რაგბი ჯერ კიდევ ჩვენი თამაშია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
21-12-2015, 20:13 | --- | ნანახია - 1832

რაგბი ჯერ კიდევ ჩვენი თამაშია

 

ნიკა რამიშვილი

 

ერთხელ ჩემი შვილის მწვრთნელმა მთხოვა, ბავშვებს ფორმებს ვუკერავ და შენც წამომყევი, მაინც ცნობადი სახე ხარ და იმ 35-35 ლარში, რაც მშობლებმა დადეთ, ეგება წინდებიც შევაყვანინო და სრული ეკიპირება გამოუვათ თქვენს შვილებსო. მეც წავყევი. როდესაც მივედით, მკერავი ერთ ძვირიან, მაგრამ გოიმურ ‘’სპორტულებში’’ გამოწყობილ ტიპს ესაუბრებოდა და გვანიშნა, დამელოდეთო. დავდექით მე და ჩემი შვილის მწვრთნელი იქვე და თან მათი საუბარი გვესმის, ის სპორტულებიანი მკერავს ეუბნება - ესე იგი 40-ად მიკეთებ და 60-ს ვაფორმებთო და დანარჩენი მე და შენ ვიცითო, კაი ბატონოო, შეთანხმდნენ და ‘’სპორტულებიანი’’ წავიდა. ჩემი შვილის მწვრთნელი გაკვირვებული მეკითხებოდა, დებილიაო? 40-ად თუ უკეთებს, 60-ს რატომ აძლევსო. მე ვუთხარი, აი ასეთი ალალი და კაი ხალხი რომ ხართ, იმიტომ მოვიყვანე შვილი რაგბზე და არა სხვაგან თქო... ბოლომდე ვერ მიხვდა, რა ხდებოდა იქ, მაგრამ მეტი შეკითხვაც აღარ დამისვა, უბრალოდ მხრები აიჩეჩა.

 

ქართული რაგბი ამ სიალალით მოვიდა დღემდე. ფრთიანი ანგელოზი არავინაა და მთლად ასეც არაა საქმე, რა ისტორიაც მე მოვყევი, მაგრამ ამდენი წლის განმავლობაში, რაც კი ცუდი მომხდარა, რაც კი რამე გაფუჭებულა, იმისი ალბათ 2% მოსულა ჩემს ყურამდე და შიგნითვე, გარეთ გამოუსვლელად, სარაგბო ოჯახშივე გარკვეულა და მოგვარებულა, მე კი ამ ოჯახთან ერთ-ერთი დაახლოვებული პირი მქვია და ოვალი მართალია უხეიროდ, მაგრამ მეც გამიგორებია თავის დროზე.

 

ამით ვამაყობ პირადად მე და ალბათ ყველა, ვისაც რაგბი უყვარს.

 

კი, რაღაცა აირია, გაკეთდა რაგბის კავშირის საიტზე განცხადება, რომ გარედან ჩარევებს არა ვართო - არა, განა რამე ხდება, მაგრამ მაინც ვამბობთ, პრევენციის მიზნითო... ეს მართლა პრევენციის მიზნით იყო, თუ ვინმემ ჩარევა სცადა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ აირია მონასტერი და ყველაზე მაგარი გადაწყვეტილება, რაც კი ამ დროს შეიძლებოდა მიეღოთ, ორივე კანდიდატმა მიიღო! გია ნიჟარაძემაც და ირაკლი აბუსერიძემაც კანდიდატურები მოხსნეს და არჩევნები გადაიდო. ეს მოხდა იმიტომ, რომ ატეხილი აჟიოტაჟი ჩამცხრალიყო.

 

მეც რამოდენიმე მედია-საშუალებას უარი ვუთხარი კომენტარის გაკეთებაზე, მიზეზი კი ის იყო, რომ არ მინდა ჩავერიო იმ შიდა სამზარეულოში, რომელშიც მე სტატუსი არ მაქვს და სხვებსაც იგივე ვურჩიე - დავაცადოთ! ღირსეული ხალხია სარაგბო თემი და აუცილებლად სწორ დასკვნამდე მივლენ!

 

ახლაც იმედი მაქვს, ასე მოხდება, მაგრამ უკვე ერთი სტატია ვნახე, ერთ-ერთი ძალიან კარგი მორაგბის (სახელს და გვარს არ დავასახელებ და ამ არასწორ სტატიას არ დავარეკლამებ), სადაც ის ჩირქს სცხებს ერთ-ერთ კანდიდატს.

 

პრობლემა იმაში კი არაა, რომ მე რომელიმე კანდიდატის მხარდამჭერი ვარ, არა - რახან ერთმა გარეთ გამოიტანა ტყუილი, თუ მართალი, ამას ხომ პასუხიც მოჰყვება და ის, ვინც გამოიტანა, არც ისაა მამა აბრამის ბატკანი და ახლა მის ცოდვებს გაასაჯაროვებს რომელიმე, მერე იმის გამსაჯაროვებელს მისდგება კიდევ სხვა და აირია მონასტერი! მოკვდა მთელი ის რომანტიკა, რაც სარაგბო თემს თან დასდევდა ამდენი წელი...

 

ყველა გულშემატკივარს მინდა საჯაროდ ვთხოვო - გაეშვით! აცადეთ! დალაგდებიან იმედია!...

 

და ყველა სარაგბო ოჯახის წევრს თავმდაბლად მინდა ვთხოვო - მანდვე გაერკვიეთ... გარეთ ნაგვის გადმომყრელი დააოკეთ, დალაგდით და ჩვენამდე ისევ სუფთად მოდით! გეხვეწებით! არ მოკლათ ის, რაც ამდენ ხანს ზარდეთ!

 

წინასწარ მადლობა. გაუმარჯოს მხიარულ და ღონიერ საქართველოს! პატივისცემით, რაგბის ქომაგი, ნიკა რამიშვილი.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია