პოლიტიკა ბინძური საქმეა?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-01-2016, 20:40 | პოლიტიკა | ნანახია - 1787

 

გიგი კუბლაშვილი

 

ქართულ პოლიტიკას - უზნეობა, ამორალობა, სიტყვის გატეხვა, ვირ-ეშმაკობა არასდროს აკლდა, მაგრამ ივანიშვილის ეპოქაში ამ სენმა საოცარი მასშტაბები შეიძინა.

ქართული საზოგადოება, ქართული კულტურა ისევე, როგორც ზოგადად ევროპული, არასდროს არ ახალისებდა უზნეობას და მის მხარდაჭერას. ასეულობით მაგალითია ჩვენს ისტორიაში, როდესაც ზნეობრივ გზას დიდი გამარჯვებებისკენ მივყავდით, იყო პერიოდები, როდესაც ქართული საზოგადოება დროებით დეგრადირებდა, თუმცა ასეთ დაღმასვლებს დროდადრო უპირისპირდებოდნენ ილიას დარი მამულიშვილები და ქვეყანა ახერხებდა ამ სახადისგან გათავისუფლებას.

 

მას მერე, რაც დიდწილად ტყუილების მეშვეობით გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ ეს სენი ქართულ პოლიტიკაში იმედია დროებით, მაგრამ ისევ წაახალისა და მოაბრუნა, უზნეობა შეიქნა ჩვენი თანმდევი ყოველ ფეხის ნაბიჯზე. მუდმივად გვესმის ფრაზა - ,,პოლიტიკა ბინძური საქმეა“, ბოლომდე ვერ არის მართალი მეგობრებო ეს გამონათქვამი, პოლიტიკა ბინძურია თუ მას ბინძური ხელებით აკეთებ...

 

ჩვენთან ესოდენ პოპულარული მაკიაველი და მისი რამდენიმე ნაშრომი დასავლურ სამყაროში დიდი ხანია, საინტერესო საკითხავია. მხოლოდ, ჩვენთან კი მავანს დღესაც ჰგონია, რომ მაკიაველიზმი მართავს თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკას, ცხადია ეს ასე არ არის. ცხადია, იქ სადაც ადამიანია და ადამიანებს შორის ურთიერთობებია, არის ,,ჰომო საპიენსისთვის“ დამახასიაეთბელი სისუსტეებიც. მაგრამ ტექნოლოგიები, რომელსაც მაკაიველი ნერგავდა რამდენიმე საუკუნეა დრომოჭმულად იქცა. ურთიერთნდობა და არა მოტყუება ეს არის თავისუფალი სამყაროს თამაშის წესები, რაც იმას არ ნიშნავს, რომ რისი თქმაც არ გინდა აუცილებლად თქვა, არამც და არამც, ის რისი გაცხადებაც შენს ინტერესებში არ შედის ნუ იტყვი, მაგრამ მოტყებაც მიუღებელია, რადგან ნდობას დაკარგავ და მერე სიმართლესაც რომ იტყვი აღარ დაგიჯერებენ.

 

ჯერ კიდევ მსოფლიოს რომელ კუთხეში შეიძლება შევხვდეთ ,,მაკიაველიზმს“ - მოქმედებაში? ლათინური ამერიკის, აფრიკის, აზიის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქვეყანაში. შევეშვათ სხვებს, ჩვენზე ვისაუბროთ. საქართველოში მაკიაველიზმს მახინჯი ფორმებით იმ გარემომაც შეუწყო ხელი, რომ დაპყრობილი ქვეყანა ვიყავით და მტერი რაღაცნაირად მოსათაფლი იყო და ქართველების, რაღაც ნაწილი ცდილობდა მორგებოდა იმ რეალობას, რომელსაც ძალით ვერ ცვლიდა. თუმცა, გავიდა ხანი, ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ უკვე მეოთხედი საუკუნეა, მაგრამ ეს სენი ჯერ კიდევ ჩვენშია, თუმცა როგორც ზემოთ მოგახსენეთ ის გასაქანი, რომელიც მას დღეს მიეცა ძნელი წარმოსადგენი იყო ყველაზე დიდი ოპტიმისტისთვისაც.

 

მაგალითები ბევრია, აი თუნდაც ბოლო გავიხსენოთ, ერთერთი ჩინოვნიკი, რომელიც ამავე დროს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა, საზოგადოებას თავი ჯერ ტირილით და გადადგომით, ხოლო ერთი წლის თავზე მოანანიებით და ისევ იმავე თანამდებობაზე დაბრუნებით დაამახსოვრა. ის რომ ესეთი ადამიანები არსებობენ და იარსებებენ ეს გასაგებია, მაგრამ ის რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამას ყოველგვარი ემოციის გარეშე შეხვდა ეს არის დამაფიქრებელი.

 

ცხადია შეფასებები ძირითადად უარყოფითი ხასიათის იყო, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სოციალურ ქსელში დაახლოვებით ესეთი სახის კომენტარები განათავსეს ,,რა ექნა აბა?“ , ,,ერთი წელი სამსახური ვერ იშოვა და“ , ,,ეგ პროფესიონალია და რა მოხდა“ ,,ისევ ეგ ჯობია სხვას“- ყველა ის ადამიანი ვინც ესეთ შეფასებებს აკეთებს უნდა ესმოდეს, რომ მხარს უჭერს და ახალისებს უზნეობას.

 

არ შეიძლება უზნეო ადამიანი იყოს კარგი პროფესიონალი, არ შეიძლება რადგან ესეთი ადამიანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ზოგადადაც, როგორც მინიმუმ ზომაზე მეტად კარიერაზე და კონიუნქტურაზე ფიქრობს ვიდრე საქმის კეთებაზე. არ შეიძლება ერთი ხელით კეთილი საქმე აკეთო და მეორეთი ეშმაკს შეეკრა. ესე არ ხდება.

 

დასავლეთ ევროპაში ესეთი ტიპის ადამიანებს, ვისზეც ზევით მოგახსენეთ პოლიტიკაში პერსპექტივა არ და ვერ ექნებათ, მეტიც პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ესეთი ტიპები წარმოადგენენ სერიოზული პასუხის გაცემა მოუწევს ამომრჩევლის წინაშე, ესეთი სკანდალები ხშირად პოლიტიკურ ძალებს პერსპექტივებსაც უზღუდავს.

 

მე ნამდვილად ვერ დავიჩემებ და ვერც ვერავის მოვუწოდებ ანგელოზობისკენ, მაგრამ იმას რაც ხდება დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სახელი უნდა დავარქვათ, ანუ შავი შავია და ამ ავადმყოფობას დამალვა და შეგუება კიარა, შეფასება სჭირდება. როგორც კი ჩვენი საზოგადოება შეეგუება ამორალობას, უზნეობას - წინ ვეღარ წავალთ, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევეგუებით.

 

ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ისეთ ქვეყანაში იცხოვრონ სადაც ამორალობა მორალის რანგშია აყვანილი, სადაც უზნეო ჩინოვნიკი, რომელმაც თანამდებობის გამო სული სატანას მიჰყიდა, ჩვენ და ჩვენს შვილებს ლექციებს წაუკითხავს ზნეობაზე, სიკეთეზე, პროფესიონალიზმზე. ჩვენ არ გვინდა ტყუილი და ვირ-ეშმაკობა იყოს ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათი, არ გვინდა და ჩვენ ამას არ შევეგუებით.

 

და ბოლოს ისევ იმ ცნობილ სენტენციას მიუბრუნდეთ ,,პოლიტიკა ბინძური საქმეა“ დიახ მეგობრებო ბინძურია თუ მას ბინძური ხალხი აკეთებს...

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია