ნარკომანია – სენი თუ არჩევანი?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-01-2016, 18:46 | კომენტარები | ნანახია - 2270

 ნარკომანია – სენი თუ არჩევანი?

 

ზურა ოდილავაძე

 

ხშირად მსმენია, ნარკომანიაზე ფართო განსჯა და ნარკომანის ამა თუ იმ საქციელის ,,ლოგიკური დასაბუთება“ თუ ,,ახსნა“. მორალისტები არც ,,ჯანქების“ მორალურ შეფასებას ერიდებიან. ამ დროს ყველაზე გავრცელებული კითხვა ასეთია: რა არის ნარკომანია – დაავადება თუ არჩევანი?

 

მივყვეთ ნარკომანიის განვითარებას თანმიმდევრობით:

 

I. დასაწყისი.

 

თავიდან ეს ,,აკრძალული ხილისადმი“ მოზარდის ინტერესია. იმავდროულად, სწორედ ამ ასაკში ახალგაზრდა იმკვიდრებს თავს, მას სათავგადასავლო რომანტიკაც იზიდავს. მოკლედ, ყოველივე იწყება დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილითა და გოგონებთან თავის გამოჩენის ჟინით. არანაკლებ როლს თამაშობს ახალგაზრდის მიერ ნარკოტიკით მორცხვობისა და სექსუალური კომპლექსების დაძლევა. ამ ეტაპზე პროცესს, შეიძლება, არჩევანი ვუწოდოთ. ნარკომანიის ამგვარი შეპარვითი დასაწყისი მაქსიმუმ 5 თვიდან – წლამდე გრძელდება – უმეტეს შემთხვევაში, ესეც ბევრია.

 

II. დაავადების მანიფესტაცია.

 

ამის შემდეგ დგება პერიოდი, როდესაც ,,უწამლოდ“, ისევე, როგორც უსაკვებოდ თუ უჰაეროდ არსებობა არ შეგიძლია. ამ ეტაპზე ნარკოტიკი უკვე ადამიანის ფუნქციობის აუცილებელი კომპონენტი ხდება და ის, ფაქტობრივად, ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში ერთვება, მთლიანად განკარგავს კიდეც მის ემოციურ სფეროს. ადამიანს, უბრალოდ, არც შეუძლია ნარკოტიკის გარეშე არსებობა. ასე რომ, ნარკომანია უკვე აღარ არის არჩევანი და ის მძიმე ავადმყოფობა ხდება.

 

ნარკომანის მთელი ცხოვრება დანებება-დაწყებაში გადის. დროთა განმავლობაში, კაიფით ტკბობა ნელდება, ,,წამალი“ იქცევა აბსტინენციის მკურნალობის ერთადერთ საშუალებად. იკეთებ მხოლოდ ერთი მიზნით – არ იყო იმ წყეულ მდგომარეობაში, რომელსაც ,,ლომკა” ჰქვია.

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ გარშემომყოფნი მხოლოდ მაშინ იგებენ დაავადების შესახებ, როდესაც მისი გამოვლინება უკვე აშკარა ხდება, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია დავასკვნათ –ნარკომანია მძიმე სენია.

 

III. ბოლო სტადია.

 

ნარკომანის ,,კარიერა“ თითქმის ყოველთვის მძიმე ალკოჰოლიზმით სრულდება. დაავადებულს ხშირად აპატიმრებენ, ის უკვე ვერც ფულს შოულობს და, შესაბამისად – ვერც წამალს. ფხიზლად ის ვერ ჩერდება, ვერც საზოგადოებაში გამოდის და ვერც ადამიანებთან ურთიერთობს. გარდა ჩამოთვლილისა, მორფინისტს ექმნება სექსუალური პრობლემებიც. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ორგაზმის დადგომის დრო ძლიერ გახანგრძლივებულია, რაც მკეთებელს სექსუალური სიძლიერის ილუზიას უქმნის. დანებების შემდეგ კი, მას უმუშავდება პოლუციის მსგავსი, მომენტალური ორგაზმი, ხოლო ერექცია ხანმოკლეა და დუნე. შედეგად, ორი მიზეზის ანუ დაბალი თვითშეფასებით გამოწვეული შიშების და სქესობრივი კავშირისთვის არასაკმარისი ერექციის გამო, მორფინისტი იწყებს ალკოჰოლის მიღებას.

 

დასალევის ზემოქმედებით მიღებული სიამოვნება არ ხიბლავს მორფინისტს, რადგან ის დიდად განსხვავდება კაიფისგან. მიუხედავად ამისა, ცნობილი ფაქტია, რომ ყველა ნარკომანი ადრე თუ გვიან იწყებს სმას. სწორედ სასმელიი ,,კურნავს” ზემოხსენებულ შიშებს და, გარკვეული დროით, ნაწილობრივ, ვენური სისხლის მიმოქცევის გაზრდის ხარჯზე, აგვარებს კიდეც ხანგრძლივი სექსის პრობლემას. მაგრამ გადის სულ ერთი-ორი წელი და ნარკომანის ცხოვრებაში დგება საბოლოო დაშვების ხანა, ის უკიდურესად ,,ფარჩაკდება”. ეს იგივეა, ცეცხლი რომ ბენზინით აქრო – ,,მკურნალობა” საშინელი შედეგით! თან სახიფათო ისაა, რომ დანებების ჟამს ალკოჰოლზე გადასვლა ახლობლებს, თვით ნარკომანსაც უქმნის ილუზიას, თითქოს, დადგა ბედნიერი ხანა – კაცი გონს მოეგო და ქეიფი დაიწყო! სულ მოკლე ხანში კი მოდის გაწბილება – ნარკომანი ისეთ პათოლოგიურ ლოთად იქცევა, რომ მისთვის და გარშემომყოფთათვის ნარკომანული ცხოვრების წესი სანატრელი ხდება. ამიტომ სასმელი სამუდამო დავიწყებას უნდა მიეცეს, თორემ, გარდა აგრესიული ქმედებებისა, ღვიძლის ციროზი უახლოეს 2-3 წელში გარდაუვალია!

 

დაავადების ამ უკანასკნელ ეტაპზე, მით უფრო, ალკოჰოლის თანხლებით, ნარკომანის აზროვნების პროცესი მეტად დაქვეითებულია, მას არა თუ – გამართული საუბარი, აზრის ჩამოყალიბებაც კი უჭირს. ავადმყოფი საკუთარ თავში იკეტება და მეტყველების უნარს კარგავს. ასეთი რამ ხშირად ემართებათ ნარკომანებს. მათ უყალიბდებათ ეგრეთ წოდებული ,,გახლეჩილი” აზროვნება, როდესაც პიროვნება მხოლოდ მისთვის გასაგები ცალკეული ფრაზებით, მსმენელისთვის კი უთავბოლო აბსტრაქტული სიმბოლოებით მეტყველებს. ვითარდება ორგანიზმის ზოგადი მოშხამვა და ტვინის ნეირონებზე ნარკოტიკის და ალკოჰოლის ზემოქმედებით გამოწვეული დეგრადაცია. ყოველივე ჩამოთვლილი იწვევს აუტიზმის მსგავს თვითჩაღრმავებას, ადამიანი კარგავს კონტაქტს გარესამყაროსთან. ვერც თვითონ აღიქვამს მას ადექვატურად და ვერც გარემოცვა აღწევს მორფინისტის შინაგან სამყაროში.

 

ჩამოთვლილის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ: ნარკომანის ქცევით სტერეოტიპებთან ჩვეულებრივი საზომით მიდგომა და მათზე მორალური განსჯა სისულელეა, ზედაპირულობა, პრობლემის არცოდნაა და მეტი არაფერი.

 

P.S.

 

რა წესიერებასა და მორალურ მოთხოვნებზეა საუბარი? მოდი, მე თქვენ ცხვირ-პირზე ხელს დაგაფარებთ, სუნთქვას გადაგიკეტავთ და მშვიდად ყოფნასა თუ კარგად მოქცევას გიბრძანებთ...

 

თქვენ, რაღა თქმა უნდა, ყველა ღონეს იხმართ, ბოლოს და ბოლოს კი მე მომკლავთ, ოღონდ როგორმე ჩაისუნთქოთ. დასკვნები თავად გამოიტანეთ...

 

მორალისტების საყურადღებოდ მაინც გავიმეორებ: ნარკომანია სენია და მას მხოლოდ და მხოლოდ, როგორც უმძიმეს დაავადებას, ისე უნდა მიუდგე, სხვა – გამორიცხულია!

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია