ჰიპოპოტამი ბეგლარი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-12-2015, 22:26 | კომენტარები | ნანახია - 1315

ჰიპოპოტამი ბეგლარი

 

ლაშა ქუსიკაშვილი

 

13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან, რომელსაც 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ნახევარი წელი გავიდა. ამ უბედურების დროს ყველამ ვნახეთ ახალგაზრდების ერთად დგომისა და გმირული თავგანწირვის მაგალითები. მინდა გავიხსენო ზოოპარკის სამი თანამშრომელი გულიკო ჭიტაძე, მისი მეუღლე მალხაზ ჭიტაძე და გივი დვალი. ამ ადამიანებმა ცხოველების გადარჩენას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს, მათ ადამიანობისა და თავგანწირვის უდიდესი მაგალითი გვიჩვენეს. ზუსტადაც, ადამიანობა იმით გამოიხატება თუ როგორ ეპყრობი შენზე სუსტ და შენზე დამოკიდებულს. სტიქიიდან რამოდენიმე თვეში კერძოდ, სექტემბერში სტიქიაგადატანილი ზოოპარკი კვლავ გაიხსნა და მუშაობა განაახლა, თითქოს ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 13 დეკემბერს ზოოპარკის თავლას ხანძარი გაუჩნდა. საბედნიეროდ ადამიანები და ცხოველები არ დაზიანებულან.

 

არსებული ზოოპარკის მდებარეობისა და ინფრასტრუქტურის საკითხი მრავალი წლის განმავლობაში კრიტიკის საგნად იყო ქცეული. მიმდინარეობდა მისთვის ახალი ადგილის მოძიება და ახალი ზოოპარკის პროექტის დამუშავება. შეიქმნა კიდეც რამდენიმე პროექტი და სავარაუდო დიზაინი. ზოოპარკის გადატანა დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირებაც კი იყო. ახლადარჩეულმა მერმა 2014 წლის 21 ივლისს, გადაცემა „ბიზნეს კონტაქტში“ დაადასტურა, რომ მიმდინარეობდა მუშაობა ზოოპარკის გადატანაზე. ძველი ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიაზე კი გაშენდებოდა რეკრეაციული ზონა. ამ ინტერვიუდან ერთი წლის თავზე მოხდა სტიქიური უბედურება, რამაც ზოოპარკის საკითხი პრიორიტეტული გახადა. საგულისხმოა, რომ ამ დროისთვის უკვე არსებობდა დამუშავებული არაერთი პროექტი თუ კონცეფცია, მათ შორის ერთ-ერთი ფონდ „ქართუს“ შეკვეთით იყო შექმნილი. ტრაგედიის შემდეგ, მალევე დ.ნარმანია თბილისის ზღვის მიმდებარედ ათვალიერებს მომავალი ზოოპარკის გასაშენებლად გამოყოფილ ტერიტორიას და პრესაშიც ვრცელდება ერთ-ერთი სავარაუდო პროექტის ("Proctor and Matthews"-ის მიერ შექმნილი) ფოტოსურათები.

 



ამ ყველაფერს ემატება ცნობილი გამოთქმა „ზოგი ჭირი მარგებელია“ და მთქმელიც გვპირდება ფინანსურ დახმარებას ახალი ზოოპარკის აშენებისას. მითუმეტეს ეს ის შემთხვევაა, რომლის დროსაც ეჭვიც არავის გვეპარება დაპირების მომცემი პირის ფინანსურ შესაძლებლობებში. ესეიგი ნახევარი წლის წინ შეიქმნა სიტუაცია, როცა გვაქვს სურვილი, პროექტი, ტერიტორია და ფინანსური უზრუნველყოფა ზოოპარკის გადასატანად. ამ მომენტიდან ნახევარი წლის გასვლის შემდეგ კი გვაქვს ზუსტად იგივე სიტუაცია რაც საწყის ეტაპზე, ანუ გვაქვს სურვილი, პროექტი, ადგილი, ფინანსები ზოოპარკის გადასატანად, მხოლოდ ახლა დაემატა დ.ნარმანიას დაპირება. აქვე აღსანიშნავია ვერეს ხეობაში და მზიურის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მშენებლობაც, ვისაც ხშირად გიწევთ სიარული იქ არსებულ გზაზე, დააკვირდებოდით მშენებლობის ტემპებსა და განხორციელებულ მოქმედებებს, მაგალითად ერთ დღეს მოიტანენ სატვირთოებით ინერტულ მასალებს და დაყრიან, რამდენიმე დღეში ისევ მანქანებზე დატვირთავენ და გაიტანენ. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე მიჭირს თქმა თუ რატომ ან რას აკეთებენ. ეტყობა რაიმე ჩანაფიქრი აქვთ, რომელსაც ვერ შევწვდი, ამიტომ ისევ ზოოპარკს დავუბრუნდები, სადაც არაფერს აკეთებენ და შესაბამისად „შეწვდომაც“ ადვილია. ზოოპარკის თემა მეტად მნიშვნელოვანი იმით არის, რომ ცუდ პირობებში გვყავს დამწყვდეული ცხოველები, მათი ადგილი ველურ ბუნებაშია, რადგან მოვწყვიტეთ ბუნებრივ გარემოს, კეთილი უნდა ვინებოთ და მათზე სათანადოდ ვიზრუნოთ. სამწუხაროდ ჰიპოპოტამი ბეგლარი ვერ დაგიწერს პეტიციას და ვერ მოითხოვს თავისი უფლებების დაცვას.

 

რომ შევაჯამოთ მივიღებთ შემდეგ რეალობას: თუ ნახევარი წლის წინ, ახალი ზოოპარკის დამთავრებას სჭირდებოდა პირობითად წელიწადნახევარი, დღეს, ანუ ნახევარი წლის გასვლის შემდეგ სჭირდება ისევ წელიწადნახევარი და თუ ისევ ამ ტემპებით გავაგრძელებთ, მაშინ სამი წლის შემდეგაც დასჭირდება ისევ წელიწადნახევარი. ჰიპოპოტამი ბეგლარი კი ვერც სამი წლის შემდეგ დაწერს პეტიციას თავისი უფლებების დასაცავად.

 

პროექტის მიხედვით ახალი ზოოპარკი 48 ჰექტარზე უნდა გაშენდეს, იმედია ადრე თუ გვიან გვექნება ახალი ზოოპარკი, რომელიც სავარაუდოდ ევროპაში ყველაზე დიდი იქნება. მაგალითისთვის ბერლინის ზოოპარკის ფართობი 15 ჰექტარია. ბელგიაში პლანკენდაელის ზოოპარკი, რომელიც უდიდესია ევროპაში, 25 ჰექტარია.

 

სულ მალე საარჩევნო წელი იწყება, ამ დროს იზრდება ხოლმე საჭირო და გამოსაჩენი საქმეების კეთების ტემპი, მეც და უბედურ ყოფაში მყოფ ცხოველებსაც იმედი გვაქვს, რომ ახალი ზოოპარკიც ჩაითვლება პიარკამპანიის ნაწილად და საქმეც ადგილიდან დაირება.

 

 






 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია