იაროსლავ კაჩინსკის რეფორმათა ნუსხაში სასკოლო რეფორმაც მოხვდა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
12-02-2016, 22:00 | კომენტარები | ნანახია - 850

იაროსლავ კაჩინსკის რეფორმათა ნუსხაში სასკოლო რეფორმაც მოხვდა

 

თანმარ მანჯავიძე

 

როგორც მოგეხსენებათ 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორულმა პარტია "კანონი და სამართლიანობამ" გაიმარჯვა, რომელსაც იაროსლავ კაჩინსკი ხელმძღვანელობს, რომელიც ევროკავშირისათვის ნამდვილ თავის ტკივილად იქცა. იაროსლავ კაჩინსკიმ თავი რადიკალური განცხადებების და ასევე რადიკალური რეფორმების გატარებით გამოიჩინა. მაგ: სიტყვით გამოსვლისას მან გერმანია, ევროკავშირის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო, პოლონეთის მტრად მოიხსენია.

 

ევროკავშირის უარყოფითი შეფასება მოჰყვა ასევე მედიის შესახებ ახალი კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ტელევიზიისა თუ რადიოს ხელმძღვანელის დანიშვნა მთავრობის მიერ მოხდებოდა. ეს კანონი კი მეტი არაფერია, თუ არა მედია თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა.

 

საპასუხოდ გერმანიამ სანქციების დაწესება გადაწყვიტა იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური ვარშავა კვლავაც განაგრძობს ევროპული პრინციპებისა და ღირებულებების უგულებელყოფას.

 

იაროსლავ კაჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა თუ ჩატარებულ რეფორმებზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ამ სტატიაში მხოლოდ მის მიერ დაგეგმილ სასკოლო რეფორმას განვიხილავთ.

 

სანამ რეფორმას განვიხილავ ამჟამინდელი სასკოლო განათლების სქემას გადავხედოთ, რომელიც ასე გამოიყურება:

 

 

przed szkoła

სკოლამდელი აღზრდა (3-დან 5 წლამდე)

 

Szkoła Podstawowa

დაწყებითი განათლება (1-6 კლასი)

 

Gymnazjum

საბაზისო განათლება (7-9 კლასი)

 

Liceum

საშუალო განათლება (10-12 კლასი)

 

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ მოსწავლე აბარებს დამამთავრებელ ტესტს (Matura), რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების საშუალება ეძლევა.

 

არაერთი წყარო იუწყება პოლონეთის სასკოლო განათლების დაბალი დონის შესახებ და გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ იაროსლავ კაჩინსკიმ რეფორმის გატარება გადაწყვიტა. Blasting News-ის მიხედვით, პოლონეთის სასკოლო განათლება „დაავადებულია“ და მკურნალობას საჭიროებს, რადგანაც დამამთავრებელი სკლასის მოსწავლეთა 90% ვერ აკმაყოფილებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისთვის საჭირო დონეს. ამის ერთ-ერთ მიზეზად პედაგოგთა არასათანადო ცოდნის დონე სახელდება, რაც თავის მხრივ უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ პრობლემებზე მიგვითითებს.

 

კაჩინსკის მიერ შეთავაზებული რეფორმის თანახმად, მოხდება 8 წლიანი დაწყებითი სკოლისა და 4 წლიანი საშუალო სკოლის სქემის დაბრუნება, ხოლო შუალედური რგოლი (საბაზისო განათლება) გაუქმდება.

 

პარტიის სპიკერმა ელიზაბეტ ვიტეკმა განაცხადა რომ ცვლილებები ძალაში 2016-2017 სასწავლო წლიდან შევა და გამოიწვევს სასწავლო გეგმის ფუნდამენტურ ცვლილებას სკოლამდელი აღზრდიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით.

 

ამავე პარტიის წარმომადგნელი ვლადიმირ ბერნაცკი ამბობს რომ, საშუალო სკოლა ვეღარ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რასაც დამამთავრებელი გამოცდის შედეგების ყოველწლიური გაუარესებაც ადასტურებს. მისი აზრით საშუალო განათლების დონეს (Liceum) ფუნქცია ეკარგება, რადგან საბაზისო დონეზე მოსწავლე განათლების მაქსიმუმს იღებს და ბოლო 2 წლის სასწავლო გეგმა მხოლოდ საგამოცდო პროგრამის მომზადებისთვის საჭირო მასალას მოიცავს, რაც ბოლო საფეხურის არაეფექტურობასა და არასაჭიროებაზე მეტყველებს.

 

პარტიის "კანონი და სამართლიანობა" წევრების აზრით, უკეთესი ახალგაზრდებისა და უკეთესი მომავლისათვის საჭიროა აღდგეს კოლეჯში მისაღები გამოცდებიც.

 

იმის მიუხედავად რომ სასკოლო განათლების დაბალ დონეზე უამრავი მასალის მოპოვება შეიძლება და შესაბამისად რეფორმაც დროული და საჭიროა, ამგვარი ცვლილების წინააღმდეგია პოლონეთის პედაგოგთა გაერთიანება. გაერთიანების დირქტორი სლავომირ ბრონიაჟი იუწყება რომ 230 000 ხელმოწერა შეაგროვეს, რათა წინ აღდგომოდნენ ამ სტრუქტურულ ცვლილებებს, თუმცა ეს ამაო აღმოჩნდა რადგან რეფორმა მაინც განხორციელდება. ბრონიაჟის აზრით ამ ეტაპზე უნდა მოხდეს არა სტრუქტურული ცვლილება, არამედ სასწავლო ლიტერატურის შინაარსობრივი მოდერნიზება და პედაგოგთა შესაბამისი გადამზადება. კაჩინსკის პარტიის მიერ დაგეგმილი სასკოლო რეფორმა მხოლოდ მას შემდეგ იქნება ეფექტური რაც დავრწმუნდებით რომ სასწავლო გეგმა მოდერნიზებული და ეფექტურია, ხოლო კადრი მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგებითაა დაკომპლექტებული. ბრონიაჟის აზრით პედაგოგობა მხოლოდ ვიწრო სპეციალიზაციით არ შემოიფარგლება, ის ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის ცოდნასაც საჭიროებს, შესაბამისად პედაგოგთა მომზადება/გადამზადებას ჯეროვანი ყურადღება უნდა დაეთმოს.

 

მიუხედავად ბევრი მოწინააღმდეგისა სასკოლო რეფორმა 2016-2017 სასწავლო წელს განხორციელდება. მის შედეგებს კი უკვე სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მოგაწვდით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია