ოლიგარქიული ბიზნესი ბიუჯეტის ძარცვის უნივერსალური საშუალებაა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
15-02-2016, 21:49 | ეკონომიკა | ნანახია - 1602

დავით ნებიერიძე

 

ოლიგარქიული ცხოვრების წესის დამკვიდრებამ საშინელი ტემპები განავითარა საქართველოში. ზოგიერთი მოქალაქე ამ პროცესებს მოდერნიზებულ ფეოდალიზმს უწოდებს. თუმცა, სახელი არ ცვლის მის შინაარსს. ერთი უნდა ვიცოდეთ მკაფიოდ: ოცდამეერთე საუკუნეში, გლობალიზაციის ეპოქაში შეუძლებელია ამ ტიპის მმართველობას და ამ ტიპის ურთიერთობებს დიდი ხნის სიცოცხლე ჰქონდეს. მაგრამ, მთავარია ჩვენ, რიგით მოქალაქეებს რა დაგვიჯდება ეს ცივილიზაციური უკუსვლა და ეს უტოპიური ექსპერიმენტი?

 

ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ის ფაქტი, რომ როდესაც ბიზნესი გადის ჯანსაღი კონკურენციის სივრციდან, ეს პირველ რიგში სახელმწიფოს, ხელისუფლების ბრალია. უფრო მართლები ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ ამგვარი მოცემულობის ავტორი მხოლოდ ხელისუფლებაა. ყველაფერი კი იმით იწყება, როდესაც ხელისუფლება და სახელმწიფო იწყებს ბიზნესის ფუნქციების შეთავსებას, მიუხედავად მოცულობისა და „კეთილი ზრახვებისა“. სხელმწიფოს ბიზნესში ჩარევის, მისი ფუნქციების შეთავსბის მოთხოვნილება კი, მხოლოდ ოლიგარქიული მენტალობის მატარებელ მმართველს და მის ხელის ბიჭებს შეიძლება გაუჩნდეთ. რომელთათვისაც ჯანსაღი კონკურენცია გრძელი და დამღლელი გზაა წარმატების მისაღწევად. თუ, ბიზნესს შევუცვლით კონკურენტულ გარემოს, ის აუცილებლად დაიწყებს პარაზიტირებას. და ეს მხოლოდ ხელისუფლების ბრალია. ნურავინ გაიშვერს თითს ბიზნესისკენ. ბიზნესს აქვს ერთი უნივერსალური და უკვდავი თვისება: იშოვოს ფული იქ სადაც უფრო იოლია. ხელისუფლებისთვის კი მთავარია ის, ანუ ბიზნესი მოაქციოს ჯანსაღი და პირუთვნელი კონკურენციის გარემოში. ამიტომ, ჭკვიანი და პატრიოტი ხელისუფლება პირუთვნელად უნდა იცავდეს მის მიერ დადგენილ ჯანსაღი კონკურენციის წესებს და მხოლოდ ამ გზით აძლიერებდეს ბიზნესს და ზრდიდეს მის სიცოცხლისუნარიანობას.

 

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის მოვლენები, რომლებიც მაღალი ინტენსიობით ვითარდება ქართულ ბიზნეს სივრცეში: მთავრობის აშკარად მავნებლური და მიზანმიმართული ქმედებებიდან და არსებული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე ბიზნესს ზოგადად შეეზღუდა წვდომა ფინანსურ რესურსებზე. უაღრესად შემცირდა უცხოური ინვესტიციებიც. ამ დროს ხელისუფლებამ და მისმა არაფორმალურმა მმართველმა უაღრესად ბოროტად დაიწყო მის ხელთ არსებული ფინანსური რესურსების და ადმინისტრაციული რსურსის გამოყენება, ოლიგარქიული ბიზნეს-გარემოს კულტივირება. თანადაფინანსების ფონდი და ზოგადად ბიუჯეტი აქტიურად აფინანსებს „თავისიანების“ ბიზნესს და ასუფთავებენ კონკურენტულ ველს. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ დაიწყო შიდა ბაზარზე ვალების აღება. რის შედეგადაც ის ავტომატურად გადაიქცა ჯანსაღი ბიზნესის კონკურენტად. რატომ დააკრედიტებს კომერციული ბანკი ჯანსაღ ბიზნესს, როდესაც მთავარი კლიენტი სახელმწიფო გახდა? შედეგად კი, კვდება ჯანსაღი ბიზნესი და იწყება ოლიგარქიული ბიზნესის ზეობის ეპოქა. ასეთი, ბნელი ძალების გადმოსახედიდან ეს უაღრესად აქტუალური და ეფექტური მეთოდია ტოტალური კონტროლის დასამყარებლად. განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. მაგრამ, ამჯერად მინდა ერთ კონკრეტულ მაგალითზე გავამახვილო თქვენი ყურადღება:

 

ოლიგარქიული ბიზნესი ყველაზე ძვირი ბიზნესია და მისი პროდუქტი ყველაზე ძვირად უჯდება მომხმარებელს. ეს გარემოება და უდაო ფაქტი ახლავე უნდა გავითვალისწინოთ. ფარმაცევტულ სფეროში დაიწყო სამომხმარებლო ბაზრის სეგმენტის გადანაწილება და ისედაც დაბალი კონკურენციის მქონე ბიზნესი, საერთოდ ოლიგარქიულ გარემოში მოქცევა. ხელისუფლებამ და ბატონმა საგანელიძემ დიდი ზარზეიმით დაანონსა საქართველოში მსხვილი ფარმაცევტული საწარმოს დაფუძნება, რომელიც დაბალფასიანი წამლების წარმოებაზე გააკეთებს აქცენტებს. გახსოვდეთ: კარგი პროდუქტი შეუძლებელია იყოს იაფი. იცოდეთ, რომ დაბალხარისხიანი იაფი წამლებით ბაზრის დაპყრობა მხოლოდ მარკეტინგული სვლაა. კონკურენციის მოსპობის შემდეგ საგანელიძე და ბატონი ბიძინა ყველაზე მომგებიანი ბიზნესის ერთადერთი მფლობელები დარჩებიან. დანარჩენი მოთამაშეები, ან ამ ტანდემის პირობებზე შეერწყმებიან მათსავე ფარმაცევტულ კორპორაციას, ან, უბრალოდ გაიდევნებიან ამ ბაზრიდან. ბიზნესისა და სახელმწიფოს ომში ყოველთვის სახელმწიფო იმარჯვებს. უბრალოდ ამაზრზენია ისეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ბიზნესს ომს უცხადებს. მომიტევეთ განრისხებისთვის, მაგრამ ის უმწეო ადამიანები მეცოდებიან, რომლებიც ბაზრის მონოპოლიზაციის შემდეგ ვეღარ შესწვდებიან სათანადო წამლებს, ან ივანიშვილ-საგანელიძის ცარცის ყლაპვა მოუწევთ. თანაც, ეს ცარცი სულ უფრო და უფრო გაძვირდება, სამომხმარებლო ბაზრის სრულად დაპყრობის პარალელურად. რასაც უშუალოდ მოსახლეობის ჯიბეებიდან ვერ ამოიღებენ, იმას ბიუჯეტიდან წაიღებენ. წაიღებენ საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში. თავად ამ პროგრამამ ხომ უკვე გამოჭამა საქართველოს ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი. ახლა, მას აუცილებლად დაუმატებენ უფასო მედიკამენტების პროგრამას. და ახლო მომავალში ეს მედიკამენტები მთლიანად ივანიშვილ-საგანელიძის ფარმაცევტული კორპორაციის წარმოებული იქნება. შესაბამისად - მოქალაქეების ჯიბეებსაც დააცარიელებენ და სახელმწიფო ბიუჯეტსაც თავზე დაიმხობენ.

 

კორუფციამ და ოლიგარქების მადამ წალეკა საქართველო! ბევრი ადვოკატი გამოუჩნდება დღევანდელ ხელისუფლებას და შეეცდებიან ჩემი ვარაუდების გაქარწყლებას. ამიტომ, მცირედ განმარტებებს გავაკეთებ:

 

იმისათვის, რომ შემცირდეს სამომხმარებლო პროდუქტების ღირებულება და გაიზარდოს მათი ხარისხი არ არის სავალდებულო, რომ ფაქტიურად სახელმწიფო საწარმოები შეიქმნას. ამგვარი საწარმოების ეფექტურობაზე ნათლად მეტყველებს საბჭოთა კავშირის ისტორია. უნდა შეიქმნას ჯანსაღი ბიზნეს გარემო: მაღალი ნდობის სასამართლოებით, დაბალი გადასახადებით, ინფრასტრუქტურითა და გამართული ლოჯისტიკური ცენტრებით. რათა, რაც შეიძლება მეტი ბიზნეს სუბიექტი შემოვიდეს ქართულ ბაზარზე. რაც შეიძლება მეტი! რათა, გაიზარდოს კონკურენცია. რაც გარდაუვლად და ბუნებრივად დაწევს სამომხმარებლო ფასებს და გაზრდის პროდუქციის ხარისხს. აი, ყოველივე ამის პარალელურად, რომ ხსნიდეთ დაანონსებულ საწარმოს, მაშინ მოხარულიც კი ვიქნებოდი. მაგრამ, თქვენ ხომ გარშემო ყველაფერს სპობთ და მხოლოდ თქვენი პარაზიტული ბიზნესის კულტივირებას ახდენთ. თანაც ჩვენს ხარჯზე. ასეთი ბიზნესი კი ეფექტურია მხოლოდ იმ დრომდე, სანამ პარაზიტულად ითვისებს სხვის ფულს. მერწმუნეთ, ეს ახალი ფარმაცევტული საწარმო იქმნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით: მონოპოლისტურ პირობებში დაიკავოს ფარმაცევტული ბაზრის ლომის წილი და თავად უკარნახოს თამაშის წესები. ხოლო კიდევ უფრო დამაზიანებელია ის მიზნები, რომ მთლიანად ჩაიგდოს ხელში სახელმწიფო შეკვეთები. ეს სახელმწიფო შეკვეთები კი, უკიდეგანო მდინარესავით მიმართავს ბიუჯეტის ფულს ამ მონოპოლისტი საწარმოს მფლობელის ჯიბეში. ამას ძალიან მალე ვნახავთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი: უფასო საყოველთაო დაზღვევის პაკეტში შეიტანენ უფასო მედიკამენტების პროგრამას. ხოლო, ერთადერთი მომწოდებელი იქნება ზუსტად ეს დაანონსებული საწარმო! ბატონო საგანელიძევ გილოცავთ თქვენი ოლიგარქიული ამბიციების დაკმაყოფილებას. მაგრამ, ისე მაღლაც ნუ აფრინდებით, რომ „შაჰ აბასის“ მზერა მიიბყროთ! ხომ გაგიგიათ ფრთოსანი ფრაზა: „ეს არწივი რაღაც ძალიან მაღლა აფრინდაო“?!

 

P.S. მომიტევეთ ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო და განსაკუთრებით ჩვენო პენსიონერებო. რომლებსაც მთელი პენსია წამლებში გეხარჯებათ და არჩევანი სიკვდილსა და შიმშილს შორის გიდგათ. მაგრამ, თუ არ ჩამოვიშორეთ ეს პარაზიტები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ, 2016 წლის არჩევნების შემდეგ თქვენ იგივე ფასს გადაიხდით მათ მიერ წარმოებულ წამალში, რასაც დღეს გერმანულ ან ფრანგულ მაღალ ხარისხიან ფარმაცევტულ პროდუქციაში იხდით. და ნურც უფასო წამლების პროგრამას დახარბდებით. რამე თუ, ის უფასო წამლებიც თქვენი და თქვენი შვილების ფულით შეიძინება - ბიუჯეტის ფული თქვენი ფულია და არა ხელისუფლების ან რომელიმე კონკრეტული ოლიგარქის!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია