ისტორიული შანსები და თხასავით გაყიდული საქართველო!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-01-2016, 15:48 | პოლიტიკა | ნანახია - 1819

ისტორიული შანსები და თხასავით გაყიდული საქართველო!

 

დავით ნებიერიძე

 

2016 წელი ძალიან საინტერესოდ დაიწყო და ეჭვგარეშეა, რომ შემდგომში მოვლენები გაცილებით უფრო საინტერესოდ განვითარდება. ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ახალი წელი განსაკუთრებით საინტერესოა, როგორც საარჩევნო პერიპეტიების და მოლოდინების წელიწადი. ამიტომ, მოსახლეობის ძირითადი ყურადღება მაინც შიდა პოლიტიკურ მოვლენებზეა გადატანილი. აქვე, ცალსახად მინდა გითხრათ, რომ 2016 წელი გაცილებით უფრო საინტერესო წელიწადი იქნება მაკროეკონომიკური მოვლენების თვალსაზრისით. ანუ, ის საინტერესო იქნება მსოფლიოში მიმდინარე, თამამად ვიტყვი, ეპოქალური, გლობალური ეკონომიკური მოვლენების დინამიკითა და მათი სავარაუდო შედეგებით. ფაქტიურად საქმე გვაქვს მსოფლიო ეკონომიკური სისტემის ტექტონიკურ ძვრებთან და მსოფლიოში მოქმედი გლობალური ფინანსური სისტემის გადაფორმატირებასთან. გავბედავ და ვიტყვი, რომ ჩვენ ვართ მომსწრე ახალი მსოფლიო ეკონომიკური რეალობის დაბადების. ამ პროცესებს კი გადამწყვეტი ზეგავლენა ექნება საქართველოს ყოფაზე და მის მომავალზე. მათ შორის ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზეც. პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად იცვლება გეოპოლიტიკური ვითარება და ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი - რუსეთი ასრულებს თავისი არსებობის ძალიან აგრესიულ ეპოქას. უფრო მეტიც, რუსეთი უკვე დადგა ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე. თუ ოდნავ შევარბილებთ ტონს და ვიტყვით, რომ რუსეთის კი არა, არამედ „პუტინის რუსეთის“ ყოფნა არ ყოფნის საკითხი გადამწვეტ ფაზაში შევიდაო, ესეც მისაღები იქნება პირადად ჩემთვის. რამე თუ, პუტინის რეჟიმის დამხობის შედეგად თუ ჩვენ მივიღებთ ნორმალურ, ცივილიზებულ, მსოფლიო თანამეგობრობის ღირსეულ წევრ ჩრდილოელ მეზობელს, სავსებით საკმარისი იქნება ჩემთვის.

 

უპირველეს ყოვლისა მინდა გავამახვილო ყურადღება იმ ფაქტზე, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალური მაკროეკონომიკური პროცესები სულაც არ არის გამოწვეული რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართული ღონისძიებებით. ეს ახალი რეალობა გამოწვეულია მსოფლიო ეკონომიკის და უფრო სწორედ მსოფლიოში აქამდე მოქმედი ფინანსური სისტემის გადაფორმატირების აუცილებლობით. რამე თუ, მან უკვე ამოწურა საკუთარი ეფექტურობის რესურსი და მსოფლიო ეკონომიკა შესული იყო მწვავწე სტაგნაციაში, ფართო მასშტაბიან კრიზისში. უბრალოდ ასეთ კრიზისულ და გარდამავალ პერიოდებში ყველა ქვეყანას გააჩნია თავისი ინდივიდუალური ეკონომიკური მდგრადობის რესურსი. ეს რესურსი განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის დონეს და განსაკუთრებით აქტუალური ხდება ზუსტად გლობალური ეკონომიკური კრიზისების ეპოქაში. არ მინდა, რომ რიგითმა მკითხველმა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელი განსაზღვროს ძირითადად ეკონომიკური და ფინანსური რესურსების სიდიდით, ან მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობით ერთ სულ მოსახლეზე. თქვენ ნახავთ, რომ მოცემულ ეპოქაში ერთნაირად გაუჭირდებათ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ყატარი - სადაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ზემოთ ნახსენები ეკონომიკური მაჩვენებელი და რუსეთს, სადაც იგივე მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. უბრალოდ, რუსეთისთვის ეს პროცესები გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება ვიდრე ყატარისთვის, მისი ამბიციებისა და მოქმედებების გამო. ერთი სიტყვით, ასეთი ტექტონიკური ძვრების ეპოქაში პირველხარისხოვანი და უმნიშვნელოვანესი, არის ის ფასეულობები, რომლებზეც დგას ესა თუ ის ქვეყანა, ესა თუ ის საზოგადოება და უკვე შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. ასე, რომ დღევანდელი რეალობა არის უნიკალური საშუალება თითოეულმა ადამიანმა გაარკვიოს, შეფასება მისცეს ფასეულობათა იმ სისტემას, რომელთანაც ის ახდენს საკუთარი პიროვნების იდენტიფიცირებას. რუსეთი დამარცხდება და განადგურდება ზუსტად იმ ოდიოზური და მარგინალური ფასეულობების გამო, რომელსაც ემყარება პუტინის რეჟიმის მიერ შექმნილი კვაზი სამყარო - „Русский Мир“.

 

ჩემი ნაცნობი „რუსეთუმეების“ მთავარი კონტრარგუმენტი არის მხოლოდ ერთი: 2008 წლის კრიზისი თუ გადაიტანა რუსეთმა, დღევანდელსაც გაუძლებსო. ეს მხოლოდ რწმენაა და აბსოლუტურად არ ასახავს რეალობას. 2008 წლის კრიზისი აბსოლუტურად განსხვავდებოდა ამჟამინდელი კრიზისისგან იმ მოცემუობით, რომელშიც იმყოფება თავად რუსეთი. პირველ რიგში კი იმით, რომ რუსეთი სრულ იზოლაციაშია. ამ იზოლაციაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის ეკონომიკურ შემადგენელს. რუსეთი მთლიანადაა მოკვეთილი საერთაშორისო ფინანსურ წყაროებს და ვეღარ მოახერხებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ინსტრუმენტის გამოყენებას. აქ მარტო იმაზე კი აღარ არის საუბარი, რომ აღარცერთი ცენტი არ შედის რუსეთის ეკონომიკაში. არამედ პირიქით. სხვადასხვა მონაცემებით, 2015 წელს რუსეთიდან გაედინა დაახლოებით 160 მილიარდი დოლარის უცხოური კაპიტალი. გარდა ამისა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო და ენერგეტიკული ბაზრებისთვის ბრძოლის გააფთრებულ სტადიაში შესვლით კატასტროფულად დაეცა ფასები ნავთობზე და ზოგადად ენერგეტიკულ რესურსებზე. გარდა ამისა საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობმა დაკარგა მთავარი სპეკულატიური პროდუქტის ფუნქცია. ანუ, აქამდე საერთაშორისო ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იყო ნავთობზე ფასის მატების ტალღაზე საბირჟო ვაჭრობებით მოგების მიღებაზე. ეს სპეკულიატიური ბუშტი იბერებოდა და ბოლოს გასკდა. შესაბამისად ნავთობზე ფასების მატების ტექნოლოგია დარჩა მთავარი სპეკულატიური ინსტრუმენტის გარეშე. ზუსტად ამითია გამოწვეული საერთაშორისო ბირჟების ინდექსების ინტენსიური ვარდნა და ეს ჯანსაღი პროცესია. იმიტომ, რომ ნავთობზე მზარდი ფასების გამო ფული აღარ იშოვება და ამ სეგმენტში აღარ მიიმართება ფინანსური რესურსები. პირიქით! საბირჟო ინდექსები იმიტომაც ეცემა, რომ კაპიტალის ეს ნაწილი ტოვებს ბირჟას, არარენტაბელურობის გამო. შესაბამისად, ჯერ-ჯერობით და კიდევ რამოდენიმე წლის მანძილზე ფასების ვარდნის ტრენდი არ შეიცვლება ფასების მატებით. დღეს კი მსოფლიო ფასები ნავთობზე უკვე ჩამოცდა რუსეთისთვის ნავთობის წარმოების თვითღირებულების ზღვარს. ანუ, ნავთობის მოპოვება და მიწოდება მსოფლიო ბაზარზე რუსეთისთვის უკვე წამგებიანია, ეკონომიკური თვალსაზრისით. და ეს მაშინ როდესაც რუსეთის შემოსავლების 80%-ს სწორედ ენერგო რესურსებიდან მიღებული სახსრები შეადგენდა. რუსეთი აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა ახალ რეალობას თავისი ეკონომიკის არადივერსიფიცირების გამო. ანუ, რუსეთისთვის არ არსებობდა შემოსავლების მომტანი თანაზომადი სხვა ეკონომიკური სეგმენტი, გარდა ენერგო რესურსებით ვაჭრობისა. დღეს ალბათ განსაკუთრებით აქტუალური გახდა ის მოსაზრება, რომ რუსეთის ეკონომიკა ერთ დიდ ბენზინ გასამართ სადგურს წარმოადგენდა. თუ ქვეყნის ეკონომიკა არ არის დივერსიფიცირებული და მისი შემოსავლები ჩამოკიდებულია ერთ ძირითად სეგმენტზე, მაშინ ამ სეგმენტის კვდომა ავტომატურად იწვევს ქვეყნის ეკონომიკის და უკვე შემდეგ მოსახლეობის სოციალური დონის კრახს. რასაც ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ რუსეთის შემთხვევაში.

 

იმ მოცემულობაში როდესაც რუსეთისთვის ნავთობის წარმოება და საერთაშორისო ბაზარზე მიწოდება ეკონომიკურად არარენტაბელური გახდა და თანაც მიდის გააფთრებული ბრძოლა ენერგეტიკული ბაზრების გადანაწილებისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ფინანსური რესურსები, რომელთა დაგროვებაც მოასწრეს ნავთობისა და გაზის მწარმოებელმა, ერთმანეთის კონკურენტმა ქვეყნებმა, მაღალი ფასების ეპოქაში. დეკლარირებული მონაცემებით რუსეთის ფინანსური რეზერვები 2015 წელს შეადგენდა 200 მილიარდ დოლარს. ხოლო, მისი მთავარი რეგიონალური კონკურენტის - საუდიტების ანალოგიური რეზერვები 700 მილიარს. ეს თავის თავად უკვე კოლოსალური სხვაობაა, თუ მხოლოდ ნომინალურ გამოხატულებას განვიხილავთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ საუდიტებისგან განსხვავებით რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა. განსაკუთრებით კი მოსახლეობის თვალსაზრისით და საბიუჯეტო ხარჯების კუთხით. ეს გარემოაება კიდევ უფრო ამცირებს რუსეთის მიერ ენერგეტიკული ბაზრების შენარჩუნების შანსს და ამ ენერგეტიკული ომიდან ცოცხლად გამოსვლის ალბათობას. დღემდე არსებული ფინანსური რეზერვები ნავთობის ამჟამინდელი ფასებიდან გამომდინარე და მისი საბიუჯეტო ვალდებულებების გათვალისწინებით რუსეთს 2016 წლის ბოლომდე თუ ეყოფა უკვე საკითხავია!

 

2008 წლის კრიზისში რუსეთმა ტრილიონობით რუბლი ჩაასხა საკუთარ არაეფექტურ ეკონომიკაში. განსაკუთრებით კი საბანკო სექტორში და ძლივს გადაარჩინა დაღუპვას. მაგრამ, დღევანდელი მოცემულობით მას ამის არანაირი არც შიდა და არც საგარეო რესურსები აღარ გააჩნია. და აი ამაშია ფუნდამენტური სხვაობა. რუსეთი უბრალოდ ვერ აღმოჩნდა კონკურენტუნარიანი სახელმწიფო, რათა კრიზისულ ეპოქაში წარმატებით ებრძოლა გადარჩენისთვის და მსოფლიო ასპარეზზე ღირსეული ადგილის დაკავებისთვის. ამიტომ, რუსული ბლეფი მრავალ პოლუსიან მსოფლიოზე მხოლოდ შიდა მოხმარების პროდუქტი აღმოჩნდა! დღრევანდელი რუსეთის ერთადერთი ინსტრუმენტი რათა მიმდინარე მოვლენებზე მოახდინოს ზეგავლენა არის შანტაჟი. რომელიც უკეთეს შემთხვევაში ეფექტური შეიძლება იყოს მხოლოდ დროის ძალიან მოკლე მონაკვეთზე.

 

ძალიან მნიშვნელოვანი, ტექტონიკური გეოპოლიტიკური ძვრების ეპოქის მომსწრენი ვხდებით ბატონებო. ჩემი მოკრძალებული აზრით ზუსტად ახლა დატრიალდა ჰაერში ჭეშმარიტი თავისუფლების სუნი საქართველოსთვის და უაღრესად მნიშვნელოვანია ადექვატურად მოვიქცეთ, რათა არ გავუშვათ ხელიდან შანსი, რომელიც ალბათ ათას წელიწადში ერთხელ ეძლევა თითოეულ ერსა თუ სახელმწიფოს. წინ არჩევნებია და მისი მთავარი შედეგი უნდა იყოს სწორი არჩევანი იმისა, თუ რომელ ნავში ჩაჯდება საქართველო!? რომელსაც ზურგის ქარი წაიყვანს მომავლისკენ. თუ, იმ ნავში რომელიც გარდაუვლად დაილეწება ამოვარდნილ ქარტეხილში. ნაკლებად დაუჯერეთ იმ პიროვნებებს რომლებსაც დიდი ხნის ნაყიდი აქვთ ეგრედ წოდებული “спасательный круг”. შეეცადეთ დაუჯეროთ იმ პიროვნებებს რომლებიც თქვენთან ერთად ზიან ნავში ყოველგვარი გადასარჩენი საშუალების გარეშე. ოღონდ ნავი არ შეგეშალოთ!

 

ყველა ამ მოვლენის ფონზე განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჩვენი მთავრობის, უფრო სწორედ კი მთავრობის პატრონის ბიძინა ივანიშვილის ავანტურისტული წამოწყება, რომელიც გამოიხატა საქართველოში გაზპრომის შემოყვანის მცდელობაში. ძალიან ცუდი და საქართველოსთვის სახიფათო თამაში წამოიწყო ზუსტად იმ პიროვნებამ რომელსაც «спасательный круг»-ი კი არა ყველანაირი გადარჩენის საშუალება უკვე დიდი ხნის მომარაგებული და ნაყიდი აქვს. ამიტომ, ყოველგვარი რისკის გარეშეც შეუძლია ტროპიკული კუნძულის პლიაჟიდან მშვიდად ადევნოს თვალი თუ როგორ იძირება საქართველოს სახელმწიფოს ნავი. დღემდე არავინ იცის რა მოტივით შემოჰყავს მას საქართველოში გაზპრომი. ვერანაირი მეტ-ნაკლებად არგუმენტირებული მოსაზრება ჩვენ ვერ მოვისმინეთ მისი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან. მაგრამ, მის მთავარ სპიკერს - კახი კალაძეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა წამსცდა: „ჩვენი ხელისუფლება იწყებს დიდი გაზსაცავის მშენებლობას საქართველოს ტერიტორიაზეო“. ამ ფრაზამ მთლიანად ახადა ფარდა მათ კოლაბრიციონისტულ გეგმებს!

 

პირადად მე არა ვარ დიდად ჩახედული საინჟინრო საქმეში. მაგრამ, მცოდნე ადამიანებისგან მაქვს ბევრი საინტერესო რამ მოსმენილი ენერგორესურსების ტრანსპორტირებისა და ამ პროცესთან დაკავშირებულ ლოჯისტიკურ საკითხებზე. ნავთობისაგან განსხვევებით ბუნებრივი აირის მილსადენით ტრანსპორტირება შეუძლებელი ყოფილა თუ მილი მთლიანად არ არის გავსებული გაზით. ამის ტექნიკურად ახსნა დიდ დროს წაგვართმევს. ამიტომ, ჯერჯერობით მიიღეთ როგორც მოცემულობა. ამავე დროს ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ არამდგრადი მოხმარების ბაზრის პირობებში შეუძლებელია სავსე მილით ეფექტური ოპერირება თუ არა გაქვს წარმატებით გადაწყვეტილი ლოჯისტიკური საკითხები. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, მოთხოვნის ცვალობადობიდან წარმოშობილი აუთვისებელი, ნამეტი გაზის მოცულობის შენახვის ტექნიკური საკითხები. ამიტომ, გაზსაცავები შენდება მხოლოდ იმ ადგილებში და იმ გეოგრაფიულ ტერიტორიებზე რომლებიც განიხილება გაზის მიწოდების ლოჯისტიკურ ცენტრებად, ანუ ჰაბებად. წინააღმდეგ შემთხვევაში ამგვარი საინჟინრო პროექტების განხორციელება არამიზანშეწონილი და არა რენტაბელურია. აღნიშნულიდან გამომდინარე ყველაფერი ლოგიკური ხდება და ივანიშვილისა და პუტინის ერთობლივ გეგმებს ფარდა ეხდება. იმის შემდეგ რაც ენერგეტიკული ბაზრებისთვის გამალებული ომის აქტიურ ფაზაში პუტინმა დაკარგა უკრაინა, როგორც საკუთარი ენერგეტიკული ჰაბი და ტრანზიტული ქვეყანა; იმის შემდეგ, რაც ჩაეშალა გაზსადენების პროექტი, რომლებსაც უნდა გაევლოთ აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებზე. მათ შორის ბულგარეთსა და საბერძნეთზე. იმის შემდეგ რაც პუტინმა საბოლოოდ დაკარგა ევროპაში გასვლის უკანასკნელი იმედი თურქეთის სახით. სადაც ის აპირებდა უზარმაზარი ლოჯისტიკური ცენტრის შექმნას სამხრეთ დასავლეთის მიმართულებით. საქართველო და ბიძინა ივანიშვილი გადაიქნენ მისი გეგმების ერთადერთ გადამრჩენლებად, რათა საკუთარი გაზისთვის მოძებნოს უკრაინის ალტერნატივა. განსაკუთრებით კი ისეთ სტრატეგიულ რეგიონში როგორიცაა ახლოაღმოსავლეთისა და ევროპის შესაყარი. გაზის საცავის მშენებლობის დაანონსებამ გახეთქა მათი მზაკვრული ჩანაფიქრის მთავარი მიზანი - გადააქციოს საქართველო რუსული გაზის ენერგეტიკულ ჰაბად და ლოჯისტიკურ ცენტრად. ანუ, რუსეთი ცალი ფეხით კი არ შემოდის საქართველოში..! ის აპირებს საქართველოში დამკვიდრებას! ასეთი პროექტის განხორციელების შემდეგ პუტინს ვეღარავინ გააგდებინებს კბილებიდან ჩვენს ქვეყანას. ყოველ შემთხვევაში ეს გაცილებით უფრო რთული იქნება ვიდრე აქამდე იყო. და ჩვენი ქვეყნის ყველა წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ თავისუფლების მოპოვების შემდეგ ევროინტეგრაციის გზაზე, აი ამ ერთი პროექტის განხორციელების შედეგად ერთიანად გადაიხაზება! ამ მუხანათურ გეგმას კი წინ აღუდგებით პირველ რიგში იმით, რომ საპარლამენტო არჩევნებით მოვიშორებთ კოლაბროციონისტულ, გამყიდველ ხელისუფლებას. პარალელურად კი, პუტინის რეჟიმი ჩამოიშლება საბოლოოდ. ანუ, ვეღარ მოასწრებს ამ პროექტის განხორციელებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი ხელის მოსმით ივანიშვილის ხელისუფლება რუსეთის ნავში გადაგვსვავს და მშვიდობით ჩვენო ევროპულო მომავალო!

 

ასე რომ ყველა ის მსჯელობა, რომ გაზპრომის შემოსვლით ხდება საქართველოს ენერგეტიკის დივერსიფიცირება; ის, რომ გაზპრომი უფრო იაფად მოგვაწვდის გაზს; ის, რომ აზერბაიჯანს არა აქვს საკმარისი გაზი; ის, რომ მთავრობა ზრუნავს გაზის გაიაფებაზე უბრალოდ ბლეფი და ყურადღების გადატანის საშუალებაა. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ ხელისუფლებას ამ დისკუსიაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოსაზრება და ანალიზი ჯერ კიდევ არ არის ფაქტი. მაინც მივცემ თავს უფლებას, რომ ვამტკიცო: ზუსტად ამაშია გაზპრომთან დაწყებული მოლაპარაკებების მთავარი არსი და მიზანი! გირჩევთ ეს მიმართულება განვავითაროთ ხელისუფლებასთან კამათის დროს, რომ ვერ მახერხონ მეორეხარისხოვან ასპექტებზე ყურადღების გადატანა! თუ პუტინმა მოახერხა და საქართველო გადააქცია საკუთარი გაზის ენერგეტიკულ ჰაბად და ლოჯისტიკურ ცენტრად, მთლიანად მოვწყდებით ევროატლანტიკურ ცივილიზაციას და პუტინის ნავში ამოვყოფთ თავს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია