყველა აჯანყებულის მხარდაჭერამ არ გაამართლა. ერდოღანმა თურქეთში ბოლო არჩევნების პირველი ტურის შედეგებითა და გახშირებული ტერაქტებით კარგი გაკვეთილი მიიღო და სწრი დასკვნა გამოიტანა. რუსეთის ბომბდამშენი ჩამოაგდო, რითიც „ნატოსა“ და რუსეთს შორის ურთიერთობა დაძაბა და ევროპის ზოგიერთ გაქნილ პოლიტიკოსს რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის ლობირების საშუალება მოუსპო. მომავალი წლიდან, თურქეთმა ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ აქტიური ზომების მიღება უნდა დაიწყოს.

 

კარგია, რომ ეგვიპტე სამოქალაქო ომს გადაურჩა და როგორც ჩანს, გენერალი სისი იქ დიდი ხნით აპირებს დარჩენას და ამგვარად სტაბილურობა, იმედი ვიქონიოთ, ეგვიპტეში შენარჩუნდება. რაც შეეხება იორდანიას, ამ სახელმწიფომ ძალიან ბევრი სირიელი დევნილი მიიღო და თანაც ერაყისა და სირიის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ უპირველეს სამიზნედ აღიქმება. აშკარაა, რომ დასავლეთის როლიც ახლო აღმოსავლეთში მიდმინარე პროცესებში დიდად უნდა გაიზარდოს, სხვაგვარად რეგიონში მშვიდობა ვერ დამყარდება.

 

აღნიშნული ინფორმაცია, არის ერთგვარად საბაზისო და აუცილებელი ახლო აღმოსავლეთით დაინტერესებული ყველა ადამინისათვის, იმედი მაქვს, მათ ონდავ მაინც გავუიოლე საქმე.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია