მაიმუნი და სათვალე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
26-01-2016, 23:20 | ეკონომიკა | ნანახია - 1348

 

დავით ნებიერიძე

 

იგავ-არაკებში დიდი სიბრძნეა. სიბრძნე, რომელიც ძალიან მარტივი და გასაგები ფორმით არის გადმოცემული. მაგრამ, სიბრძნის გადაცემის ასეთი გასაგები ფორმაც თუ არ იძლევა შედეგებს, მაშინ როგორც იტყვიან თითებზე უნდა აუხსნა ადამიანს. ბავშვების შემთხვევაში ასეთი ფორმაც მისაღებია და სულაც არ არის სამარცხვინო. მაგრამ, ასაკოვან ადამიანთან და მითუმეტეს ისეთებთან ვისაც ქვეყნის მართვა აბარია, კომუნიკაციის ასეთი ფორმა ცოტა უხერხულიცაა. მაგრამ, სხვა გამოსავალი თუ არ არის თითებზეც შეიძლება ახსნა.

 

ცხოვრებამ მასწავლა, რომ მიზნის მიღწევის გზაზე მთავარია ყველაფერი გააკეთო რაც შენს ძალებს არ აღემატება და ცოტა მეტიც, რომ დაუკმაყოფილებლობის განცდა არ დაგრჩეს. შემდეგ, საკუთარ თავთან ერთი ერთზე, რომ დარჩები სათქმელად არ გქონდეს, რომ რამე დააკელი და ყველა საშუალება არ გამოიყენე. სრულად მიაღწევ თუ არა მიზანს ეს უკვე სხვა საქმეა. პირველხარისხოვანია, რომ პირადად შენ ყველაფერი მოიმოქმედო მიზნის მისაღწევად.

 

ქართული ეკონომიკის და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობა დღევანდელი მოცემულობით კატასტროფულია. არ მგონია ამ შეფასებაზე რბილი შეფასება ადექვატური იყოს შექმნილი რეალობისათვის. ამიტომ, პირველ რიგში მიზეზებს უნდა ჩავუღრმავდეთ. ამგვარი ანალიზის შედეგად ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს გამოუყენებელი შანსებისა და საშუალებების ეპოქა შეგვიძლია ვუწოდოთ. რატომ მოხდა ასე და ვისი ბრალია, ეს სულ სხვა თემაა. მე უბრალოდ მინდა წინ წამოვწიო ის შესაძლებლობები, რომელთა არ გამოყენება უბრალოდ დანაშაულის ტოლფასია.

 

პირველ რიგში მკითხველის ყურადღება მინდა გავამახვილო საქართველოსთვის ისტორიული მნივნელობის შანსსზე, რომელსაც შეეძლო და შეუძლია მთლიანად შეცვალოს ქვეყნის კეთილდრობა. ეს არის ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება. რომელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელმაც კარი გაგვიღო მის ხუთას მილიონიან ბაზარზე. ანუ, ქართული ბაზრის სიმცირე, როგორც ეკონომიკის აყვავების ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ფაქტიურად მოიხსნა. მარტივად, რომ ვთქვათ, საკმარისია საქართველოს საბაჟო სივრცეში შექმნა კონკურენტუნარიანი პროდუქტი, რომ მისი რეალიზაციის არანაირი პრობლემა არ ექნება მეწარმეს, მიუხედავად წარმოების უზარმაზარი მოცულობებისა. მინდა კარგად გააცნობიეროთ, თუ რამხელა რიცხვია ნახევარი მილიარდი. ეს თითქმის ოთხჯერ მეტია ვიდრე მთელი რუსეთის სამომხმარებლო ბაზარი. თანაც გაცილებით მაღალი მსყიდველობითი უნარიანობის მქონე მოსახლეობით ვიდრე რუსეთში და შეუფასებლად დაცული, ცივილიზებულ წესებზე აწყობილი. სადაც არავინ მოგთხოვს ქრთამს საბაჟოზე. სადაც არ გაგაჩერებს „გაი“ და არ „აგახევს“ ფულს. გზაში არავინ დაგაყაჩაღებს და არც ერთი იქაური მყიდველი არ შემოგხედავს როგორც „შავ უკანალიანს“!

 

მაშ რატომ არ დაიძრა ქართული წარმოების პროდუქცია ევროპის ბაზრისკენ უზარმაზარი ტალღასავით? ეს პრობლემა გაუთვითცნობიერებულმა ადამიანმა შეიძლება მეწარმეებს გადააბრალოს, იმ მოტივით, რომ საქართველოში ვერ იწარმოება ისეთი ხარისხის და შესაბამისად ისეთი კონკურენტუნარიანობის მქონე პროდუქი, რომელსაც შეუძლია ევროპული ბაზრის დაპყრობა. მაგრამ, მინდა შეგახსენოთ მთავარი ფაქტი. ნებისმიერ ქვეყანაში იქმნება ზუსტად ისეთი საქონელი როგორი ბიზნეს გარემოცაა შექმნილი ამ კონკრეტულ ქვეყანაში. გარემოს კი ქმნის სახელმწიფო. ის უწესებს ბიზნესს თამაშის წესებს და ისვე იცავს ამ წესების პირუთვნელობას. სამომხმარებლო პროდუქტს ქმნის ბიზნესი. ბიზნესი ეწყობა და ესადაგება იმ გარემოს, რასაც ქმნის სახელმწიფო. ამიტომ, პირველხარისხოვანი როლი ენიჭება სახელმწიფოს, რათა შექმნას ისეთი გარემო სადაც ბიზნესი შეძლებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნას. მიაქციეთ ყურადღება: სახელმწიფო არ ქმნის ბიზნესს. სახელმწიფო ქმნის გარემოს ბიზნესის კომფორტული და წარმატებული განვითარებისთვის. სახელმწიფო მმართველებო, ნუ გაიშვერთ ხელს ბიზნესმენებისკენ. პირველ რიგში დაფიქრდით, თუ რა გააკეთეთ იმისათვის, რომ შეგეცვალათ გარემო, რომელიც აბსოლუტურად არ არის ადაპტირებული ცივილიზებული ბიზნესის მოთხოვნებისადმი?! ხელისუფლებამ თუ არ შეცვალა ბიზნეს გარემო, ვერ შეიცვლება პროდუქციის ხარისხი და მისი კონკურენტუნარიანობის დონე. ბაბუაწვერა ვერ მოისხავს ვაშლს.

 

სამწუხაროდ დღევანდელ ხელისუფლებას აბსოლუტურად დამახინჯებული წარმოდგენა აქვს ბიზნესის სტიმულირებაზე და თავისუფალი ბაზრის პირობებში იყენებენ საბჭოთა კავშირისთვის მისაღები რეგულირებადი ბაზრის ინსტრუმენტებს. ცდილობენ შექმნან ბიზნესი და არა მიმზიდველი ბიზნეს გარემო. ამიტომ, როგორც მინიმუმ ბიზნესი ჯერ იბნევა და შემდეგ იწყებს პარაზიტირებას, სახელმწიფოს ხარჯზე. თუმცა ამის გამო ბიზნესს სულაც არ გაემტყუნება. ეს მთლიანად სახელმწიფო მენეჯმენტის ბრალია. ბიზნესს ახასიათებს უნივერსალური თვისება: ის ცდილობს მოგების მიღებას პირველ რიგში იქ სადაც ეს უფრო იოლია. ჩვენს შემთხვევაში, დღევანდელი მოცემულობით კი სახელმწიფოს ხარჯზე. ბრიყვი სახელმწიფო მენეჯერების ხელში ეს ყველაზე იოლი გზაა ბიზნესისთვის. და მიიღებს ამ მოგებას მანამ სანამ არ დაშრება მეწველი ძროხის ჯიქანი. ეს იყო საბჭოთა კავშირის დანგრევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. იგივე მიზეზის გამო ინგრევა დღევანდელი რუსეთი და თუ არ შევცვალეთ ვითარება თავზე დაგვენგრევა საქართველოც.

 

იმის ნაცვლად, რომ ევროპული ბაზრის მიმართულებით გაეძლიერებინა სვლა, ხელისუფლებამ ოთხი წლის მანძილზე მთლიანად მოშალა ეს ორიენტირი და გაზარდა ვაჭრობა რუსეთთან. რომელიც „ძველი ბიჭივით“ ერთს თუ იყიდის სამს „აგახევს“. პრინციპში შეიძლება გცემოს და საერთოდ უფულოდაც გამოგისტუმროს სახლში. საბოლოო ჯამში კი, კატასტროფულად - 25%-ზე მეტით შემცირებულია ექსპორტი. 10%-ზე მეტით შემცირებულია იმპორტი. მაგრამ რაც ყველაზე ცუდად მოქმედებს ლარის გაცვლით კურსზე, კატასტროფულად გაიზარდა საგარეო ვაჭრობის უარყოფითი ბალანსი. შესაბამისად, ამ სეგმენტში ქვეყნის ეკონომიკური სივრციდან ყოველწლიურად 5 მილიარდ დოლარზე მეტი გადის ვიდრე შემოდის.

 

თუ ეკონიმიკური ხედვები არაადექვატური აქვს მმართველ გუნდს, მისი ჰეგემონი, ბატონი ბიძინა ხომ რუსული ბიზნესის კორიფეა და ბევრი საინტერესო ბიზნეს სქემის გენერატორად თვლიან მის გარემოცვაში. იმდენი მაინც მოახერხოს, რომ მოგების მიღების მიზნით მაინც გამოიყენოს ის უპირატესობები, რაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოეტანა ქართული ბიზნესისთვის და სახელმწიფოს ეკონომიკისთვის. კერძოდ, მინდა შევთავაზო ძალიან მარტივი, მაგრამ უაღრესად საინტერესო ბიზნეს სქემა. შევეცდები ძალიან მარტივი მაგალითებით აგიხსნათ. პირველ რიგში მოკლედ უნდა გავაანალიზოთ ის მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც ამ ხელშეკრულებასთან მიმართებაშია შექმნილი საქართველოს გარშემო. სახეზე გვაქვს იმ ქვეყნების რკალი, რომლებსაც ასეთი წვდომა არ აქვთ ევროპის ნახევარ მილიარდიან ბაზარზე. პირველ რიგში კი რუსეთი. რომელიც საერთოდ იზოლაციის რეჟიმში ცხოვრობს. და ირანი, რომელსაც მეტ-ნაკლებად გაეხსნა ხელები ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი კი გაცილებით აქტუალურს და მოთხოვნადს ხდის იმ მარტივ სქემას, რომელიც „შპარგალკასავით“ მინდა მივცე ჩვენს ხლისუფლებას: იმ ქვეყნების მეწარმეები რომელთათვისაც არ არის გახსნილი ევროპის ბაზარი და ძალიან შევიწროვებულნი არიან ეკონომიკური კრიზისით, შვებასავით ეძებენ პატარა სარკმელსაც კი, რათა შეაღწიონ ცივილიზირებულ და უაღრესად მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ევროპულ ბაზარზე. მოვიყვან ასეთ მაგალითს: ყაზახეთში არის ძალიან მძლავრი წარმოება, რომელიც კერავს მამაკაცის შარვლებს. მაგრამ, კრიზისის გამო მის ქვეყანაში კატასტროფულად შემცირებულია წარმოებული საქონლის რეალიზაციის მაჩვენებლები. საქართველოში ფუძნდება მარტივი იურიდიული ფორმის მქონე საწარმო, რომელიც იწყებს იდენტური საქონლის წარმოებას. პრინციპში ამ საწარმოს საქართველოში აფუძნებს იმ ყაზახური საწარმოს მფლობელი, რომელიც ზემოთ ვახსენე. ქართული საწარმო ყაზახურ საწარმოსთან აფორმებს ხელშეკრულებას ნედლეულის მოწოდებაზე. სინამდვილეში ყაზახი მეწარმე იგივე მოცულობებით კერავს შარვლებს თავის სამშობლოში. ოღონდ არ აკერებს მათ ერთადერთ საბოლოო ღილს და რაც მთავარია არ აწებებს საფირმო ნიშანს სადაც აწერია, რომ გამოშვებულია ყაზახეთში. არამედ, ღილს ცალკე ხოლო, შეკერილ შარვალს ცალკე აგზავნის საქართველოში, თავისსავე საწარმოში და უკვე აქ ეძლევა საქონელს დასრულებული სახე. ეწეპება ნიშანი, რომ გამოშვებულია საქართველოში და ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე აბსოლუტურად უპრობლემოდ შედის ევროპის ბაზარზე. შედეგად საქართველოში შემოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. უცხოელ მეწარმეს ეძლევა ფართო ასპარეზი. საქართველოში მატულობს დასაქმებულთა რაოდენობა და იზრდება შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში. რაც უფრო მსხვილია ასეთი საწარმო და რაც უფრო მეტი იქნება მათი რიცხვი მით უფრო მაღალი იქნება ამ სქემის უკუგების ეფექტი. თუ ვინმე წუნს შეიტანთ ამ მარტივ სქემაში, ნუ მოგერიდებათ და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გამატარეთ. მივიღებ!

 

სახელმწიფო მმართველობაში თუ არაფერი გაეგება ბატონ ბიძინას, თუნდაც რუსული ბიზნესისთვის შესაფერისი უნარჩვევები ხომ აქვს? თუ, მან მარტო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე იცის გამდიდრება და მხოლოდ ამ საქმეშია დახელოვნებული?

 

ერთი სიტყვით, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩვენი ხელისუფლება ზუსტად იმ მაიმუნს გავს რომელმაც საერთოდ არ იცის სათვალის დანიშნულება. გინდა გვქონია ევროპასთან გაფორმებული ისტორიული ხელშეკრულებები და გინდა არა. ამ ხელისუფლების პირობებში ვითარება საქართველოში არ შეიცვლება. დაკარგული შანსები ყველაზე დასანანია..!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია