ქილერების მთავრობა - რატომ უნდა ველოდოთ ლარის შემდგომ გაუფასურებას?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
10-02-2016, 23:55 | პოლიტიკა | ნანახია - 1922

ქილერების მთავრობა - რატომ უნდა ველოდოთ ლარის შემდგომ გაუფასურებას?

 

დავით ნებიერიძე

 

ნებისმიერი მთავრობის და ნებისმიერი მენეჯერის წარმატების ხარისხი პირველ რიგში განისაზღვრება პრევენციული ღონისძიებების გამოყენების ოსტატობით. პოსტფაქტუმ რეაგირება “არიფების” ხვედრია. ჩვენი მთავრობის გადამკიდე კი, საქართველო იმ პატარა და უპატრონო ნავს გავს, რომელიც აბობოქრებულ მდინარეშია ჩავარდნილი და გარდაუვლად დაილეწება პირველსავე ლოდზე. არ არის აუცილებელი, რომ მსოფლიო ეკონომიკის მამებით იყოს დაკომპლექტებული საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი, რათა აშკარა პრობლემებს ხედავდნენ. ის მოცემულობა, რომელიც განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ მომავალს და კერძოდ ლარის კურსის დინამიკას ხელის გულზეა. ფაქტიურად ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტისთვისაც კი იოლია ანალიზის გაკეთება და სამწუხარო, მაგრამ სწორი დასკვნების გაკეთება.

 

მოდით ვიყოთ თანმიმდევრულები და ჩამოვთვალოთ ის ოთხი ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც აყალიბებს ეროვნული ვალუტის კურსს დოლართან მიმართებაში:

 

1. საგარეო ვაჭრობა.

 

2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

 

3. ტურიზმი.

 

4. უცხოეთიდან გადმორიცხული ვალუტა.

 

ამ ფაქტორებიდან მიღებულ შედეგებს ნიველირებას უკეთებს ეროვნული ბანკი, სავალუტო ბაზარზე დროული და ადექვატური სავალუტო ინტერვენციებით. ხოლო, ეროვნულ ბანკზე კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკურ-ფინანსური ინსტრუმენტებით ლარის კურსის ნიველირებას ახდენს საქართველოს მთავრობა - გააზრებული და ეფექტური ფისკალური პოლიტიკით და სახელმწიფო ბიუჯეტის ოპტიმიზაციით. განსაკუთრებით კი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში უმკაცრესი და რაციონალური ფინანსური დისციპლინით.

 

ზემოთ ჩამოთვლილი 4 ფაქტორი და ხელისუფლების ხელში არსებული ეკონომიკური ინსტრუმენტები აყალიბებენ ლარის გაცვლით კურსს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში.

 

საქართველოს ეროვნული ვალუტას ყველაზე დიდ საფრთხეებს ყოველთვის საგარეო ვაჭრობის კატასტროფულად დიდი უარყოფითი სალდო უქმნიდა. მაგრამ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ეს უარყოფითი ფაქტორი კიდევ უფრო დამძიმდა. მოდით ჩავიხედოთ სტატისტიკაში:

 

ქილერების მთავრობა - რატომ უნდა ველოდოთ ლარის შემდგომ გაუფასურებას?

 

წარმოდგენილი ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ 2015 წლის შედეგებით უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა კატასტროფული თანხა - 5521 მილიონი აშშ დოლარი. რატომ არის ეს მაჩვენებელი კატასტროფული? იმიტომ, რომ ელემენტარულად, საქართველოს მშპ 2014 წელს შეადგენდა სულ რაღაც 16507 მილიონ აშშ დოლარს. 2015 წლის საბოლოო მონაცემი ჯერ არ არის წარმოდგენილი. მაგრამ, ეს მონაცემი შესაძლო გაიზარდოს 3%-ით, 2014 წელს წარმოდგენილ წლის მონაცემთან შედარებით. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ქართული ეკონომიკიდან უცხოური ვალიუტის სახით გაედინება მშპ-ის ერთი მესამედი. ანუ, საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო შეადგენს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ მესამედს. ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს ვერც ერთი ქვეყნის ეროვნული ვალუტა, თუ მას არ ჰყავს სუპერ წარმატებული ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ქვეყნის ეკონომიკა დიდი ტემპებით იზრდება და არა 2,6%-ით. ჩვენი ხელისუფლება კი სუპერ წარუმატებელია.

 

სანამ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე გადავალთ, მინდა მცირედით ჩაგახედოთ საგარეო ვაჭრობის ექსპორტის სტრუქტურაში. რათა მეტად ცხადი გახდეს მოსალოდნელი კატასტროფის რეალობა.

 

ქილერების მთავრობა - რატომ უნდა ველოდოთ ლარის შემდგომ გაუფასურებას?

 

წარმოდგენილ დიაგრამაში ნათლად ჩანს ის სასაქონლო ჯგუფები, რომლებიც ქმნიან ამინდს ჩვენი ქვეყნის ექსპორტის ჩამოყალიბებაში. რომელმაც წესით უნდა დააბალანსოს იმპორტი და შეამციროს უარყოფითი სავაჭრო სალდო. ანუ, უცხოური ვალუტის ქვეყნიდან გადინების მოცულობა. აქვე ავღნიშნავ, რომ 2015 წლის შედეგებით ექსპორტი 25%-ზე მეტითაა შემცირებული.

 

სურათი მართლაც, რომ არ გვიტოვებს იმედის მისხალსაც კი. ექსპორტის მასაში პირველ და მეორე ადგილს, 12 და 9 პროცენტებით იკავებენ სპილენძის მადანი და მეტალურგიული პროდუქცია. ამ საქონლის ლიდერობა ქვეყნის ექსპორტში ყველაზე შემაშფოთებელია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში. რამე თუ, ნავთობისა და იპოთეკური ბაზრების ჩამოშლის შემდეგ, ყველაზე სათუო ხდება მეტალურგიული პროდუქციის ბედი მსოფლიო ბაზრებზე. ფასების ვარდნა ამ კატეგორიის საქონელზე უკვე დაწყებულია, მოთხოვნის შემცირების გამო. მაგრამ, თუ გადავხედავთ საბირჟო ფიუჩერსებს, მაშინვე მივხვდებით, რომ ფასების კლების ტრენდი ურყევი იქნება მიმდინარე წელსაც. ეს კი ნიშნავს, რომ ქართული ექსპორტის პირველი ორი პოზიციის საქონლის ბედი და ზოგადად ექსპორტის მდგომარეობა დიდი დარტყმის ქვეშ იქნება უახლოეს პერიოდში.

 

მესამე ადგილი საქართველოს ექსპორტში უკავია ავტომობილების რეექსპორტს. მათ წარმოებაში ჩვენ არანაირი წვლილი არ მიგვიძღვის. მაგრამ, თუ გახსოვთ, ამ საქონელს ახალი ხელისუფლების მოსვლამდე ქვეყნის ექსპორტში პირველი ადგილი ეკავა. პოზიციები იმიტომ კი არ დათმო, რომ მეტალურგიული და სამთომომპოვებელი წარმოების პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა, არამედ იმიტომ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ფუნდამენტური დარტყმა მიაყენა საავტომობილო სეგმენტს. თუმცა, მთავარი დარტყმა მას ახლო მომავალში ელოდება. ჩვენი ხელისუფლება აპირებს განბაჟების ღირებულებისა და სხვა მომყოლი გადასახადების გაზრდას აღნიშნულ საქონელზე. რაც ფაქტიურად არარენტაბელურს გახდის ამ ბიზნესს - ავტომობილების რეექსპორტს. ამიტომ, ექსპორტის ეს სეგმენტიც მნიშვნელოვნად შემცირდება.

 

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის ექსპორტის და ლარის ბედიც დამოკიდებული ყოფილა თხილზე და ბალახზე. კიდევ კარგი ოცნების მთავრობამ ახალი კომუნისტური ლოზუნგი არ გამოისროლა - „თხილი და ბალახი გადაარჩენს საქართველოს!“ ზუსტად აქ ხდება ყველაზე აქტუალური ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სოფლის მეურნეობის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამა. რომლის ფარგლებშიც არაეფექტურად დაიხარჯა მილიარდები და სოფლის მეურნეობის ბოსტანიზაციის გარდა არაფერი შეგვრჩა ხელში. თხილი, ხომ ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გახდა წარმატებული საექსპორტო საქონელი. სად არის რძის მდინარეები და ხილ-ბოსტნეულით დატვირთული მანქანების რიგი საბაჟო პუნქტებთან? გამოდის, რომ სოფლის მეურნეობის ბოსტანიზაციაში გადაყრილი სახელმწიფო მილიარდები, ანუ, მოქალაქეთა ფული ან შეჭამეთ, ან შემოგეჭამათ ბატონო მეოცნებენო! ორიდან ერთი. სხვა ვარიანტი არ გრჩებათ.

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთ-ერთი ძლიერი და ეფექტური ეკონომიკური ინსტრუმენტია ქვეყნის ეკონომიკის მართვაში და ლარის კურსის ჩამოყალიბების საქმეში. ყოველი ახალი ეკონომიკის მინისტრი თუ პრემიერი შეუვალი სტაბილურობით აანონსებს, რომ იწყება არნახული საგარეო ინვესტიციების ეპოქაო. მაგრამ, სტატისტიკა საწინააღმდეგოზე მეტყველებს. შედეგები კი პირდაპირ ამბობენ, რომ მატყუარები ხართ ბატონებო. ერთადერთი, რატომაც შეიძლება დავიჯეროთ, რომ უცხოური ვალუტა მართლაც უზარმაზარი ნაკადებით შემოდის ქვეყანაში არის ის გარემოება, რომ ეს რესურსები არ მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში. ანუ, შემოდიან გარეცხვისა და ლეგალიზაციის მიზნით. უკანონო ოპერაციებით თეთრდება და ისევ გადის ქვეყნის ეკონომიკური სივრციდან. ამიტომ, სანამ კიდევ ერთხელ გვეტყვით, რომ დიდი ინვესტიციები შემოდის ქვეყანაშიო, ამგვარი უკანონო ოპერაციების - ფულის გათეთრების სპეციალისტი მოძებნეთ თქვენს შემადგენლობაში და კარგად ჩახედეთ თვალებში. თუ, ისედაც ვერ უსწორებთ მას თვალს? ქვეყანაში ჯანსაღი უცხოური ვალუტა რომ შემოდიოდეს დიდი მოცულობით ის აუცილებლად დააბალანსებდა უარყოფით სალდოს საგარეო ვაჭრობაში და ლარი გაცილებით უფრო „კარგი ბიჭი“ იქნებოდა.

 

რაც შეეხება ტურიზმს, მინდა გითხრათ, რომ მისი მცირედი ზრდის მიუხედავად ხელიდან გვაქვს გაშვებული უზარმაზარი შანსები. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ტრადიციულად ტურისტული ადგილები, ჩვენს სამეზობლოში აღარ არიან მომხიბვლელნი და ტურისტული ნაკადები დიდი ალბათობით საქართველოში უნდა გადმომისამართებულიყო. თუნდაც რუსეთ-თურქეთის კონფლიქტის გამო. მაგრამ, უცხოური ვალუტის შემოდინების ამ სეგმენტის მესაფლავეს უკვე კონკრეტული სახე ჩამოუყალიბდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სავალუტო შემოდინებების ეს სეგმენტი რაიმე პოტენციალის მატარებელი იყოს ამ ხელისუფლების პირობებში.

 

და ბოლო ფაქტორი, რომელიც ლარისა და უცხოური ვალუტის ბალანსს აყალიბებს ქვეყანაში - უცხოური გადმორიცხვები. მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე გასულია მეზობელ ქვეყნებში, რათა იქ მიღებული შემოსავლით არჩინონ თავისი ოჯახები საქართველოში. ეს მშრომელი ხალხი ყოველთვიურად რიცხავს საქართველოში თავის ნაოფლარ უცხოურ ვალუტას. მაგრამ, მსოფლიო კრიზისის გამო ბოლო წლებში სურათი უარყოფითობისკენაა შეცვლილი. რასაც კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ გადმორიცხვების მოცულობით გამორჩეულ ქვეყნებში, განსაკუთრებით კატასტროფული ეკონომიკური ვითარება შეიქმნა და კიდევ უფრო დამძიმდება. განსაკუთრებული ყურადღება მინდა მივაქციო რუსეთსს. რამე თუ, იქ დიდი რაოდენობით ჩვენი თანამოქალაქეა გადახვეწილი. ნავთობის ფასების არნახული ვარდნის პირობებში, რუსული ეკონომიკის გადარჩენის შანსები ფაქტიურად ნოლის ტოლია. იმიტომ, რომ მისი ეკონომიკა არ არის დივერსიფიცირებული და შემოსავლების 80 პროცენტს ენერგო რესურსებიდან მიღებული შემოსავლები ქმნიან. ანუ, ეს ეკონომიკა მართლაც ერთ დიდ ბენზინ გასამართ სადგურად დარჩა. უახლოეს წლებში კი, ნავთობზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი. ამჟამინდელი ფასების პირობებში, რუსეთის მიერ დაგროვილი ფინანსური რესურსები მაქსიმუმ ერთ წელიწადში ამოიწურება და გარდაუვლად დაიწყება ეკონომიკური კოლაფსი. სითამამეში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ძალიან მალე ისეთი რეალობა შეიძლება შეიქმნას, რომ საქართველოდან მოუწიოს მოქალაქეებს ფულის გადარიცხვა რუსეთში, თავისი ნათესავების დასახმარებლად.

 

საკმაოდ მძიმდება ვითარება აზერბაიჯანული ეკონომიკისთვის. რამე თუ ისიც ენერგო დამოკიდებული ქვეყანაა. საბერძნეთს კიდევ დიდი ხანი დასჭირდება ეკონომიკის ზრდისკენ შემოსაბრუნებლად. ასე, რომ გადმორიცხვების სეგმენტში გარდაუვლად დამძიმდება კლების ტრენდი. რაც კიდევ უფრო გაზრდის უცხოური ვალუტის დეფიციტს საქართველოს ეკონომიკაში.

 

შევეცადე გამეკეთებინა ძალიან მოკლედ მიმოხილვა იმ ვითარების შესახებ, რომელიც აღნიშნულ ოთხ ფუნდამენტურ წყაროში ქმნის ლარისა და უცხოური ვალუტის ბალანსს ქვეყანაში. სურათი მეტისმეტად პესიმისტურია. თუ ვინმე შემაშველებთ კონტრარგუმენტებს, მოხარული ვიქნები. მეც საქართველოს მოქალაქე ვარ და მეც მინდა რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება უკეთესობისკენ იცვლებოდეს და არა მძიმდებოდეს. მაგრამ, ამ ხელისუფლების პირობებში და იმ მოცემულობაში, რომელშიც ჩვენს ქვეყანას უწევს ცხოვრება არანაირი უკეთესობის შანსი არ არსებობს. ეს ცხადზე ცხადია. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლების, როგორც ფასეულობები, ისე ეკონომიკური ზემოქმედების ინსტრუმენტები აბსოლუტურად არაეფექტური და კონტრპროდუქტიულია. მომიტევეთ თუ გაგიზარდეთ პესიმიზმი. მაგრამ, თუ გვინდა, რომ ჭირს გავუმკლავდეთ და თავს ვუშველოთ, პირველ რიგში რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. რეალობა კი უაღრესად პესიმისტურია. ეკონომიკური ქილერების ხელში გვიწევს ცხოვრება. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და არა მთავრობები. მგელი ვერ ივარგებს ცხვრის ფარის დარაჯად! ეკონომიკას მიხედეთ ბატონებო და გემსაც მიეხედება!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია