“ტრამპ-ა-ცუმპიზმი” მსოფლიო პოლიტიკაში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-01-2016, 23:35 | პოლიტიკა | ნანახია - 1520

 

ნიკა რურუა

 

ისევე როგორც ა.შ.შ. წინასაარჩევნო მარათონში, ასევე ევროპული პოლიტიკის სცენაზეც, ერთი საინტერესო და გასათვალისწინებელი ტენდენცია შეიმჩნევა - წინა პლანზე წამოიწია ისეთმა ლიდერმა ან ლიდერთა ჯგუფებმა, ვინც ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკურ მარგინალებად იხსენებოდნენ, ან მთლად არაფერი ჰქონდათ პოლიტიკასთან საერთო.

 

საბერძნეთში ულტრა-მემარცხენეების უეცარმა მოსვლამ ხელისუფლებაში “სირიზას” სახით, უნგრეთში ვიქტორ ორბანის, საფრანგეთში მარინ ლეპენის პოპულარობის რეკორდულმა ზრდამ და ა.შ.შ.-ში დონალდ ტრამპისა (რესპუბლიკელთა მხარეს) და ბერნი სანდერსის (დემოკრატთა მხარეს) გაზრდილმა საპრეზიდენტო შანსებმა, არ შეიძლება არ დაგვაფიქროს, რადგან ეს აღარაა გამონაკლისი, რომელიც წესს ამტკიცებს, რომ თანამედროვე პოლიტიკა რაციონალურ არჩევანს და გაწონასწორებულ ლიდერს ეყრდნობა.

 

ამგვარ ცვლილებას, ბუნებრივია, უნდა ჰქონდეს საფუძველი, და შესაბამისად, ახსნაც.

 

ჩემი აზრით, საქმე იმაშია რომ ეკონომიკურმა ზრდამ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ‘ცივი ომის’ დასრულების შემდგომ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გააჩინა ერთგვარი ყალბი სიმშვიდისა და კმაყოფილების, ან უფრო სწორედ თვით-კმაყოფილების ილუზია, რომ ფრენსის ფუკუიამას საინტერესო წიგნის “ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი”-ს საჯაროდ აღიარებული (სინამდვილეში არასწორი) ინტერპრეტაციის დარად ისტორია დამთავრდა, რომ კეთილმა სძლია ბოროტს, დემოკრატიამ საბოლოოდ გაიმარჯვა და აწი დედამიწაზე მშვიდობა გამეფდებოდა.

 

სინამდვილეში არც ფუკუიამას და არც განგებას ისტორიის დასასრული არ უწინასწარმეტყველებია (განგების ზრახვებზე ვერაფერს გეტყვით, და ამ საინტერესო ავტორს საკუთარ წიგნში ნამდვილად არ უთქვამს, რომ დედამიწაზე საბოლოოდ გაიმარჯვა დემოკრატიამო; მან დაასკვნა, და მართლებულადაც, რომ ‘ცივი ომის’ დასრულებამ ცხადყო ლიბერალური დემოკრატიის უმჯობესობა ყველა სხვა კორკურენტ იდეოლოგიებზე, რაშიც ძნელია, რომ მას არ დაეთანხმო).

 

ეს კვაზი-წინასწარმეტყველება სინამდვილეში ‘ცივი ომის’ დამთავრებისთანავე ტრიუმფალისტურად განწყობილმა დასავლეთმა გააკეთა და თვითკმაყოფილების დამღუპველ ჭაობში დაიწყო ჩაფლობა: მან არ დაამთავრა პრეზიდენტ რეიგანის დაწყებული საქმე, რომ მთლიანად მომხდარიყო რუსეთის დე-ბოლშევიზაცია, რასაც საბოლოოდ პუტინის აღზევება მოჰყვა; მან არ გამოაცხადა კომუნიზმი დამნაშავე იდეოლოგიად, როგორც ეს ნიურენბერგის პროსესის შემდგომ ფაშიზმის მიმართ მოხდა; მან არ დახარჯა ენერგია და ფული ახლო აღმოსავლეთის მომავალი თაობების წიაღში დემოკრატიული განათლების შეტანის მიზნით, და ა.შ.

 

ამ ყველა ჩავარდნის შედეგია დღევანდელი მსოფლიო, მისი უშველებელი პრობლემებით: პუტინის რუსეთის ღიად ავტორიტარული და თავისუფალი სამყაროსადმი მტრული, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს არსებობით, ისლამისტური ტერორიზმის აქამდე არნახულად გაზრდილი პოპულარობით და დასავლელი ამომრჩევლის განხიბლულობით დასავლურ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში.

 

სწორედ ამ ბოლო ფენომენის, კერძოდ, დასავლელი ამომრჩევლის საკუთარ პოლიტიკურ ელიტებში და მმართველობის სისტემებში განხიბლვით აიხსნება ისეთი პოლიტიკური ფიგურების წინა პლანზე გადმოსვლა და პოპულარობა, როგორიცაა დონალდ ტრამპი და მარინ ლეპენი.

 

ეს ორივე პოლიტიკოსი საკუთარ საჯარო გამოსვლებში ამბობს იმას, რასაც პოლიტკორექტულობით (და ხშირად, ელემენტარული ზრდილობითა და კეთილგონიერებით) შებოჭილი ვერცერთი დასავლელი პოლიტიკოსი ვერ ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მწვავე პრობლემები რიგ საკითხებში (ემიგრაცია, ტერორიზმი, ეკონომიკიდან გარიყვა, კულტურული გაუცხოება და ა.შ.) მართლაც არსებობენ და რეაგირებას საჭიროებენ მთავრობებისა და პოლიტიკოსების მხრიდან.

 

ამერიკული პოლიტიკური სისტემა, ბევრის აზრით, აშკარად კრიზისულ მდგომარეობაშია, რადგანაც უკიდურესი პოლარიზაციის შემთხვევაში დემოკრატიული წარმომადგენლობის სადავეების გასაღები ხელში უმდიდრეს ლობისტურ ძალებს უჭირავთ, რომლებიც ძლიერ ინტერეს ჯგუფებს ემსახურებიან, და ძალიან ხშირად მათ ძალიან უჭირთ ყველასათვის მისაღები კომპრომისების მიღწევა, რასაც ჩვეულებრივი ამომრჩევლის ინტერესებიც ეწირება მსხვერპლად.

 

ამგვარი უკომპრომისო ბრძოლის ყველაზე კარგი მაგალითია წლობით დაუმტკიცებელი ბიუჯეტი აშშ-ს კონგრესში, რაც, პირველ რიგში საშუალო კლასის ინტერესებს ურტყამს. საშუალო კლასიც ამაზე მტკივნეულად რეაგირებს და მთლიანად მოიძულებს პოლიტიკურ ელიტებს და უპირატესობას იმგვარ ოპორტუნისტებს ანიჭებს (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით) როგორიც ტრამპი და ლეპენია, ვისაც არანაირი თვით-შეზღუდვა არ ბოჭავს და ვინც უკიდურესად უსინდისო პოპულიზმს უპრობლემოდ კადრულობს პრობლემების გადაჭრის საკუთარი, ძირითადად რადიკალური “რეცეპტების” საზოგადოებისადმი შეთავაზებით.

 

ზედმეტია თქმა, რომ ამ რეცეპტებით არანაირი პრობლემა არ მოგვარდება; პირიქით, არაკომპეტენტური და რადიკალური გადაწყვეტილებები, როგორც წესი, სერიოზულ და ღრმა, ობიექტური მიზეზებით განპირობებულ პრობლემას უფრო ამძიმებს ხოლმე.

 

ჩვენ კარგად ვიცით, რომ დასავლურ პოლიტიკაში ყველაფერი ზედაპირზე ჩანს და რაც ჩანს, ეს პირველ რიგში, პრობლემებია.

 

აქედან გამომდინარე, პრობლემებზე კამათიც, მათი გადაჭრის გზების ძიებაც ხშირად ხმაურიანია, არეულ-დარეული, ქაოტური და ნაკლებად მიმზიდველი, რადგან ეს ყველაფერი სიტყვის თავისუფლების რეჟიმში მიმდინარეობს და თითქმის შეუზღუდავია - ამიტომაც ცუდი შესახედი და შფოთის მთესველი.

 

ამის მიუხედავად, სწორედ ამავე მიზეზით - შეუზღუდაობითა და თავისუფლებით - დასავლური პოლიტიკური სისტემა ყველა დანარჩენისგან გამოირჩევა საკუთარი ადაპტაციის უნარითა და მოქნილობით. იგი არაა შეზღუდული არანაირი ირაციონალური ტაბუებითა და ჩაქვავებული იდეოლოგიით.

 

ამიტომაც, გამოსავალი ისევ მეტ დებატში, მეტ კამათსა და აზრთა კრიტიკულ გაცვლა-გამოცვლაში იმალება. სწორი გადაწყვეტილებები სწორედ ღია დიალოგის რეჟიმში იქნება მოპოვებული ისევ და ისევ. ამავე რეჟიმში დამარცხდებიან ისეთი რადიკალური და არაკომპეტენტური შარლატანებიც, როგორსაც დონალდ ტრამპი, მარინ ლეპენი და და-ძმანი მათნი წარმოადგენენ მსოფლიო პოლიტიკაში.

 

ამ დასკვნას კი კიდევ ერთხელ მივყავართ ფუკუიამასეულ (ამჟამად, სწორად ინტერპრეტირებულ) დასკვნასთან, რომ დემოკრატიას, ღიაობას და თავისუფალ სიტყვას ალტერნატივა არ გააჩნიათ და რომ ისინი რჩებიან რთული გამოსავალის პოვნის საუკეთესო საშუალებად; ისეთ სულელთა და ბრიყვთა მშრალზე გამოყვანის საუკეთესო საშუალებად, როცა ეს უკანასკნელნი “გადამრჩენთა” ქურქში გამოეწყობიან ხოლმე.

 

ამდენად, ჩვენი აზრით, პოლიტიკური “ტრამპ-ა-ცუმპიზმი” მსოფლიო პოლიტიკაში მალე დამთავრდება, მისი მომავალი ციკლის დადგომამდე, რომელსაც იმედია, ათწლეულები გვაშორებს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია