თბილისის სეისმურობა, მოსალოდნელი ძლიერი მიწისძვრები და მოწყვლადი განაშენიანება

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
21-12-2015, 20:03 | კომენტარები | ნანახია - 3671

 

ნინო წერეთელი

 

ბოლო წლების მანძილზე დედაქლაქის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური მშენებლობების გამო სულ უფორ ხშირად უჩნდებათ მოქალაქეებს შემდეგი კითხვები: რამდენად ხარისხიანია მიმდინარე მშენებლობა? ხდება თუ არა სამშენებლო ნორმების დაცვა? რამდენად სეისმომედეგია შენობა-ნაგებობები? იმისათვის, რომ პასუხი მიიღონ დასმულ კითხვებზე პირველ რიგში აუცილებელია მკითხველი გაეცნოს ქ. თბილისის სეისმურ ისტორიას.

 

თანმიმდევრული და საკმარისად სრული ინფორმაცია, თბილისში უძლიერესი რეგიონული და საშუალო ძალის ადგილობრივი მიწისძვრების გამოვლინების შესახებ, არსებობს XVII საუკუნიდან. თუ ქრონოლოგიურად განვიხილავთ იმ მიწისძვრებს, რომლებსაც ყველაზე მაღალი ინტენსივობა ჰქონდათ თბილისში, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ 1668-2002 წლების განმავლობაში ხუთი ასეთი მოვლენა მოხდა. მათმა ინტენსივობამ თბილისში 7±0.5 ბალი (MSK სკალა) შეადგინა, ხოლო ასეთი შერყევების განმეორებადობას საკმაოდ სტაბილური ხასიათი აღმოაჩნდა – 85±15 წელი. თუ აღნიშნული მიწისძვრების ქრონოლოგიას გადავხედავთ (უკანასკნელი 7-ბალიანი მიწისძვრა იყო 1896 წელს) დაახლოებით XX საუკუნის 70-იან წლებში, თბილისში უნდა მომხდარიყო შემდეგი 7-ბალიანი ბიძგი. 1969-1970 წლებში თბილისში და მის შემოგარენში მართლაც დაფიქსირდა ლოკალური სეისმური აქტივობა. ერთი წლის განმავლობაში მოხდა 20-ზე მეტი მიწისძვრა. მათ შორის ყველაზე ძლიერი მაგნიტუდით (MS=4.2) მდებარეობდა თბილისის ფონიჭალის დასახლების უშუალო მახლობლობაში, მაგრამ მისმა ინტენსივობამ ქალაქის ფარგლებში მხოლოდ 4-5 ბალი შეადგინა, რაც ამ მიწისძვრის კერის მნიშვნელოვანმა სიღრმემ (h=20 კმ) განაპირობა. მხოლოდ 32 წლის შემდეგ, 2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად ქ. თბილისის ფარგლებში მოხდა 7 ბალი ინტენსივობის შერყევების რეალიზაცია.

 

რაც შეეხება 8-ბალიან შერყევებს, მათი განმეორებადობის საშუალო პერიოდები სხვადასხვა გათვლებით 600-დან 1000 წლამდეა. თუ ეს ციფრები სწორია, მაშინ ასეთი ინტენსივობის შერყევებს უკვე უნდა ჰქონოდა ადგილი ქ. თბილისში X-XIV საუკუნეებში. უახლესმა კვლევებმა დაადგინეს, რომ XIII საუკუნის მიწურულს, 1275 წელს მცხეთაში ადგილი ჰქონდა მიწისძვრას, რომლის ინტენსივობა 9 ბალს შეადგენდა და რომლის შედეგადაც ქ. მცხეთაში ჩაინგრა სამთავროსა და სვეტიცხოვლის ტაძრების გუმბათები. თბილისის ისტორიული ცენტრი მცხეთიდან 15 კმ-ით არის დაშორებული და ე.ი. მცხეთასთან წარმოშობილ 9-ბალიან მიწისძვრას თბილისში 8 ბალამდე ეფექტი ექნებოდა.

 

ზოგადად, თბილისი ხასიათდება საშუალო სეისმურობით. რაც შეეხება სეისმურ რისკს ის ისაზღვრება არა მარტო მოსალოდნელი სეისმური საშიშროების დონით, არამედ განაშენიანებისა და ინფრასტრუქტურის მოწყვლადობითაც, ანუ არსებული შენობებისა და ნაგებობების სეისმომედეგობით; მოსახლეობის სიმჭიდროვით; მიწიძვრის მოხდენის დროით (დღე-ღამეში), აგრეთვა სხვა მრავალი მიწისძვრის შემდგომი მეორადი მოვლენებით. მიუხედავად საშუალო სეისმურობისა, სეისმური რისკი დედაქალაქისთვის მაღალია. ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ დღეისათვის თბილისი წარმოადგენს მეგაპოლისს, მილიონნახევარი მოსახლეობით, მზარდი ინფრასტრუქტურით, მოსახლეობის სიმჭიდროვის სწრაფი მატებით, ურბანიზაციის მაღალი ტემპებით. მიწისძვრებით გამოწვეული სხვადასხვა მეორადი გეოლოგიური საშიშროებების თვალსაზრისით თბილისი მიეკუთვნება უკიდურესად რთულ და გეოეკოლოგიურად „არაჯანსაღ“ მდგომარეობაში მყოფ ქალაქების კატეგორიას. ამას განაპირობებს გეოლოგიური გარემოს მაღალი სენსიტიურობა, რთული რელიეფი და მეორადი გეოლოგიური საშიშროებების დიდი ალბათობა.

 

დღეისათვის, აღნიშნული გეოლოგიური საშიშროებების ფაქტორებს ემატება თბილისის ტერიტორიის მასშტაბური ათვისებით გამოწვეული მაღალი პრესინგი და გლობალური კლიმატური პირობების ცვლილების საერთო ფონზე საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდა. ეს თავის მხრივ გავლენას ახდენს, როგორც გრუნტების ასევე შენობების მასალების თვისებებზე, იწვევს მათ ინტენსიურ გამოფიტვას და გარემოს კიდევ უფრო არასტაბილურს ხდის.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შესაბამისი კომპლექსური კვლევის საფუძველზე, უნდა გამოიკვეთოს და ჩამოყალიბდეს სეისმური რისკის შემცირების ღონისძიებები. ამ საქმეში პირველ ნაბიჯს წარმოადგენს სწორად შეფასებული სეიმური საშიშროება და მასზე დამყარებული სამშენებლო კოდები.

 

ბუნებრივია ისმის კითხვა, როგორ ხდებოდა ადრე და როგორ ხდება ეხლა სეისმური საშიშროების შეფასება?

 

მიუხედავად სეისმური საშიშროების შეფასების დიდი ტრადიციებისა ყოფილ საბჭოთა კავშირში, სამწუხაროდ იქ, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ განვითარებად ქვეყანაში, ხდებოდა სეისმური საშიშროების ხელოვნურად შემცირება სეისმური რისკის დაწევის მიზნით. პირველი სეიმური ზონირების რუკა სსრკ-ს მთელი ტერიტორიისთვის 1937 წელს შეიქმნა. მონაცემების დაგროვებასა და მეთოდების განვითარებასთან ერთად ხდებოდა სეისმური საშიშროების რუკების გადათვლა. ამ რუკების მიხედვით თბილისი 1991 წლამდე 7-ბალიან ზონაში რჩებოდა მიუხედავად ქართველი სეისმოლოგების მოთხოვნისა გადაეტანათ დედაქალაქი 8-ბალიან ზონაში. საქმე იმაშია, რომ სეისმური საშიშროების ერთი ბალით გაზრდა, მაშინდელი გათვლებით, იწვევდა მშენებლობის ხარჯების 2.5-ჯერ გაზრდას, რაც საკმარისად ძვირი უჯდებოდა მოსკოვს, პერიფერიებში კი მოსახლეობის ბედი იმპერიას ნაკლებად ადარდებდა. შემდგომში აქ მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრებმა გამოავლინეს ასეთი პოლიტიკის მთელი ტრაგიკულობა. მაგალითისთვის საკმარისია მოვიყვანოთ 1988 წ. სპიტაკის სეისმური კატასტროფა, როცა მაშინდელი სეისმური საშიშროების რუკის მიხედვით 7-ბალიან ზონაში 10-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მხოლოდ 1991 წლის რაჭის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, როცა ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, სეისმური საშიშროების ახალ ზონირების რუკაზე მოხდა თბილისის გადატანა 8-ბალიან ზონაში. სამწუხაოდ, ამ პერიოდამდე მიმდინარე მასიური მშენებლობები დედაქალაქში არასწორი სამშენებლო კოდებით მიმდინარეობდა, რისი მიზეზიც დაბალი სიდიდით შეფასებული სეიმური საშიშროება იყო. ამან თავისი ნეგატიური გამოვლინება ჰპოვა 2002 წ. თბილისის მიწისძვრის დროს, როდესაც საშულო ძალის (Ms=4.6), მაგრამ ქალაქის ქვეშ 6 კმ სიღრმეზე წარმოშობილმა მიწისძვრის კერამ მსხვერპლი და მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ზარალი მოუტანა დედაქალაქს.

 

ტექნოლოგოების განვითარებასთან ერთად სეიმური საშიშროების შეფასება თანდათან გადავიდა ახალ პარამეტრებზე. თუ მანამდე ხდებოდა საშიშროების შეფასება ბალებით გამოსახული მაკროსეისმური ინტენსივობით, 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ბალები ჩაანაცვლა ახალმა სიდიდემ – ნიადაგის მოძრაობის მაქსიმალურმა აჩქარებამ. ეს უმნიშვნელოვანესი ფიზიკური პარამეტრია ინჟინრებისთვის, ვინაიდან შენობა-ნაგებობების დაპროექტება სწორედ მის მიხედვით ხდება. ამ პერიოდში ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციის გამო დაგვიანდა სეიმური საშიშროების ახალი ნორმატული რუკის მიღება. მაქსიმალური აჩქარებებით გამოსახული სეისმური საშიშროების რუკა მხოლოდ 2009 წლის ბოლოს შევიდა ძალაში, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრა ახალი ქართული სამშენებლო კოდები.

 

მიუხედავად ამისა პრობლემები ამ საკითხში მაინც დარჩა. სეისმური საშიშროებისა და რისკის შეფასების ტექნოლოგიები მუდმივად მუშავდება თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოებაში, რომელსაც მოჰყვება გამოძახილი სხვადასხვა გლობალურ და რეგიონულ საერთაშორისო პროექტებში. ბოლო პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იყო „მიწისძვრის გლობალური მოდელი“. ეს პროექტი აერთიანებდა მეცნიერების თანამედროვე მიმართულებებს, ეროვნულ და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს. პროექტის ფარგლებში მოხდა მეთოდების უნიფიცირება და სტანდარტიზაცია გლობალურ დონეზე. ამ პროექტში მონაწილეობდა საქართველოც, კერძოდ თსუ, მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი. პროექტის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ ერთობლივად ჩატარებულმა ანალიზმა უჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება საქართველოს სეისმური საშიშროების მოქმედ ნორმატულ რუკასა და პროექტში მიღებულ ახალ გათვლებს შორის. კერძოდ, სეიმური საშიშროების მოქმედ ნორმატულ რუკაზე მაქსიმალური აჩქარებები მნიშვნელოვნად დაბალ სიდიდეებს უჩვენებს. აშკარა გახდა, რომ ეს ნორმატული რუკა საფუძვლიან გადათვლას მოითხოვს.

 

ამის შესახებ ჩვენ ვაცნობეთ ქ. თბილისის მერიას ჯერ კიდევ 2014 წლის დასაწყისში, იმ იმდეით, რომ თბილისის განაშენიანების ახალი გენერალური გეგმის მიღებამდე აუცილებლად მოხდებოდა თბილისის სეისმური საშიშროების გათვლა (სეისმური მიკროზონირების დონეზე). ამ პრობლემის შესახებ ინფორმირებული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც.

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე აღნიშნული სამინისტროს მიერ შემუშავებულ იქნა ევროპული ტექნიკური რეგლამენტების – ევროკოდების დანერგვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა-სტრატეგია, რომლის განხორცილებაც ერთერთი ვალდებულებაა და რაც პირველ ეტაპზე ითხოვს ახალი სეისმური საშიშროების რუკის მიღებას თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით.

 

სამწუხაროდ ამ პრობლემებზე რეაგირება დღემდე არ მომხდარა. ყველა მასიური მშენებლობა, რომელიც ბოლო წლებში მიმდინარეობს საქართველოში და განსაკუთრებით თბილისის ტერიტორიაზე იყენებს მოქმედ კოდებს, რომლებიც თავის მხრივ არასწორ გათვლებს ეყრდნობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისის მიმდებარე რაიონში ძლიერი მიწისძვრების განმეორებადობის საშუალო პერიოდი 600-1000 წელია, ხოლო უკანასკნელი ასეთი მიწისძვრა ქალაქ მცხეთასთან 1275 წელს მოხდა შესაძლებელია, რომ თბილისში ძლიერი მიწისძვრის მოხდენის წამზომი ჩართულია.

 

როგორი უნდა იყოს რეაგირება?

 

სეისმომედეგი მშენებლობის პრაქტიკაში არსებობს „ფრთიანი“ გამონათქვამი: „მიწისძვრა არ კლავს ადამიანებს, ამას ცუდად ნაგები შენობების ნგრევა იწვევს“. ამდენად შესაბამისი კომპლექსური კვლევის საფუძველზე უნდა გაითვალოს და მომზადდეს ძლიერი მიწიძვრების შესაძლო სცენარები, ურბანულ ტერიტორიებზე დადგინდეს მოწყვლადი ადგილები და გაიცეს მასზე რეაგირების რეკომენდაციები ქალაქთმშენებლობითი მართვის ყველა დონისთვის. განსაკუთრებული რისკის უბნებში აუცილებელია დაგეგმარებისა და შენობა-ნაგებობების პროექტირების სპეციფიკის, სატრანსპორტო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა.

 

ეს საკმარისად ძვირად ღირებული ამოცანაა, რომელიც ერთ წელიწადში ვერ გადაწყდება და იგი ქალაქის განვითარების მრავალწლიან გეგმაში უნდა ჩაიდოს. ამ ამოცანის განხორციელება დღეიდანვე უნდა დაიწყოს, რათა დედაქალაქი მომზადებული შეხვდეს მოსალოდნელ მიწისძვრებს, რომელიც ემუქრება თბილისის მოსახლეობას და მის ინფრასტრუქტურას.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია