საყდრისი... "შავი ქრონიკები"

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
26-12-2015, 11:39 | კომენტარები | ნანახია - 3744

საყდრისი...   "შავი ქრონიკები"

 

გაგა გობრონიძე

 

დავიწყოთ პირდაპირ, ყოველგვარი პროლოგის და შესავალის გარეშე, იმიტომ, რომ ამ თემას თავისი უმეცრების და პირდაპირ ვთქვათ, ბარბაროსობის წყალობით არც "შესავალი" აქვს და სამწუხაროდ ჯერ არც "ფინალი"...

 

მაშ ასე, რამდენადაც მკრეხელურად არ უნდა მოგეჩვენოთ და... 2014 წლის 13 დეკემბერს, ააფეთქეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, უნიკალური საყდრისის ოქროს მაღარო. არად იქნა ჩაგდებული ქართველ მეცნიერთა და არქეოლოგთა თხოვნა, რომ ჯერ ბოლომდე შეესწავლათ აღნიშნული ძეგლი. რა თქმა სრული იგნორირება გაუკეთდა ევროპელი და ამერიკელი მეცნიერების წერილებს, სადაც ისინი ხაზს უსვამდნენ საყდრისის მნიშვნელობას მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისათვის.

 

ამ წამიერ აბსტრაქტულ ტერმინს..."უცხოელ სპეციალისტებს" მოგვიანებით კიდევ დავუბრუნდებით. თუმცა ჯერ მივყვეთ კიდევ ფაქტების მშრალ დაფიქსირებას.

 

პირველ რიგში რა თქმა უნდა მივმართოთ ინტერნეტს (სადაც როგორც ერთი მოსწრებული გამონათქვამისა არ იყოს - "ფეისბუქის და პორნო საიტების გარდა კიდევ თურმე რაღაც სხვა ინფორმაციაებიც მოიძიება") და ასევე ტრადიციულად რა თქმა უნდა გავხსნათ "ვიკიპედია". თან მოდით ჯერ შევხედოთ ქართულენოვან ვიკიპედიას (ეს მომენტი დავიმახსოვროთ), სადაც პირველივე აბზაცში ამოვიკითხავთ:

 

"საყდრისი-ყაჩაღიანი — ბორცვი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთთან ახლოს. ბოლნისიდან 20კმ-ის დაშორებით.

 

ბორცვზე პირველადი სამეცნიერო სამუშაოები გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა თ. მუჯირის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში მომზადებულ ანგარიშებში პირველად გაჩნდა მოსაზრება აქ შესაძლო პრეისტორიული გამონამუშევრების არსებობის შესახებ. 2004 წელს საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე პირველადი არქეოლოგიური კვლევები დაიწყო, 2007 წლიდან 2013 წლამდე კი კვლევებს აწარმოებდა ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიცია თომას შტოლნერისა და ირინა ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. მათი მტკიცებით, ობიექტი პრეისტორიული ოქროს მაღაროა (თარიღს დაუკვირდით (ავტორის შენიშვნა) - ძვ.წ. 3350-2500 წ.წ.) თუმცა სამეცნიერო წრეებში არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, სადაც მეცნიერები კატეგორიულად გამორიცხავენ ამ ადგილას პრეისტორიულ ოქროს მაღაროს არებობას".

 

დავუკვირდეთ ბოლო წინადადებას - "თუმცა სამეცნიერო წრეებში არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, სადაც მეცნიერები კატეგორიულად გამორიცხავენ ამ ადგილას პრეისტორიულ ოქროს მაღაროს არებობას".

 

საყდრისზე, კონკრეტულად ვიკიპედიაში არსებობს მხოლოდ სამ ენაზე ინფორმაცია - ქართულად, ინგლისურად და გერმანულად. ქართულის გვერდის გარდა ვერც ერთში ვერ აღმოვაჩენთ მსგავს წინადადებას, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ. უფრო მეტიც - გერმანულენოვან გვერდზე საერთოდ ასეთ ჩანაწერსაც ვიხილავთ:

 

"2006 წლიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ამ ადგილს ისტორიული საგანძურის სტატუსი მიანიჭა. ხოლო 2013 წელს ეს სტატუსი მოხსნილი იქნა საქართველოს მთავრობის მიერ, მიზეზად თანამედროვე გზის მშენებლობა დასახელდა. თუმცა კორუფციაზეც არის საუბარი".

 

აი ასე... ტერმინი "კორუფციაც" კი გაჟღერდა. ურწმუნო თომებს კი შეუძლიათ იხილონ "დედანი" (https://de.wikipedia.org/wiki/Sakdrissi), სადაც კიდევ ბევრ არასასიამოვნო ჩანაწერსაც იხილავენ. მაგალითად იმას, რომ "დღევანდელმა მთავრობამ უნიკალურ (თუ რატომ არის უნიკალური... ამაზე მოგვიანებით) ისტორიულ ძეგლის სანაცვლოდ ოქროს მოპოვებას მისცა უპირატესობა..." და ის რომ "ამ ფაქტმა უდიდესი პროტესტი გამოწვია, როგორც საზოგადოებაში, ისევე არქეოლოგიური წრეებში.."

 

მოდით გავაგრძელოთ და ახლა რაღაცნაირად "გავშიფროთ" რამოდენიმე "ფაქტი", რომელიც ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილ აბზაცში ამოვიკითხეთ...

 

ქალბატონ ირინა ღამბაშიძეს დიდი წარდგენა არ სჭირდება, დაინტერესებული მკითხველისთვის მისი სახელი საკმაოდ ცნობილია. ხოლო ვისაც ოდნავ ახლოს უნდა გაეცნოს საქმის ვითარებას, შეგიძლიათ აი ამ ბმულზე შეხედოთ ირინა ღამბაშიძის მშვენიერ ლექციას ზუსტად იმ თემატიკაზე, რასაც უფრო კომპაქტურად და ოდნავ სხვა სეგმენტიდანაც გვინდა "ივერიის" ფურცლებიდან მივაწოდოთ მკითხველს - "ქუჩის აკადემია" Vol. 2 - ირინა ღამბაშიძე - საყდრისი: ოქროს უძველესი წარმოების კერა" (ბმული - https://www.youtube.com/watch?v=_8cxmZIchAg ).

 

ახლა გავაგრძელოთ, მოდით იმ "ვიღაც გერმანელს", თომას შტოლნერს ჩავუღრმავდეთ, რომელიც კულუარულ და არაოფიციალურ (მადლობა ღმერთს!) საუბრებში, მავანმა და მავანმა, არაპროფესიონალად და თითქმის "შარლატანადაც" კი მოიხსენიეს.

 

ტრადიციულ ქართულ "ჭორაობას" დავანებოთ თავი და ერთი თვალის გადავლებით გავეცნოთ ზემოთ აღნიშნული ბატონის CV-ს თუ "ბიოგრაფიას". (ისე, უცებ ჩვენი ლამაზი ხიდის ავტორზე, თავის დროზე ატეხილი "ქართული" მითქმა მოთქმაც გამახსენდა. როდესაც მაშინაც, ხიდის არქიტექტორი იტალიელი მიკელე დე ლუკიც მგონი "პრაქტიკანტად" თუ "სტუდენტათაც" კი მონათლეს).

 

ხოლო ბატონი თომას შტოლნერი კი თავის ე.წ. ვიწრო სპეციალობით გახლავთ სამთო არქეოლოგიის ერთ-ერთი საკმაოდ სერიოზული სპეციალისტი. დანარჩენზე კი როგორც იტყვიან "საქმენმან შენმაო"...

 

2000 წლიდან შტოლნერი გახდა ბოხუმის სამთო არქეოლოგიის მუზეუმის (Deutsche Bergbau-Museum Bochum) ხელმძღვანელი. ახლა კი რას წარმოადგენს ეს მუზემი? აქაც უბრალო ციფრები მოვიყვანოთ. მაგალითად 2012 წელს ეს მუზეუმი მოინახულა 365 000 დამთვალიერებელმა (ყოველ შემთხვევაში ამ მუზემის საიტზე მსგავს ინფორმაციას გადააწყდება ნებისმიერი).

 

შთამბეჭდავია?

 

გავარგძელოთ და ვთქვათ ისიც, რომ აღნიშნული მუზეუმის ე.წ. მიწისზედა ფართობი შეადგენს არც მეტი და არც ნაკლები 12 000 კვადრატულ მეტრს. ხოლო "მაღაროების" სიგრზე სადღაც 2.5 კილომეტრია (აქედან 850 მეტრზე ჩასვლა უბრალო დამთვალიერებლებისთვისაც არის ნებადართული). მუზეუმის წლიური ბიუჯეტი სადღაც 11 მილიონი ევროა და იგი ითვლება ერთ-ერთ წამყვან და ავტორიტეტულ ინსტანციად იმ საკითხებშიც, რის გადმოცემასაც აი ამ წერილში ვცდილობთ (დავიმახსოვროთ ეს მუზეუმიც, რომელსაც საკმაო პერიოდი ტომას შტოლნერიც ხელმძღვანებლობდა. მოგვიანებით მისი ხსენება კიდევ მინიმუმ ერთხელ მოგვიწევს).

 

ტომას შტოლნერი აგრეთვე გახლავთ გერმანიის არქიოლოგიური ინსტიტუტის საპატიო წევრი და პარალელურად ასწავლის რურის უნივერსიტეტში. 2009 წელს იგი აირჩიეს ბალტიურ-სკანდინავიური არქეოლოგიური ცენტრის მრჩეველთა ჯგუფში. მოკლედ ეს "ვიღაც გერმანელი" (სხვათა შორის შტოლნერი ზალცბურგშია დაბადებული) წარმოადგენს გერმანული არქეოლოგიური სკოლის თანამედროვე თაობის ერთ-ერთ მოწინავე სპეციალისტს. ხოლო თუ რა ფენომენია საერთოდ "გერმანული არქეოლოგია" რომ გავიხსენოთ, "ანანერბეზე" რომ არაფერი ვთქვათ, სულ მცირე ან "ინდიანა ჯონსის" პირველი სერიას შევხედოთ ან ბოლოს და ბოლოს გავიხსენოთ თუ ვინ აღმოაჩნინა იმ მომენტისთვის ლეგენდად ქცეული ქალაქი ტროა (თუმცა შლიმანსაც ზოგიერთი კონსპიროლოგიური თეორიის მიხედვით მართლა "შარლატანად" მოიხსენებენ, მაგრამ ამ წამს ეს არ არის მთავარი).

 

ეს "ლირიული გადახვევა" რომელიც შტოლნერის პერსონამ გამოიწვია, წესით უნდა დავამთავროთ. მე მგონი საკმაოდ გავშიფრეთ ეს ბატონი და ნებისმიერ ტიპის მკითხველს მასზე უკვე გარკვეული (თუ კონკრეტული არა) აზრი შეექმნებოდა. სულ მცირე მასზე ვერავინ ვერ იტყვის რომ ის "არაკომპეტენტურია"...

 

ხოდა, საკმაო დიდი არქეოლოგიური სამუშაოების და კვლევების შემდეგ ზუსტად აი ამ თომას შტოლნერმა და ირინა ღამბაშიძემ ამცნეს სამყაროს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვთან აღმოჩენილი იქნა (აი ახლა დაუკვირდით კარგად) პრეისტორიული ოქროს მაღარო, რომელიც - ძვ.წ. 3350-2500 წლებით თარიღდება...

 

აი შემდეგ კი ნელ-ნელა გამოჩნდებიან რამოდენიმე (მინიმუმ ორი) "კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრები, "ვიღაც ჩინოვნიკები", “დამოუკიდებელი (RMG-ის მხარდამჭერი) ექსპერტები”, თავად RMG-ი ჯგუფი, ოქრო, ინტერესები, დიდი ფული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...

 

სხვათა შორის რახან ე.წ. "დამოუკიდებელი ექსპერტებიც" ვახსენეთ, მოდით ცოტათი შევჩერდეთ ამ მომენტზე და თავად კომპანია “RMG GOLD”-ზე.

 

“დამოუკიდებელ (RMG-ის მხარდამჭერ) ექსპერტებს” თუ დავუჯერებთ, (რომელთა უმეტესობას ასე თუ ისე ჰქონდა პირდაპირი შეხება აღნიშნულ კომპანიასთან) “ოქროს საერთო რაოდენობა საყდრისის საბადოზე არ აღემატება 6 ტონას, ხოლო მისი საშუალო შემცველობა ტონა მადანზე ალაგ-ალაგ შეადგენს 1 გრამს”...

ამ მონაცემების თანახმად, საბადოს გადამუშავება RMG-ისთვის პრაქტიკულად წამგებიანია, ვინაიდან მოსალოდნელი წმინდა მოგება არ აღემატება 95 მლნ აშშ დოლარს. ეს თანხა და ეს მასშტაბები ნამდვილად არ არის რის გამოც ისეთ ავანტიურას იწყებენ, რასაც პრეისტორიული მსოფლიო კულტურის ძეგლის ლიკვიდაცია მოჰყვება.

 

და ბუნებრივია დაისმება კითხვა - და რა საჭიროა ასეთი არამომგებიანი კამპანიის წამოწყება?

 

პასუხიც უმარტივესია, რომელიც ნათელი გახდება საფუძვლიან გეოლოგიური კვლევებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც, საყდრისის საბადოზე ოქროს რაოდენობა, სულ მცირე, 50 ტონაა. ამ რაოდენობის ოქროს გადამუშავებით, მოსალოდნელი მოგება 1 მილიარდ დოლარზე მეტია.

 

რაც შეეხება უშუალოდ პრეისტორიულ მაღაროს (რომელსაც უჭირავს საბადოს ფართობის 1/7) იქ გადასამუშავებელი ოქროს რაოდენობა შეადგენს 3-5 ტონას, ხოლო მოსალოდნელი წმინდა მოგება... 50-80 მლნ დოლარს.

 

ასევე, არსებობს დასაბუთებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მაღაროში ოქროს შემცველობა გაცილებით მეტია. ამიტომ RMG-ის უნდა ეზრუნა ოქროს მოპოვების შედარებით ძვირ, შახტურ მეთოდზე, თუნდაც საბადოს ფართობის 1/7-ზე. ანუ უძველესი მაღარო დარჩებოდა ძეგლის სტატუსით და ამით, არც RMG GOLD-ს შეექმნებოდა პრობლემები საზოგადოების მხრიდან.

 

ასეთი ტიპის საბადოდან, ადგილმდებარეობისა და ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით, მადნის მოპოვება აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო არა ღია კარიერული (ბარბაროსული), არამედ შახტური (მიწისქვეშა) მეთოდით, როგორც ეს ხდება ოქროს მოპოვების თანამედროვე ტექნოლოგიით. საინტერესოა, გარემოს დაცვის სამინისტროს პოზიცია, თუ მას, საერთოდ, აქვს ასეთი...

 

ჩნდება კითხვა, რატომ აძლევს ხელს RMG-ის პრეისტორიული მაღაროს ნამსხვრევებად ქცევა და მისი გადამუშავება, მაშინ, როდესაც მადნეულის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ბალანსზე არსებული, სპილენძის მადნის ნარჩენების (ფუჭი ქანები, არაბალანსური მადანი და გამდიდრების კუდები, რომელთა საერთო რაოდენობა 2001 წლისთვის შეადგენდა 180 მლნ ტ-მდე, ოქროს საერთო რაოდენობით 180 ტ-მდე) გადამუშავებით მოსალოდნელი წმინდა მოგება აჭარბებს 1.5 მილიარდ დოლარს? სხვათა შორის, აღნიშნული ნარჩენები ნიადაგის მძიმე ლითონების მარილებით დაბინძურების წყაროცაა.

 

პასუხი მარტივია - საყდრისის ოქროს საბადო კვარცული მადანია, რომლის გადამუშავება გაცილებით იოლია და არ მოითხოვს ისეთ დანახარჯებს, რომლებიც აუცილებელია ნარჩენების გადამუშავების სპეციფიკური ტექნოლოგიის შესაქმნელად.

 

ეს დაწვრილებითი ცნობები, ციფრები და ანალიზი ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატ, ბატონ რევაზ კანაშვილის წერილიდან "დავესესხეთ", რომელსაც ზემოაღნიშნულ წერილშივე (რომელიც "საქართველოსა და მსოფლიოში" გამოქვეყნდა 25.12.2014 ) დასმულია რამოდენიმე საყურადღებო შეკითხვა:

 

"RMG Gold-ის მიმართ მაქვს რამდენიმე კითხვა, კერძოდ:

 

1. რატომ განხორციელდა ავსტრალიური კომპანიის მიერ აშენებული როფული გამოტუტვის დანადგარების (7 როფი, თითოეული ტევადობით 1200ტ მადანი) და მათი ტექნოლოგიური ხაზის დემონტაჟი?

 

აღნიშნული დანადგარები ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობას იძლეოდა;

 

2. რატომ არ არის დაცული RMG Gold-ის მიერ აშენებული 22 მლნ ტონა მადნის გროვის ფუძის ზომები, რომლის სიმაღლე 70 მეტრია? ასეთი დარღვევა, გარდა იმისა, რომ აუარესებს ტექნოლოგიურ მაჩვენებლებს, ეკოლოგიური კატასტროფის წინაპირობაცაა, მით უმეტეს, ისეთი სეისმოლოგიური რეგიონისთვის, როგორცაა ბოლნისის რაიონი (სად არის გარემოს დაცვის სამინისტრო?);

 

3. ძეგლის აფეთქებამდე რატომ არ დაელოდა RMG Gold-ი 12 იანვარისთვის გადადებულ სააპელაციო სასამართლოს (რომელიც დაინიშნა მისი საჩივრის საფუძველზე) გადაწყვეტილებას ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის თაობაზე?

 

4. რა მონაცემებს გამოაქვეყნებენ “ერემჯელები” ისეთი პერსპექტიული ოქროს შემცველი საბადოების გადამუშავების წინ, როგორიცაა ქვემო ბოლნისის (სავარაუდო მარაგით - 41ტ ოქრო), წითელი სოფლის (71 ტ ოქრო) და სხვ".

 

აი ამ ყველაფერს, რაც ჩვენი წერილის პირველ ნაწილში მოგაწოდეთ მარტივად "ინფორმაცია განსჯისთვის" ჰქვია...

 

და ზუსტად ასე დაიწყო ის თითქმის დეტექტიური, ბარბაროსული და ტრაგიკული ისტორია, რომელსაც უკვე ჰქვია თავისი სახელი და რომელიც ამჟამად რბილად რომ ვთქვათ, მხოლოდ ნეგატიურ ემოციებს იწვევს - "ს ა ყ დ რ ი ს ი"...

 

მგონი შესავლისთვის საკმარისია...

 

I ნაწილის დასასრული

 

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია