13 ივნისის სტიქია - 112 = 141

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-01-2016, 20:24 | კომენტარები | ნანახია - 1265

13 ივნისის სტიქია - 112 = 141

 

დავით მესხიშვილი

 

ნაწილი მეოთხე

 

13 ივნისს, სტიქიური უბედურების ღამეს, პირველები ადგილზე ჟურნალისტები გამოცხადდნენ, შემდგომ ქალაქის მერი და ბოლოს საგანგებო სამსახურები. ადგილზე გამოცხადების ასეთი თანმიმდევრობა აშკარად არანორმალურია და მეც ასე ვფიქრობ, თუმცა ყველაფერს თავისი „დასაბუთება“ აქვს. მოკლედ საკითხების განხილვას ტრადიციულად მივყვეთ თანმიმდევრობით. სამაშველო სამსახურმა, რომ დააგვიანა ადგილზე მისვლა ამას 112-ში შესული ზარები ამტკიცებს, მოქალაქეები დახმარებას ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან უკვე 21:00 საათიდან აქტიურად ითხოვდნენ, თუმცა მაშველები ადგილზე რამოდენიმე საათის დაგვიანებით გამოცხადდნენ. კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ 112-ის თანამშრომლები ზარებს ან საერთოდ არ პასუხობდნენ, ან აგდებულად ესაუბრებოდნენ ზარების ავტორებს (მოსახლეობის საჯარო განცხადებით). ანუ ფიქრობდნენ, რომ საგანგაშო და მასშტაბური, არც არაფერი ხდებოდა. ანუ 13 ივნისს 112-ზე დარეკავდით თუ ნებისმიერ სხვა ნომერზე, მაგალითად 141-ზე, რეაგირების თვალსაზრისით განსხვავება არ იქნებოდა, მაინც არავინ მოგაქცევდათ ყურადღებას.

 

საინტერესოა, ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ დასკვნაც, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სახელმწიფო სამსახურებს პრაქტიკულად რეაგირება არ მოუხდენიათ სტიქიის წინა პერიოდში მომხდარ ფაქტებზე: „ბეთანია-სამადლოს და წყნეთი-ახალდაბის გზების არსებობამ ხელი შეუწყო წყლების მოხვედრას ნიადაგის ფენებს შორის, რამაც საბოლოოდ, ქანებისა და ტყის ნიადაგის დაცურების შედეგად, გამოიწვია კლდეზვავი, მეწყერი და ღვარცოფი. გასული თვეების განმავლობაში ბევრი ადამიანი საუბრობდა, რომ ბეთანია-სამადლოს საავტომობილო გზა ძალზე ცუდ მდგომარეობაში იყო და მერიის მისამართით აკეთებდა მწვავე განცხადებებს ასფალტის საფარის განახლების მოთხოვნით. როგორც ჩანს, საქმე არა უბრალოდ ასფალტის საფარის ცუდ ხარისხში მდგომერეობდა, არამედ 13 ივნისამდე დიდი ხნით ადრე აქ დაწყებული იყო მეწყრული მოვლენები, რასაც ყურადღება არავინ მიაქცია.“ აი აქ ჩანს პირველი ნიშნები გულგრილობის, როდესაც მოსახლეობა მიმართავდა თბილისის მერიას და მიმართვა უპასუხოდ რჩებოდა. მერიის თანამშრომლები ადგილზე, რომ გაცნობოდნენ სიტუაციას, ვინ იცის იქნებ მიმხვდარიყვნენ კიდეც გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ჩართვის აუცილებლობას. არ არის გამორიცხული, სახელმწიფო სამსახურების წინდახედული მოქმედების შემთხვევაში, აგვერიდებინა თავიდან გამანადგურებელი და სასიკვდილო დარტყმა გამძვინვარებული ბუნებისგან.

 

თუ კიდევ უფრო დეტალურად შევისწავლით „მწვანე ალტერნატივის“ დასკვნას, ქრონოლოგიურად მიმდინარეობდა ასეთი პროცესი: „მდინარე ვერე შემოდის ბაგების მხრიდან, გაივლის ვაკის სასაფლაოსთან. მდინარის გზაზე პირველი დასახლებული პუნქტი არის სვანიძის ქუჩა, სადაც განლაგებული იყო თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველების თავშესაფარი და ვაკის ხორცპროდუქტების საწარმო. ადგილობრივების თქმით, დაახლოებით 11 საათისთვის (შეიძლება უფრო ადრეც) მდინარე მიადგა ძაღლების თავშესაფართან არსებულ ხიდს. სვანიძის N19-თან წყალი თითქმის ფანჯრებამდე იყო. ასევე, ადგილობრივების განმარტებით, ელექტროენერგია დაახლოებით 11.30-ზე გაითიშა, თუმცა უმეტესობამ საფრთხის შესახებ არაფერი იცოდა და უბრალოდ, დენის მოსვლას ელოდებოდა. ადგილობრივების განმარტებით, ამ ტერიტორიის (სვანაძის ქუჩის) დატბორვა გამოიწვია „უკან დაბრუნებულმა“ წყალმა ანუ წყალი, რომელიც არ გაატარეს გვირაბებმა. პირველად წყალმა შეგუბება თამარაშვილის ქუჩის ქვეშ არსებულ (1958 წელს აშენებულ) გვირაბთან დაიწყო.“

 

ბუნებრივია „მწვანე ალტერნატივის“ მთელი დასკვნის განხილვას აქ არ შევუდგებით, მითუმეტეს ჩვენი მიზანი ამ სტატიათა ციკლში სულაც არ არის გეოლოგიური დასკვნების კეთება. მოვლენებს უფრო პოლიტიკურად ვაფასებთ და ამიტომაც მთავარი კითხვები შემდეგნაირად გამოიყურება: დროის სამ ფაზაში, სტიქიამდე/სტიქიის დროს/სტიქიის შემდგომ მოქმედებდნენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები კოორდინირებულად და ეფექტიანად? შეეძლო თუ არა ხელისუფლებას გარდაცვლილი მოქალაქეების გადარჩენა ან თუნდაც ზიანის შემცირება? აი ეს არის ის ძირითადი კითხვები, რისი პასუხის გაცემასაც ახლა ვცდილობთ. ფაქტია და ყველა დასკვნა მიუთითებს, რომ ხელისუფლება არ რეაგირებდა სტიქიის წინა პერიოდში არსებულ საგანგაშო სიგნალებზე, რომლებიც სტიქიის დაწყებამდე ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე მივიღეთ ბუნებისგან. გარემოს დაცვის სამინისტროს არცერთ საეჭვო სიტუაციაზე რეაგირება არ მოუხდენია. სამსახურეობრივი გულგრილობის და დანაშაულის პირველი ნიშანიც აქ იკვეთება.

 

პირველი ვისაც განგაში უნდა აეტეხა 112-ის სამსახურია. თუმცა 112-ის ზოგიერთი თანამშრომლის სრულიად აგდებულმა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ, მოსახლეობა აიძულა მიემართა ტელევიზიებისთვის და მათთვის ეთხოვათ შველა. ჟურნალისტებს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აღმოაჩნდათ მოსახლეობის მიმართ და მათ მხარდასაჭერად უშიშრად გაემართნენ სტიქიის ზონაში. უყურა რა ქალაქის მერმა, საინფორმაციო გამოშვებებში პირდაპირ ჩართვებზე აღშფოთებულ მოსახლეობას და ჟურნალისტებს, სასწრაფოდ წამოხტა, ამოიცვა ბოტები და გაექანა, ოღონდ საით, ვფიქრობ თავადაც ვერ მიხვდა. თუმცა დედაქალაქის მერი მალევე გამოჩნდა ჟურნალისტებთან ერთად. საცოდავად დააბიჯებდა მუხლამდე წყალში და ამტკიცებდა, რომ სიტუაციას აკონტროლებდა და მოსახლეობის გვერდით იყო. საინტერესოა რას გულისხმობდა მერი, როდესაც განცხადებას აკეთებდა სიტუაციის კონტროლის შესახებ, ან რაში გამოიხატებოდა ეს ?! უბრალოდ მის იქ ყოფნაში ?! მერის ტელევიზიით გამოჩენა სიბრალულის გრძნობას უფრო ტოვებდა, ვიდრე იმედის. მის სახეზე გამოხატული იყო სრული უუნაროობა და დაბნეულობა. დავით ნარმანიამ ვერ შეძლო მთავარი, რაც მას ევალებოდა, ვერ მოახდინა შესაბამისი სამსახურების მობილიზაცია. თუმცა არც შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო მოწოდების სიმაღლეზე.

 

სად იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები?! აი აქ ისმის ერთერთი მთავარი კითხვა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უნდა გადაეკეტათ დატბორილი ქუჩები და რაღათქმა უნდა პირველ რიგში ახალი გზა. ეს, რომ ასე არ მოხდა ყველამ ვიცით, ავტომობილები 2 საათის განმავლობაში მოძრაობდნენ პირდაპირი გაგებით მდინარეში. საპატრულო პოლიციას კი, ამ დროს კანონით ევალება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც საფრთხის არსებობის შემთხვევაში ნიშნავს დაუყოვნებელ რეაგირებას, ამ კონკრეტულ სიტუაციაში კი გზის გადაკეტვას! და რაც არ უნდა პროტესტი მოყვეს, ყოველთვის გავიმეორებ, რომ საპატრულო პოლიციას გზა უნდა გადაეკეტა და მათ ეს არ გააკეთეს! გაუგებარია, რატომ არ გასცა განკარგულება პოლიციის ხელმძღვანელობამ გზის გადაკეტვის შესახებ?! მინიმუმ სამსახურეობრივ გულგრილობასთან, ან უბრალოდ უუნარობასთან გვაქვს საქმე. დაახლოებით 22:00 საათისთვის გვაქვს შემდეგი სურათი: ავტომობილები მაინც უხვევენ თამარაშვილის ქუჩიდან და ჯიუტად მიიწევენ (მიცურავენ) გმირთა მოედნის მიმართულებით (და პირიქით).

 

კვლავ გადავხედოთ რამოდენიმე ეპიზოდს „მწვანე ალტერნატივის“ დასკვნაში: „ამ ტერიტორიაზე ადიდებული მდინარე უკვე მოდიოდა მაგისტრალის ორივე მხარეს, სადაც უამრავი ავტომანქანა იმყოფებოდა. წყალმა დატბორა მდინარის მარჯვენა ნაპირას, ჩიქოვანის ქუჩის ბოლოში არსებული კერძო სახლის სარდაფი, თუმცა საცხოვრებელ ფართი ვერ დატბორა“. “...ამავდროულად, სასწრაფო დახმარების სადგურის მიმდებარედ მდინარე გადმოვიდა გზატკეცილზე და დაეშვა ჩიქოვანის ქუჩის მიმართულებით. ბახტრიონის ქუჩისკენ მიმავალი საავტომობილო გვირაბის შესასვლელთან მდებარე სახლი დაიტბორა და მთლიანად დაინგრა”. “... თვითმხილველთა გადმოცემით, ჩიქოვანის ქუჩის მიმდებარედ წყალმა ჯერ გზატკეცილზე დაიწყო დინება (დაახლოებით 20-30 სმ სიმაღლის ნაკადი). ამ პერიოდში მათ შეიგრძნეს ბუნებრივი აირის (მეთანის) ძალიან მძაფრი სუნი და იძულებული იყვნენ გარეთ გამოსულიყვნენ. შესაძლოა, ამან გადაარჩინა ადგილობრივი მოსახლეები. რამდენიმე წუთში, როდესაც სასწრაფოსთან არსებულ გვირაბამდე ხეობა ამოივსო წყლით, უზარმაზარი ტალღა წამოვიდა, რომელმაც გადაუარა ჩიქოვანის ქუჩასთან ახლომდებარე, საავტომობილო ტრასის უშუალო სიახლოვეს მდებარე სახლებს. ყველა სახლი და ნაგებობა განადგურდა, თუმცა, საბედნიეროდ, ადამიანები გადარჩნენ.”

 

ამ დროს თბილისის მერი ჟურნალისტებთან ერთად კვლავ დააბიჯებს მუხლამდე წყალში და წარმოდგენა არ აქვს რა საფრთხე გველის წინ. ვერც საპატრულო პოლიცია ხვდება რა მოიმოქმედოს. საერთოდ არსად ჩანს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და გარემოს დაცვის სამინისტრო. საბედნიეროდ ნელნელა ჩნდებიან მაშველები თუმცა საკმაოდ დაგვიანებით.

 

IV-ნაწილის დასასრული

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია