დიდი სამამულო

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-09-2013, 22:47 | ბლოგები | ნანახია - 2254

დიდი სამამულოზურა ოდილავაძე

 

   დემოკრატია სიტყვის თავისუფლებითა და მედიის დამოუკიდებლობით იწყება. ამ მხრივ, საქართველოში, შეიძლება ითქვას, დემოკრატიის ზეიმია! რაც გსურს, ის ილაპარაკე, რამდენიც გინდა, იმდენი იყვირე, მაინც არავინ მოგისმენს. ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერით გაამაყებულ ხელისუფლებას განსხვავებული აზრი, პირდაპირ რომ ვთქვათ, ჰკიდია. მედიაშიც დიდი პროგრესია! უხილავი ფრონტის რაინდების ხელმძღვანელობით მიმდინარეობს ტელევიზიების ტოტალური ანექსია. ,,პირველი არხისა“ და ,,იმედის“ ოკუპაცია ქართული წარმომავლობის  ,,ფსბ“-ს გენერლების მიერ, თითქმის დასრულებულია, ხოლო ,,რუსთავი-2“-ზე დაწყებული ფინანსური კვლევები გვაფიქრებინებს, რომ ჩეკისტური პლურალიზმი აქაც მალე გაიმარჯვებს!

   ,,პირველი არხის“ შტურმით აღებამ დაგვანახა, რომ არც სამამულო სამხედრო მრეწველობა დგას ადგილზე! შინნაზარდმა რობერტ ოპენჰაიმერმა, ამერიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბრძოლის ველზე ახალი ბიოტექნოლოგიური იარაღი – ფუნა გამოიყენა. თუ გავიხსენებთ, რა უცებ დახვეწა იმავე აშშ-სგან მოპარული ბირთვული ბომბი სსრკ-მა და გაცილებით დამანგრეველი თერმობირთვული იარაღი შექმნა, სულ მალე შეგვიძლია, ადამიანის ,,ნეხვის“ ბომბების გამოჩენაც ვივარაუდოთ. ასეა თუ ისე, ,,პირველი არხისთვის“ მიმდინარე დიდი სამამულო ომი სულ მოკლე ხანში ხელისუფლების ,,პოლიტ-ბოევიკების“ გამარჯვებით დასრულდება. მადლიერი ხალხი კი,ქართველი კაცის ეტალონად მიჩნეულ, ეროვნული ფასეულობებითა და ღირსებით განმსჭვალულ, თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლ გმირს – ,,ქალბატონო ფირტიკოზას“ - შესაფერისი ბიომასისგან ძეგლს აუგებს!

    ახლა გადავხედოთ, რა ხდებოდა სამამულო ომის სხვა ფრონტებზე. გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა ქართველი ექსპერტების მიმართულებითაც. საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცებით შეპყრობილი, მამხილებელი ციტატებით შეიარაღებული გენერალსიმუსი, როგორც მას სჩვევია, გულახდილად და გულწრფელად ხვრეტდა სანგარში გარინდულ ექსპერტთა ლეგიონს. ბელადის ფინანსური ინიექციებით დამტკბარი, ,,თბილი“, ,,საყვარელი“ და ,,ბუნჩულა“ ექსპერტები კი მას მორცხვად შეჰღაღადებდნენ – მამამზევ, უარესის ღირსნი ვართ, გაცილებით უარესისო! შემდეგ ჯერზე, ოღონდ დახურულ რეჟიმში იყოს, მოწმეების გარეშე და მზად ვართ უვაზელინოდაცო!

   დახვრეტების დასრულების შემდეგ გენერალსიმუსმა დაზვერვის საიდუმლო მასალები გაგვიმხილა და სრულიად გაუგონარი რამ გვამცნო – სამაჩაბლოში საზღვრების გადმოწევა, თურმე, სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებას ემსახურება! კითხვა გამიჩნდა: სად სამაჩაბლო, სად ერეკლე და სად სოჭის ოლიმპიადა? აქვე საინტერესოა, საახალწლოდ, რუსეთს მავთულხლართებით თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხის მორთვა რომ მოუნდეს, მზად ვართ კი ვლადიმერ ვლადიმერის ძის ღირსეული დახვედრისთვის?

   ეკონომიკის აყვავებაზე აღარ შევჩერდები – აქ ,,დანაპირებს განუხრელად და წარმატებით, წინმსწრებად და გადაჭარბებით ვასრულებთ“. ყურადსაღები ცვლილება მხოლოდ ისაა, რომ გენერალსიმუსის წარმოსახვაში აშენებულ ას საწარმოს, კიდევ ასი დაემატა. თუ ამ ტემპით გავაგრძელებთ, არის მოლოდინი, რომ ურიცხვი ვირტუალური მშენებლობით გავსებული გენერალსიმუსის თავი მალე ერთი დიდი ქარხნის ფორმას მიიღებს.

   სულ ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნების ფრონტიდან დაშიფრული დეპეშა მოვიდა, რომელიც იუწყებოდა, რომ ამჯერად გენერალსიმუსმა თავის ლეგენდარულ პრინციპს – ფელდმარშალს ჯარისკაცზე არ ვცვლიო – უღალატა და ქვეყნის მთავარსარდლის პოსტზე ეფრეიტორს გვტენის. მართალია, ,,მამამზე“ მუდამ გაღიმებულ ეფრეიტორს, როგორც ,,საოცარ პიროვნებას“, და ასევე, ,,საოცარ პრეზიდენტს“, ისე ახასიათებს, ერი ჯერჯერობით მაინც ვერ ჩასწვდა, რა არის ამ რიგითის ხიბლი?.. თუ არ ჩავთვლით მის ბავშვურ ღიმილსა და გენერალსიმუსის დაბმის მაღალ ხარისხს. აქვე დავამატებ, რომ თუ ,,პლასტელინი“ ლეონარდო და ვინჩის ხელში ხარ, კიდევ არაუშავს, მაგრამ თუ მძერწავი უვარგისია, მაშინ...

   ამავე საპრეზიდენტო ფრონტზე, ,,გრუ“-ს მოთამაშეებით გაძლიერებული ,,რკინის ლედის“ ბრიგადაც ომობს. მიუხედავად ფინანსური მოყოჩაღებისა, ,,ტორპედო“ ვერ ახარებს მოსკოველ გულშემატკივართა გულებს და მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. აქვე დგას ,,პირწავარდნილი ნაცების“ დივიზიაც. თუმცა, როგორც თვით გენერალსიმუსმა დაგვამშვიდა, ისინი მხოლოდ იმით არიან დაკავებულნი, რომ ,,ქართულ ოცნებაზე“ პირჯვარს იწერენ და სადღეგრძელობს ამბობენო“.

   ...ოჰ, ისევ რამ გამახსენა, ელდა მეცა – ის მაინც მიდის და ობლად გვტოვებს! ერთეულებმა გაბედეს და ისიც კი თქვეს,– შიშის გამო მიდისო! ერისთვის მეტად საჭირბოროტო ამ კითხვაზე თვით გენერალსიმუსმა ამომწურავი პასუხი გასცა: ,,...ჩემი დარჩენით ეს მუხტი ჩაქრება და დაკნინდება – მოვიდა და აცადეთო. არავის არ უნდა ვაცადოთ, ხელისუფლება უნდა იყოს მუდმივი კონტროლის ქვეშ“. (,,ნედლი“ ტექსტის მოწოდებისთვის, ბოდიშს გიხდით. გამშიფრავები მუშაობენ და უმოკლეს ვადაში ქართულენოვან თარგმანს შემოგთავაზებთ - ავტ.).

   და  ბოლოს, რაკი ომი სამამულოა, ორიოდ სიტყვა საბჭოეთზე, საბჭოელებზე და მათ იმედზე – ,,ევრაზიულ კავშირზე“. ,,გინდ რუსეთს დავუპყრივართ, გინდ ამერიკას დავუმონებივართ, ერთიაო!” – გვაფრთხილებს ,,ქალბატონო ფინტიკოზა“. ამერიკული ექსპანსიის შესახებ  და რუსეთთან საუკუნოვან ძმობას გვახსენებენ ეკლესიური იერარქებიც. ამასთან დაკავშირებით, ერთი სტრატეგულად მნიშვნელოვანი კითხვა მეც მტანჯავს: ჩრდილოელი ოკუპანტის ტანკების დისლოკაციის ადგილი დედაქალაქიდან  სულ რაღაც 40 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები მორალურად მაინც უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. საბჭოელებო, რაშია საქმე – ის მაინც რამ დაგავიწყათ, რომ სწორედ აშშ-ის პრეზიდენტისა და დასავლელი მეგობრების ძალისხმევამ სრული ოკუპციისგან გვიხსნა?

   და დამატებით, ერთი კითხვაც: 1945 წლის აგვისტოში აშშ-მა ატომური ბომბის პირველი გამოცდა ჩაატერეს, ხოლო სსრკ-მა იგივე 1949 წელს გაიმეორა. 4 წელი ამერიკა ფლობდა სრულ მონოპოლიას ამ უძლიერეს იარაღზე... ახლა კი ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა მოჰყვებოდა იმავე უპირატესობას რუსეთის მხრიდან?

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია