მოზეიმე ,,ჯიხვები”

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
21-01-2016, 22:45 | პოლიტიკა | ნანახია - 2009

მოზეიმე ,,ჯიხვები”

 

ზურა ოდილავაძე

 

30 იანვარს, მრავაწლიანი პაუზის შემდეგ, ოპერის თეატრი გაიხსნება. ხელოვნების განახლებულ ტაძარში მაყურებელი ზაქარია ფალიაშვილის ,,აბესალომი და ეთერის“ პრემიერას იხილავს. ღირსშესანიშნავ მოვლენას განსაკუთრებულ ხიბლს ,,რჩეულთა“ დასწრება შესძენს – განახლებულ დარბაზში მხოლოდ ,,ქართული ოცნების“ თავდადებული ,,გავროშები“ ისხდებიან! წარმოდგენაზე იქნებიან ,,ლოგონევროზიანი მესია“, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, ბიზნესმენები, დიპლომატები და, რაღა თქმა უნდა, პარტიული ნიშნით შერჩეული, ხშირი ხმარებისგან ცვეთაშეპარული ,,სელებრითები“. 1065 ბილეთიდან კონსერვატორიის ,,რიგით“ პროფესორებსა თუ ,,ვიღაც“ მუსიკოსებს არც ერთი არ დაუტოვეს, ხოლო ,,უბრალო“ ოპერის მოყვარულები, საერთოდ, არავის გახსენებია – ყველა ადგილი ,,ქართუმ“ მოხსნა!

 

იმის მაგივრად, რომ ამხელა მოლოდინის შემდეგ ოპერის გახსნაზე საზოგადოების ფართო წრე ყოფილიყო წარმოდგენილი, მართლაც ვიღაც ვიგინდარებმა ,,უღირსებს“ ,,მდაბიო წარმომავლობა“ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს. თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელი დადგა და ამ უმსგავსობას უამრავი უკმაყოფილება თუ მითქმა-მოთქმა მოჰყვება, მაინც მეტისმეტად თავხედურად მოიქცნენ... რატომ? ახსნა ერთია – ხარბობის არსი გაუმაძღრობაშია. ხარბი ხომ, ქართული ლექსიკონის მიხედვით ,,ხვასტაგთა უნამუსოდ შემკრებელს“ ნიშნავს...

 

ყველამ კარგად ვიცით, რომ ამგვარი გამორჩეულობის ნიშნით საკუთარი ფავორიტების წახალისების მეთოდს ჩვენში ყველა ხელისუფლება იყენებდა, მაგრამ დღეს ქვეყანა ფეოდალური მარაზმის მორიგმა, თვისობრივად უფრო ღრმა და სახიფათო ფორმამ მოიცვა – ზედა ფენების მსგავსად, უვიცობა და უტიფრობა ,,მეინსტრიმად“, მოდად იქცა. მიმდინარეობს ადამიანთა უარყოფითი სელექცია და ჯუნგლების კანონისკენ ევოლუციური უკუსვლა.

 

საზოგადოებრივი ცხოვრების სადავეები ახალი გენერაციის თავხედებმა ხელთ იგდეს. ჩვენ ვხედავთ წესიერი, კულტურული და განათლებული ადამიანების გამოდევნას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან.

 

ისე, რომ დავუფიქრდეთ, ყოველივე რაც ხდება, მოვლენათა განვითარების ერთ ჯაჭვს შეადგენს. ,,მეცენატის“ პირველი ქმედება – დაუყოვნებლივ, ხარბად 80 მილიონის დაბრუნება იყო... ზიზღისა და შურის ნიაღვარი... დღეს – ლიონელ მესისთან, ასობით გულდაწყვეტილი ბავშვის თვალწინ, მხოლოდ ,,ელიტარული ნაბარტყის“ მიყვანა... ხეების ამოგლეჯა და საკუთარ ეზოში ჩარგვა... საოპერო თეატრის ბილეთების დატაცება – ერთი რიგის მოვლენებია და მას ,,უნახავის“ გაუმაძღრობა ჰქვია.

 

არაფერი ახალი, საუკუნეების წინ გერმანელმა მეზღაპრე ჰოფმანმა დაწერა ,,ციცქნა ცახესის“ ამბავი. ჩვენც საბჭოეთიდან გადმოსულმა ჯადოქარმა შეგვილოცა და მონობის სენი გაგვიახლა.

 

ჯადო იმდენად ძლიერია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას, უვიცის ყველა სისულელე ინტელექტის მწვერვალად ეჩვენება. ,,მახინჯი ცახესი“ კი საქართველოს, როგორც საკუთარ დუქანს ისე განიხილავს და, რა გასაკვირია, რომ საოპერო თეატრსაც თავის ,,ბუდკად“ აღიქვამდეს?...

 

ამიტომაც, თვალს ნუ დავიბრმავებთ და ვიღაც კინწურაშვილს ნუ ამოვიჩემებთ, ის ხომ, როგორც უბრძანეს, ისე მოქმედებს – ის ფიტულია, უხმო თოჯინა. იმავე როლებს ასრულებენ ,,ცახესის“ პრემიერ-მინისტრები და მინისტრები, პარლამენტი, მთავრობა, უამრავი ქვეშევრდომი... რაღა ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის მონობა გაგვიკვირდა?

 

აქვე სულ ახლახან ტელევიზიით ნანახი კადრები გამახსენდა და შემდეგი სურათი წარმოვიდგინე: ,,ნიცშეს უარმყოფელი“ უეცრად ცუდ ხასიათზე დადგა – ძილის დროა... მოურავები უკანასკნელ ლუკმებს პირში ხარბად იტენიან, ხოლო სუფრაზე ბატონთან დაკავებული ადგილის სიახლოვით ხვალ იტრაბახებენ... ,,ქართუ- ელიტა” საახალწლო სუფრას ტოვებს და ჟურნალისტების კითხვების თანხლებით მანქანებში ნაწილდება... მაძღარი ღიპიანი ,,ბიძია ვირთხები“ სიბნელეში შავი ლიმუზინებისკენ მიიპარებიან... ოდნავ შემთვრალი ,,ლოყებიანი დეიდა“ კეკლუცად იღიმება და თვითკმაყოფილებისგან გასხივოსნებული სახით ჩვეული უტიფრობით ჟურნალისტებს ესაუბრება...– ,,მოზეიმე ჯიხვების მდორე დოღი“.

 

პირველქმნილ პრიმატებს წუთითაც არ ეპარებათ ეჭვი, რომ ცხოვრების ბატონ-პატრონთა როლი მათ სრულიად სამართლიანად და სამუდამოდ ერგოთ... ის კი არ იციან, რომ ,,ბილეთები- ჯის” ხანა ახლოვდება – გვერდი მალე ,,გაჭედავს“ და სამუდამოდ გადაიფურცლება...

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია