ცივილიზებული სამყარო პუტინის წინააღმდეგ ამხედრდა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-01-2016, 20:45 | პოლიტიკა | ნანახია - 1958

 ცივილიზებული სამყარო პუტინის წინააღმდეგ ამხედრდა 

 

ლადო ჩალათაშვილი

 

მიმდინარე წლის 21 იანვარს მსოფლიო საინფორმაციო სივრცე შეიცვალა და მასში ახალი ტრენდი - «ანტიპუტინიზმი» შემოვიდა. ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეზე ბრიტანეთის პარლამენტში გამართული მოსმენის შემდეგ, აქტუალური გახდა ყველა ის საქმე, რომელიც რუსეთში ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მკვლელობების საქმეებს ეხება. ლიტვინენკოს მკვლელობის საქმის შესხებ ბრიტანეთის პარლამენტში გაკეთებული მოხსენება, შეიძლება სტარტად ჩაითვალოს, დასავლეთის მხრიდან «ანტიპუტინიზმის» დაწყების თვალსაზრისით რადგან, ამ მოხსენებაში პატრუშევთან ერთად პირველად იყო მოხსენიებული იგი, როგორც რუსეთის ყოფილი მოქალაქის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეში შესაძლო მონაწილე. ლიტვინენკოს საქმის გახსენებას, პარალელურად მოჰყვა ის რომ გაიხსენეს, მოკლული ლიტვინენკოს მიერ პუტინის მისამართით გამოთქმული ბრალდებები პედოფილიაში. გასული კვირას, დასავლური ავტორიტეტული გამოცემების პირველ გვერდებზე გამოტანილი სტატიების სათაურებში, ეს სიტყვა აქტიურად ფიგურირებდა (მაგ: 22 იანვრის «New York Post»-ი).

 

ამ თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ დასავლური მედია არ არის რუსული ე.წ მედიის მსგავსად «შეთქმულების თეორიების» გამავრცელებელი პროპაგანდისტული პრესა და თუ კი ისინი იწყებენ რაიმე თემის აქტუალიზაციას, ამისთვის არსებობს კონკრეტული მტკიცებულებებიც და საფუძველიც, რომელსაც ყოველთვის მოჰყვება პოლიტიკური შედეგები, როდესაც ეს ეხება ამ თუ იმ ქვეყნის მარგინალ მმართველს.

 

შემდგეგი საკითხი, რომლითაც პუტინის ძალაუფლებას ახალი დარტყმა მიაყენეს ამჯერად ევროპიდან, რუსეთში მომხდარი ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული, ბორის ნემცოვის მკვლელობა იყო, რომლის გამოძიების ინციატივაც, ევროპის საპარალამენტო ასამბლეაში ლიტველმა დეპუტატმა, ემანუელის ზინგერისმა დააყენა. 25 იანვარს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, გაიმართა მოსმენა თემაზე - "უნდა აიყვანოს თუ არა კონტროლზე ნემცოვის მკვლელობის გამოძიება ევროპის საბჭომ", რომელსაც ესწრებოდნენ ნემცოვის ქალიშვილი ჟანა, პოლიტიკური პარტია "პარნასის" ლიდერი მიხეილ კასიანოვი, პუბლიცისტი ვლადიმერ კარა-მურზა და ფონდ "Hermitage Capital"-ის ხელმძღვანელი ბილ ბრაუდერი, რომელიც იმით არის ცნობილი რომ სწორედ მისი ძალისხმევით მოხდა მოსკოვის წინასწარი დაკავების იზლოლატორში გარდაცვლილი სერგეი მაგნიტსკის საქმის გამოძიება და შესაბამისად სანქცირებულ პირთა სიის შედგენა, რომელშიც შესული ადამიანებისთვის ამოქმედდა საერთაშორისო შეზღუდვები.

 

ის ფაქტი რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ნემცოვის მკვლელობის საქმით დაინტერესდა, მიანიშნებს მათ უნდობლობაზე რუსეთის საგამოძიებო უწყების მიერ წარმოებული გამოძიების მიმართ და ამ საქმის კონტროლზე აყვანა, მიუთითებს იმაზეც, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის, პრობლემები მხოლოდ ლიტვინენკოს საქმით არ დასრულებულა. თავად ამ განხილვის ინციატორს იმედი აქვს, რომ მიმდინარე თვის ბოლომდე, დაინიშნება სპეციალური მომხსენებელი, რომელიც გააკონტროლებს გამოძიების მიმდინარეობას, აწარმოაებს პარალელურ გამოძიებას და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, მოხსენებას წარუდგენს მისი შედეგების შესახებ.

 

ნემცოვის ოჯახსა და მის გარემოცვას, არ სჯერა რუსული გამოძიების და ეჭვს გამოთქვამენ რომ ოფიციალური საგამოძიებო უწყებები, საქმის ჩაფარცხვას ცდილობენ, რაც რუსულ რეალობაში არ არის ნორმიდან გადახრა და ჩვეულებრივ ამბად ითვლება. ამის საუკეთესო დასტურია კადიროვის მიერ 12 იანვარს გაკეთებული განცხადება ოპოზიციის შესახებ, რომელიც სრულად ასახავს, ამჟამინდელი რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას, განსხვავებული აზრის მქონე აქტივისტების მიმართ. ხოლო კადიროვის ფრაზა რომ "ისინი არიან მოღალატეები და მათ შესაბამისად უნდა მოექცე", პრაქტიკულად პუტინის მამხილებელი კომპრომატია, რომელმაც წმინდად ეთიკური მოსაზრებების გამოც კი არ უარჰყო კადიროვის ეს განცხადება და უფრო მეტიც, მისი პოლიტიკური პარტიის წევრები, დასავლეთიდან ატეხილი კრიტიკის ქარცეცხლის პირობებში, კადიროვის დამცავ აქციაში ჩართეს. ჩემი ღრმა რწმენით კადიროვის ეს გამოხდომა, ევროსაბჭოში დაწყებული პროცესის საპასუხოდ, დასწრებაზე მოქმედებას ჰგავდა და ის თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს პუტინის გარეშე, თუმცა ამავე დროს ის თავად არის უკვე პუტინის პრობლემა, საკუთარი გამოხდომებისა და ჩადენილი დანაშუალების გამო, რომელიც «ანტიპუტინიზმის» გაღრმავების შემთხვევაში, უამრავ კომპრომატს მისცემს ხელში დასავლელ გამომძიებლებს.

 

ამ პროცესების პარალელურად, ბრიტანულმა მედია გიგანტმა BBC-მ, მოამზა დოკუმენტური ფილმი პუტინზე, რომელშიც ასახულია ის თუ რა გზებითა და რა რაოდენობის ქონება მოაგროვა, რუსეთის პრეზიდენტმა ხელისუფლებაში ყოფნისას. ფილმში გამოყენებულია რუსი ბიზნესმენებისა და წარსულში რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ინტერვიუები. ფილმში მოყვანილი ფაქტებიდან თითქოს სენსაციური და თვისობრივად ახალი არაფერი იყო თუმცა, ჩემის აზრით ამ ფილმში ყველაზე საინტერესო იყო ორი რამ - პირველი ის რომ ნაჩვენები იყო ყველა ის შესაძლო მოწმე, რომელიც სიამოვნებით მისცემს პუტინის საწინააღდმეგო ჩვენებას საერთაშორისო გამოძიების დაწყების შემთხვევაში და მეორე, აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხდება პუტინის კორუმპირებულობის შესახებ, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურ პოზიციად ჩამოყალიბდა. რაც დაადასტურა კიდეც 28 იანვარს თეთრი სახლის წარმომადგენლის ჯოშ ერსტის ჟურნალისტებთან გაკეთებულმა განცხადებამ. ამ პოზიციას კი აშშ-ს პოლიტიკური წონიდან გამომდინარე, უზარმაზარი პრობლემების შექმნა შეუძლია პუტინისთვის და მთლიანად რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკისთვის.

 

ეს ყველაფერი ერთად აღებული, მიუთითებს იმაზე რომ პუტინის ფაქტობრივი მარგინალიზება ხდება და გარდა იმისა, რომ მას პრობლემები ექმნება ეკონომიკური ვითარების გამო ქვეყნის შიგნით, დაემატება აღნიშნული მკვლელობების საქმეებში მისი ბრალეულობა, რომელიც შელახავს მის საერთაშორისო ავტორიტეტს და თუ საქმეს სამართლებრივი მიმართულებაც მიეცა, შეზღუდავს მის საერთაშორისო აქტივობას. მომდევნო ნაბიჯად ლოგიკურად უნდა მოხდეს კერძოდ პუტინის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების ამოქმედება, რაც მოახდენს მის ფიზიკურ იზოლაციას და საერთაშორისო ფორუმებზე მისი მონაწილეობის შეზღუდვას. ყველა იმ ბრალდების გათვალისწინებით, რომელზეც ზემოთ გვქონდა ლაპრაკი, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ უახლოეს მომავალში, რომელიმე ქვეყნის ლიდერი ვიდრე პუტინთან შეხვედრასა და ხელის ჩამორთმევას გადაწყვეტდეს, მინიმუმ ორჯერ დაფიქრდება ღირს თუ არა ამის გაკეთება.

 

მაკომპრომეტირებელ საკითხთა რიგში დგას უკრაინის ცაში აფეთქებული მალაიზიური ბოინგის საქმე და ჰააგაში დაწყებული, 2008 წელს საქართველოში სამხედრო ინტერვენციის საქმის გამოძიება.

 

მალაიზიური ბოინგის შესახებ პირველი ანგარიში გასულ წელს გამოქვეყნდა, რომლის მიზანიც ამ ეტაპზე იყო აფეთქების მიზეზის დადგენა. მომდევნო ანგარიში, აუცილებლად მიეძღვნება იმას თუ ვინ გასცა ჩამოგდების ბრძანება და შესაბამისად დამნაშავეთა დასახელებას.

 

2008 წელს საქართველოში სამხედრო ინტერვენციის გამოძიება, პუტინისთვის შეიცავს რისკს დადანაშაულებული იქნას სამხედრო დანაშაულში, რომელიც პრაქტიკულად თავად აღიარა 2012 წლის აგვისტოში, რუსული არხისთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც ის ყვება იმ გეგმის შესახებ, რომელიც რუსეთის გენშტაბმა ჯერ კიდევ 2006-07 წლებში შეიმუშავა და ამ მიზნით, აქტიურად ამზადებდა ოსი სეპრატისტების ბანდფორმირებებს. შესაბამისად, თუ კი დამტკიცებული იქნება ის რომ ოსურმა ბანდფორმირებებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული, ძალიან გაუჭირდება ამ საქმეში რუსულ მხარეს საკუთარ თანამონაწილეობის უარყოფა, თუმცა აღსანიშნავია რომ ამ საკითხის აქტუალიზაციისთვის ქართულმა მხარემაც აქტიურად უნდა იმუშაოს და პროკურორ ბენსუდას ოფისს შესაბამისი მასალები მიაწოდოს.

 

ფაქტია რომ რუსეთის "კავბოი" პრეზიდენტის მიმართ, ნავსი გატეხილია, მისი ავტორიტეტი ხელშეუხებელი აღარ არის და მასთან მიმართებაში, დიპლომატიური ეტიკეტის დაცვა დასრულებულია. არც ის მუქარებია იმდენად მნიშვნელოვანი, რომლითაც მთელს მსოფლიოს აშანტაჟებდა აქამდე და «ანტიპუტინისტური» კამპანიის საპასუხოდ, პუტინმა რაიმე სახის ავანტურა რომ წამოიწყოს, სამხედრო კამპანიის სახით, საკუთარი მდგომარეობის პრაქტიკულ კოლაფსამდე მიყვანის დაჩქარების გარდა სხვა ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებს და სამართლიანად დაიყენებს იმ შედეგს, რომელიც ჩაუშესკუმ, მილოშევიჩმა და ა.შ. წარსულში მისმა მსგავსმა მარგინალმა მმართველებმა დაიყენეს თავისი პოლიტიკით.

 

რა ბედი ელის პუტინს, ძნელი სათქმელი აღარ არის. ასეთი მძლავრი კამპანია, რომელიც დასავლეთმა მის წინააღმდეგ წამოიწყო, არ შეიძლება უშედეგოდ დასრულდეს და ეს შედეგი, ძნელად წარმოსადგენია რომ ნეიტრალური ან პუტინისთვის უშედეგო აღმოჩნდეს. იქნება ეს შედეგი ჰააგას საერთაშორისო სასამართლო, თუ საკუთარი გარემოცვის მიერ მოწყობილი "ფარდაგსქვეშა გადატრიალება", ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. ის დამარცხებულია როგორც ადამიანი და როგორც ლიდერი. ეხლა თუნდაც ჩაიკეტოს კრემლში და სხვა დიქტატორების მსგავსად, საკუთარი არმიით გამაგრდეს, შედეგი მაინც სავალალო იქნება მისთვის... ასე რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და შედეგებს!

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია