მიგრანტები, ევროპა, მერკელი...

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
7-02-2016, 12:02 | პოლიტიკა | ნანახია - 1325

მიგრანტები, ევროპა, მერკელი...

 

გიორგი იმედაშვილი

 

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, კალსრუეში გამართული გერმანული ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის კონფერენცია მერკელისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. მაშინ, კონფერენციაზე კანცლერის გამოჩენას ხმაურიანი აპლოდისმენტები და ოვაცია ახლდა თან, რამაც გერმანელ ჟურნალისტებს დააწერინა, რომ მერკელის „დევნილების“ მიმართ განხორციელებული პოლიტიკა სრული ტრიუმფი იყო. თუმცაღა, კონფერენციიდან ერთი თვის თავზე მდგომარეობის საოცარი შემობრუნების მომსწრე გავხდით. დღეს გერმანიის კანცლერს, ალბათ, მთელი მისი, თითქმის თერთმეტწლიანი მმართველობის ხანაში უდიდესი პოლიტიკური კრიზისის წინაშე უწევს დადგომა და ვერ ვიტყვით, რომ ქვეყნის მართვის სადავეები კვლავ ისე მყარად უპრყია, როგორც თუნდაც სამი კვირის წინ გვეგონა.

 

გერმანელმა ამომრჩეველმა მერკელი არაერთი კრიზისისას გამოსცადა. მათ შორის ევროპული მასშტაბების კრიზისებისას და მისი ავტორიტეტი მთელი ათი წლის მანძილზე, ფაქტობრივად, განუხრელად იზრდებოდა და მისი მეტსახელი “Mutti” - ანუ „დედიკო“, ქვეყნის მიმართ მის მზრუნველ დამოკიდებულებას უსვამდა ხაზს. თუმცა, ბოლო სამი კვირაა კანცლერს ამომრჩეველთა დიდი ნაწილი განუდგა, საგრძნობლად გაიზარდა მისი მოწინააღმდეგეთა რიცხვი, რომელთა ნაწილმაც უკვე ქუჩებში დაიწყო გამოსვლა. რამ გამოიწვია სიტუაციის ასეთი სწრაფი და რადიკალური ცვლილება? ერთგვარი გარდატეხა ახალი წლის ღამემ მოახდინა, უფრო სწორედ, ახალი წლის ღამემ კიოლნში.

 

ახალი წლის ღამეს, კიოლნში, ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი კათოლიკური ტაძრის მიდმებარე ტერიტორიაზე ჯერ ასობით, შემდეგ კი ათასობით მუსლიმმა მიგრანტმა მოიყარა თავი. თავიდან მათ სხვადასხვა მიმართულებით და გამვლელებისათვის საკმაოდ სახიფათოდ დაიწყეს უვარგისი პიროტექნიკის, ე.წ. „ფოიერვერკებისა“ და „ასაფეთქებლების“ სროლა, ახალი წლის დადგომის მოახლოებასთან ერთად მათი რიცხვი გაიზარდა. მალე, თითქმის მთლიანად დაიკავეს სადგურის შენობა და მისი მიდმებარე მოედანი, სადაც მობილიზებული ჯგუფებით თავს დაესხნენ გამვლელებს, ძირითადად ქალებს. დაფიქსირებულია ასობით გაქურდვისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევა, პოლიციამ ვერ მოახერხა დროულად ადეკვატური რეაგირების მოხდენა და ქაოსი, ფაქტობრივად, დილამდე გაგრძელდა. „შპიგელის“ ინფორმაციით, დაზარალებულებში ერთ-ერთი თვით პოლიციელი ქალიც არის, ხოლო მომდევნო დღეებში, თავად პოლიციას დაახლოებით 800-მა მსხვერპლმა ქალმა მიმართა. კიოლნის საახალწლო ღამემ შოკში ჩააგდო არამხოლოდ გერმანია, არამედ მთლიანად ევროპა.

 

ბოლო ერთი წლის მანძილზე, ოფიციალური მონაცემებით გერმანიის საზღვარი „თავშესაფრის ძიებაში“ 1.1 მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა, რაც, ვერ უარვყოფთ, რომ ძალიან დიდი და შეიძლება ითქვას „შემზარავი“ რიცხვია. 4 სექტემბერს კანცლერმა მერკელმა მთელს ევროპას მაგალითი მისცა და მიგრანტებისათვის გერმანიის საზღვრები გახსნა. მას შემდეგ ახალ წლამდე ყოველდღიურად ქვეყანაში შესული „თავშესაფრის მაძიებელთა“ რიცხვი 10 000 ადამიანს არ ჩამოსცდენია, რამაც საბოლოო ჯამში, მილიონზე მეტი „დევნილი“ შეადგინა.

 

დღეისათვის ჩვენს წინაშე არსებული, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი „ლტოლვითა კრიზისი“, გამოიწვია სირიის სამოქალაქო ომმა. უკვე ხუთი წელიწადია მთელი ქვეყანა საეჭვო წარმოშობის პოლიტიკური ორგანიზაციების ბრძოლის ველად არის ქცეული, რომელზეც ერთმანეთსა და მშვიდობიან მოსახლეობას თავზარდამცემი სისასტიკით უსწორდებიან, ერთის მხრივ ბაშარ ასადის მთავრობა და მეორის მხრივ დღეისათვის ყველაზე მასშტაბური ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიო ერაყსა და სირიაში“. გარდა ამ ორი ძალისა, კონფლიქტში მონაწილეობს არაერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და შეიარაღებული ფორმირება, რომელთაგანაც ერთ-ერთი მძლავრი - „ნუსრას ფრონტი“ „ალ- კაიდას“ შვილობილ ორგანზიაციას წარმოადგენს. რასაკვირველია, არსებობს სეკულარული ოპოზიციაც, თუმცა მისი პოზიციები ბოლო წლებში „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებასთან ერთად საგრძნობლად შესუსტდა. ბაშარ ასადმა, არაბული გაზაფხულისას, 2011 წელს საკუთარი მოსახლეობის პოლიტიკური აქტივობის დასათრგუნად იარაღი გამოიყენა. სწორედ ამით დაიწყო კონფლიქტი, რომელიც, უკვე დიდი ხანია, გარდა პოლიტიკურისა, ურთულეს ეთნო-რელიგიურ სარჩულსაც ატარებს. ომის მსვლელობისას მშვიდობიანი მოსახლეობა სრულიად დაუცველი აღმოჩნდა. ბაშარ ასადმა მათ წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ტერორისტები კი განუკითხავად ხოცავენ ეთნო-რელიგიურ უმცირესობებს, სასტიკად აწამებენ და მონად ჰყიდიან ქალებს, თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიაზე სჩადიან გაუგონარ ვანდალიზმსა და უკვე ხელმძღვანელობენ ევროპის ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტებსაც. ისიც აღსანიშნავია, რომ ომმა თითქმის მთლიანად გაანადგურა რამდენიმე ქალაქი, მათ შორის კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებული პუნქტი ალეპო, რომელიც ამავდროულად დამასკოს შემდეგ, სირიის მეორე ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ქალაქი იყო. რასაკვირველია, უწყვეტი შეტაკებების გამო თავად დედაქალაქშიც მდომარეობა არ არის უსაფრთხო მშვიდობიანი მოსახლეობისათვის.

 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე აღარ არის გასაკვრირი ის ფაქტი, რომ სირიიდან მილიონობით ადამიანი მშვიდობიანი თავშესაფრის ძიებაში გაიქცა. 2015 წლის 4 სექტემბრისათვის, ანუ იმ დღისთვის, როცა მერკელმა გერმანიის საზღვრები გახსნა, „Amnesty International“-ის მონაცემებით, სირიის მოსახლეობის 50%-ზე მეტს ჰქონდა დატოვებული საკუთარი საცხოვრებელი ადგილი, ზოგი ქვეყნის ფარგლებს შიგნით გადაადგილდა, ზოგმა კი გადაკვეთა საზღვარი. ამათგან, ლიბანში 1.2 მილიონი ადამიანი იყო გაქცეული, რაც იმას ნიშნავდა, რომ იქ ყოველი ხუთი მაცხოვრელიდან ერთი სირიიდან დევნილი გახლდათ. 650 000 ათასი ლტოლვილი იყო იორდანიაში, რაც ქვეყნის ათ პროცენტს უდრიდა, ხოლო მათი 80% ადგილობრივი სტანდარტის მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირობებში ცხოვრობდა. 1.9 მილიონი დევნილი ჰყავდა სირიიდან მიღებული თურქეთს. ანუ ,ყველაზე მეტი, ხოლო ეგვიპტეს ოფიციალურად აღწერილი 132 375 ადამიანი. ომის პირველი წლების მანძილზე 249 463 სირიელი გაიქცა მეზობელ ერაყში, მაგრამ 4 სექტემბრამდე, ბოლო 18 თვის მანძილზე ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერვენციის გამო თავად ერაყის მოსახლეობის დიდ ნაწილს მოუწია საკუთარი საცხოვრებლის მიტოვება. კონკრეტულად, 3 მილიონ ადამიანს. სექტემბრიდან მოყოლებული ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ სირიაში საბრძოლო მოქმედებების სიხშირე არ შენელებულა, საფიქრებელია, რომ მეზობელ ქვეყნებში გასულთა რიცხვი გაიზრდებოდა. მით უმეტეს, რომ შემოდგომიდან სირიის კონფლიქტში ჩაება რუსეთიც, რომელმაც დაბომბვების მასშტაბური სერია წამოიწყო არა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, არამედ ასადის სეკულარული ოპოზიციის წინააღმდეგ, რასაც ბოლო დღეებში იორდანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის განცხადებაც ადასტურებს. ფილიპ ჰამონდის თქმით, კონფლიქტში რუსეთის ჩართვის შემდეგ „ისლამური სახელმწოფო“ გაძლიერდა. რუსულმა ავიაციამ არაერთხელ დაიბომბა მშვიდობიანი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაც ჰამასა და ჰომსის მიმდებარედ, ასევე თურქეთის საზღვართან და ალეპოს შემოგარენში. დღეს გერმანული “Spiegel“-ი წერდა, რომ ალეპოში რუსეთის მორიგ საჰაერო შეტევას იქიდან 50 000-მდე ადამიანის გაქცევა მოჰყვა. ასე რომ, ბოლო თვეების რუსული ინტერვენციაც, რასაკვრიველია, გაზრდიდა იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვს.

 

ამ მონაცემებიდანაც ცხადია, რომ არამხოლოდ სირია, არამედ ახლო აღმოსავლეთის მთელი რიგი ქვეყნები ერთგვარი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე არიან. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სასტიკი სამოქალაქო ომია ლიბიასა და იემენში და სწორედ ამიტომ, უკვე წელიწადზე მეტია, ლიბიიდან ხალხი მასიურად გარბის იტალიისა და საბერძნეთის მიმართულებით. ოჯახები ყველანაირ ხომალდებსა და გემებზე, ხელნაკეთ ტივებზე ძვრებიან და როგორმე ევროპის ტერიტორიულ წყლებამდე მიღწევას ცდილობენ, იქ კი მათ იტალიისა და საბერძნეთის პატრულები „აკავებენ“. იყო შემთხვევები, როდესაც ხომალდები ჩაიძირა, ხოლო არაერთხელ უკვე თითქმის ჩაძირულს მიუსწრეს პატრულებმა. ისიც აღსანიშნავია, რომ ბევრი ადამიანი ვინც ჩრდილოეთ აფრიკიდან გარბის სულაც არ გაურბის ომს. თუნისში, ალჟირსა და მაროკოში ომი არ არის, მაგრამ ევროპის მიმართულებით ათობით (და შეიძლება ასობით) ათასი მიგრანტი ამ ქვეყნებიდანაც მიდის. როდესაც საზღვრები ხალხის ასეთი დიდი რაოდენობისათვის იხსნება, ერთბაშად შეუძლებელი ხდება იმის კონტროლი, თუ ვინ რომელი ქვეყნიდან მოდის. მით უმეტეს, რომ ლტოლვილს საბუთების არ ქონას ვერ მოედავები. ჩრდილოეთ აფრიკული ქვეყნების გარდა, უამრავმა ავღანელმა და კოსოვოელმაც ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გერმანული პრესის ინფორმაციით, აქამდე ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირებიც „დევნილებად“ ეწერებიან, რათა გაიადვილონ ლეგალური დოკუმენტების მიღება და ამ გზით ქვეყანაში დარჩენა.

 

ასე რომ, „სირიელი დევნილების“ საკითხი არც ისეთი „სირიულია“ როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ეს პირველი მიზეზია იმისათვის, რატომაც მერკელის გეგმა საზღვების ერთიანად გახსნის შესახებ მიზანშეუწონლად მიმაჩნია. ფიზიკურად არც მესაზღვრეების და არც პოლიციელების რაოდენობა არ ეყო არც ერთ სახელმწიფოს „დევნილების“ ეთნიკური ჯგუფების დასადგნად, მით უმეტეს რომ უპასპორტო ადამიანის ეთნიკურობის დადგენას, როგორც მინიმუმ, რამდენიმე ათასი ძალიან გამოცდილი აღმოსავლეთმოცდნეს დაქირავება სჭირდება, რათა მათ დიალექტებისა და სხვადასხვა ენების დახმარებით გაარჩიონ ერთმანეთისაგან თუნისელი, მაროკოელი, სირიელი თუ ავღანელი მიგრანტები, რაც, დამერწმუნეთ, ადვილი საქმე სულაც არ გახლავთ, მით უმეტეს როდესაც მილიონობით პიროვნებაზეა საუბარი. მერკელის თავდაპირველი გეგმით, საბერძნეთში დიდი მიმღები პოსტები უნდა გახსნილიყო, სადაც მიგრანტებს აღწერდნენ და შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში განაწილებნდენ, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები სულაც არ აღმოჩდნენ ისეთივე კეთილგანწყობილები, მაგალითად, უნგრეთში ორბანის განკარგულებით საზღვრები ჩაკეტეს და ათასობით ლტოლვილი მშიერ-მწყურვალი დღეობით ელოდებოდა, რომ ქვეყანაში შეუშვებდნენ. სწორედ ამ დროს, აგვისტოს ბოლოს, მერკელი ერთ-ერთ სკოლაში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც პატარა ლიბანელ გოგონას შეხვდა. გოგონამ ბავშვური გულუბრყვილობით მერკელს დევნილების შესახებ კითხვა დაუსვა და თანაც ახსენა, რომ ცუდია, როდესაც ხედავ სხვის ბედნიერებას, ხოლო შენ კი იმავეს მიღწევას ვერ ახერხებო. ამაზე მერკელმა სრულიად სერიოზულად უპასუხა, რომ გერმანია უბრალოდ ვერ შეძლებდა მიეღო ყველა მსურველი, თუნდაც ჩრდილოეთ აფრიკიდან, გოგონა აღელდა და ტირილი დაიწყო, ამ დროს უკვე ქალბატონი კანცლერი დაიბნა და კამერების თვალწინ ატირებული ლიბანელი დევნილის დამშვიდებას შეეცადა, რაც არ გამოსდიოდა. გოგონა უფრო და უფრო გულსაკლავად ქვითინებდა. ამ ფაქტის გამო მერკელს საშინელი კრიტიკის ტალღა დაატყდა თავს, აბრალებდნენ რომ ბავშვს ცუდად მოექცა და ა.შ. სწორედ ამ დროს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მიგრანტების მიღებაზე უარი განაცხადეს და ალბათ, მერკელმა, წარმოიდგინა ასობით ათასი მშიერი ლტოლვილი, რომელიც გერმანიის საზღვრებს მოადგებოდა, კამერები გადაიღებდნენ და საზარელი სურათი იქნებოდა. ლიბერალური წრეებიდან, განსაკუთრებით ფემინისტების მხრიდან, უკვე აქტიურად იყო დაწყებული დევნილების მიღების პროპაგანდა. გადაწყვეტილების მიღებაში, ალბათ, მერკელის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გატარებულმა ახალგაზრდობამაც ითამაშა როლი, როგორც ამბობენ ერთ-ერთ სამიტზე ორბანისთის უთქვამს კიდეც, მე ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს ჩაკეტილი კედლის მიღმა ცხოვრებაო. ასე იყო, თუ ისე, როგორც უკვე ვახსენეთ, 4 სექტემბერს გერმანიამ უკლებლივ ყველა მსურველისათვის გახსნა საზღვრები.

 

თუმცა, პროცესი უკონტროლო გახდა. ის, ვინც მართლა დევნილია, შესაბამის დოკუმენტებს ვერ იღებს. ჯერჯერობით არ შექმნილა შესაბამისი პროცედურები და არც სოციალური მუშაკები ჰყავთ საკმარისი. ხოლო, იმაზე, რომ დევნილთა ნაწილი მიზანმიმართულად მოქმედებს, ისიც მეტყველებს, რომ ყოველდღიურად გერმანიში შესული ადამიანების თითქმის ნახევარი მხოლოდ ერთი დღე ჩერდება მიმღებ პუნქტში და მალევე სხვა საცხოვრებელს პოულობს, რაც წესით უსახსროდ, ომის ქარცეცხლს გამოქცეულ ლტოლვილებს უნდა უჭირდეთ.

 

მეორე, და შეიძლება ითქვას უფრო დიდი მიზეზი, რატომაც საზღვრების უაზროდ ყველასთვის გაღება არასწორი მგონია, არის ის, რომ ლტოლვილებს შორის არავინ იცის რამდენია რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის თუნდაც „ისლამური სახელმწიფოს“ ჯაშუში, ან უბრალოდ რადიკალური ექსტრემისტი, რისი საშიშროებაც საფრანგეთში დატრიალებულმა ტრაგედიამაც ნათლად დაგვანახა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვწერდი, რომ ლიბიიდან იტალიაში მიმავალ ხომალდზე თავშესაფრის ძიებაში მყოფმა რადიკალებმა მათივე თანამემამულე ქრისტიანები გადაყარეს ხმელთაშუა ზღვაში. ასეთი ხალხის მიღება ქვეყნის უსაფრთხოებისათვის სახიფათოა, სულაც არც ერთი ორგანზიაციის წევრები რომც არ იყვნენ.

 

მესამე მიზეზია დემოგრაფია. მილიონზე მეტი მიგრანტის მიღება ისეთი მრავალრიცხოვანი ერის შემთხვევაშიც ცვლის რაღაც-რაღაცეებს, როგორიც გერმანულია. პირველ რიგში, საჭირო გახდება ახალი მეჩეთების მოწყობა მათთვის, აი აქ კი დარწმუნებული ვარ, რომ შეიხებად აუცილებლად რადიკალური ისლამური ჯგუფების დაფინანსებით ხელდასმული რადიკალები აირჩეოდნენ, იმიტომ რომ გერმანიის მუსლიმურ თემს უბრალოდ არ ეყოლებოდა დამატებით ამდენი სასულიერო პირი. მით უმეტეს, რომ ევროპის მეჩეთებისათვის ფულს უკვე კარგა ხანია სხვადასხვა მუსლიმური ორგანიზაციები რიცხავენ, რომელთა მთავარ დამფინანსებლებს, ძირითადად, საუდი ან რომელიმე სხვა არაბული სახელმწიფოს მდიდარი პირები წარმოადგენენ. ისიც სათქმელია, რომ ზუტი სტატისტიკის არარსებულობის მიუხედავად, აშკარაა, რომ დევნილების არა მხოლოდ აბსოლუტური უმრავლესობა, არამედ თითქმის ორი მესამედი ახალგაზრდა კაცია. კიოლნის ტრაგედიის შემდგომ, გერმანიაში ბევრმა უკმაყოფილება გამოხატა და ღიად დააფიქსირა პოზიცია ქალებისა და ბავშვების შეფარების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით მათთვისაც და ჩვენთვისაც აუხსნელია, რატომ არიან დევნილი ახალგაზრდა კაცები თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე ბავშვები და ქალები ერთად.

 

კიდევ ერთი დიდი პრობლემაა ის, რომ ამ ადამიანების უმრავლესობის მენტალიტეტი განსხვავებულია. ყოველგვარი პოლიტკორექტულობის მიუხედავად უნდა ვაღიაროდ, რომ ისლამის ზოგიერთი (შეიძლება არასწორი, მაგრამ ამჟამად, სამწუხაროდ, დომინანტური) ვარიაციის მიხედვით, სხვა რელიგიის წარმომადგენლებს არ უყურებენ სრულფასოვან ადამიანებად და განსაკუთრებით ეს ქალებს ეხებათ. სწორედ ამიტომ, ევროპელ ქალებს მათი დიდი ნაწილი არათუ პატივს არ სცემს, არამედ სურვილების დასაკმაყოფილად განკუთვნილ მოსიარულე ობიექტად აღიქვამს, სწორედ ამიტომ ასობით თავდასხმა ქალებზე გერმანიაში, შვედეთსა და სხვა ქვეყნებში არ უნდა გაგვიკვირდეს, პირიქით, ადგილობრივი ხელისუფლება ღიად უნდა დაუპირისპირდეს კონტროლის გამკაცრებით. ამის ფონზე, კი შვედეთის პოლიციას აუკრძალეს თავდამსხმელების ეთნიკურ მხარეზე აქცენტის გაკეთება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი, თითქოს, რასიზმის ნიშნებს შეიცავს. არადა, დამნაშავის ეთნიკური დამახასიათებელი ნიშნებით აღწერა, პირადად მე, სრულიად ნორმალურ მოვლენად მესახება. უკვე იყო შემთხვევა, რომ შვედეთში ორმა ახლგაზრდა დევნილმა ლტოლვითა მიმღები პუნქტის მომსახურე ქალი სიკვდილამდე სცემეს, რასაც სტოკჰოლმის მეტროსადგურებზე, მგონი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, შვედური რასისტული ჯგუფების გამოჩენა და ეთნიკური უმცირესობების დევნა მოჰყვა.

 

ამავდროულად ძლიერდება რადიკალური მემარჯვენე პოლიტიკური ორგანიზაციაც გერმანიაში - AfD (Alternative für Deutschland - “ალტერნატივა გერმანიისთვის“), რომელიც ჯერ კიდევ საბერძნეთის კრიზისისას შეიქმნა, მაგრამ ბოლო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, ბოლო გამოკითხვებით უკვე 10%-ზე მეტს აგროვებს. ეს ორგანიზაცია წინააღმდეგია, არა მხოლოდ საბერძნეთისათვის ეკონომიკური დახმარების აღმოჩენის, არამედ ყოველგავრი მიგრანტების მიღების. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მათი საზღვარზე დახოცვაც კი მოითხოვა. ასევე ძლიერდება “PEGIDA” („პატრიოტი ევროპელები „მწუხრის მხარის“ ისლამიზაციის წინააღმდეგ - „Patriotische Europäer gegen die Islamisierung des Abendlandes“ ). საგულისხმოა, რომ ამ ორგანიზაციას საკმაოდ კარგად დაგეგმილი პიარ-კამპანია აქვს. მაგალითად, თუნდაც სათაურში ბორხესისა და შპენგლერის საყვარელი სიტყვის „Abendland“-ის გაჩენაც გამოდგება. ეს ევროპის ძველი გერმანული სახელწოდებაა, რაც ქართულად „საღამოს ქვეყანას“, ან „მწუხრის მხარეს“ ნიშნავს და გერმანელებისთვის უეჭველად იქნებოდა ნოსტალგიური გრძნობების გამომხატველი. ბოლო გამოკითხვებით, “Spiegel”-ის ინფორმაციით, მოსახლეობის 81% უკმაყოფილოა მთავრობის მოქმედებებით, ხოლო „ქრისტიან დემოკრატების“ მთავარმა მხარდამჭერმა პარტიამ „ბაიერნის ქრისტიან სოციალისტურმა კავშირმა“ კანცლერს ულტიმატუმიც წაუეყენა - თუ საზღვრები უახლოეს მომავალში არ ჩაიკეტება, პარტია გერმანიის უზენაეს სასამართლოში იჩივლებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქრისტიან დემოკრატებს ბაიერნში არ აქვთ საკუთარი განყოფილება და მხოლოდ მოძმე პარტიაზე არიან დამოკიდებულები, ეს ულტიმატუმი მერკელის მთავრობისა და მთლიანად მმართველი პარტიისათვის საკმაოდ მძიმე იქნება.

 

ევროპა არ იქნება ევროპა თუ არ დაეხმარება გაჭირვებულ მოსახლეობას, მით უმეტეს ომისგან დევნილს და უმძიმეს პირობებში მყოფს, მაგრამ ევროპა არც მაშინ იქნება ევროპა, თუკი საკუთარ წესრიგსა და უსაფრთხოებას უარჰყოფს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ დევნილები ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ომი არ არის, აუცილებლად უნდა გაიზარდოს პოლიციელთა და მესაზღვრეთა რაოდენობა. შეიძლება, თუნდაც მერკელს სიტუაცია ძალიან მარტივად გაექცეს ხელიდან, რასაც აგრესიული ძალების აღზევება მოჰყვება. მის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანია ძლიერდება, კანცლერი კი დუმს, როგორღაც უნდა მოახერხოს შეცვლილ მდგომარეობაზე ადეკვატური რეაგირება. ბოლოს, ისიც მინდა ვთქვა, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობით ათეულსა და ოცეულში მყოფმა მუსლიმურმა ქვეყნებმა - საუდის არაბეთმა, ქუვეითმა, კატარმა, ბაჰრეინმა და გაერთიანებულმა არაბულმა საამიროებმა არც ერთი დევნილი არ მიიღეს სირიიდან, ვფიქრობ, ამ კუთხით, სწორედ მათზე უნდა მოხდეს ზეწოლა.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია