საქართველო საბჭოთა მმართველობის ხანაში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
15-02-2016, 21:35 | პოლიტიკა | ნანახია - 2789

 საქართველო საბჭოთა მმართველობის ხანაში

 

წითელი არმია თბილისში 1921 წლის 25 თებერვალს შევიდა. იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. სამი დღე ქალაქში იყო ძარცვა, მკვლელობა და გაუპატიურება. თვითმხილველის მონათხრობში აღწერილია ის საშინელება, რაც ხდებოდა თბილისსა და კომუნისტური ჯარების მიერ ოკუპირებულ სხვა ქალაქებში. თუმცა, ბრძოლის დასრულების შემდეგ, საქართველოს საბჭოთა მთავრობამ შეარბილა თავისი დამოკიდებულება ხალხის მიმართ. რა თქმა უნდა, მათ მრავალი ადამიანი დააკავეს, მაგრამ თავიდანვე სიკვდილით ბევრი არ დაუსჯიათ. ლენინმა თავად ურჩია ქართველ კომუნისტებს, არ მიემართათ იმ ზომებისთვის, რომლებიც თვითონ გამოიყენა რუსეთში. ერთი წლის განმავლობაში საქართველო არც ითვლებოდა საბჭოთა კავშირის წევრად. მხოლოდ 1922 წლის 12 მარტს გამოაცხადდა ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შემადგენლობით და მათი შესვლა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში (1936 წელს ამიერკავკასია კვლავ სამ ნაწილად გაიყო).

 

საწყის ეტაპზე ახალ მთავრობას, რომელშიც მხოლოდ ქართველი კომუნისტები იყვნენ, მოსკოვისგან მოქმედების თავისუფლება ჰქონდათ მინიჭებული. მაგალითად, მას საკუთარი საგარეო საქმეთა სამინისტროც ჰქონდა და მცირე კომუნისტური ქართული არმიის შექმნაც შეეძლო. თუმცა, ეს არმია მოსკოვისთვის არასაიმედო გამოდგა და იგი რამდენიმე წელიწადში გაუქმდა.

 

ახალმა მთავრობამ იცოდა, რომ ქართველი ხალხი მის წინააღმდეგ იყო განწყობილი და ამიტომ თავიდან შემრიგებლური დამოკიდებულება აირჩია. რუსიფიკაცია არ მიმდინარეობდა ღიად, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ლენინი და სხვა კომუნისტი ლიდერები „საბჭოთა სახელმწიფოს“ და „საბჭოთა პატრიოტული“ იდეოლოგიის შექმნისას ეროვნულ საკითხში არარუსი ხალხების წინაშე დათმობაზე წასვლას აუცილებლობად მიიჩნევდნენ. ეროვნულ ენებს ისინი დადებითად ეკიდებოდნენ, რადგან სწორედ მათი საშუალებით ფიქრობდნენ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ხალხისთვის სოციალიზმის სწავლებას, მიწოდებას და მასებში გავრცელებას.

 

თუმცა, მალე გაცხადდა, რომ ქართველები არ მოტყუვდნენ. „საბჭოთა სახელმწიფო“ მათთვის კვლავ „რუსეთის სახელმწიფოსთან“ ასოცირდებოდა და მისდამი ერთგულებაზე ქართველები უარს ამბობდნენ. დამარცხებით და დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეული პირველი შოკის გადალახვის შემდეგ, ქართველმა ხალხმა საძულველი დამპყრობლის წინააღმდეგ აქტიური წინააღმდეგობა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პირველი პროტესტი ღიად ქართველმა მუშებმა გამოთქვეს, რომელთა „გასათავისუფლებლადაც“ ვოთომცდა შემოვიდა საქართველოში წითელი არმია.

 

ოკუპაციიდან რამდენიმე თვის თავზე თბილისში მშრომელებმა მოაწყვეს მასობრივი საპროტესტო მიტინგი, რომელზეც მიიღეს რეზოლუცია რუსეთის ჯარების გაყვანის, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების, მათ შორის თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი პრესის და თავისუფალი პროფესიული კავშირების, ანუ ყველა იმ უფლების აღდგენის მოთხოვნით, რომელიც მათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ჰქონდათ. მიტინგი, რა თქმა უნდა, კომუნისტურმა პოლიციამ და ჯარმა დაშალა, მისი ორგანიზატორები კი დააპატიმრეს. შემდეგი ღია წინააღმდეგობა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოხატეს. მაგრამ მათაც იგივე პასუხი მიიღეს. დემონსტარციის დარბევისას მოკლეს მრავალი სტუდენტი და სკოლის მოსწავლეც კი.

 

მაგრამ ყველაზე დიდი დემონსტრაცია მაშინ მოეწყო, როდესაც გამარჯვებული სტალინი 1921 წელს ქვეყნის წითელი არმიის მიერ დაპყრობიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ ეწვია საქართველოს. ის კომუნისტურ რუსეთში უკვე საკმაოდ გავლენიან პირად ითვლებოდა. მაგრამ, როცა ქართველთა პირისპირ აღმოჩნდა, სტალინი მიახვედრეს, რომ ქვეყნის დაპყრობა უცხოური ხიშტებით ერთია, ხოლო თავისუფლებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის იდეების ჩაკვლა - სულ სხვა. თბილისის სამთავრობო დარბაზში გამოსვლისას მას არაერთხელ გააწყვეტინეს სიტყვა, ათასობით ქართველმა კი იგი შეძახილებით - „გამყიდველო, მკვლელო, მოღალატევ“, შეამკო. გაფითრებულმა და შემცბარმა სტალინმა დარბაზი გაძლიერებული დაცვით შემორტყმულმა დატოვა. იმავე დღეს მან კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი მოიწვია და მის წევრებს განუცხადა: „საქართველოს ცხელი უთოთი უნდა გადავუაროთ“. სტალინის სურვილი ნათელი იყო და ათასობით ქართველს „ცხელი უთოთი“ მართლაც გადაუარეს. სტალინის უარყოფა მისსავე სამშობლოს ძალიან ძვირი დაუჯდა.

 

როცა დარწმუნდნენ, რომ ქართველები დანებებას არ აპირებდნენ, კომუნისტებმა ტაქტიკა შეცვალეს. მათ საბჭოთა ტერორისა და ზეწოლის მთელი არსენალი გამოიყენეს - დაიწყო დაპატიმრებების, დეპორტაციისა და სიკვდილით დასჯის მძლავრი ტალღა. იმ დროისთვის მთელი ადმინისტრაცია შეცვლილი იყო და ყველა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა კომუნისტებს ეკავათ. ქართული სოფლები მოსკოვში გაწვრთნილი პროპაგანდისტებით გაივსო. სასტიკი ჩეკა ყოვლისშემძლე გახდა.

 

 

შეიარაღებული წინააღმდეგობის დაწყება

 

1921 წლის ზაფხულის ბოლოსთვის, საქართველოს ოკუპაციიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ მთიან რეგიონში, სვანეთში, კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ შეიარაღებულმა აჯანყებამ იფეთქა. მას მეთაურობდა ბორის პირველი. ამბოხებამ საწყის ეტაპზე გარკვეულ წარმატებას მიაღწია. მით უმეტეს, რომ მის ჩასახშობად გაგზავნილი საბჭოთა ქართული საჯარისო ნაწილები აჯანყებულთა მხარეს გადავიდნენ. ამის შემდეგ სვანეთში არტილერია და ავიაცია გაგზავნეს და ძლიერი შეტაკების შემდეგ, აჯანყება ჩაახშეს. თუმცა, მას შემდეგ სვანეთში კომუნისტები სამხედრო რაზმის გარეშე რამდენიმე წლის განმავლობაში გამოჩენას ვერ ბედავდნენ.

 

იმ ხანად მთელ საქართველოში პარტიზანული რაზმები იქმნებოდა. ქართული არმიის ყოფილი ოფიცრების, ხოლო ზოგჯერ მუშების, გლეხებისა და სკოლის მასწავლებლების (ლაშქარაშვილი, მხეიძე, ფორია, მათიაშვილი და სხვები) წინამძღოლობით. მათ საგრძნობი ზარალი მიაყენეს რუსულ ჯარს. უდიდეს პარტიზანულ რაზმს, რომელმაც მალე ნამდვილი ეროვნული არმიის ხასიათი შეიძინა, პოლკოვნიკი ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა. ის ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის გარშემო მოქმედებდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი მამაცი შეფიცულები მალე ეროვნულ გმირებად იქცნენ. ისინი ისევე, როგორც სხვა პარტიზანები, ქართველი ხალხის სამხედრო ტრადიციებით მოქმედებდნენ. მათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს შემდგომ წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე.

 

ცხადი გახდა, რომ ცალკეული აჯანყებები და პარტიზანული ბრძოლა არ იყო საკმარისი ქართველი ხალხის მთავარი მიზნის, კომუნისტების დამარცხების, საქართველოდან რუსული ძალების გაძევებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის მისაღწევად. ამიტომ, 1922 წელს დაფუძნდა იატაკქვეშა „დამოუკიდებლობის კომიტეტი“, რომელიც საქართველოს არაკომუნისტური პარტიისა და ორგანიზაციის წევრებით დაკომპლექტდა. კომიტეტმა დანიშნა „სამხედრო ცენტრი“ , რომელსაც დაევალა საყოველთაო ეროვნული აჯანყების დაგეგმვა. რუსეთი ჯერ კიდევ ომის აგონიაში იყო. ბრძოლები გრძელდებოდა კაზაკურ რეგიონებში, უკრაინასა და თურქისტანში. ქართველი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები თვლიდნენ, რომ აჯანყება შეიძლება წარმატებული ყოფილიყო. რუსული საოკუპაციო ჯარების განადგურებას შესაძლო იყო, ქართველებისთვის მოსამზადებლად საკმაო დრო მიეცა იქამდე, ვიდრე მოსკოვი შეტევაზე გადავიდოდა. გარდა ამისა, ისიც ცხადი იყო, რომ ხალხის ორგანიზებისა და სწორი წარმართვის გარეშე, ქართული ეროვნული ძალები უშედეგო სისხლისღვრაში, ადგილობრივ აჯანყებებში და პარტიზანულ ბრძოლაში დაიშრიტებოდა. ქართველ ხალხს განზრახული ჰქონდა წინააღმდეგობა, მის ლიდერებს კი უნდა დაეგეგმათ და წარემართათ ეს ბრძოლა.

 

იმ დროისთვის კომუნისტური რეჟიმი სულ უფრო აძლიერებდა ტირანიას. დაპატიმრება, დეპორტაცია და სიკვდილით დასჯა ყოველდღიურ მოვლენად იქცა. ქართული პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლისას რუსეთის ჯარმა მიწასთან გაასწორა სოფლები და ამოხოცა მიმდებარე რეგიონების მოსახლეობა. აუცილებელი გახდა, რომ ქართველებს ერთი ძლიერი საბრძოლო ორგანიზაცია ჰქონოდათ. სხვა შემთხვევაში მათ სათითაოდ ამოხოცავდნენ.

 

დაფუძნებისთანავე „სამხედრო ცენტრი“ საყოველთაო აჯანყების მზადებას შეუდგა. დაარსდა იატაკქვეშა რაზმები, დამყარდა ფარული კავშირი საბჭოთა ქართული არმიის ოფიცრებთან და დაიწყო მებრძოლთა, შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეგროვება. „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ დასახმარებლად, ეროვნული ქართული მთავრობის (რომელიც იმ დროს ევროპაში იყო გახიზნული) რამდენიმე წევრი საიდუმლოდ ჩამოვიდა საქართველოში. ეს ადამიანები საკუთარი სურვილით, გაცნობიერებულად რისკავდნენ და მსხვერპლად წირავდნენ თავს. მოგვიანებით კომუნისტებმა თითეული მათგანი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.

 

1923 წლის დასაწყისში ქართველებმა ძლიერი ზარალი განიცადეს. კომუნისტებმა „სამხედრო ცენტრის“ 15 წევრი დააკავეს. მათ შორის იყვნენ დამოუკიდებლობის მოძრაობის მთავარი ლიდერები: გენერალი კონსტანტინე აფხაზი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და ვარდენ წულუკიძე. 1923 წლის 20 მაისს ისინი კომუნისტებმა დახვრიტეს.

 

ამ პატრიოტთა დასჯა მძიმე დარტყმა იყო, მაგრამ კომუნისტების იმედი, რომ ქართველებს შიშით დაიმორჩილებდნენ და საბჭოთა რეჟიმის მიღებას აიძულებდნენ, არ გამართლდა.

 

მზადება დიდი აჯანყებისთვის მაინც გაგრძელდა.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია