წითელი არმიის შემოსევა საქართველოში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
10-02-2016, 23:17 | პოლიტიკა | ნანახია - 1358

წითელი არმიის შემოსევა საქართველოში

 

1921 წლის 11 თებერვალს, 4 საჯარისო ერთეულისგან შემდგარი წითელი არმია სქართველოს თავს ერთდროულად ხუთი მხრიდან დაესხა. ორი ძირითადი შეტევა აღმოსავლეთიდან (აზერბაიჯანი) და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (სომხეთი) განხორციელდა. სამი დანარჩენი თავდასხმა კავკასიონის მთებიდან დარიალისა და მამისონის გავლით და შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ მოხდა.

 

ამ დიდ ძალას საქარველომ ყველა ფრონტზე დაახლოებით 40 000 კაციანი არმია დაუპირისპირა (მუდმივი ჯარი და ეროვნული გვარდია). სამწლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში საქართველოს დასავლეთიდან არც ერთი თოფი ან ამუნიციაც კი არ მიუღია. ქვეყანას საერთოდ არ ჰყავდა ავიაცია და ტანკები.

 

ასე რომ, საქართველოს წარმატების შანსი ძალზე მცირე იყო, მიუხედავად ქართული არმიის გასაოცარი გმირობისა, ქვეყანამ ვერ გაუძლო საბჭოთა შემოსევას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ომში თურქეთი საბჭოთა რუსეთის მხარეს ჩაება. აღსანიშნავია, რომ იმ დროს ქემალ ფაშას თურქეთს საბჭოთა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, რომლისგანაც იგი იარაღითა და აღჭურვილობით დახმარებას იღებდა საბერძნეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.

 

1921 წლის 6 მარტს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ბათუმში ბოლო სხდომა ჩაატარა და რესპუბლიკის მთავრობას ქვეყნის დატოვება, ევროპაში გამგზავრება და იქიდან ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენაზე ზრუნვა უბრძანა. მთავრობამ ქვეყანა მეორე დღესვე დატოვა, რუსეთის ჯარი კი ბათუმში 20 მარტს შემოვიდა.

 

ასე რომ, ღალატის, ვერაგობისა და სასტიკი ძალის გამოყენებით კომუნისტურმა რუსეთმა ბოლო მოუღო საქართველოს დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ცარისტულმა რუსეთმა 120 წლით ადრე, 1801 წელს.

 

თავდაპირველად, კომუნისტებმა სცადეს ყველაფერი ისე წარმოეჩინათ, რომ თითქოსდა საქართველოში შეჭრასთან მათ საერთო არაფერი ჰქონდათ. სხვა საბუთი რომ არ არსებობდეს, ამ სიცრუის წინააღმდეგ ის ფაქტიც საკმარისი მტკიცებულება იქნებოდა, რომ საქართველოს ჯარების მიერ აყვანილი ყოველი ტყვე ძირითადად რუსეთის პროვინციებიდან წამოსული ეთნიკური რუსი იყო, და ის, რომ თითოეული მათგანი რუსეთის მუდმივ ჯარში მსახურობდა.

 

საქართველოს მთავრობის პრეზიდენტის ნ. ჟორდანიას არაერთი მიმართვა საბჭოთა მთავრობისა და პირადად ლენინისადმი სისხლისღვრის შეჩერების და ყველა საკითხზე შეთანხმების შესახებ უპასუხოდ დარჩა.

 

მოსკოვს განზრახული ჰქონდა საქართველოს ხელში ჩაგდება და ვერანაირი მოსაზრება, გარდა ზემდგომი ძალისა, მას ვერ შეაჩერებდა. უდავოა, რომ საქართველოზე იერიშის მიტანის მთავარი წამქეზებელი იყო სტალინი - თავად ქართველი, რომელსაც სძულდა საქართველო იმის გამო, რომ თავის დროზე ქართველებმა იგი არ აღიარეს. ლენინი, სავარაუდოდ, წინააღმდეგი იყო საქართველოში შეჭრისა. მას ეშიოდა იმ გავლენის, რომელიც ამ უმიზეზო, ღია აგრესიას შეიძლება მოეხდინა გარესამყაროს საზოგადოებრივ აზრზე. მაგრამ სტალინს შურისძიება სწყუროდა და მან აისრულა კიდეც საკუთარი წადილი.

 

აი, რას აღნიშნავს ტროცკი გადასახლებაში დაწერილ და გამოქვეყნებულ წიგნში სტალინის შესახე:

 

როგორც ჩანს, სტალინმა დაივიწყა, რომ 1920 წლის 7 მაისს ჩვენ მეგობრობისა და თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, 1921 წლის 11 თებერვალს კი წითელმა არმიამ თვითნებურად გადალახა საქართველოს საზღვრები. ჩვენ არ ვაპირებთ იმ როლის დამალვას ან შემცირებას, რომელიც წითელმა არმიამ კავკასიაში საბჭოელების გამარჯვებაში ითამაშა. 1921 წლის თებერვალში არმიამ რევოლუციას (?) ძლიერი მხარდაჭერა აღმოუჩინა. საქართველოს წინააღმდეგ ჯარების გაგზავნის საწინააღმდეგო არაფერი გვქონდა.

 

მაგრამ ამ წიგნის დაწერამდე დიდი ხნით ადრე, 1922 წლის აპრილში ტროცკიმ, როელიც წითელი არმიის მთავარი კომისარი იყო, განაცხადა

 

ჩვენ საქართველოს დატოვებას არ ვფიქრობთ, მაგრამ თუ სიტუაცია ისე შეიცვლება, რომ სხვა გზა აღარ გვექნება, კარებს ისე მოვიჯახუნებთ, რომ იქ ქვა ქვაზე აღარ დარჩეს.

 

საქართველოს კომუნისტური პარტიის ბეჭდვითი ორგანო გაზეთი „კომუნისტი“ 1921 წლის 5 მაისის ნოემბერში, ოკუპაციიდან ექვსი კვირის შემდეგ, წერდა:

 

ჩვენს კლასობრივ ბრძოლაში დაგვეხმარა და ანტანტის კლანჭებიდან გვიხსნა ჩვენი მოძმე საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ.

 

სქართველოში შემოჭრის მეთხუტმეტე წელს, 1936 წლის თებერვალში, ბერია წერდა:

 

1921 წლის თებერვალში საქართველომ საბჭოთა არმიის დახმარებით შეძლო გათავისუფლება და საბჭოთა დიქტატის დამყარება.

 

ომავე მოვლენასთან დაკავშირებით მოლოტოვმა შემდეგი განაცხადა:

 

მხოლოდ რუსეთს დიდი ოქტომბრის რევოლუციის საშუალებით მოხერხდა მენშევიკების (საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის) დამარცხება. საქართველოს მოსახლეობის გათავისუფლება დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთში გამარჯვების შემდეგ, საბჭოთა ბოლშევიკური რევოლუცია წითელი არმიის დახმარებით, 1920 წელს კავკასიაში გადავიდა. 1921 წელს კი მან აუცილებელი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს მოსახლეობას და საქართველო დაიკავა.

 

არის კიდევ ერთი, ყველაზე მრავლისმთქმელი, თავად კომუნისტების მიერ დატოვებული მტკიცებულება. ეს არის საქართველოს კომუნისტური პარტიის მაშინდელი თავჯდომარის ფ. მახარაძის მიერ მოსკოვში რუსეთის კომუნისტური პარტიისთვის 1921 წლის 6 დეკემბერს გაგზავნილი ანგარიში. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ამონარიდი ამ ანგარიშიდან:

 

წითელი არმიის შემოსვლა და საქართველოში საბჭოთა ძალაუფლების დამყარება გარეგნულად საბჭოთა ოკუპაციას ჰგავდა, რადგან ქვეყანაში არ ჩანდა ის ძალა, რომელიც მზად იყო აჯანყებაში ან რევოლუციაში მონაწილეობის მისაღებად. საბჭოთა რეჟიმის დამყარებისას საქართველოში არ მოიძებნებოდა პარტიის არც ერთი წევრი, რომელიც სქმიანობის ორგანიზებას ან წარმართვას შეძლებდა. ეს დავალება უმეტესად საეჭვო და ზოგჯერ, კრიმინალურმა ელემენტებმა შეასრულეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში მასები შეეჩვივნენ სქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. გულახდილად თუ ვიტყვით, თავდაპირველად ჩვენ, გარეგნულად მაინც, სწორი მიდგომა შევიმუშავეთ - ვაცხადებდით, რომ საბჭოთა რუსეთი არ აპირებდა საქართველოსთვის დამოუკიდებლობის წართმევას და წითელი არმია ქვეყანაში მხოლოდ იმისთვის შევიდა, რომ მშრომელები გაეთავისუფლებინა. დაისვა კითხვა: შევძლებდით თუ არა ჩვენ ამ პოზიციის შენარუნებას? ნათლად უნდა გვეჩვენებინა, რომ ჩვენი პოზიცია საქართველოს დამოუკიდებლობაზე დავაფუძნეთ, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერად, მაშინ როცა ფაქტობრივად ჩვენ უარი ვთქვით მასზე და ამგვარი მიზანი საერთოდ არ გვამოძრავებდა. აუტანელი სიტუაციაა, რადგან წარმოუდგენელია მასების მოტყუება პოლიტიკურად, განსაკუთრებით კი ქართველი ხალხის მოტყუება, რომელმაც ბოლო წლებში საშინელ გამოცდას გაუძლო. ჩვენ განვაცხადეთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოსთვის ვიღწვოდით, მაშინ როცა თანმიმდევრულ ნაბიჯებს ვდგამდით ამ პირობის დასარღვევად.

 

საქართველოშო შეჭრის, მისი ოკუპაციის და გასაბჭოების შემდეგ კომუნისტები გამუდმებით აცხადებდნენ, რომ „გაათავისუფლეს საქართველო იმპერიალისტურ-კაპიტალისტური უღლისგან“. მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარი იყო. საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა შემდეგი მიზეზების გამო წაართვა:

 

1. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო ახლო და შუა აღმოსავლეთთან მიმართებაში;

 

2. საქართველოს ეკონომიკური სიმდიდრის - მანგანუმის, ქვანახშირის, სპილენძის, ხე-ტყის, თამბაქოს, ჩაის, ციტრუსის, ბამბის და სხვა რესურსთა გამო, რაც ასე ძლიერ სურდა რუსეთს;

 

3. კომუნისტების იმ ფაქტთან შეურიგებლობის გამო, რომ მათ საზღვართან ეარსება ნამდვილად დემოკრატიულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომელსაც, როგორც მაგნიტს, შეეძლო კავკასიის სხვა ხალხების მიზიდვა;

 

4. სტალინის საქართველოსადმი პირადი სიძულვილის გამო;

 

5. კომუნისტების მიერ ცარისტული რუსეთის იმპერიალისტური ექსპანსიის პოლიტიკის გაგრძელების გამო

 

გადარჩენისთვის ბრძოლაში საქართველოს გარე სამყაროსგან დახმარება არ მიუღია (ფრანგული ფლოტის ნაწილებმა რამდენჯერმა გაისროლეს ქართული ჯარების დასახმარებლად, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე იბრძოდნენ, მაგრამ როგორც კი ჰორიზონტზე ბოლშევიკების თვითმფრინავი გამოჩნდა, მათ მაშინვე დატოვეს იქაურობა). მიუხედავად ამისა, საქართველოს ანექსიას უყურადღებოდ მაინც არ ჩაუვლია. ევროპის მრავალ ქვეყანაში მოაწყვეს საპროტესტო გამოსვლები და მიიღეს რეზოლუციები. საქართველოს საკითხი განხილულ იქნა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის პარლამენტში, ერთა ლიგაში, არაკომუნისტურ მშრომელთა ინტერნაციონალურ შეხვედრებზე და ა. შ. 1926 წელს ეს საკითხი წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში, 69-ე კონგრესზეც კი განიხილეს, მაგრამ ამ შეხვედრებს, დებატებსა და პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია. არავის სურდა უთანხმოება შორეულ კავკასიაში მდებარე პატარა ქვეყნის გამო საბჭოთა რუსეთთან. 1921 წელს, მსოფლიოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გათავისებულ-გააზრებული კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპები და ის კონცეფცია, რომლის თანახმადაც თავისუფლება საყოველთაო ფასეულობაა და რომ საფრთხის შემთხვევაში იგი ერთხმად დასაცავია, თუ კაცობრიობას მართლაც სურს ნამდვილი მშვიდობის დამყარება. საქართველოში შემოჭრა და მისი ანექსია პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საბჭოთა რუსეთმა ღიად და ცინიკურად დაარღვია საერთაშორისო შეთანხმება. დღეს კი მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, თუ რამდენი შეთანხმება დაარღვია მას შემდეგ ამ სახელმწიფომ.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია