მოგების გადასახადის რეფორმა?...

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
31-01-2016, 11:25 | ეკონომიკა | ნანახია - 1591

მოგების გადასახადის რეფორმა?...

 

მურად მიქელაძე

 

მინდა გამოვეხმაურო მოგების გადასახადთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

ისმის კითხვა - კომპანიები, რომლებიც თავიანთი მოგების რეინვესტირებას მოახდენენ უკან თავისსავე კომპანიაში, უნდა დავბეგროთ მოგების გადასახადით თუ არა?

 

პასუხი არ არის მარტივი, რადგან ერთის მხრივ, აღნიშნული საგადასახადო პოლიტიკით მოვახდენთ ფირმების სტიმულირებას გაზარდონ თავიანთი წარმოება, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს საერთო წარმოების ზრდამდე, მაგრამ მეორეს მხრივ, საკითხავია რამდენად კეთილსინდისიერად მოხდება მოგების რეინვესტირება? - წარმოების გაზრდის მიზნით, თუ გადასახადისგან თავის არიდებით? ჩემი აზრით, მეორე შემთხვევა გადააჭარბებს პირველს.

 

ახლა შევხედოთ ბიუჯეტის კუთხით. დაახლოვებით მოგების გადასახადი მთლიანი გადასახადების 11-12%-ია (წელიწადში 800-900 მლნ ლარი). ახალი საგადასახადო პოლიტიკით კი ამ თანხის დიდ ნაწილს დაკარგავს ბიუჯეტი ყოველწლიურად, ამას დაემატება ფირმების ის არაკეთილსინდისიერი ქმედება, რასაც გადასახადისგან თავის არიდების მიზნით მოგების რეინვესტირება დაერქმევა. აღნიშნული ბიუჯეტის დანაკლისი კი ბუნებრივია უნდა შეივსოს სესხით (საგარეო ან საშინაო). ზოგადად ეფექტურობის პრინციპიდან გამომდინარე ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად გადასახადის გაზრდას ვალის აღება სჯობია, რადგან გადასახადსა და ვალს შორის არჩევანის დროს კითხვა დგას მარტივად და განპირობებულია გადასახადის დადგენის დროზე - ერთი დიდი გადასახადი (მიმდინარე გადასახადი) თუ ბევრი პატარ-პატარა გადასახადები (ვალის აღება). ანუ გადასახადის ზრდა, რომელიც მიმდინარე პერიოდში უნდა გადაიხადოს მოსახლეობამ უფრო დიდი წნეხს იწვევს ვიდრე ვალის მომსახურება, რომელიც ეტაპობრივად მომავალში უნდა დაიფაროს. ამ კუთხით გამართლებულია ნებისმიერი საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაცია და მათ შორის მოგების გადასახადის ამგვარი ცვლილებაც. მაგრამ ვალის აღებასაც თავისი მიზანშეწონილობა გააჩნია, კერძოდ სახელმწიფოს მხრიდან სესხის აღება მაშინ არის გამართლებული, როდესაც იგი მიმართულია კაპიტალური ხარჯებისკენ, რომელიც მომავალში შემოსავლის მომტანი იქნება ქვეყნისათვის. დღეს არსებული ფისკალური პოლიტიკის პრიორიტეტად, ხელისუფლების მხრიდან, მიიჩნევა სოციალური ხარჯები, რომელიც მომავალში არანაირი შემოსავლის მომტანი არ არის სახელმწიფოსათვის. გამოდის, რომ დღეს ,,ამოღებული” მოგების გადსახადით უნდა ისარგებლოს არსებულმა თაობამ, ეს დანაკლისი ბიუჯეტში უნდა შეივსოს ვალის აღებით, რომელიც უნდა გადაიხადოს მომავალმა თაობამ და თან ისე, რომ ამით სარგებელს ვერ მიიღებს. ჩემი აზრით კონკრეტული ხარჯის წარმომქმნელი პროგრამით მოსარგებლეებმა თვითონ უნდა გადაიხადონ პროგრამით მიღებული სარგებლისთვის. ამიტომ დღეს ვინც სარგებლობს ამ სოციალური პოლიტიკით, მან გადაიხადოს გადასახადი და არა იმან ვინც ხვალ ვერ ისარგებლებს ამით. ,,ნებისმიერი მთავრობა ფიქრობს მხოლოდ მომავალ არჩევნებზე, საზოგადოება კი მომავალ თაობაზე”.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია