კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
23-02-2016, 18:24 | პოლიტიკა | ნანახია - 2669

კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია

 

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სპეციალური ანგარიში საქართველოში კომუნისტური გადატრიალებისა და ოკუპაციის შესახებ 1955 წელს შეიქმნა ვაშინგტონში.

 

მისი ავტორები ქართველი თვითმხილველები და ჯორჯთაუნის უნივერსტეტის პროფესორები არიან, ვინც ამერიკელ ხალხს საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამწლიანი, ერთსადაიგივე დროს წარმატებული და ტრაგიკული ისტორია მოუყვა იმ მიზნით, რომ მაშინ უკვე დაწყებული “ცივი ომის” პროცესში მათ ნათელი წარმოდგენა ჰქონოდათ, თუ რას წარმოადგენდა რუსული ბოლშევიზმი და მისი გამოვლინების მახინჯი ფორმები მეზობელი სახელმწიფოების მიმართ.

 

ჩვენი აზრით, ამ ანგარიშმა ბრწყინვალედ მიაღწია ამ მიზანს, და კიდევ უფრო მეტსაც.

 

დღეს, როდესაც ამ ნაშრომის შექმნიდან ნახევარ საუკუნეზე მეტია გასული და აღარ არსებობს “ცივ ომში” დამარცხებულ-დაშლილი საბჭოთა კავშირი, საქართველოს მიმართ ისევ იმ ხასიათის ეგზისტენციური საფრხეები მოდის რუსეთიდან, როგორიც ეს ჩვენი სამშობლოს პირველი რესპუბლიკის შემთხვევაში იყო.

 

მაშინ ქართულმა დემოკრატიამ და ახალგაზრდა სახელმწიფომ მრავალი მხრიდან მტრის შემოსევას ვერ გაუძლო, რადგან მას არ გააჩნდა, თავდაცვისათვის აუცილებელ ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა. ანუ ის, რამაც რუსეთის მორიგი თავდასხმა შეაკავა 2008 წელს მთლიან ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ცალკეულ კუთხეებზე.

 

მიმდინარე რუსული სამხედრო ოკუპაციის დროულად და მინიმალური დანაკარგებით დასამთავრებლად, ანუ ჩვენი ქვეყნის მთლიანი დეოკუპაციისათვის აუცილებელ პირობად მივიჩნევთ ჩვენს თანამოქალაქეებს გავუზიაროთ ის ისტორიული დეტალები, მოვლენები და გადაწყვეტილებები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ჩვენი დღევანდელი ბრძოლის წარმატებულად დაგვირგვინებისთვის.

 

სამწუხაროდ, ქართულმა ისტორიოგრაფიამ ამ მნიშვნელობისა და ამ დონის ანალიზის ბევრი ნიმუში ვერ შემოგვინახა, როგორსაც ეს მცირე, მაგრამ ამომწურავი ნაშრომი გვთავაზობს. ამიტომაც, სიამოვნებით ვიწყებთ “ივერიის” ფურცლებზე წინამდებარე ნაშრომის სათითაო ნაწილთა ბეჭდვას, რომელთაც ყოველ კვირას ამ ანგარიშის მორიგი თავი დაემატება.

 

იმედს გამოვთქვამთ, რომ “ივერიის” მკითხველი ამ უნიკალურ ისტორიულ მასალას ყურადღებით გაეცნობა და წაკითხულიდან გამოტანილ დასკვნებს ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებისა და დეოკუპაციისთვის მიმდინარე ბრძოლაში ეფექტურად გამოიყენებს.

 

“ივერიის” სარედაქციო კოლეგია.

 

Occupation-of-Georgia.pdf [627.1 Kb] (გადმოწერა: 43)

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია