რუსი ექსპერტი: საქართველო დაშლილია და იქ ISIS-ი მკვიდრდება

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-01-2016, 18:31 | კომენტარები | ნანახია - 2286

 

ლადო ჩალათაშვილი

 

გასული წლის ოქტომბრის თვის მიწურულს, დავწერე სტატია რუსოფილი ექსპერტების იმ პროპაგანდაში ჩართულობის შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველო ISIS-ის პლაცდარმი ხდება რუსეთის წინააღმდეგ.

 

თავისთავად იმის მტკიცება, რომ ასეთი რამ შესაძლებელია საქართველოში, უკვე ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ყველას კარგად გვახსოვს თუ რა ღონისძიებებს ატარებდა რუსეთი პანკისის ხეობაში, კავკასიელ "ბოევიკთა" შესახებ ბუნდოვანი ინფორმაციების გავრცელებისას და როგორ უცერემონიოდ არღვევდა საქართველოს სუვერენულ საზღვრებს, აყრიდა ბომბებს მშვიდობიან მოსახლეობას და ა.შ. მაშინ რუსული პოლიტიკისთვის პრობლემა იყო კავკასიელი ამბოხებულები და მათი ამოხოცვის თემატიკით მოვიდა დღევანდელი რუსეთის მმართველი ხელისუფლებაში, რომელმაც მოგვიანებით კავკასიელი ამბოხებულების თემა, ჯერ თანამემამულეთა დაცვის თემატიკით შეიცვალა და რამდენიმე აგრესია განახორციელა, ახლა კი ახალი მანტრა აიკვიატა და ზოგადად ისლამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ მებრძოლ რაინდად გადაკეთდა.

 

უკრაინის კრიზისის დასაწყისშივე ჩანდა რომ რუსეთი, ადრე თუ გვიან ე.წ. "ისლამურ კარტს" გაათამაშებდა და ახალ ეგიდს შესძენდა საკუთარ აგრესიას. მაშინაც ვწერდი ამაზე და ვამბობდი რომ რუსეთის საერთაშორისო საზოგადოებისთვის მომზადებული ჰქონდა "ზაგატოვკა", რომელიც მათი აზრით გადაფარავდა უკრაინის კრიზისს და დატოვებდა მათ საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ აქტიურ წევრად. თუმცა, რუსეთის გათვლების მცდარობა იმაში მდგომარეობდა, რომ ახლო აღმოსავლეთის პროცესებში, საკუთარი მოქმედების შენიღბვა ანტიფუნდამენტალისტური შირმით, ურთულესი ამოცანა იქნებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო რომ დღეს, დედამიწაზე არსებული ცივილიზებულ და შესაბამისად განვითარებული ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების მთელი ყურადღება, სწორედ ამ რეგიონისკენ არის მიპყრობილი და რუსების ქცევა ვერ დარჩებოდა დაუფიქსირებელი.

 

სირიის ავანტურის წამოწყების პიველივე კვირებში გასკდა ის საპნის ბუშტი, რომელიც რუსულმა პროპაგანდამ გაბერა და საკუთარ მისიას სირიაში, "რიგითი ასადის გადასარჩენად"-ის ნაცვლად, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლა დაარქვა. მას შემდეგ რუსული პროპაგანდა ჯიუტ ცალმხრივ პოზიციაზე დარჩა და გააფთრებული ამტკიცებს რომ ებრძვის ISIS-ს და არა ასადის მოწინააღმდეგე ე.წ. "შეიარაღებულ ოპოზიციას". ამ იდეოლოგიურ ფერხულში, საეჭვოდ აქტიურად ჩაება ყველა ის ექსპერტი, რომელიც რუსული პოზიციების დამცველია და არც ქართველი რუსოფილები ყოფილან გამონაკლისები.

 

საბოლოო ჯამში, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსების მიერ, ჯიუტად განმეორებადი მანტრა, ისლამური საფრთხის შესახებ, ახალი მიზეზია აგრესიის განსახორციელებლად და ეს დაადასტურა თურქეთთან კონფლიქტმა. ახლა კი ვხედავთ, რომ საქართველოს შესახებ მოხშირდა ანალოგიური განცხადებები და ქვემოთ მოცემულ ვიდეოზე ასახული ექსპერტიც, სწორედ ამ პროპაგანდისტული დამუშავების მშვენიერი მაგალითია. მის ანალიზში ისეთი მიამიტური დაშვებებია გაკეთებული რომ საშუალო განთლების მქონე ადამიანიც კი ვერ დაუშვებს მათ. აბსულუტურად გაუთვალისწინებელია გეოგრაფიული და ეთნიკური ფაქტორები, რომლებიც მსგავსი პროცესების განვითარების უმთავრესი ხელის შემშლელი ფაქტორებია და ესეც რომ არ იყოს, თუ კი ეს ადამიანი არის რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის, კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი, როგორც მინიმუმ ჩვენს რელიგიურ-ეთნოგრაფიულ ლანდშაფტში უნდა ერკვეოდეს, რომელიც ასეთი დასკვნების საფუძველს საერთოდ გამორიცხავს. არავინ და არაფერია დაზღვეული ერთეული შემთხვევებისგან მაგრამ ის რომ საქართველო უკვე ფაქტობრივად დაშლილ სახელმწიფოდ გამოაცხადო და მის ნანგრევებში, ისლამური ფუნდამენტალიზმის გავრცელების საშიშროებაზე ილაპარაკო, ან კონკრეტული მიზანი უნდა გქონდეს ან აბსულუტური იდიოტი უნდა იყო:

 

ვიდეო: <iframe width="640" height="360" src="https://www.youtube.com/embed/ojkFj61kb0w?feature=player_detailpage" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

 

ეს ყველაფერი რომ საფრთხეა საქართველოსთვის, ალბათ დამატებით ახსნას აღარ საჭიროებს და საჭიროა მსგავს გამოხდომებზე, საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრი რეაგირება. ამ ტიპის განცხადებების დანიშნულება საკმაოდ შორსმიმავალი გეგმაა და ის ემსახურება რუსეთის ქრისტიანობის დამცველი მისიონერის როლის გამართლებას, რომლის ლოგიკაშიც კარგად ჯდება წინმსწრები ანტიმუსლიმური და ანტიდასავლური იდეების ერთიანი ლოგიკით გავრცელება, რომელიც თან ახლდა "ქრისტიანი ბაიკერების" მოტოგარბენებს და გაგრძელდა შემდეგ პერიოდშიც. ამავე ლოგიკაში კარგად ჯდება ბოლო დროს ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული მიდგომა "ერთმორწმუნე" რუსეთის შესახებ, რომელიც საქართველოში მორიგ ინტერვენციას, არა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიად, არამედ საქართველოში ქრისტიანების დაცვის ეგიდით განხორციელებულ აქტად შერაცხვას უწყობს ხელს. მით უმეტეს ევროპაში შექმნილი საემგრაციო კრიზისის ფონზე, რიგით ევროპელისთვის ადგილზე შექმნილი "მუსულმანური" პრობლემების გამო, უამრტივესი იქნება აზრის ფორმირება რომ საქართველოში რადიკალი ისლამისტები ფუთფუთებენ და საჭიროა მათ წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღება მანამ, ვიდრე რუსეთის საზღვარს გადაკვეთენ. ეს მტკიცებულება ეფექტური იქნება ასევე შიდა მოხმარებისთვის რუსეთში და სრულად მოახდენს ახალი სამხედრო ოპერაციის წამოწყების "ლეგიტიმაციას".

 

ცალკე თემაა ის თუ რამდენად აზარალებს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ იმიჯს ასეთი შინაარსის განცხადებები და ეს გამოხდომები, უპასუხოდ არ უნდა დარჩეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რადგან ეს იქნება ძალიან საშიში, შეიძლება ითქვას დანაშაულებრივი უმოქმედობა, რადგან მტრის მზადება მომავალი სამხედრო ოპერაციისთვის სახეზეა და საჭიროებს ქმედით ნაბიჯებს, ყველა იმ არგუმენტის გასაქარწყლებლად, რომლის ტრანსლირებასაც დღეს ვადევნებთ თვალს.

 

ISIS-ის პერმანენტული მოხსენიება საქართველოს კონტექსტში, არ შეიძლება იყოს გამავრცელებლების კერძო ინციატივა ან ნააზრევი და მას ორგანიზებულობა აშკარად ეტყობა. ორგანიზატორი კი არცერთ შემთხვევაში საქართველოზე ზრუნვით არ იღლება და მას საკუთარი ამოცანები აქვს გადასაჭრელი, რომელი ინტერესებიც, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღდმეგოა და მიზნად ისახავს ადგილობრივი კოლაბორაციონისტების დახმარებით "სიტუაციის შემზადებას".

 

ასეთ ვითარებაში აჯობებს საქართველოს საზოგადოებამ მკვეთრად ანტირუსული პოზიცია გამოხატოს ყველა გზით და აჩვენოს რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო შემდგარია და თუ კი მას რაიმე საფრთხე დაემუქრება, მას შესწევს უნარი გასცეს საკადრისი პასუხი, იქნება ეს რადიკალი ისლამისტი თუ ტანკზე ამხედრებული რუსი "სალდაფონი"!

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია