მცხეთის ისტორიული მიწისძვრა და სეისმური რისკის მოსალოდნელი სცენარი დედაქალაქის ტერიტორიისათვის

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-01-2016, 20:07 | კომენტარები | ნანახია - 1374

მცხეთის ისტორიული მიწისძვრა და სეისმური რისკის მოსალოდნელი  სცენარი დედაქალაქის ტერიტორიისათვის 

 

ნინო წერეთელი

 

ქ. თბილისის სეისმურობასთან, გასული და მიმდინარე საუკუნის მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ უკვე ვისაუბრე გაზეთ ივერიის წინა გვერდებზე (http://iveria.biz/1516--.html), ამიტომ ამ საკითხს დეტალურად აღარ შევეხები. მკითხველს მხოლოდ შევახსენებ მთავარს, ამ ბოლო დროის საერთაშორისო პროექტში „მიწისძვრის გლობალური მოდელი (GEM)“ ჩატარებულმა ჩვენმა კვლევებმა უცხოელ ექსპერტებტან ერთად დაასაბუთა, რომ საქართველოს სეისმური საშიშროების ამჟამად მოქმედი ნორმატული რუკა არასწორადაა გათვლილი, ის უჩვენებს საშუალოდ ორჯერ ნაკლებ სეისმურ საშიშროებას (ნიადაგის პიკური აჩქაერებების მიხედვით) და საჭიროებს ხელახალ გადათვლას.

 

კიდევ ერთხელ შევეცდები თვალნათლივ დავანახო საზოგადოებას თუ რა ძვირი შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას ეს უპასუხისმგებლო საქციელი.

 

ერთერთი დამანგრეველი მიწისძვრა ქ. თბილისს მცხეთის რაიონიდან ემუქრება. უახლესმა კომპლექსურმა გეოლოგიურმა, გეომორფოლოგიურმა, და სეისმოლოგიურმა კვლევებმა, კერძოდ ქ. მცხეთასთან აღმოჩენილმა სეისმოდისლოკაციურმა სტრუქტურებმა, მეწყრულ-გრავიტაციულმა ბლოკებმა, ისტორიულმა ცნობებმა და კულტურული ძეგლების აღწერილობის მონაცემებმა დაასაბუთა რომ 1275 წელს ქ. მცხეთასთან ადგილი ჰქონდა უძლიერეს მიწისძვრას 9-ბალიანი ინტენსივობით ეპიცენტრში. კვლევები გვიჩვენებს, რომ ძლიერი მიწისძვრების განმეორებადობის საშუალო პერიოდი 600-1000 წელია თბილისის მიმდებარე რეგიონში, რაც იმას ნიშნავს, რომ მცხეთის რაიონიდან მომავალი საფრთხე საკმარისად რეალურია.

 

არანაკლები სეისმური საშიშროება ემუქრება დედაქალაქს უშუალოდ მის ქვეშ არსებული აქტიური ტექტონიკური სტრუქტურებიდან, რომელთა დეტალური გეომეტრია ბოლო დროს იქნა შესწავლილი. ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში მათ შეუძლიათ მაგნიტუდა 6-ის მქონე ძლიერი მიწისძვრების გენერირება, რომლებიც ქალაქის მთელ ტერიტორიაზე 8 ბალი ინტენსივობის ეფექტებს წარმოშობს, ხოლო ცლაკეულ ადგილებში ცუდი გრუნტის შემთხვევაში - 9 ბალის ეფექტებს. გათვლილი სცენარებით თბილისის ტერიტორიაზე ათი-ათასობით შენობას ექნება მე-4 და მე-5 ხარისხის დაზიანება, რაც მათ ნაწილობრივ ან სრულ ნგრევას ნიშნავს, ხოლო დანარჩენ შენობებს - მე-3 ხარისხის დაზიანება. ასეთი სცენარის შემთხვევაში მსხვრეპლი ათეულობით ათასს აღწევს ყველაზე უხეში გათვლებით.

 

ახლა კი მოკლედ თუ რა ნაბიჯები იქნა გადაგმული ჩვენი მხრიდან და როგორია დღევანდელი ვითარება.

 

2014 წელს ქ. თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „სეისმიკა-2014, ნაგებობათა სეისმომედეგობა და რეაბილიტაცია“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება (GSCE), ევროპის სამოქალაქო ინჟინერთა საბჭო (ECCE) და მსოფლიოს სამოქალაქო ინჟინერთა საბჭო (WCCE). კონფერენციაზე განხილულ იქნა GEM-ში ჩატარებული კვლევების შედეგები, რის საფუძველზეც საერთაშორისო წარმომადგენლობამ ECCE და WCCE სახით მიიღო დადგენილება, რომელშიც რეკომენდაციით მიმართეს საქართველოს მთავრობას მიიღოს ზომები ახალი სეისმური საშიშროების ნორმატული რუკების შესაქმნელად და სამშენებლო კოდების შესაცვლელად. მოგვიანებით, 2014 წლის ბოლოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის თაოსნობით ჩატარდა სემინარი, სადაც განხილული და მიღებული იქნა ევროპული ტექნიკური რეგლამენტების - ევროკოდების დანერგვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა-სტრატეგია. უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრომ გაითვალისწინა როგორც GEM-ის ასევე ECCE და WCCE რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმაში შეიტანა ახლი სეისმური საშიშროების რუკების შედგენა და მათი დაკვეთა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისთვის 2015 წელს. სამწუხაროდ ეს გეგმები მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. 2015 წელში არანაირი ღონისძიება ამ მიმართულებით არ განხორციელებულა აღნიშნული სამინისტროს მიერ. მკითხველი შეიძლება გაკვირვებული დარჩეს, თუ გეგმა ხუთწლიანია რა სასწრაფოა მაინცდამაინც პირველსავე წელს სეისმური საშიშროების რუკების შეცვლა?

 

უკმაყოფილებისთვის და შეშფოთებისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პიველი მიზეზი ის არის, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს ჩვენ ქვეყანას ევროკოდების დროულ დანერგვას. ახალი სეისმური საშიშროების რუკების შექმნა თანამედროვე მეთოდებით ერთწლიან ვადას ითხოვს. თავისთავად ეს რუკები წარმოადგენს საფუძველს სამშენებლო კოდების შეცვლისთვის, რისთვისაც სულ მცირე ორი წელია საჭირო. ერთმა წელმა უკვე უშედეგოდ ჩაიარა. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზია ის, რომ დღეს მიმდინარე მშენებლობები, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგურები, არასწორდ შეფასებული სეისმური საშიშროების პირობებში პროექტირდება ან შენდება (http://iveria.biz/1451--.html). და ბოლოს ერთერთ მთავარ პრობლემად თბილისის სეისმური საშიშროების შეფასება რჩება.

 

2014 წელს ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილა 2009 წელს ქალაქის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა და ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დოკუმენტი არასრულყოფილად მიიჩნია. ამიტომ თბილისის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ახალი დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით, სადაც უკეთესად იქნებოდა ასახული დედაქალაქის სივრცითი განვითარების გრძელვადიანი ხედვა და 2015 წელს გამოაცხადა კონკურსი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების თაობაზე. კონკურსის გამოცხადებამდე ბევრად უფრო ადრე ჩვენ თბილისის მერია ჩავაყენეთ საქმის კურსში, სპეციალური პრეზენტაციაც ჩავატარეთ მერიაში, სადაც დეტალურად აღვწერეთ თბილისის სეისმურობასთან და მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებული პრობლემები, გავაცანით მათი მოგვარების დეტალური გეგმა. ასევე ვითანამშრომლეთ კონკურსში მონაწილე ერთერთ ჯგუფთან (რომელმაც შემდგომში გაიმარჯვა კონკურსში). იმედი გვქონდა, რომ თბილისის ახალი გენერალური გეგმის შექმნის სამუშაოებში შეტანილი იქნებოდა ქალაქის სეისმური საშიშროების ახალი რუკების გათვლა, მაგრამ სამწუხაროდ შევცდით. არც ამ დოკუმნტში (მისი წინამორბედი დოკუმენტის მსგავსად) არის გათვალისწინებული ეს მნიშვნელოვანი საკითხი.

 

ჩემი მიზანი ნამდვილად არ არის პანიკის დათესვა, ჩემი მიზანია საზოგადოების ინფორმირება რეალური სეისმური რისკის შესახებ და მთავრობის დარწმუნება, რაც შეიძლება მალე დაიწყოს ქმედითი ღონისძიებები მოსალოდნელი სეისმური საფრთხის შესაბამისი პრევენციული ზომების გასატარებლად.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია